ოლტარი / Oltar

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): გლიმეპირიდი/glimepiride

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: პერორალური ჰიპოგლიკემიური საშუალებები

შემადგენლობა
პრეპარატი ოლტარი® 2 მგ ტაბლეტების შემადგენლობა
პრეპარატის მოქმედ ნივთიერებას წარმოადგენს გლიმეპირიდი.
ერთი ტაბლეტი შეიცავს 2 მგ გლიმეპირიდს.
სხვა კომპონენტები:
ლაქტოზის მონოჰიდრატი, სიმინდის სახამებელი, სახამებლის გლიკოლატის ნატრიუმის მარილი (ტიპი A), პოვიდონი K 30, პოლისორბატი 80, ტალკი, მაგნიუმის სტეარატი.

ჩვენებები
პრეპარატი ოლტარი® 2 მგ ტაბლეტები არის სისხლში შაქრის შემცველობის დამწევი სამკურნალო საშუალება (სულფანილშარდოვანას წარმოებული ნივთიერებების ჯგუფის დიაბეტის საწინააღმდეგო საშუალება).
გამოყენების სფერო
შაქრიანი დიაბეტის გარკვეული ფორმის (შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2) სამკურნალოდ იმ შემთხვევაში, თუ დიეტის დაცვა, ფიზიკური აქტივობა და წონის დაქვეითება საკმარისი არ არის.
მითითება
შაქრიანი დიაბეტის მკურნალობის საფუძველს წარმოადგენს ექიმის მიერ დანიშნული დიეტის მკაცრად დაცვა. პრეპარატი ოლტარი® 2 მგ ტაბლეტების მიღება არავითარ შემთხვევაში არ ცვლის რეკომენდებულ დიეტას.

მიღების წესები და დოზები
პრეპარატი ოლტარი® 2 მგ ტაბლეტები ყოველთვის მიიღება ზუსტად ექიმის დანიშნულებით. პრეპარატის მიღების შესახებ კითხვების შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
თქვენთვის აუცილებელი დოზა დამოკიდებულია ნივთიერებათა ცვლის გამოკვლევების შედეგებზე (სისხლში და შარდში შაქრის განსაზღვრა). გარე ვითარებების შეცვლისას (მაგალითად, წონის დაკლება, ცხოვრების წესის შეცვლა, სტრესი), ასევე დაავადების მიმდინარეობის გაუმჯობესებისას შეიძლება საჭირო გახდეს პრეპარატი ოლტარი® 2 მგ ტაბლეტების დოზის შეცვლა.
ჩვეულებრივი საწყისი დოზა მოზრდილებისათვის შეადგენს 1 მგ გლიმეპირიდს დღე-ღამეში. იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული მკურნალობა წარმატებით მიმდინარეობს, შემდგომშიც გამოიყენეთ ეს დოზა. თუ სადღეღამისო დოზა – ნივთიერებათა ცვლის გამოკვლევების შედეგების მიხედვით – უნდა გაიზარდოს, მისი გაზრდა ხდება ეტაპობრივად (ინტერვალით დაახლოებით 1-დან 2 კვირამდე) 2, 3 ან 4 მგ-მდე დღე-ღამეში. დღე-ღამეში გლიმეპირიდის 4 მგ-ზე მაღალი დოზები აუმჯობესებს ეფექტს მხოლოდ ერთეულ შემთხვევებში, მაქსიმალური სადღეღამისო დოზა შეადგენს გლიმეპირიდის 6 მგ-ს დღე-ღამეში.
იმ შემთხვევაში, თუ მეტფორმინის მაქსიმალური სადღეღამისო დოზით არ მიიღწევა ნივთიერებათა ცვლის საჭირო კორექცია, შეიძლება დაწყებულ იქნას მკურნალობა პრეპარატი ოლტარი® 2 მგ ტაბლეტებით ექიმის მკაცრი მეთვალყურეობით.
იმ შემთხვევაში, თუ პრეპარატი ოლტარი® 2 მგ ტაბლეტების მაქსიმალური სადღეღამისო დოზით არ მიიღწევა ნივთიერებათა ცვლის საჭირო კორექცია, შეიძლება – ექიმის მკაცრი მეთვალყურეობით – დაწყებულ იქნას კომბინირებული მკურნალობა ინსულინით.
პრეპარატი ოლტარი® 2 მგ ტაბლეტების, მეტფორმინის ან ინსულინის აუცილებელი ინდივიდუალური დოზა ამ შემთხვევაში განისაზღვრება თქვენი მკურნალი ექიმის მიერ.
მიღების წესი
ტაბლეტები მიიღება დაუღეჭავად, საკმარისი რაოდენობის სითხის მიყოლებით (მაგალითად, ჭიქა წყალი).
მიღების დროსა და დოზის განაწილებას განსაზღვრავს ექიმი პაციენტის ცხოვრების წესის გათვალისწინებით (დიეტა). ჩვეულებრივ მთლიანი დღიური დოზა მიიღება ერთხელ დღეში ნოყიერ საუზმემდე ან საუზმის დროს. თუ პაციენტი არ საუზმობს, პრეპარატი მიიღება უშუალოდ პირველ მთავარ კვებამდე ან კვების დროს.
მნიშვნელოვანია პრეპარატი ოლტარი® 2 მგ ტაბლეტების ერთსა და იმავე დროს, ექიმის დანიშნულების შესაბამისად მიღება. არ შეიძლება კვების გამოტოვება ოლტარი® 2 მგ ტაბლეტების მიღების დროს.
აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ ფიქრობთ, რომ პრეპარატი ოლტარი® 2 მგ ტაბლეტების მოქმედება ძალიან ძლიერი ან სუსტია.

გვერდითი მოვლენები
როგორც ყველა სხვა სამკურნალო საშუალებას, ოლტარი® 2 მგ ტაბლეტებსაც შეიძლება ჰქონდეს გვერდითი მოქმედებები.
გვერდითი მოქმედებების შეფასებას საფუძვლად უდევს სიხშირის შემდეგი მონაცემები:

ძალიან ხშირად: 10 ნამკურნალევი პაციენტიდან 1-ზე მეტს
ხშირად: 10 ნამკურნალევი პაციენტიდან 1-ზე ნაკლებს და 100 პაციენტიდან 1-ზე მეტს
ზოგჯერ: 100 ნამკურნალევი პაციენტიდან 1-ზე ნაკლებს და 1000 პაციენტიდან 1-ზე მეტს
იშვიათად: 1000 ნამკურნალევი პაციენტიდან 1-ზე ნაკლებს და 10000 პაციენტიდან 1-ზე მეტს
ძალიან იშვიათად: 10 000 ნამკურნალევი პაციენტიდან 1-ზე ნაკლებს, ერთეული შემთხვევების ჩათვლით

დარღვევები სისხლისა და ლიმფური სისტემის მხრივ:
იშვიათად:
სისხლის სურათის ცვლილებები იშვიათია. ძირითადად შექცევადია პრეპარატის მოხსნის შემდეგ, მაგრამ ერთეულ შემთხვევებში შეიძლება იყოს მძიმეც.
შეიძლება ადგილი ჰქონდეს სისხლის ფირფიტების, სისხლის წითელი და თეთრი სხეულაკების რაოდენობის შემცირებას სისხლის ყველა უჯრედის რაოდენობის შემცირებამდე, რაც სიცოცხლისთვის სახიფათოა, სისხლნაკლებობა (ჰემოლიზური ანემია).
დარღვევები იმუნური სისტემის მხრივ
ძალიან იშვიათ შემთხვევებში მომატებული მგრძნობელობის რეაქციები (მაგალითად, კანის მხრივ) შეიძლება გადაიზარდოს სიცოცხლისათვის სახიფათო მდგომარეობებში, რომელსაც თან ახლავს მოხრჩობის შეგრძნება, სისხლის წნევის დაცემა შოკამდე. ამიტომ კანის რეაქციების გამოვლენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს. ასევე ძალიან იშვიათად შეიძლება ადგილი ჰქონდეს სისხლძარღვების ალერგიული ხასიათის ანთებას (ალერგიული ვასკულიტი).
შეიძლება ადგილი ჰქონდეს ერთდოულ ალერგიას (ჯვარედინი ალერგია) სხვა სამკურნალო ნივთიერებების მიმართ, მაგალითად სულფანილშარდოვანას წარმოებულების (შაქრის დამწევი პრეპარატები), სულფონამიდების (ანტიბიოტიკები) ან მონათესავე ნივთიერებების მიმართ.
კვებისა და ნივთიერებათა ცვლის დარღვევები
იშვიათად ვითარდება სისხლში შაქრის შემცველობის მნიშვნელოვანი დაცემა (ჰიპოგლიკემია) – იხ. პარაგრაფი 2.2 ~სიფრთხილის განსაკუთრებული ზომები პრეპარატი ოლტარი® 2 მგ ტაბლეტების მიღებისას~.
დარღვევები მხედველობის ორგანოების მხრივ
შეიძლება ასევე განვითარდეს მხედველობის დროებითი დარღვევა, განსაკუთრებით მკურნალობის დასაწყისში.
დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ
ძალიან იშვიათად შეიძლება ადგილი ჰქონდეს გულისრევას, ღებინებას, ფაღარათს, კუჭის გადავსების შეგრძნებას ან მუცლის ტკივილს.
ამ მოვლენებს იშვიათად მივყავართ მკურნალობის შეწყვეტამდე.
დარღვევები ღვიძლისა და ნაღვლგამომყოფი გზების მხრივ
შეიძლება მოიმატოს ღვიძლის ფერმენტების მაჩვენებლებმა.
ძალიან იშვიათად შესაძლებელია ღვიძლის ფუნქციის დარღვევა (მაგალითად, ნაღვლის გამოყოფის შეფერხება და სიყვითლე) და ღვიძლის ანთება ღვიძლის უკმარისობამდე, რაც სიცოცხლისთვის საფრთხეს წარმოადგენს.
დარღვევები კანისა და კანქვეშა ქსოვილის მხრივ
შეიძლება გამოვლინდეს მომატებული მგრძნობელობის ისეთი რეაქციები კანზე, როგორიცაა ქავილი, გამონაყარი და ჭინჭრის ციება. ძალიან იშვიათად აღინიშნება მგრძნობელობის მომატება მზის სხივების მიმართ.
გამოკვლევის დამატებითი მეთოდები
ძალიან იშვიათად:
სისხლში ნატრიუმის კონცენტრაციის დაცემა.
პრეპარატების ისეთმა გვერდითმა მოქმედებებმა, როგორიცაა ჰიპოგლიკემია, ღვიძლის უკმარისობა, სისხლის სურათის გარკვეული ცვლილებები, მომატებული მგრძნობელობის რეაქციები, შეიძლება სერიოზული საფრთხე შეუქმნას სიცოცხლეს. ამიტომ, მოულოდნელად განვითარებული გვერდითი მოვლენის გამოვლენის ან მისი სწრაფად განვითარების შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს. არავითარ შემთხვევაში არ გააგრძელოთ პრეპარატის მიღება ექიმთან კონსულტაციის გარეშე.
იმ შემთხვევაში, თუ შენიშნავთ ისეთ გვერდით მოქმედებას, რომელიც არ არის აღნიშნული წინამდებარე ჩანართში, ან აღნიშნულია, მაგრამ სერიოზულ სახეს მიიღებს, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

უკუჩვენება
ოლტარი® 2 მგ ტაბლეტების მიღება არ შეიძლება შემდეგ შემთხვევებში:
• მომატებული მგრძნობელობა პრეპარატი ოლტარი® 2 მგ ტაბლეტების მოქმედი ნივთიერების გლიმეპირიდის, სხვა გარკვეული სამკურნალო საშუალებების (სულფანილშარდოვანას ან სულფონამიდების ნაერთები) ან ერთერთი სხვა კომპონენტის მიმართ;
• ინსულინდამოკიდებული შაქრიანი დიაბეტი (შაქრიანი დიაბეტი ტიპი 1);
• გონების დაბინდვა ან დაკარგვა სისხლში შაქრის მნიშვნელოვანი მომატების შედეგად (დიაბეტური პრეკომა და კომა);
• დიაბეტით განპირობებული ნივთიერებათა ცვლის დარღვევები (მაგალითად, კეტოაციდოზი – მათ შორის ანამნეზში);
• თირკმელების ან ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევები.
დღემდე არ არის პრეპარატი ოლტარი® 2 მგ ტაბლეტების გამოყენების საკმარისი გამოცდილება თირკმელების (პაციენტები, რომლებიც მკურნალობენ დიალიზის მეთოდით) ან ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევების მქონე პაციენტებში; ამიტომ აღნიშნული პაციენტებისათვის რეკომენდებულია ისნულინით მკურნალობა.

ორსულობა და ლაქტაცია
ორსულობა
ორსულობის დროს ოლტარი® 2 მგ ტაბლეტების მიღება არ შეიძლება. თუ თქვენ გეგმავთ ორსულობას, მკურნალობის საკითხთან დაკავშირებით მიმართეთ თქვენს ექიმს. იმ შემთხვევაში, თუ დაორსულდით პრეპარატი ოლტარი® 2 მგ ტაბლეტებით მკურნალობის დროს, დაუყოვნებლივ აცნობეთ თქვენს ექიმს.
ძუძუთი კვების პერიოდი
ჯერ-ჯერობით დედის რძეში გლიმეპირიდის გადასვლის შესახებ ცნობები არ არსებობს, ამიტომ ოლტარი® 2 მგ ტაბლეტების მიღება ძუძუთი კვების პერიოდში არ შეიძლება.

განსაკუთრებული მითითებები
სიფრთხილის განსაკუთრებული ზომები პრეპარატი ოლტარი® 2 მგ ტაბლეტების მიღებისას:
დიაბეტის მკურნალობისას პრეპარატი ოლტარი® 2 მგ ტაბლეტებით აუცილებელია სისხლში და შარდში შაქრის მაჩვენებლების რეგულარული საექიმო კონტროლი. დამატებით რეკომენდებულია გლიკოლიზირებული ჰემოგლობინის (HbA1 ან HbA1C) განსაზღვრა.
გარდა ამისა, უნდა შემოწმდეს სისხლის სურათი – პირველ რიგში სისხლის თეთრი სხეულაკების (ლეიკოციტები) და სისხლის ფირფიტების (თრომბოციტები) რაოდენობა; ღვიძლის ფუნქცია.
ნივთიერებათა ცვლის ნორმალიზების მისაღწევად (ე.ი. სისხლში შაქრის ნორმალური მაჩვენებლები, რომელთა ცვალებადობა იქნებოდა უმნიშვნელო) მკაცრად უნდა დაიცვათ თქვენი ექიმის მიერ დანიშნული მკურნალობის გეგმა.
ამასთან, დიეტის დაცვა, ფიზიკური აქტივობა და, აუცილებლობის შემთხვევაში, წონის დაკლება ისევე მნიშვნელოვანია, როგორც პრეპარატის რეგულარულად მიღება. გარდა ამისა, აუცილებელია რეგულარულად შეამოწმოთ სისხლში და შარდში შაქრის დონე ექიმის დანიშნულების შესაბამისად.
მკურნალობის დასაწყისში სისხლში შაქრის დაქვეითების რისკი (ჰიპოგლიკემია) შეიძლება გაიზარდოს, ამიტომ აუცილებელია განსაკუთრებული საექიმო მეთვალყურეობა.
ჰიპოგლიკემია შეიძლება განვითარდეს შემდეგ შემთხვევებში:
– თუ ხდება საკვების არარეგულარულად მიღება ან მისი მიღების გამოტოვება;
– თუ შიმშილობთ;
– თუ არასაკმარისად იკვებებით;
– თუ დიეტაში შეიტანეთ ცვლილებები;
– თუ ჩვეულებრივზე უფრო მეტი ფიზიკური დატვირთვა გიწევთ, და როცა იქმნება დისბალანსი ფიზიკურ დატვირთვასა და ნახშირწყლების მიღებას შორის;
– თუ იღებთ დიდი რაოდენობით ალკოჰოლს, განსაკუთრებით, თუ ამას თან ერთვის კვების გამოტოვება; – ერთდროულად სხვა პრეპარატების ან ბუნებრივი სამკურნალო საშუალებების მიღებისას;
– პრეპარატი ოლტარი® 2 მგ ტაბლეტების ძალიან დიდი დოზებით მიღებისას;
– თუ გაქვთ გარკვეული ჰორმონული დარღვევები (ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დარღვევა, ჰიპოფიზის ან თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის ფუნქციის დარღვევა);
– თირკმელების ფუნქციის დარღვევისას;
– ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევების დროს;
– თუ არ ასრულებთ თქვენი ექიმის დანიშნულებას ან მოცემული გამოყენების ინსტრუქციის მითითებებს.
აცნობეთ ექიმს, თუ თქვენს შემთხვევაში არსებობს ასეთი რისკის ფაქტორები, რათა მან განმეორებით შეამოწმოს პრეპარატი ოლტარი® 2 მგ ტაბლეტების დოზირება ან მთლიანად მკურნალობის გეგმა, და აუცილებლობის შემთხვევაში შეიტანოს შესწორებები.
ჰიპოგლიკემიის შესაძლო სიმპტომები (სისხლში შაქრის დონის შემცველობის მნიშვნელოვანი დაცემა), რამაც შესაძლოა მიიქციოს თქვენი ან თქვენს გარშემო მყოფი ადამიანების ყურადღება, არის: თავის ტკივილი, ძლიერი შიმშილის შეგრძნება, გულისრევა, ღებინება, სისუსტე, ძილიანობა, ძილის დარღვევა, მოუსვენრობა, აგრესიულობა, კონცენტრაციის დარღვევა, რეაქციისა და ყურადღების მოდუნება, დეპრესია, ცნობიერების დარღვევა, და (გარკვეულ შემთხვევებში – მძიმე) მეტყველებისა და მხედველობის დარღვევა, კანკალი, დამბლა, მგრძნობელობის დარღვევა, თავბრუსხვევა და უმწეობის შეგრძნება.
ამის გარდა, შეიძლება აღინიშნოს ოფლიანობა, ტენიანი ცივი კანი, შიშის გრძნობა, გულის მოქმედების აჩქარება (გულისცემა); არტერიული წნევის მომატება, ასევე უეცარი ძლიერი ტკივილი მკერდის არეში, რომელიც შეიძლება გადაეცეს სხვადასხვა მიდამოში (სტენოკარდია), და გულის რიტმის დარღვევები.
პროგრესირებადი ჰიპოგლიკემიის დროს შეიძლება ადგილი ჰქონდეს გონების გამოხატულ არევას (დელირია), კრუნჩხვას, თვითკონტროლის დაკარგვას, ზედაპირულ სუნთქვას და გულის მოქმედების შენელებას, ასევე გონების დაკარგვას.
ჰიპოგლიკემიის ფონზე განვითარებული მძიმე შოკის ნიშნები არის ინსულტის სიმპტომების მსგავსი. ჰიპოგლიკემის გამოვლინებების სწრაფად მოგვარება თითქმის ყოველთვის შესაძლებელია ნახშირწყლების მიღებით (შაქარი, მაგალითად, გლუკოზის ტაბლეტების, შაქრის კუბების, ხილის ტკბილი წვენების, შაქრიანი ჩაის სახით). ამ მიზნით ყოველთვის თან იქონიეთ გლუკოზის რამდენიმე ტაბლეტი (მინიმუმ 20 გრ). გაითვალისწინეთ, რომ ხელოვნურ დამატკბობელს ეფექტი არ აქვს. თუ შაქრის მიღებამ სასურველი ეფექტი არ მოახდინა ან ჰიპოგლიკემიის სიმპტომები განმეორდა, აუცილებლად მიმართეთ ექიმს ან უახლოეს საავადმყოფოს.
ჰიპოგლიკემიის გამაფრთხილებელი სიმპტომები შესაძლოა არ გამოვლინდეს, იყოს შესუსტებული ან განვითარდეს თანდათანობით. ასეთ შემთხვევაში თქვენ შეიძლება დროულად ვერ შენიშნოთ სისხლში შაქრის დონის დაქვეითება. ეს შესაძლებელია მოხდეს ხანდაზმულ პაციენტებში, თუ ისინი იღებენ გარკვეულ სამკურნალო საშუალებებს (პრეპარატები, რომლებიც მოქმედებს ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე, და ბეტა-ადრენობლოკატორები) ან დაავადებულნი არიან ნერვული სისტემის გარკვეული დაავადებით (ავტონომიური ნეიროპათია). ღვიძლის ფუნქციის მოშლის დროს კომპენსატორული რეგულაცია შეიძლება დაირღვეს.
ისეთ სტრესულ სიტუაციებში, როგორიცაა ტრავმა, ოპერაცია ან ცხელებით მიმდინარე მდგომარეობები, შესაძლოა საჭირო გახდეს დროებით გადასვლა ინსულინით მკურნალობაზე.
სისხლში შაქრის შემცველობის მომატების კლინიკური სიმპტომები (ჰიპერგლიკემია) – მაგალითად, თუ პრეპარატი ოლტარი® 2 მგ ტაბლეტების შაქრის დამწევი მოქმედება ჯერ კიდევ არასაკმარისია, პაციენტის მიერ ექიმის დანიშნული დიეტის დაუცველობისას ან განსაკუთრებულ სტრესულ მდგომარეობებში – შესაძლოა გამოვლინდეს: ძლიერი წყურვილი, პირის სიმშრალე, გახშირებული შარდვა, კანის ქავილი და/ან სიმშრალე, კანის სოკოვანი ან ინფექციური დაავადებები, ასევე შრომისუნარიანობის დაქვეითება.
პაციენტებში, რომელთაც ორგანიზმში გლუკოზა-6-ფოსფატდეჰიდროგენაზის ნაკლებობა აღენიშნებათ, შესაძლოა მოხდეს ჰემოგლობინის დონის დაქვეითება და სისხლის წითელი სხეულაკების დაშლა (ჰემოლიზური ანემია).
ბავშვები
მოცემული სამკურნალო საშუალების გამოყენების არასაკმარისი გამოცდილების გამო ბავშვებისათვის პრეპარატის გამოყენება რეკომენდებული არ არის.
ხანდაზმული პაციენტები
უფრო ხანდაზმული ასაკის პაციენტებში არსებობს ხანგრძლივი ჰიპოგლიკემიური რეაქციის გამოვლენის საშიშროება. თუ თქვენ მიეკუთვნებით ამ ასაკობრივ ჯგუფს, პრეპარატი განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა შეირჩეს და მოხდეს სისხლში შაქრის დონის უფრო ხშირი კონტროლი – განსაკუთრებით მკურნალობის დასაწყისში.
იმ შემთხვევაში, თუ სისხლში შაქრის დონე ძალიან დაქვეითებული ან მომატებულია ან, მაგალითად, ადგილი აქვს ამ ფაქტორით განპირობებულ მხედველობის დარღვევას, აღნიშნულმა შესაძლოა დააქვეითოს ყურადღების კონცენტრაციის ან რეაქციის უნარი. გახსოვდეთ ამის შესახებ ყველა სიტუაციაში, როდესაც შეიძლება საფრთხე შეგექმნათ თქვენ ან სხვა პირებს (მაგალითად, ავტომობილის ან მექანიზმების მართვის დროს). საჭიროა ექიმთან კონსულტაცია იმის შესახებ, თუ რამდენად მიზანშეწონილია თქვენთვის ავტომობილის მართვა, თუ თქვენ გაქვთ
– ჰიპოგლიკემიის ხშირი შემთხვევები
– ჰიპოგლიკემიის წინასწარი სიმპტომები სუსტად ან საერთოდ არ არის გამოხატული.

ჭარბი დოზირება
პრეპარატი ოლტარი® 2 მგ ტაბლეტების ძალიან დიდი ან დამატებითი დოზის მიღების შემთხვევაში, ჰიპოგლიკემიის რისკის გამოვლენის მიზეზით (ჰიპოგლიკემიის სიმპტომებთან დაკავშირებით იხ. პარაგრაფი 2.2 ~სიფრთხილის განსაკუთრებული ზომები პრეპარატი ოლტარი® 2 მგ ტაბლეტების მიღებისას~) დაუყოვნებლივ მიიღეთ საკმარისი რაოდენობის შაქარი (მაგალითად, ტაბლეტირებული გლუკოზის, შაქრის კუბების, ხილის ტკბილი წვენების, შაქრიანი ჩაის სახით) და აუცილებლად მიმართეთ ექიმს. ეს ასევე ეხება პრეპარატის შეცდომით მიღების შემთხვევებს (მაგალითად, მიღება ბავშვის მიერ). მაგრამ არ ეცადოთ საკვების ან სასმელის მიცემა უგონოთ მყოფ პაციენტებს.
გახანგრძლივებული ჰიპოგლიკემიის საფრთხის გამო, აუცილებელია მკაცრი დაკვირვება საფრთხის ჩავლამდე. სიფრთხილის სახით შეიძლება აუცილებელი გახდეს პაციენტის საავადმყოფოში გადაყვანა. განსაკუთრებით მძიმე ჰიპოგლიკემია გონების დაკარგვით და მძიმე ნევროლოგიური დარღვევებით არის საგანგებო სამედიცინო მდგომარეობა, როდესაც საჭიროა სასწრაფო სამედიცინო დახმარება და ჰოსპიტალიზაცია. უკეთესია, თუ საგანგებო შემთხვევის შესახებ ექიმს აცნობებს ის პიროვნება, ვინც იცის დაავადების არსებობის შესახებ.
ოლტარი® 2 მგ ტაბლეტების მიღების გამოტოვება
პრეპარატის დოზის გამოტოვების შემთხვევაში არასდროს არ მიიღოთ ორმაგი დოზა. გააგრძელეთ პრეპარატის მიღება დანიშნულების მიხედვით.
პრეპარატი ოლტარი® 2 მგ ტაბლეტების მიღების შეწყვეტა
პრეპარატი ოლტარი® 2 მგ ტაბლეტების მიღების შეწყვეტის ან მკურნალობის დროზე ადრე დამთავრების შემთხვევაში გაითვალისწინეთ, რომ შაქრის დამწევი სასურველი მოქმედება შეიძლება არ დადგეს და შაქრიანი დიაბეტის მიმდინარეობა ისევ გაუარესდეს. აუცილებლად აცნობეთ თქვენს ექიმს კორექტირების აუცილებლობის შესახებ.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
პრეპარატი ოლტარი® 2 მგ ტაბლეტების მიღება სხვა სამკურნალო საშუალებებთან ერთად
აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ ან ახლო წარსულში იღებდით სხვა სამკურნალო საშუალებებს, ურეცეპტო სტატუსის მქონე პრეპარატების ჩათვლით.
პრეპარატი ოლტარი® 2 მგ ტაბლეტების და სხვა გარკვეული სამკურნალო საშუალებების ერთდროულად მიღებისას შეიძლება მოხდეს პრეპარატის შაქრის დამწევი მოქმედების არასასურველი გაძლიერება ან შესუსტება.
სისხლში შაქრის შემცველობის დაქვეითებას, როგორც პრეპარატი ოლტარი® 2 მგ ტაბლეტების შაქრის დამწევი მოქმედების გაძლიერებულ გამოვლენას, შეიძლება ადგილი ჰქონდეს შემდეგ სამკურნალო საშუალებებიდან ერთთან ან რამდენიმესთან ერთდროულად მიღებისას:
• დიაბეტის საწინააღმდეგო სხვა პრეპარატები, მათ შორის – ინსულინი;
• ინფექციური დაავადებების სამკურნალო პრეპარატები (ისეთი ანტიბიოტიკები, როგორიცაა ქლორამფენიკოლი, ქინოლონის წარმოებულები, ტეტრაციკლინის რიგის პრეპარატები, სულფონამიდები);
• ტკივილგამაყუჩებელი ან ანტირევმატული პრეპარატები (პირაზოლონის ისეთი წარმოებულები, როგორიცაა, მაგალითად, ფენილბუტაზონი, აზაპროპაზონი, ოქსიფენბუტაზონი);
• ანალგეზიური საშუალებები (სალიცილატები);
• ტუბერკულოზის სამკურნალო საშუალებები (პარაამინოსალიცილის მჟავა);
• კუნთოვანი მასის გასაზრდელი პრეპარატები (ანაბოლური პრეპარატები და მამაკაცის სასქესო ჰორმონები);
• სისხლის შედედების დამაქვეითებელი პრეპარატები (კუმარინის წარმოებულები);
• სოკოვანი დაავადებების სამკურნალო საშუალებები (მიკონაზოლი, ფლუკონაზოლი);
• სისხლის წნევის დამაქვეითებელი ან გულის შეკუმშვათა სიხშირის შესამცირებელი პრეპარატები (ანგიოტენზინის გარდამქმნელი ფერმენტის ინჰიბიტორები, ბეტა-ადრენობლოკატორები, სიმპათოლიზური საშუალებები);
• განწყობის გამაუმჯობესებელი საშუალებები (ფლუოქსეტინი, მაო-ს ინჰიბიტორები);
• მადის დამთრგუნველი პრეპარატები (ფენფლურამინი);
• სისხლში ცხიმების მომატებული შემცველობის დამაქვეითებელი საშუალებები (ფიბრატები);
• კიბოს სამკურნალო ზოგიერთი პრეპარატი (ციკლოფოსფამიდი, ტროფოსფამიდი და იფოსფამიდი);
• ალერგიის სამკურნალო პრეპარატები (ტრიტოქვალინი);
• გადასხმის სახით მაღალი დოზით შეყვანილი განსაზღვრული პრეპარატები, რომლებიც აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას (პენტოქსიფილინი);
• პოდაგრის სამკურნალო პრეპარატები (პრობენეციდი, ალოპურინოლი, სულფინპირაზონი).
სისხლში შაქრის შემცველობის მომატებას (ჰიპერგლიკემია), როგორც პრეპარატი ოლტარი® 2 მგ ტაბლეტების მოქმედების შესუსტებულ გამოვლენას, შეიძლება ადგილი ჰქონდეს შემდეგ სამკურნალო საშუალებებიდან ერთთან ან რამდენიმესთან ერთდროულად მიღებისას:
• ქალის სასქესო ჰორმონები (ესტროგენები და პროჟესტაგენი);
• შარდმდენი საშუალებები (სალურეზული, თიაზიდური რიგის დიურეზული საშუალებები);
• ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონები;
• ანთების საწინააღმდეგო საშუალებები (კორტიკოსტეროიდები)
• კრუნჩხვითი შეტევების ან შიზოფრენიის სამკურნალო საშუალებები (ფენიტოინი, ფენოთიაზინის წარმოებულები);
• სისხლის წნევის დამაქვეითებელი პრეპარატები (დიაზოქსიდი);
• ტუბერკულოზის სამკურნალო პრეპარატები (რიფამპიცინი);
• ჰიპოგლიკემიის სამკურნალო პრეპარატები (გლუკაგონი);
• საძილე საშუალებები (ბარბიტურატები);
• თვალის გარკვეული დაავადებების სამკურნალო საშუალებები (აცეტაზოლამიდი);
• სამკურნალო საშუალებები, რომლებიც ზრდის გულის შეკუმშვათა სიხშირეს (ადრენალინი და სიმპათომიმეტური საშუალებები);
• სისხლში ცხიმების მომატებული შემცველობის დამაქვეითებელი საშუალებები (ნიკოტინატები);
• საფაღარათო საშუალებები მათი ხანგრძლივი გამოყენების შემთხვევაში (ლაქსანტინები).
სამკურნალო საშუალებებს, რომლებიც გამოიყენება კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის სამკურნალოდ (H2-რეცეპტორების ბლოკატორები) ან სისხლის წნევის დასაქვეითებლად (ბეტა-ადრენობლოკატორები, კლონიდინი და რეზერპინი), შეუძლია როგორც გააძლიეროს, ასევე შეასუსტოს პრეპარატი ოლტარი® 2 მგ ტაბლეტების შაქრის დამწევი მოქმედება.
ალკოჰოლს შეუძლება როგორც გააძლიეროს, ასევე შეასუსტოს პრეპარატი ოლტარი® 2 მგ ტაბლეტების შაქრის დამწევი მოქმედება.
გარკვეულ პრეპარატებს, რომლებიც მოქმედებს ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე (ბეტა-ადრენობლოკატორები, კლონიდინი, გუანეთიდინი ან რეზერპინი), შეუძლია შენიღბოს ან სრულიად დათრგუნოს სისხლში შაქრის დონის დაქვეითების სიმპტომები.
ოლტარი® 2 მგ ტაბლეტებს შეუძლია გააძლიეროს ან შეასუსტოს სისხლის შედედების დამაქვეითებელი პრეპარატების (კუმარინის წარმოებულები) მოქმედება.
სხვა სამკურნალო საშუალებების მიღებამდე კონსულტაციისათვის მიმართეთ თქვენს ექიმს.
პრეპარატი ოლტარი® 2 მგ ტაბლეტების მიღება საკვებთან და სასმელებთან ერთად
შაქრიანი დიაბეტის მკურნალობის საფუძველს წარმოადგენს თქვენი ექიმის მიერ დანიშნული დიეტის მკაცრად დაცვა. პრეპარატი ოლტარი® 2 მგ ტაბლეტების მიღება არავითარ შემთხვევაში არ ცვლის რეკომენდებულ დიეტას.
დიდი რაოდენობით ალკოჰოლის როგორც ერთჯერადმა, ასევე მუდმივმა მოხმარებამ შეიძლება გაუთვალისწინებლად გააძლიეროს ან შეასუსტოს პრეპარატი ოლტარი® 2 მგ ტაბლეტების შაქრის დამწევი მოქმედება. ამიტომ საჭიროა ექიმთან კონსულტაცია იმის შესახებ, თუ რა რაოდენობის ალკოჰოლის მოხმარებაა დასაშვები.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია ოლტარი® 2 მგ ტაბლეტების სხვა გარკვეული კომპონენტის შესახებ
აღნიშნული სამკურნალო საშუალება შეიცავს ლაქტოზას. თუ თქვენთვის ცნობილია შაქრის მიმართ აუტანლობის შესახებ ოლტარი® 2 მგ ტაბლეტების მიღება შეიძლება მხოლოდ ექიმთან კონსულტაციის შემდეგ.

შენახვის პირობები და ვადები
სამკურნალო საშუალება ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
პრეპარატი არ გამოიყენება ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია ბლისტერზე და დასაკეც მუყაოს კოლოფზე.
პრეპარატი შეინახეთ ორიგინალ შეფუთვაში.
ვარგისიანობის ვადა – 24 თვე

გამოშვების ფორმა: 2მგ ტაბლეტი №30

გაცემის რეჟიმი: II ჯგუფი (გაიცემა ფორმა N3 რეცეპტით)

მწარმოებელი Menarini Manufacturing Logistics and Services S.r.L, იტალია

გაფრთხილება

Share this...Share on Facebook
Facebook