ლეგიონელა

ლეგიონელა(ლათ. Legionella) – Gammaproteobacteria-ის კლასის გრამუარყოფითი პათოგენური ბაქტერიების გვარი. სახეობა Legionella pneumophila, იწვევს „ლეგიონერების დაავადებას“. Legionella longbeachae კი პონტიაკის ცხელებას. ლეგიონელები გვხვდება მრავალ ბუნებრივ გარემოში, მათ შორის ნიადაგში და წყალში. სადღეისოდ აღწერილია 50 სახეობის 70 სეროტიპი. ლეგიონელას უჯრედის კედლის, გვერდითი პოლისაქარიდული ჯაჭვი,  წარმოადგენს ძირითად სპეციფიკურ ანტიგენს. გვერდითი ჯაჭვების ქიმიური შემადგენლობა, განსაზღვრავს სომატური ანუ O-ანტიგენურ დეტერმინანტს, რომელიც  გრამუარყოფითი ბაქტერიების კლასიფიკაციისათვის, არის მთავარი სეროლოგიური ინსტრუმენტი.
სახელწოდება ლეგიონელა მომდინარეობს, ლეგიონელოზის მასობრივი დაავადების შემთხვევიდან ფილადელფიაში (აშშ) 1976 წელს. აშშ-ში ამერიკელი ლეგიონის (აშშ-ს შეიარაღებული ძალების ვეტერანთა ასოციაცია) სხდომის დროს დაავადდა 221 ადამიანი, გარდაიცვალა 34.
ბუნებრივ პირობებში, Legionella ბინადრობს ამების შიგნით. ადამიანმა თუ ჩაისუნთქა ბაქტერიების შემცველი ჰაერი, ინფიცირდება ალვეოლური მაკროფაგები, სადაც ბაქტერიები მრავლდება, რაც იწვევს ლეგიონერების დაავადებას. დაავადება ვრცელდება ჰაერ-წვეთოვანი გზით. ინფექციის კერებია ბასეინები (განსაკუთრებით სკანდინავიურ ქვეყნებში), საოჯახო წყლის გამაცხელებელი სისტემები, ფანტანები და ა.შ. ადამიანიდან ადამიანის დასნებოვნება არ არის დაფიქსირებული. ადამიანის ორგანიზმში მოხვედრის შემდეგ, ინკუბაციური პერიოდი (კლინიკური ნიშნების გამოვლენამდე პერიოდი) გრძელდება 2 კვირამდე. პროდრომული პერიოდი წააგავს გრიპს. შემდგომში ვლინდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის და ნერვული სისტემის პრობლემები. იწყება ღებინება და დიარეა. არის სხვა სიმპტომებიც მაგალითად, ფილტვების ანთება.
დაავადება ადამიანთა უმრავლესობისთვის საშიში არ არის. სახიფათოა დაქვეითებული იმუნიტეტის მქონე  და ხანშიშესულ პირთათვის. ამიტომ საავადმყოფოებსა და მოხუცებულთა თავშესაფარში საგულდაგულოდ მოწმდება წყლის მიწოდების სისტემები. ჟურნალ „Infection Control and Hospital Epidemiology“ გამოქვეყნებული სტატიის მიხედვით, საავადმყოფოებში ლეგიონელოზით დაავადებული შემთხვევებიდან 28% სრულდება სიკვდილით. ინფექციის გავრცელების ძირითადი წყაროს წარმოადგენს, წყალგამანაწილებელი სისტემები.


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

  • გაფრთხილება
  • წყაროები: დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.