საშვილოსნოს ყელის დაავადებები – რისკ-ფაქტორები და გამომწვევი მიზეზები

ქარქაშიძე ანი, მეან-გინეკოლოგი ექიმი კლინიკური ორდინატორი. ბელორუსიის სამედიცინო აკადემია დიპლომის შემდგომი განათლების

– რას გულისხმობს საშვილოსნოს ყელის დაავადებები?

საშვილოსნოს ყელის დაავადებები მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებებია. არსებობს დაავადების სამი ძირითადი ტიპი: ფონური დაავადებები, სიმსივნის წინა და სიმსივნური დაავადებები.

  • ფონურ დაავადებებს მიეკუთვნება საშვილოსნოს ყელის ეროზია, ექტოპია, პოლიპი, ლეიკოპლაკია.
  • სიმსივნის წინა დაავადებები არის პათოლოგიური ცვლილებები, რომლებიც შეიძლება გადაიზარდოს სიმსივნურ პროცესებში. ამ დაავადებებს მიეკუთვნება საშვილოსნოს ყელის სხვადასხვა ტიპის დისპლაზიები.
  • სიმსივნური დაავადებები წარმოადგენს სიმსივნის წინა დაავადებების შედეგს და ვითარდება ძირითადად მაშინ, როცა ქალი არარეგულარულად დადის ექიმთან.

– რა მიეკუთვნება საშვილოსნოს ყელის დაავადებების გამომწვევ მიზეზს?

სიმსივნური და სიმსივნის წინა დაავადებების გამომწვევი მიზეზი 90% შემთხვევაში არის ადამიანის პაპილომა ვირუსი. რაც შეეხება ფონურ დაავადებებს, განვიხილოთ სათითაოდ:

  • საშვილოსნოს ყელის ექტოპიის შემთხვევაში გამომწვევი შეიძლება იყოს მექანიკური დაზიანებები (მაგალითად სქესობრივი აქტის დროს), ანთებითი პროცესები (ფარული ინფექციები), ჰორმონალური დარღვევები. ითვლება რომ ექტოპია 5-6ჯერ უფრო ხშირად ვითარდება ქალებში, რომლებსაც აღენიშნებათ მენსტრუალური ფუნქციის დარღვევა.
  • საშვილოსნოს ყელის ეროზია შეიძება განვითარდეს მშობიარობის შემდეგ ან რომელიმე საშვილოსნოს შიდა ჩარევის დროს (მათ შორის აბორტის). ასევე მიზეზი შეიძლება იყოს ორგანიზმის დამცავი ფუნქციის დარღვევა, რაც შეიძება გამოწვეული იყოს არაჯანსაღი სქესობრივი ცხოვრებით, ხშირი აბორტებით, ინფექციებით და ანთებებით.
  • ლეიკოპლაკიის მიზეზები ბოლომდე შესწავლილი არ არის. თუმცა ითვლება, რომ შეიძლება გამოწვეული იყოს ენდოკრინული ფაქტორებით, ინფექციებით და ტრავმებით.
  • საშვილოსნოს ყელის პაპილომები გამოწვეულია ადამიანის პაპილომა ვირუსით (HPV), რომლითაც დაავადებულია სქესობრივად აქტიური მოსახლეობის უმეტესობა.
  • საშვილოსნოს ყელის დისპლაზიები ხშირად წარმოადგენს საშვილოსნოს ყელის ექტოპიის, ეროზიის ან ვულვის ლეიკოპლაკიის შედეგს. გამოწვეულია ეპითელიუმის ადამიანის პაპილომა ვირუსით დაზიანებით. დისპლაზიები ასევე შეიძება გამოიწვიოს ინფექციურმა და ვენერიულმა დაავადებებმა, ვაგინიტმა, კოლპიტმა, ვაგინოზმა და ა.შ.
  • საშვილოსნოს ყელის რეტენციული კისტა, იგივე „ნაბოთის“, ვითარდება საშვილოსნოს ყელის დაზიანების შედეგად და მიეკუთვნება არასიმსივნურ კეთილთვისებიან წარმონაქმნს. 80-95% ვითარდება მშობიარობის შემდგომ და ითვლება ნორმად.
  • საშვილოსნოს ყელის კარცინომა – იგივე საშვილოსნოს ყელის კიბო, ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა ქალებში. მისი გამომწვევი მიზეზები ბოლომდე არაა ცნობილი. მაგრამ მისი მაპროვოცირებელი ფაქტორებია: სქესობრივი ცხოვრების ნაადრევი დაწყება, პარტნიორის ხშირი შეცვლა, მოწევა, ვირუსული ინფექციები, ტრავმები (მაგ. მშობიარობის დროს).

–  რაც შეეხება რისკ-ფაქტორებს, რომელი რისკ-ფაქტორები გამოიყოფა?

საშვილოსნოს ყელის დაავადებების განვითარების რისკ-ფაქტორებს მიეკუთვნება:

  • ადამიანის პაპილომა ვირუსით დაინფიცირება – წარმოადგენს საშვილოსნოს ყელის კიბოს განვითარების ყველაზე მნიშვნელოვან რისკ-ფაქტორს.
  • მოწევა – მწეველ ქალებში საშვილოსნოს ყელის კიბოს განვითარების რისკი თითქმის ორჯერ უფრო მაღალია ვიდრე არამწეველებში. სიგარეტის კვამლი შეიცავს კიბოს გამომწვევ მრავალ მავნე ნივთიერებას, რომლებიც არა მხოლოდ ფილტვებზე მოქმედებენ. ეს მავნე ნივთიერებები სისხლის მიმოქცევის საშუალებით გადაიტანებიან მთელს ორგანიზმში. მწეველი ქალის ცერვიკალური არხის ლორწოვანში აღინიშნება მავნე ნივთიერებები წარმოქმნილი თამბაქოს წვის შედეგად. მკვლევარები მიიჩნევენ, რომ აღნიშნული ნივთიერებები აზიანებენ საშვილოსნოს ყელის ლორწოვანი გარსის უჯრედების დნმ-ს და მოქმედებენ კიბოს განვითარებაზე. ამის გარდა, მოწევა ამცირებს იმუნური სისტემის ეფექტურობას HPV-ის წინააღმდეგ ბრძოლაში.
  • იმუნოსუპრესია – ადამიანის იმუნოდეციფიტის ვირუსი (აივ), რომელიც იწვევს შიდს, აზიანებს იმუნურ სისტემას და ზრდის პაპილომავირუსული ინფექციის განვითარების რისკს. სწორედ ეს ფაქტი ხსნის საშვილოსნოს ყელის კიბოს განვითარების მაღალ რისკს შიდსის მქონე ქალებში. მკვლევარები მიიჩნევენ, რომ იმუნური სისტემის მუშაობა ეხმარება სიმსივნური უჯრედების განადგურებაში, ამცირებენ მათ ზრდას და გავრცელებას. აივ ინფექციით დაავადებულ ქალებში საშვილოსნოს ყელის კიბოსწინარე ცვლილებები ბევრად უფრო სწრაფად გადადიან ინვაზიურ კიბოში. საშვილოსნოს ყელის კიბოს განვითარების მაღალი რისკის ჯგუფში შედიან ასევე ქალები, რომლებიც იღებენ იმუნიტეტის დამთრგუნველ მედიკამენტებს, მაგალითად აუტოიმუნური დაავადებების მკურნალობისას (დაავადებები, რომლის დროსაც იმუნური სისტემა საკუთარ ქსოვილებს აღიქვამს, როგორც უცხოს და ებრძვის მათ), ასევე ორგანოების გადანერგვის შემდეგ.
  • ქლამიდიური ინფექცია – ქლამიდია საკმაოდ გავრცელებული ბაქტერიაა, რომელიც აინფიცირებს რეპროდუქციულ სისტემას. გადაეცემა სქესობრივი კონტაქტით. ქლამიდიურ ინფექციას შეუძლია გამოიწვიოს მცირე მენჯის ღრუს ორგანოების ანთება, რამაც შეძლება უშვილობამდე მიიყვანოს. ზოგიერთი კვლევა გვიჩვენებს, რომ საშილოსნოს ყელის კიბოს განვითარების რისკი მაღალია იმ ქალებში, რომელთა სისხლშიც აღმოჩნდება გადატანილი ან მიმდინარე ინფექცია (ჯანმრთელ ქალებთან შედარებით). ქლამიდიური ინფექცია ქალებში შეიძლება მიმდინარეობდეს უსიმპტომოდ. ქალმა შეიძლება არც კი იცოდეს ამის შესახებ, მანამ სანამ არ შეიტყობს ლაბორატორიული კვლევის შედეგებს.
  • კვება – ხილისა და ბოსტნეულის ნაკლებობამ კვებაში შეიძლება გაზარდოს საშვილოსნოს ყელის კიბოს განვითარების რისკი. საშვილოსნოს ყელის ადენოკარცინომის განვითარების რისკი მაღალია მსუქან ქალებში.
  • ორალური კონტრაცეპტივების მიღება – მტკიცებულებებზე დაყრდნობით შეიძლება ითქვას, რომ ორალური კონტრაცეპტივების ხანგრძლივმა მიღებამ შეიძლება გაზარდოს საშვილოსნოს ყელის კიბოს განვითარების რისკი. მკვლევარები ვარაუდობენ, რომ რაც უფრო დიდ ხანს ღებულობს ქალი ამ პრეპარატებს, რისკიც უფრო მაღალია. თუმცა მედიკამენტების მიღების შეწყვეტის შემდეგ დაავადების განვითარების რისკიც თანდათან ქვეითდება. ბოლო კვლევის შედეგემა აჩვენა, რომ ქალებში, რომლებიც 5წელზე მეტ ხანს ღებულობენ ჩასახვის საწინააღმდეგო მედიკამენტებს, დაავადების განვითარების რისკი ორმაგდება. თუმცა მედიკამენტის მიღების შეწყვეტიდან ათი წლის შემდეგ რისკი უბრუნდება ნორმას.
  • სამი და მეტი მშობარობა – საშვილოსნოს ყელის განვითარების რისკი მაღალია იმ ქალებში, რომლებმაც სამჯერ ან მეტჯერ იმშობიარეს. ამის მიზეზი მეცნიერებისთვის ცნობილი არ არის. ერთ-ერთი თეორიის თანახმად, ეს არის დაუცველი სქესობრივი კონტაქტის შედეგი, რომელიც აუცილებელია ჩასახვისათვის და ამავე დროს საფრთხეს უქმნის HPV დაინფიცირებას. ამის გარდა კვლევები მიუთითებს ჰორმონალურ ცვლილებებზე ორსულობის დროს, რაც ზრდის პაპილომავირუსული ინფექციით დაინფიცირების და სიმსივნეების განვითარების შანსს. სხვა მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ ორსული ქალის იმუნიტეტი დაქვეითებულია, რის შედეგადაც ვითარდება პაპილომავირუსული ინფექცია და ავთვისებიანი სიმსივნეები.
  • პირველი მშბიარობა ახალგაზრდა ასაკში – ქალები, რომლებიც პირველად დაორსულდნენ 17 წლის ასაკში ან უფრო ადრე, საშვილოსნო ყელის კიბოს განვითარების რისკი ორჯერ უფრო მეტი აქვთ ვიდრე მათ ვინც პირველად დაორსულდნენ 25 წლის ან მეტ ასაკში.
  • ფინანსური გაჭირვება – მატერიალური საშუალებების არ ქონა ასევე წარმოადგენს საშვილოსნოს ყელის კიბოს განვითარების რისკს. ქალების უმრავლესობა, რომლებსაც დაბალი შემოსავალი აქვთ არ ღებულობს სრულ სამედიცინო მომსახურებას, მათ შორის ონკოციტოლოგიურ კვლევებზე. ეს კი ნიშნავს საშვილოსნოს ყელის კიბოს დაგვიანებულ მკურნალობას.
  • დიეთილსტილბესტროლი – ეს არის ჰორმონალური პრეპარატი, რომელიც აშშ-ში ინიშნებოდა ქალებში, რომლებსაც აღენიშნებოდათ ორსულობის შეწყვეტის საფრთხე, 1940-1971 წლებში. ქალებში, რომელთა დედებიც ღებულობდნენ აღნიშნულ მედიკამენტს საშვილოსნოს ყელის დაავადებების, როგორც კიბო, ისევე კიბოსწინარე დაავადებების განვითარება გვხდებოდა უფრო ხშირად, ვიდრე მოსალოდნელია.
  • ნათესავებში საშვილოსნოს ყელის კიბოს არსებობა – საშვილოსნოს ყელის კიბო ზოგიერთ ოჯახში შეიძლება მემკვიდრეობით გადაეცემოდეს. თუ დედას ან დას ჰქონდა აღნიშნული სიმსივნე, მაშინ თქვენთვის დაავადების განვითარების რისკი     2-3 -ჯერ იზრდება.

>>  ქალის ორგანიზმი, გინეკოლოგია