სალმონელა

სალმონელა (ლათ.
Salmonella) – უსპორო ბაქტერიების გვარი, აქვთ ჩხირის ფორმა (სიგრძე 1-7 მკმ, სიგანე დაახლოებით 0.3-0.7 მკმ). სალმონელები არ ფერმენტირებენ ლაქტოზას და პათოგენურები არიან ადამიანებისათვის. ზოგიერთი სახეობა იწვევს მუცლის ტიფს, პარატიფს და სხვა სალმონელოზებს. გრამუარყოფითი, ფაკულტატური ანერობებია. უმრავლესობა მოძრავია. სალმონელები გარემოში და საკვებ პროდუქტებში დიდხანს ძლებენ. ულტრაიისფერი დასხივება აჩქარებს მათ დაღუპვას. 55 °C (131 °F)-ზე ადუღებისას ნახევარ საათში იღუპებიან ან 60 °C (140 °F)-ზე 12 წუთის განმავლობაში. სალმონელოზით დაბინძურებული საკვები პროდუქტებზე ეჭვის შემთხვევაში, საკვებს აცხელებენ 75 °C (167 °F)-ზე  არანაკლებ 10 წუთის მანძილზე. სალმონელები, როგორც წესი, ბინადრობენ ადამიანის და ცხოველის ნაწლავებში. სალმონელებში არჩევენ, ორ ძირითად ანტიგენურ კომპლექსს: О – და Н-ანტიგენებს. ისინი ბაქტერიული უჯრედის სტრუქტურული ელემენტებია. სომატური О-ანტიგენი თერმომდგრადია და წარმოადგენს ლიპოპოლისაქარიდოპოლიპეპტიდურ კომპლექსებს. შოლტოვანი Н-ანტიგენი თერმოლაბილურია, გააჩნია ცილოვანი ბუნება. გარდა ამისა, Salmonella-ს გვარის ბაქტერიებს, გააჩნია ზედაპირული და კაფსულური ანტიგენები, მათ შორის არ არსებობს მკვეთრი საზღვრები, გადასვლა ხორციელდება თანდათან, ამიტომ ორივე ანტიგენი აღინიშნება ერთიანად, როგორც К-ანტიგენი.


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

  • გაფრთხილება
  • წყაროები: დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.
  • Share on Facebook
    Facebook
    გააზიარე Facebook -ზე ..