ადენომიოზი

ადენომიოზი – გინეკოლოგიური დაავადებაა, რომლის დროსაც საშვილოსნოს ლორწოვანი გარსი – ენდომეტრიუმი – იზრდება გამყოფ ქსოვილში, რომელიც მდებარეობს უშუალოდ ენდომეტრიუმსა და საშვილოსნოს კუნთებს შორის და იწყებს შეჭრას საშვილოსნოს კუნთოვან ქსოვილში.

ჩვეულებრივ, ენდომეტრიუმი იზრდება მენსტრუალური ციკლის დროს, ემზადება განაყოფიერებული კვერცხუჯრედის მისაღებად. ნორმაში ენდომეტრიუმი მხოლოდ შიგნით – საშვილოსნოს ღრუს მიმართ, შეიძლება გაიზარდოს, ვინაიდან ის გამოყოფილია საშვილოსნოს კუნთოვანი ფენიდან გამყოფი ქსოვილის თხელი ფენით. თუმცა ადენომიოზის შემთხვევაში ირღვევა პროცესი და ენდომეტრიუმი ზოგიერთ ადგილას იზრდება საშვილოსნოს კედლებში.

ენდომეტრიუმის ქსოვილის არასწორ ადგილას გაჩენაზე საპასუხოდ საშვილოსნო იწყებს რეაგირებას – თავდაცვას. ის მსხვილდება ენდომეტრიუმის კერის გარშემო, ცდილობს გამოყოს შეჭრის ადგილი და შეაჩეროს ამ პათოლოგიური პროცესის გავრცელება. კუნთები ზომაში იზრდება – სწორედ ამიტომ საშვილოსნოც მატულობს ზომაში და ღებულობს სფერულ ფორმას.

საშვილოსნოს ენდომეტრიოზი,  რომელიც ვლინდება ტკივილით მენსტრუაციის დროს, უხვი მენსტრუაციით, სისხლიანი გამონადენით მენსტრუაციის წინა და შემდეგ, როგორც წესი, დიაგნოზის დადგენა  ხდება ულტრაბგერითი, ასევე ჰისტოლოგიური კვლევით და ჰისტეროსკოპიით.  ♦ ქალის ორგანიზმი, გინეკოლოგია, მეანობა


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

  • გაფრთხილება
  • წყაროები: 1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. 2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა.  ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.

.