პნევმოკოკი

პნევმოკოკი (ლათ. Streptococcus pneumoniae) – სტრეპტოკოკების (Streptococcus) გვარის ბაქტერიების სახეობა. უმოძრაო, ლანცეტისებრი დიპლოკოკი სიგრძით 0.5-1.25 მკმ.

Streptococcus pneumoniae –  გრამდადებითი, კატალაზა და ოქსიდაზა უარყოფითი ბაქტერიები. ფაკულტატური ანაერობი, მათი ზრდა ძლიერდება თუ საინკუბაციო ატმოსფეროში ნახშირორჟანგი აღწევს 5-7%-მდე. უჯრედის კედელის აგებულება ტიპურია გრამდადებითი ბაქტერიებისათვის. მისი საფუძველია პეპტიდოგლიკანი, სადაც ჩართულია ნახშირწყლები, თეიხოვის მჟავები, ლიპოპროტეინები და ზედაპირული ცილები. პნევმოკოკებისათვის მნიშვნელოვანია დამატებითი პოლისაქარიდული კაფსულა, რომელიც ასრულებს დამცავ ფუნქციას, მისი საშუალებით ეწინააღმდეგება ოპსონიზაციას და შემდგომ ფაგოციტოზს.
სადღეისოდ, აღწერილია დაახლოებით 91 სხვადასხვა კაფსულური ტიპის პნევმოკოკი, თუმცა 90%-ზე მეტი დაავადების შემთხვევებისას  გამომწვევია მხოლოდ 23 სეროვარი.
პნევმოკოკები წარმოადგენენ ბავშვებსა და მოზრდილებში ერთ-ერთ ძირითად აღმძვრელებს მენინგიტის, შუა ყურის ანთების, სინუსიტის, ფილტვების ანთების. უფრო იშვიათ შემთხვევებში, პნევმოკოკმა შეიძლება გამოიწვიოს სხვა ლოკალიზაციის ინფექციები: ენდოკარდიტი, სეპტიკური ართრიტი, პერიტონიტი, ფლეგმონები და სხვა. სადღეისოდ მნიშვნელოვანი პრობლემა არის პნევმოკოკების ანტიბიოტიკრეზისტენტულობა, რაც  მრავალ ქვეყანაში შეინიშნება.


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

  • გაფრთხილება
  • წყაროები: დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.
  • Share on Facebook
    Facebook
    გააზიარე Facebook -ზე ..