საკრედიტო კონსულტანტი

საკრედიტო კონსულტანტი

ვასილ შენგელია

სასესხო კაპიტალის ბაზარზე კრედიტირების სფეროს სწრაფმა ზრდამ და მუდმივმა გაფართოებამ განაპირობა მთელი რიგი ახალი სპეციალის­ტების გამოჩენა. თუ ადრე სესხის (კრედიტის) გაფორმებასთან დაკავშირებული საკითხებით დაკავებული იყო საკრედიტო განყოფილების მხოლოდ ერთი თანამშრომელი, დღეისათვის იოლად შეიძლება აგვერიოს სხვადასხვა პროფესიები: საკრედიტო კონსულტანტი, ბროკერი, ინსპექტორი, საკრედიტო სპეციალისტი, მენეჯერი, კოლექტორი, რომელთა ნაწილი იდენტურია, თუმცა  განსაზღვრული ფუნქცია აკისრიათ სესხების (კრედიტის) გაცემის პროცესში და მოლაპარაკებების წარმოებაში. >>>>

შევჩერდებით საკრედიტო კონსულტანტზე, რომელიც პირველად ხვდება პოტენ­ციურ მსესხებელს. აღნიშნული თანამდებობა დღეს ბანკების უმეტესობაში არსებობს. საკრედიტო კონსულტანტი საქმეს უმსუბუქებს საკრედიტო განყოფილების თანამშრომლებს, თუმცა სამწუხაროდ ეს  პროფესია შედარებით ახალია და  კლიენტების მცირე ნაწილმა თუ იცის მათი არსებობის შესახებ.

და მაინც ვინ არის საკრედიტო კონსულტანტი? ეს არის სპეციალისტი, რომელიც ეხმარება პოტენციურ მსესხებელს საკრედიტო პროდუქტების ზღვა რაოდენობიდან მათთვის სასურველი პროდუქტის შერჩევასა და ორივე მხარისათვის მაქსიმალურად ხელსაყრელი სესხის გაფორმებაში. ის არ ღებულობს გადაწყვეტილებებს, არც დადებითს და არც უარყოფითს, არ ამოწმებს მსესხებლის საიმედოობას, არ ადგენს პროგნოზებს, არ აკონტროლებს სესხის შენატანს და ა.შ. მისი ფუნქციაა მხოლოდ კლიენტის კონსულტირება.   ინფორმაციის გასაგებად მიწოდება – ეს არის მთავარი რაც ჭირდება პოტენციურ მსესხებელს.

საკრედიტო კონსულტანტი ეხმარება მსესხებელს:

–          მოახდინოს დროის ეკონომია, რომელიც შესაძლოა დახარჯულიყო ფუჭად, პროგრამების დამოუკიდებლად შესწავლაზე, ამით ასევე მცირდება ბანკში მიმართვების რაოდენობა

–          მიიღოს ინფორმაცია ყველა შესაძლო პროცენტების, საკომისიოსა და მოსაკრებლების შესახებ

–        შეურჩიოს თითოეული კლიენტისათვის ინდივიდუალურად სესხის მიღების ოპტიმალური ვარიანტი, მხედველობაში იღებს რა მსესხებლის სურვილს, ასაკს, სტაჟს, ფინანსურ შესაძლებლობებს და სხვა მსგავს ფაქტორებს

–          სწორად მოახდინოს საჭირო დოკუმენტაციის შევსება (განცხადება, ანკეტა და ა.შ)

–          გაარკვიოს მსესხებელი საბუთებში კრედიტის მიღების შემდეგ (ხელშეკრულება, გადახდის გრაფიკი და ა.შ).

ამგვარად საკრედიტო კონსულტანტი წარმოადგენს დამაკავშირებელ რგოლს პოტენციურ მსესხებელსა და საკრედიტო განყოფილებას შორის.

მას შემდეგ რაც გაიზარდა მოთხოვნა ინფორმაციის მიღების სამსახურზე, ბაზარზე გამოჩნდა დამოუკიდებელი საკრედიტო კონსულტანტები, რომელთაც უწოდებენ საკრედიტო ბროკერებს. ეს არის ცალკე ორგანიზაციები, რომლებიც მუშაობენ დამოუკიდებლად ან დადებული აქვთ შეთანხმება ბანკთან. საკრედიტო ორგანიზაციების საკუთარი კონსულტანტებისაგან განსხვავებით, მათი მომსახურება ფასიანია. მომსახურების ღირებულება განსხვავებულია  და დამოკიდებულია კრედიტირების სახესა და საქმის სირთულზე, თუმცა საშუალოდ მერყეობს 1%-დან 5%-მდე. გადახდას ახორციელებს ან თვითონ კლიენტი ან რიგ შემთხვევებში საკრედიტო ორგანიზაცია, თუ არსებობს ამგვარი შეთანხმება. ბროკერების დახმარების შედეგად მსესხებელს შეიძლება საერთოდ არ მოუწიოს ბანკში მისვლა, გარდა ხელმოწერის დღისა.

 გადასვლა ,,კრედიტები” >>>

..