Clostridium botulinum

Clostridium botulinum  (ლათ.) – ანაერობული გრამდადებითი ბაქტერიის სახეობა, კლოსტრიდიუმის გვარიდან. არის ბოტულიზმის გამომწვევი – ადამიანის მძიმე კვებითი ინტოქიკაცია, გამოწვეული ბოტულოტოქსინით, აზიანებს ნერვულ სისტემას. C. botulinum ჩვეულებრივ ბინადრობს ნიადაგში. ყველაზე მეტად გავრცელებულია ბაქტერიის A და B ტიპი. ბუნებრივ პირობებში, ბაქტერიები კოლონიებს ქმნიან წყალსატევების ფსკერზე ან აინფიცირებენ თევზებს. წყალსატევების ამოშრობისას, სტიმულირდება ბაქტერიის ზრდა. ცნობილია ბოტულოტოქსინის 7 ანტიგენური ვარიანტი:  A, B, C (ქვეტიპი C1 და C2), D, E, F, G. ადამიანის დაავადებას იწვევს A, B, E, F ტიპის ბოტულოტოქსინი. ადამიანის ორგანიზმში C. Botulinum-ი ნელა მრავლდება და არ იშვიათი გამონაკლისის გარდა, ტოქსინს არ პროდუცირებს. ბოტულოტოქსინი გროვდება, C. Botulinum-ის სპორებით ინფიცირებულ საკვებ პროდუქტებში. მის ზრდას სჭირდება უჟანგბადო არე (მაგალითად, კონსერვირება). ადამიანისათვის ბოტულოტოქსინი ყველაზე ძლიერმოქმედი ბაქტერიული შხამია, მისი სასიკვდილო დოზა 10-8 მგ/კგ-ია. C. Botulinum-ის სპორი უძლებენ 6 საათიან დუღილს, მაღალი წნევის სტერილიზაცია სპორებს შლის 20 წუთის შემდეგ, 10%-იანი მარილმჟავა 1 საათის, ხოლო 50%-იანი ფორმალინი 24 საათის შემდეგ. A (B) ტიპის ბოტულოტოქსინი იშლება 25 წუთიანი დუღილის შემდეგ. საკვებთან ერთად კუჭ-ნაწლავის ტრაქტში მოხვედრის შემდეგ, ბოტულოტოქსინი ემაგრება ნაწლავის ეპითელს და პინოციტოზის გზით გადადის ლიმფურ ძარღვებში, შემდეგ სისხლში და  ჰემატოენცეფალურ ბარიერში (თავის ტვინის დამცავი სტრუქტურა). ორგანიზმში ის იშლება 2 სუბკომპონენტად: L-მსუბუქი და Н-მძიმე. Н-სუბკომპონენტი იწვევს, მოტონეირონების პრესინაფსური მემბრანის განგლიოზიდების შებოჭვას. L-სუბკომპონენტი, მოქმედებს, როგორც ენდოპეპტიდაზა და ახდენს აცეტილქოლინის სეკრეციის შეფერხებას, შედეგად ნერვული იმპულსის გადაცემა ჩერდება. ვითარდება დუნე დამბლა.


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

  • გაფრთხილება
  • წყაროები: 1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. 2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა.  ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.