მეროპენემი – MEROPENEM

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები ..

ფარმაკოლოგიური თვისებები
ანტიბიოტიკი კარბაპენემის ჯგუფიდან, მდგრადია ბეტა-ლაქტამაზებისადმი. იმიპენემთან შედარებით უფრო სტაბილურია დეჰიდროპეპტიდაზა I მიმართაც;
მოქმედების მექანიზმი ბაქტერიებში უჯრედული კედლის სინთეზის დარღვევითაა განპირობებული, გამოირჩევა უჯრედულ კედლებში პენიცილინდამაკავშირებელ ცილებთან (PBP) შებმის უნარით; აქტიურია უმრავლესობა გრამ-დადებითი და გრამ-უარყოფითი აერობული და ანაერობული ბაქტერიული შტამების წინააღმდეგ.
მეროპენემისადმი მდგრადია Xanthomonas maltophilia, Enterococcus faecium, სტაფილოკოკის მეტიცილინრეზისტენტული შტამები.

ფარმაკოკინეტიკა
ვენაში ან კუნთებში შეყვანის შემდეგ კარგი შეღწევადობით გამოირჩევა ორგანიზმის უმრავლესობა ქსოვილებსა და სითხეებში, ცერებროსპინალური სითხის ჩათვლით მენინგიტით დაავადებულებში. მეტაბოლიზმის შედეგად ერთი არააქტიური მეტაბოლიტი წარმოიქმნება. ელიმინაციის ნახევარპერიოდი ვენაში შეყვანის პირობებში 1 სთ-ის ტოლია, კუნთებში შეყვანის შემდეგ – 1.5 სთ-ის.

ჩვენებები
ვენაში შესაყვანად: მეროპენემისადმი მგრძნობიარე ერთი ან რამდენიმე მიკრობით გამოწვეული, მძიმედ მიმდინარე ინფექციურ-ანთებითი დაავადებები, როგორიცაა პნევმონია, ჰოსპიტალური პნევმონიის ჩათვლით; ინფექცია საშარდე გზებში, მუცლის ღრუში, მცირე მენჯის ორგანოებში (ენდომეტრიტის ჩათვლით), კანსა და რბილ ქსოვილებში. მენინგიტი, სეპტიცემია.
კუნთებში შესაყვანად: ქრონიკული ბაქტერიული ბრონქიტის გამწვავება, საშარდე გზების გაურთულებელი ინფექციები.

დოზირების რეჟიმი
ვენაში შესაყვანი დოზა ზრდასრულებში 500 მგ-დან 2 გ-მდე ფარგლებშია შეყვანის სიხშირე და მკურნალობის ვადები ინდივიდუალურად დგინდება ჩვენებებისა და დაავადების სიმძიმის გათვალისწინებით.
ბავშვებში 50 კგ-ზე ნაკლები სხეულის მასის შემთხვევაში 10-12 მკგ/კგ ყოველ 8 საათში;
50 კგ მეტი მასის შემთხვევაში დოზები იგივეა, რაც ზრდასრულებში; კუნთებში შესაყვანად ზრდასრულებში – 500 მგ ყოველ 8 საათში, ხანდაზმულ ავადმყოფებში – 500 მგ ყოველ 12 საათში.

გვერდითი მოვლენები
მომნელებელ სისტემაში: მუცლის ტკივილი, გულისრევა, ღებინება, ფაღარათი, სისხლში ბილირუბინის, ტრანსამინაზების, ტუტე ფოსფატაზასა და ლაქტატდეჰიდროგენაზას დონეების შექცევადი (დროებითი) მატება.
სისხლის წარმომქმნელ სისტემაში: შექცევადი თრომბოციტოპენია, ეოზინოფილია, ნეიტროპენია.
ალერგიული რეაქციები: კანზე გამონაყარი, ჭინჭრის ციება, ქავილი.
ნერვულ სისტემაში: თავის ტკივილი, პარესთეზიები;
ქიმიოთერაპიული მოქმედებით განპირობებული მოვლენები: პირის ღრუს კანდიდოზი, ვაგინალური კანდიდოზი ფსევდომემბრანოზული კოლიტი.
ადგილობრივი რეაქციები: ანთება, თრომბოფლებიტი შეყვანის ადგილზე ტკივილი.
სხვა: ზოგიერთ შემთხვევაში კუმბსის დადებითი პირდაპირი ან არაპირდაპირი სინჯი.

უკუჩვენებები
* ჭარბი მგრძნობელობა მეროპენემისადმი და კარბაპენემის ჯგუფის სხვა პრეპარატებისადმი.

ორსულობა და ლაქტაცია
ექსპერიმენტული გამოკვლევით ნაჩვენებია, რომ მეროპენემი დედის რძეში გადადის.
ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდებში მეროპენემის გამოყენება დასაშვებია, თუ დედისათვის ნავარაუდევი სამკურნალო ეფექტი ნაყოფისა ან ბავშვისათვის მოსალოდნელ რისკზე მნიშვნელოვანი იქნება.

განსაკუთრებული მითითებები
♦ სიფრთხილით უნიშნავენ მეროპენემს ღვიძლის დაავადების შემთხვევაში;
♦ Pseudomonas aeruginosa მიერ გამოწვეული ინფექციის დროს სასუნთქი გზების ქვედა განყოფილებებში.
♦ თირკმლის ფუნქციური მოშლილობის პირობებში საჭიროა დოზების კორექცია კრეატინინის კლირენსის შესაბამისად, ღვიძლის დაავადებების შემთხვევაში ტრანსამინაზებისა და ბილირუბინის განსაზღვრაა აუცილებელი მკურნალობის პერიოდში.
♦ თუ ანამნეზში აღნიშნული იყო ჭარბი მგრძნობელობის რეაქცია პენიცილინებზე, კარბაპენემებზე ან სხვა ბეტა-ლაქტამურ ანტიბიოტიკებზე, მოსალოდნელია ამგვარი რეაქციების გამოვლინება მეროპენემის მიმართაც.
♦ მეროპენემით მკურნალობის შედეგად ისევე, როგორც ნებისმიერი ანტიბიოტიკით მკურნალობის შემთხვევებში მოსალოდნელია ფსევდომემბრანოზული კოლიტის განვითარება.
♦ არაა რეკომენდებული გამოყენება 3 თვემდე ასაკის ბავშვებში.
♦ სიფრთხილეა საჭირო ნეფროტოქსიკური მოქმედების პრეპარატებთან კომბინირებული გამოყენების შემთხვევაში.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
– არაა რეკომენდებული პრობენეციდთან ერთდროული გამოყენება. ვინაიდან აქტიურ მილაკოვან სეკრეციაში მათ შორის კონკურენცია წარმოიშობა და შესაბამისად მეროპენემის ექსკრეცია შეფერხდება, რასაც მისი გამოდევნის ნახევარპერიოდის გახანგრძლივება და პლაზმაში კონცენტრაციის მატება მოჰყვება.

გაფრთხილება

Share this...Share on Facebook
Facebook