მედიგელი / MEDIGELI

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): კომბინირებული/comb. drug

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები გარეგანი გამოყენებისათვის

შემადგენლობა
(ფირის 1სმ2-ზე): ნატრიუმის დიკლოფენაკი – 5 ∙10-4გ;
დიმეთილ სულფოქსიდი – 0,09 მლ; დიეთილამინის ჰიდროქლორიდი – 1,72 ∙ 10-4გ; აგარი; წყალი.

ფარმაკოლოგიური თვისებები
დიკლოფენაკი წარმოადგენს არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებას ტკივილგამაყუჩებელი და სიცხის დამწევი მოქმედებით.
პრეპარატის მოქმედების ძირითად მექანიზმს წარმოადგენს პროსტაგლანდინების სინთეზის ბლოკირება.
დიმექსიდს აქვს ანთების საწინააღმდეგო, სპაზმოლიზური, ბაქტერიოსტატიკური და ადგილობრივ ტკივილგამაყუჩებელი მოქმედება ანთების კერაში ჰიდროქსილური რადიკალების ინაქტივაციისა და მეტაბოლური პროცესების გაუმჯობესების ხარჯზე. იგი ხელს უწყობს სამკურნალო საშუალებების სწრაფ შეღწევას კანის გავლით.
სხვადასხვა მექანიზმების მქონე დიკლოფენაკისა და დიმექსიდის თანხვედრილი მოქმედება განაპირობებს მდგრად თერაპიულ ეფექტს.
”მედიგელი”-ს ფირი უზრუნველყოფს სამკურნალო საშუალებების პროლონგირებულ (24სთ) მიწოდებას დაზიანებულ კერაში, რაც ასევე მნიშვნელოვნად ზრდის მის ეფექტურობას.

ჩვენებები
რევმატოიდული ართრიტი, იდიოპათიური მაანკილიზებელი და სერონეგატიური სპონდილოართრიტები, სახსრებისა და ხერხემლის ოსტეოართროზი (ოსტეოქონდროზი, სპონდილოზი), სახსრების მიმდებარე რბილი ქსოვილების დაავადებები, პოდაგრული და სხვა მეტაბოლური ართრიტები, სახსრების, კუნთების, მყესების, იოგების ტრავმული დაზიანებები.

მიღების წესები და დოზები
პრეპარატს მოაცილეთ პოლიეთილენის ფირფიტის არაწებვადი ნაწილი, დაიტანეთ დაზიანებულ ადგილას და თბილად გადაიხვიეთ 24 სთ განმავლობაში. არ გამოიყენოთ დამწოლი ნახვევი.

~მედიგელის~ გამოყენების სიხშირე და ხანგრძლივობა განისაზღვრება მკურნალი ექიმის მიერ.

დოზის გამოტოვება: პრეპარატის გამოყენების გამოტოვების შემთხვევაში ფირის შემდგომი დოზის დატანა უნდა მოხდეს რაც შეიძლება მალე ან პირვანდელი სქემის მიხედვით.

გამოყენება პედიატრიაში: არ გამოიყენება თორმეტ წლამდე ასაკის ბავშვებში.

გვერდითი მოვლენები
ალერგიული რეაქციები პრეპარატისადმი მომატებული მგრძნობელობის შემთხვევაში. გვერდითი ეფექტების გამოვლენის შემთხვევაში პაციენტმა უნდა შეწყვიტოს მკურნალობა და უნდა მიმართოს ექიმს.
იმ გვერდითი ეფექტების გამოვლენის შემთხვევაში, რომლებიც არ არის აღნიშნული გამოყენების ინსტრუქციაში, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

უკუჩვენება
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატში შემავალი კომპონენტების მიმართ. 12 წლამდე ასაკის ბავშვები.

ორსულობა და ლაქტაცია
პრეპარატის გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში არ არის რეკომენდირებული.

განსაკუთრებული მითითებები
სიფრთხილე: პრეპარატის დატანის შემდეგ, გამოხატული ქავილისა და წვის შეგრძნების შემთხვევაში, აპლიკაცია მოიხსენით და კანი ჩამოიბანეთ თბილი წყლით.

ზემოქმედება ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე: პრეპარატის მიღება გავლენას არ ახდენს ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე.

ჭარბი დოზირება
დოზის გადაჭარბების შემთხვევაში შეიძლება ადგილობრივად გამოვლინდეს ალერგიული რეაქციები, წვა, ქავილი.
მკურნალობა სიმპტომურია. საჭიროა ფირი მოიხსნას და კანი ჩამოიბანოს თბილი წყლით.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
არ არის შესწავლილი.

შენახვის პირობები და ვადები
ვარგისიანობის ვადა: 1,5 წელი.
ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ ან ვიზუალური დათვალიერებისას აღმოჩენილი დეფექტების შემთხვევაში პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.

შენახვის წესი: ინახება სინათლისაგან დაცულ ადგილზე, არაუმეტეს 20°C ტემპერატურულ პირობებში.

მწარმოებელი: ნეოფარმი, საქართველო

გამოშვების ფორმა: 6X8X0.3სმ ფირფიტა #5
გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

გაფრთხილება

Share this...Share on Facebook
Facebook