ბორელია

ბორელია (ლათ.
Borrelia) – Spirochaetaceae-ს ოჯახის ბაქტერიების გვარი. რიგი სპიროქეტები. გვარის წარმომადგენლები იწვევენ ადამიანის ისეთ ინფექციურ დაავადებას, როგორიც არის ბორელიოზი – ზოოანთროპონოზული ხასიათის, ტრანსმისიურად გადამდები ინფექცია. გვარი მოიცავს 36 სხვადასხვა სახეობას. სახელწოდება მომდინარეობს ფრანგი ექიმის და ბაქტერიოლოგის ამადეო ბორელის (1867-1936) გვარიდან.
ბორელიებს აქვთ წაგრძელებული ფორმა: მათი სიგრძე შეადგენს 11-დან 25 მკმ-ს, სიგანე 0.18-დან 0.25 მკმ-ს. ბორელიები წააგავს დახვეულ ზამბარებს; გარედან დაფარულია წამწამებით.
ლაიმას დაავადების ძირითადი ეტიოლოგიური ფაქტორებია შემდეგი სახეობები:  Borrelia burgdorferi, Borrelia afzelii, Borrelia garinii და Borrelia valaisiana. ლაიმას დაავადების გადამტანია, უპირადესად Ixodes გვარის ტკიპები. ბორელიები ხვდება ადამიანის კანში, ტკიპის ნერწყვთან ერთად. გადაადგილდება ადამიანის კანზე და შეუძლია შეაღწიოს სხვადასხვა ტიპის უჯრედებში, მათ შორის იმ უჯრედებში, რომელიც უკვე ინფიცირებულია სხვა პათოგენებით (მაგალითად, ტკიპისმიერი ენცეფალიტის ვირუსით). ბორელიები იწვევს, ანთებით პროცესებს ადამიანის სხვადასხვა ორგანოებში (სახსრების ართრიტები, კუნთების დამბლა).  აღსანიშნავია, რომ ბორელიოზის გარეგნული კლინიკური ნიშნები, სხვადასხვა ავადმყოფებში განსხვავებულად ვლინდება. დაავადების დიაგნოსტირება ხდება მხოლოდ სისხლის ანალიზით.
შებრუნებითი ტიფის გამომწვევია Borrelia recurrentis. რასაც ხშირად თან ახლავს ბაქტერიემია. ადამიანის ორგანიზმში, გამომწვევი შეიჭრება მწერის კბენის შედეგად, რომელმაც მანამდე დაკბინა დაავადებული ადამიანი.


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

  • გაფრთხილება
  • წყაროები: დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.