ბრუცელა

ბრუცელა (ლათ. Brucella)
– Brucellaceae-ს ოჯახის გვარის ბაქტერიები. კლასი α-პროტობაქტერიები. სახელწოდება მიიღო, შოტლანდიელი სამხედრო ექიმის დევიდ ბრიუსის პატივსაცემად, რომელმაც პირველად გამოყო და აღწერა ბრუცელები 1887 წელს მალტაზე. გვარი გრამუარყოფითია. წვრილი კოკობაცილებია. ივითარებენ კაფსულას, არ წარმოქმნიან სპორებს, არ აქვთ შოლტები. გამოირჩევიან პოლიმორფიზმით, განსაკუთრებით ახალგაზრდა კულტურები. ქემოორგანოტროფებია. კატალაზა და ოქსიდაზა დადებითი (გარდა Brucella ovis და Brucella neotomae). მკაცრი აერობები. ზრდის ოპტიმალური ტემპერატურა 37 °C. მრავლდებიან საკმაოდ ნელა, განსაკუთრებით პირველი გენერაციული ტალღა. ბრუცელებს შეუძლიათ უჯრედის შიგნით გამრავლება, ამიტომ ისინი ორგანიზმში ხანგრძლივად იმყოფებიან. მომთხოვნები არიან საკულტივაციო არეების მიმართ.
ბრუცელებს გააჩნიათ, ორგანიზმში შეღწევის მაღალი უნარი. მათ ძალუძთ, ადამიანის ორგანიზმში შეაღწიონ, კუჭ-ნაწლავის დაუზიანებელი ლორწოვანი გარსიდან. ასევე ფილტვების, თვალების, კანიდან შეღწევა და ლიმფის გზით მთელ ორგანიზმში გავრცელება. გროვდებიან ლიმფურ კვანძებში. ნარჩუნდებიან ფაგოციტების შიგნით, გამოყოფენ დაბალმოლეკულურ ფაქტორებს, რომლებიც ხელს უშლის, ფაგოსომის ლიზოსომასთან შერწყმას. ფაგოციტების შიგნით, შეიძლება ჩამოყალიბდეს L ფორმები, რომლებიც ხანგრძლივად  პერსისტირებენ, რაც გრანულემის გაჩენას იწვევს. დაშლილი მაკროფაგებიდან, ბრუცელები სისხლის მიმოქცევის საშუალებით ხვდებიან ღვიძლში, ელენთაში, თირკმლებში, ძვლის ტვინსა და ენდოკარდში. ბრუცელები ძალზე გამძლენი არიან გარემო ფაქტორებისადმი. დაავადება ბრუცელოზი ძირითადად გავრცელებულია იქ, სადაც მისდევენ მესაქონლეობას.


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

  • გაფრთხილება
  • წყაროები: დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.