პომერანიული შპიცი

პომერანიული შპიცი

პოსტის ადმინი არჩილ შენგელია

ძაღლის ჯიში:  პომერანიული შპიცი
სხვა სახელი: გერმანული შპიცი, ჯუჯა შპიცი, Spitz nain; Spitz enano; პომი; Zwers
მეტსახელი: პომპომი, პომი
წარმომავლობა: გერმანია (დღევანდელი ჩრდილო-აღმოსავლეთ გერმანია და ჩრდილო-დასავლეთ პოლონეთი)
ფერი: თეთრი, შავი, ყავისფერი, კრემისფერი, წითური, ნარინჯისფერი, ნაცრისფერი
სიმაღლე: 13 – 28 სმ
წონა: 1,9 – 3,5 კგ
სიცოცხლის ხანგრძლივობა: 12 – 16 წელი

წარმოშობის ისტორია:

დღევანდელი პომერანიული შპიცის ჯიშის წინამორბედები იყვნენ არქტიკის რეგიონების დიდი მუშა ძაღლები. ეს ძაღლები ცნობილნი იყვნენ შპიცის ტიპის ძაღლებად, რაც გერმანულად ნიშნავს ”მკვეთრ წერტილს”. ამ ტერმინს თავდაპირველად იყენებდა გრაფი ებერჰარდ ცუ ზაინი მე-16 საუკუნეში და იგი აღნიშნავდა ძაღლის ცხვირსა და დრუნჩს. მიჩნეულია, რომ პომერანიული შპიცი წარმოიშვა გერმანული შპიცისაგან.

ძაღლის ამ ჯიშმა თავისი სახელი მიიღო იმ ტერიტორიისაგან, რომელსაც პომერანია ეწოდება და იგი მდებარეობს ჩრდილოეთ პოლონეთსა და გერმანიაში, ბალტიის ზღვის გასწვრივ.

ადრეული ჩანაწერები პომერანიული შპიცის ჯიშის შესახებ მოიპოვება 1764 წლის 2 ნოემბრიდან, ჯეიმს ბოსველის დღიურში, სახელწოდებით ”Boswell on the Grand Tour: Germany and Switzerland“. დღიურში აღნიშნულია: ”ფრანგ კაცს ჰყავდა პომერანიული შპიცი, სახელად პომერი, რომელიც მას ძლიერ უყვარდა”. პომერანიული შპიცისა და მგლის შეჯვარებით მიღებული შთამომავლობა, რომელიც გამოიყვანა ლონდონელმა ცხოველებით მოვაჭრემ, განხილულია თომას პენანტის წიგნში ”A Tour in Scotland from 1769”.

ბრიტანეთის სამეფო ოჯახის ორმა წევრმა დიდი გავლენა იქონია ძაღლის ამ ჯიშის ევოლუციაზე. 1767 წელს, დედოფალმა შარლოტამ,ინგლისის მეფის – ჯორჯ მესამის მეუღლემ ინგლისში ჩამოიყვანა  ორი პომერანიული შპიცი. ეს ძაღლები, სახელად ფები და მერკური სერ თომას გეინსბოროს ნახატებში იქნენ უკვდავყოფილნი. სურათებში ასახული ძაღლი იყო უფრო დიდი, ვიდრე თანამედროვე პომერანიული შპიცი. გადმოცემით, იგი იწონიდა დაახლოებით 14 – 23 კგ-ს, თუმცა ჰქონდა თანამედროვე პომერანიული შპიცისათვის დამახასიათებელი სქელი ბეწვი, დაცქვეტილი ყურები და ზურგზე დახვეული კუდი.

დედოფალი ვიქტორია, დედოფალ შარლოტას შვილიშვილიც ენთუზიასტი გახლდათ და დაარსა კიდეც დიდი ძაღლსაშენი. მისი ერთ-ერთი უსაყვარლესი ძაღლი იყო შედარებით პატარა, წითურ-შავი ფერის პომერანიული შპიცი, რომელსაც მან სახელად ”Windor’s Marco” დაარქვა. იგი გადმოცემით იწონიდა მხოლოდ 5,4 კგ-ს. 1891 წელს, როდესაც დედოფალმა ვიქტორიამ პირველად გამოიყვანა მარკო გამოფენაზე, ამან გამოიწვია პატარა ტიპის პომერანიული შპიცების პოპულარობის დაუყოვნებლივი ზრდა და მომშენებლებმაც დაიწყეს მხოლოდ უფრო პატარა ზომის ინდივიდების შერჩევა მოშენებისათვის. დედოფალი ვიქტორიას სიცოცხლის განმავლობაში, პომერანიული შპიცის ჯიში ზომაში 50%-ით დაპატარავდა. დედოფალი ვიქტორია მუშაობდა ძაღლის ამ ჯიშის გაუმჯობესებაზე და ეწეოდა ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან სხვადასხვა ფერის, პატარა ზომის პომერანიული შპიცების იმპორტს თავის ბრიდინგის პროგრამაში ჩართვის მიზნით. პომერანიული შპიცების სამეფო გვარის მფლობელები იყვნენ ასევე საფრანგეთის იმპერატორის – ნაპოლეონ პირველის მეუღლე – ჟოზეფინა და ინგლისის მეფე – ჯორჯ მეოთხე.

უნდა აღინიშნოს ის ფაქტიც, რომ 1912 წელს სამგზავრო ხომალდ ”ტიტანიკი”-ს ჩაძირვის შედეგად გადარჩენილი სამი ძაღლიდან ორი იყო პომერანიული შპიცი (მესამე კი იყო პეკინესი).

ქცევა და ხასიათი:

პომერანიული შპიცი მკვირცხლი და მოსიყვარულე ძაღლია.  უყვარს ყურადღების ცენტრში ყოფნა, მოფერება და ნებივრობა, თუმცა ასევე მოსწონს თამაში და ცელქობა, იგი საუკეთესო მეგობარია მარტოხელებისათვის, განსაკუთრებით ხანში შესულთათვის, თუმცა ასევე ძალიან მოსიყვარულე და ლოიალურია ბავშვების მიმართაც. ამ ჯიშის ძაღლი საკმაოდ ჭკვიანია და ამიტომ მისი გაწვრთნა ადვილია. პატარა, მხიარული პომერანიული შპიცი კარგი მოდარაჯე ძაღლია და მიუხედავად მცირე ზომისა, ხმამაღალი ყეფით უმალ გაცნონებთ, თუ რაიმე უჩვეულოს შენიშნავს. იგი ადვილად აღგზნებადია, თუმცა მალევე მშვიდდება და დამჯერი ხდება. მისი ყეფა შეიძლება პრობლემად იქცეს, თუკი ლეკვობიდანვე არ მოხდება ამის გადაჩვევა. სათანადო წვრთნის შემთხვევაში, პომერანიული შპიცი უპრობლემოდ ეგუება სხვა ცხოველებს (ძაღლებსა და კატებს).

მოვლა:

პომერანიული შპიცისათვის სავარჯიშოდ რაიმე განსაკუთრებული პირობების შექმნა საჭირო არ არის. კარგი იქნება, თუკი დროდადრო პარკში გავასეირნებთ და ასევე შემოღობილ ეზოში თამაშის ნებას მივცემთ, რათა სათანადოდ მოხდეს მისი ვარჯიში, თუმცა არ უნდა მოხდეს მისი ვარჯიში შუადღის სიცხეში, რადგან შეიძლება მზის დაკვრა მიიღოს.

პომერანიულ შპიცს აქვს  სქელი, გრძელი, ორმაგი ბეწვი, ამიტომ საჭიროა მისი ყოველდღიური მოვლა – ვარცხნა, რადგანაც ბეწვი ადვილად იბურდება და იკეთებს კვანძებს განსაკუთრებით განგურის დროს, რაც წელიწადში ორჯერ ხდება. ბეწვი უნდა დაივარცხნოს კუდიდან თავისაკენ – ბეწვის ზრდის საწინააღმდეგო მიმართულებით. მართალია, ამ საქმეს დიდი დრო მიაქვს, მაგრამ რთული გასაკეთებელი არ არის. ბეწვის შეკრეჭა უნდა მოხდეს 1-2 თვეში ერთხელ. ასევე საჭიროა ბეწვის გასუფთავება მშრალი შამპუნით, როცა ამის საჭიროება იქნება.

პომერანიული შპცისათვის აუცილებელია ასევე  თვალების ამოწმენდა წკირზე დახვეული ბამბის ტამპონით და ფრჩხილების დაჭრა თათებზე. ასევე საჭიროა კბილების ხშირი შემოწმება. სათანადო მოვლის გარეშე, პომერანიულ შპიცს შეიძლება კბილები ადრე დასცვივდეს, ამიტომ რეკომენდირებულია მისთვის მშრალი საკვების მიცემა.

ჯანმრთელობა:

მენჯ-ბარძაყის სახსრის დისპლაზია – ძვლის მდგომარეობა, როდესაც ბარძაყის თავი არაა სათანადოდ ჩასმული თეძოს ბუდეში. (ძვლის ამოვარდნილობა). იწვევს ოსტეოართრიტსა და ტკივილს.

კვირისტავის ამოვარდნილობა – მდგომარეობა, როდესაც ხდება კვირისტავის (მუხლის თავის) ამოვარდნა მისთვის ჩვეული მდებარეობიდან.

ტრაქეის კოლაფსი – ტრაქეის ხრტილოვანი რგოლების არასრული ფორმაცია ან დასუსტება, რაც იწვევს ტრაქეის გაბრტყელებას.

“შავი კანის დაავადება” – ალოპეციის (თმის ცვენისა) და ჰიპერპიგმენტაციის (კანის გამუქების) კომბინაცია. ეს დაავადება ემართებათ უფრო მეტად ხვად პომერანიულ შპიცებს და იგი შეიძლება იყოს მემკვიდრეობითი.

პომერანიული შპიცი საქართველოშიც იყიდება და მისი შეძენა საკმაოდ ძვირ სიამოვნებას წარმოადგენს. მისი ფასი საშუალოდ 1000-დან 3500 დოლარამდე მერყეობს. (მონაცემები აღებულია ვებ-გვერდიდან mymarket.ge)

გიტოვებთ Animal Planet-ის ვიდეოს Youtube-ზე პომერანიული შპიცის შესახებ და ასევე ჰიპერ პოპულარულ პომერანიულ შპიცს – სახელად ბუუს.

წყარო: ვიკიპედია
პროგრამა – Dogs of the world (გუგლ ფლეიდან)
პაულ მაკგრივი, ელიზაბეტ ჯინისი – ძაღლები
დევიდ ალდერტონი – როგორ შევარჩიოთ ძაღლი

აღებულია: https://canophilia.wordpress.com/category/დეკორატიული-ძაღლები/

__________________________________________

გადასვლა >>>> შეზღუდული შესაძლებლობების პირთა დახმარების ინოვაციური საშუალებები

..