ფრჩხილები და ჯანმრთელობა – რა კავშირია მათ შორის?

ფრჩხილებს შეუძლია მნიშვნელოვანი ინფორმაცია მოგვაწოდოს თქვენს შესახებ. მათი ფორმა და იერსახე პირდაპირ არის დამოკიდებული ფრჩხილბუდის სისხლით მოამრაგებაზე, მფლობელის ჰორმონალურ ფონზე, საქმიანობაზე, ნივთიერებათა ცვლაზე, ასაკზე, კვებისა და ცხოვრების ხარისხზე და ბოლოს, რა თქმა უნდა – ჯანმთელობის კონკრეტულ პრობლემებზე.

პირველ რიგში, უნდა ვიცოდეთ, როგორ გამოიყურება თითების დაბოლოებების რქოვანი საფარი, როცა ის ჯანსაღი და მოვლილია.

ასეთ დროს ხელის ფრჩხილების სისქე 0,3 მილიმეტრიდან 0,5 მილიმეტრამდეა, იზრდება კვირაში 1-დან 2 მილიმეტრამდე, არის მაგარი, მაგრამ დრეკადი,  არ იმტვრევა, არ იქერცლება, აქვს სწორი, ოდნავ მორკალული და პრიალა ზედაპირი, არ აქვს ღარები, ფორები და ლაქები. ძირითად ნაწილზე, რომლითაც ის მიმაგრებულია ფრჩხულბუდეზე, დაკრავს ბაცი ვარდისფერი, ფუძესთან ნახევარწრე თეთრია და არ იკავებს ფრჩხილის ძირითადი ნაწილის 1/4-ზე მეტს. ფირფიტის დაბოლოებები მოთეთროა და არაა შეხორცებული თითებზე. ფრჩხილებზე დაკვირვებისას თუ აღწერილისაგან განსხვავებულ ვიზუალურ ხარვეზს აღმოვაჩენთ, პიველ რიგში უნდა გავიხსენოთ, ხომ არ დაგვიზიანებია ბოლო პერიოდში ხელები. მხოლოდ ამის შემდეგ ღირს რომელიმე დაავადებაზე ეჭვის მიტანა. საბოლოოდ კი, ექიმთან ვიზიტი ყველა ეჭვს გაგვიფანტავს.

ჯანმრთელობის ცვლილებები არ გამოგვეპარება, თუ გავეცნობით ჩვენს თითებზე აღმოჩენილი საყურადღებო ნიშნებისა და მათი სავარაუდო მიზეზების დეტალურ ჩამონათვალს.

სიგრძივი ღარი ფრჩხილებზე – შესაძლოა გამოიწვიოს რკინის, სელენის, ვიტამინ B5-ის, B12-ის, თუთიის, ან მაგნიუმის ნაკლებობამ, ასევე – ორგანიზმში მიმდინარე ანთებითმა პროცესმა. 50 წელს გადაცილებულ ადამიანებში ასეთი ღარები შემაშფოთებელ მინიშნებად არ მიიჩნევა.


მრავლობითი ვერტიკალური ღარი, რომელიც გოფრირებული ზედაპირის ასოციაციას იწვევს, ჭიებით დაავადებაზე მიუთითებს.
ღარები, რომლებიც არა ფუძიდან, არამედ თეთრი ნახევარწრეებდან იწყება, ნაწლავებში წარმოქმნილი ჯანმრთელობის პრობლემებს უნდა მოსაწავებდეს.
ნუშის ქერქის მსგავსად უსწორმასწოროდ დაღარული ფრჩხილი რევმატიზმის, პოდაგრისა და მუცლის ტიფის შედეგი შეიძლება იყოს.

მუქი ფერის ზოლები ფრჩხილებზე – სიგრძივი შავი ზოლები, დიდი ალბათობით გულის პრობლემებზე მიგვანიშნებს. სავარაუდო მიზეზთა შორისაა დარღვევები საჭმლის მომნელებელ სისტემაში, კანის პიგმენტაცია და მელანომა.

ფრჩხილის ქვეშ სიგრძივი წითელი, ან ყავისფერი ზოლების აღმოჩენისას, ეჭვი უნდა მივიტანოთ გულ-სისხლძარღვთა პრობლემებზე, ართრიტზე, ან ფსორიაზზე.
სიგრძივი თეთრი ზოლები მიუთითებს ორგანიზმში ცილის ნაკლებობაზე, არასრულფასოვან კვებაზე, ღვიძლის დაავადებებსა და სტრესების გავლენაზე.
განივი თეთრი და ყავისფერი ზოლების გაჩენა თირკმლის პათოლოგიების სავარაუდო სიგნალია. განივი თეთრი ხაზები ტემპერატურის ცვალებადობის გამო, ან ქიმიოთერაპიის შემდგომაც შეიძლება გაჩნდეს.

ლაქები – პატარა თეთრი ლაქები ფრჩხილებზე ძირითადად ვიტამინების ნაკლებობაზე მიუთითებს (განსაკუთრებით A და PP), ასევე, დაუბალანსებელი კვებასა და სტრესზე, რიგ შემთხვევებში – ცუდი ხარისხის, ან ძველი მანიკურის გამოყენებაზე.


ყავისფერი ლაქების გაჩენა შეუძლია ინფექციურ ენდოკარდიტს.

ფრჩხილების ფერის შეცვლა – ყავისფრად, თეთრად, ან მომწვანოდ ფრჩხილს სოკოვანი დაავადება ცვლის. მომწვანო ფერი ბაქტერიული ინფექციის მიმანიშნებელიცაა. ფრჩხილების გაყავისფრებას იწვევს რენტგენის სხივებიც. მოყავისფრო გამუქების აღმოჩენისას დასაშვებია, ორგანიზმში იყოს დარღვევები ნერვულ-ტროფიკული მიმართულებით.

ფრჩხილები თუ გათეთრდა, ეს, შეიძლება, ჰეპატიტის, ან ღვიძლის სხვა დაავადების დაწყებას, ან ტროფიკულ დარღვევებს მოასწავებდეს, რომლებიც, თავის მხრივ, სხვა სომატურ პათოლოგიებზე მეტყველებს. გათეთრებული ფრჩხილების დანახვა მოგვიწევს კალციუმისა და სხვა მარილების დეფიციტისას, ავიტამინოზების შემთხვევაში,  თირკმელზედა ჯირკვლის ქერქოვანი შრის დაზიანების, ადისონის დაავადების დროს.

ფირფიტის მოცისფრო ელფერი სისხლში ჟაგნაბიდის ნაკლებობაზე მიგვანიშნებს, რაც, შესაძლოა, ფილტვების დაავადებას დავუკავშიროთ.

ფრჩხილის გაყვითლების მიზეზი ხშირად თამბაქოს მოწევაა. ზოგ შემთხვევაში, ფირფიტის ყვითლად შეფერვისას შეგვიძლია, ეჭვი მივიტანოთ ფარისებრი ჯირკვლის დაავადებებზე, დიაბეტზე, სასუნთქი გზების პრობლემებზე, ბრონქოექტაზიაზე, ასთმაზე. ფრჩხილმა, შესაძლოა, ყვითელი შეფერილობა მიიღოს ცუდი შემადგენლობის მქონე ლაქის ხშირი მოხმარებითაც.

როცა ფირფიტის ორი მესამედი თეთრია, დანარჩენი კი ვარდისფერი, უნდა ვივარაუდოთ ტერის სინდრომი, რომელიც თავის მხრივ უკავშირდება ღვიძლის ციროზს, გულისა და თირკმლის უკმარისობას.

მოშავო ფერი ფრჩხილს ზედა კიდურების არტერიათა თრომბოზის, ასევე ტყვიითა და მისი მარილებით მოწამვლის გამო ეძლევა.

ფრჩხილი თუ განაცრისფრდა, ლოგიკური იქნება, იმუნიტეტის დაქვეითება ვივარაუდოთ. ეს სიმპტომი აივ ინფექციის დროსაც იჩენს-ხოლმე თავს და პარაზიტებით გამოწვეული საშიში ინფექციური დაავადებების შემთხვევაშიც. ფირფიტების ნაცრისფერ შეფერილობას ფარისებრი ჯირკვლის დაავადებებიც იწვევს.

ფრჩხილის ფერის გაუფერულება-გამკრთალების სვარაუდო მიზეზებიდან აღსანიშნავია კვლავ B5 ვიტამინის და სელენის  ნაკლებობა, არასაკმარისად კალორიული კვება.


ფრჩხილებზე ადგილ-ადგილ გაჩენილი ცისფერ-ნაცრისფერი ჩრდილები ჟანგბადის უკმარისობაზე მეტყველებს, ასევე, შეიძლება, გქონდეთ ფილტვების და გულის ჯანმრთელობის პრობლემაც.

არაბუნებრივად გასქელებული ფრჩხილები – ეს ცვლილება შეიმჩნევა ფილტვების დაავადების დროს, სოკოვანი ინფექციების, სისხლის მიმოქცევის დარღვევების, ფარისებრი ჯირკვლის დისფუნქციის, ფსორიაზის შემთხვევაში, ზოგიერთი ალერგიული რეაქციის მიმდინარეობისას.

თხელი ფრჩხილები  –  მეტწილად უკავშირდება ფთორის ნაკლებობას.

ამოზნექილი, ,,კუზიანი“ ფრჩხილები ასეთი ფორმა აღენიშნებათ გულ-სისხლძარღვოვანი დაავადებების, ფილტვის უკმარისობის მქონე პირებს, ასევე მათ, ვისაც რაიმე სახით დარღვეული აქვს ნივთიერებათა ცვლა. ფირფიტა იღუნება და რკალის ფორმას იღებს ანემიის, ფარისებრი ჯირკვლის დაავადებებისა და ხანგრძლივი ავიტამინოზის დროსაც. ყვითელი, ამოკუზული, გასქელებული ფრჩხილები ახასიათებს სასუნთქი გზების ავთვისებიან დაავადებებს, მელანომას, ლიმფოგრანულომატოზს, საშვილოსნოს კიბოსა და შაქრიან დიაბეტს.

თეთრი ნახევარწრის ცვლილებები ფრჩხილის ძირში (ნუნასთან) თუ ნახევარწრემ ბუნებრივი ფერი დაკარგა და მოლურჯო გახდა, გონივრული იქნება, ღვიძლის ფუნქციონირების დარღვევები  ვივარაუდოთ.
თუ ფირფიტის ამ უბანმა წითელი ფერი მიიღო, გულის უკმარისობა გვაძლევს ნიშანს.

იმ შემთხვევაში, როცა ნახევარწრე მხოლოდ ზოგიერთ თითზეა გამოხატული, ადამიანს, შესაძლოა, ჰქონდეს დარღვევები ენდოკრინულ სისტემაში, ან ვიტამინ B-12-ის დეფიციტი ორგანიზმში, რაც დამატებით პრობლემებს იწვევს სხვადასხვა მიმართულებით.
მაღალი არტერიული წნევებისა და გულის დაავადებების სამხილი გვაქვს სახეზე, თუ ნახევარწრე თითებზე ყველგან არაა, ან მთლიანად გამქრალია.


როდესაც თეთრი ნახევარწრის ზომა სტანდარტულზე დიდია, ეს სისტემატური დაბალი არტერიული წნევის ქონაზე, ან გულის უკმარისობაზე მიგვანიშნებს.

ფრჩხილის ჩახრილი, არასწორი დაბოლოება – აქვთ ჩვილ ბავშვებს, ასაკის მატებასთან ერთად ფორმა სწორდება. დაბოლოების ასეთად დარჩენის შემთხვევაში შესაძლოა, მიზეზი იყოს  რკინის მეტობა, ან ნაკლებობა.

პატარა ფორები და ნასვრეტები – ფრჩხილის ზედეპირის ასეთი ცვლილებები შეასაძლოა მიგვითითებს გამოფიტვაზე, თმის ცვენის დაწყებაზე, ფსორიაზსა და ელენთის პრობლემებზე.

ფრჩხილის ჩაბრუნება – ხშირად გამოწვეულია ონიქომიკოზით (ფრჩხილის სოკო). თუმცა, არსებობს სხვა მიზეზებიც, რომლებიც ამ პრობლემის მაპროვოცირებელი ფაქტორებია, მაგალითად: ფრჩხილის არასწორად დაჭრა (გვერდების ღრმად ჩამოჭრა), გენეტიკური მიდრეკილება, ბრტყელტერფიანობა, ტრავმა და ვიწრო ფეხსაცმელი.

მტვრევადი ფრჩხილები – პირველ რიგში რკინის ნაკლებობაზე მეტყველებს. შესაძლოა უკავშირდებოდეს სხვა დარღვევებსაც, მაგალითად: კალცის ნაკლებობას, ელენთის პრობლემებს, ზოგიერთ ჰორმონალურ დარღვევას (მათ შორის, ფარისებრი ჯირკვლის დისფუნქციის მიზეზით), სოკოს, ღვიძლის დაავადებას, მეტაბოლურ დარღვევებს, А, В და С ვიტამინების ნაკლებობას, ფრჩხილის მოსავლელი საშუალებების ცუდ ხარისხს, საოჯახო ქიმიის იმ სითხეებისა და ფხვნილების შემადგენლობას, რომელთაც ვეხებით. ფრჩხილის აქერცვლა და მტვრევა ხანგრძლივმა ანთებითმა და ინფექციურმა დაავადებებმაც შეიძლება გამოიწვიოს.

ფრჩხილის ზედაპირზე ფხვნილის მსგავსი წარმონაქმნი სოკოვანი დაავადების უტყუარი ნიშანია, რომელიც ფირფიტის ზედაპირზე იწყება და შემდეგ ეტაპზე იქცევა ფხვნილის მსგავს სუბსტანციად.

ფრჩხილის კანზე შეხორცება საქმე გვაქვს სოკოს, კერძოდ ონიხომიკოზის ერთერთ სახეობასთან.
ფრჩხილის დეფორმაცია და კორძები – დიდი ალბათობაა გოგირდის ნაკლებობა გქონდეთ.
ფრჩხილების დახეთქვა – ამ დეფექტს იწვევს ორგანიზმის გამოფიტვა ალიმენტარული მიზეზით, ან ფსორიაზი.

დარბილებული და  გაგანიერებული ფრჩხილები ასეთ დროს ქსოვილი (ხორცი) ფრჩხილს ქვემოთ ერთგვარად ღრუბლოვანია (,,გუბკისებური“), ამ მიზეზის გამო, ფირფიტას თუ ხელით დავაწვებით, ჩნდება შეგრძნება, თითქოს ქვეშ ჰაერია, ან ფრჩხილი მოძრაობს. ეს არასასიამოვნო სიმპტომი გულ-სისხლძარღვთა ხანგრძლივი დაავადებების, კიდურებში სისხლისა და ლიმფის შეგუბების, სასუნთქ სისტემაში არსებული პრობლემების, ფილტვის სიმსივნის, ან  ღვიძლის ციროზის მიმანიშნებელია. შესაძლოა, ამ დროს ფრჩხილს შეცვლილი ქონდეს ფერიც.

ფრჩხილის ზრდის შენელება გამოწვეულია ძირითადად ცინკის (თუთიის) ნაკლებობით.
ფრჩხილის არაელასტიურობა ამ სიმპტომს კრემნიუმის ნაკლებობა იწვევს.

ნატალია ზარნაძე სპეციალურად www.medgeo.net-ისათვის


.

.