ვიბრიონი

ვიბრიონი (ლათ. Vibrio) – ბაქტერიების გვარი. ოჯახი Vibrionaceae. მოიცავს 40-ზე მეტ სახეობას. ვიბრიონის უჯრედების ფორმა სწორი ან მოღუნული ჩხირებია (0,4—0,7 × 1,5—2,3 მკმ). მოძრაობენ ერთი ან რამდენიმე, პოლარულად (მონო – და ლოფოტრიქები) განლაგებული შოლტების დახმარებით. არ წარმოქმნიან სპორებს და კაფსულებს. თუმცა, სახეობების უმრავლესობა, გარედან დაფარულია, უჯრედის კედლიდან წარმოქმნილი გარსით. გრამუარყოფითებია. ოქსიდაზა დადებითები. გვარში ყველაზე მეტად გავრცელებულია ფაკულტატური ანაერობები. სამედიცინო ლიტერატურაში აღწერილია, რომ წყლის ობიექტებზე, ვიბრიონების გაჩენას და გავრცელებას ხელს უწყობს 1 ლ. წყალში  1 მგ-ზე მეტი აზოტის არსებობა, ხოლო მჟავე წყლიანი გარემო ვიბრიონებს ანადგურებს. გვარის ზოგიერთი წარმომადგენელი მაგალითად, Vibrio cholerae – ჰალოფიტია ანუ შეუძლიათ ისეთ თხევად საკვებ არეზე ზრდა-განვითარება, რომელიც შეიცავს, 25 %-მდე NaCl-ს.
V. cholerae-ს გარდა სამედიცინო მნიშვნელობა გააჩნია:
ადამიანისათვის პათოგენურები: Vibrio parahaemolyticus, Vibrio vulnificus
თევზებისათვის პათოგენურები: Vibrio splendidus, Vibrio ordali, Vibrio anguillarum, Vibrio tubiashi, Vibrio alginolyticus
პათოგენურები კიბოსნაირებისათვის:Vibrio harveyi, Vibrio splendidus
პათოგენურები თავ-ფეხიანი მოლუსკებისათვის: Vibrio alginolyticus, Vibrio harveyi, Vibrio parahaemolyticus, Vibrio carchariae
V. vulnificus ადამიანისათვის მეტად საშიშია. ვითარდება ისეთი გართულებები, როგორიც არის სეპტიცემია და მწვავე ურეთრიტები, მწვავე კარდიოვასკულიტები და ცელულიტები. V. Vulnificus-ი ხშირად გვხვდება აფრიკის ქვეყნებში. ადამიანების ინფიცირების შემთხვევები, დაფიქსირებული იყო იმ წყალსატევებში სადაც ჰიპოპოტამები გრილდებოდნენ.
Vibrio cincinnatiensis-ი გამოიყოფა კლინიკურ სურათში მენინგიტებთან და ენცეფალიტებთან ერთად, რასაც თან ახლავს ჰალუცინაციური ტიპის სიმპტომები.


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

  • გაფრთხილება
  • წყაროები: დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.