სონერალი / SONERAL

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): კატაბალახა, მელატონინი/ valeriana, melatonin

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანქსიოლიზური და საძილე საშუალება

შემადგენლობა
პრეპარატის ერთი კაფსულა შეიცავს აქტიური ნივთიერებების – კატაბალახას (Valeriana officinalis) ფესვების ექსტრაქტის 50 მგ-ს და მელატონინის (Melatonin) 1 მგ-ს.
დამხმარე ნივთიერებები: ფუტკრის ცვილი, დისტილირებული მონოგლიცერიდები, სოიოს ზეთი.

მოქმედების მექანიზმი
სონერალი კომბინირებულ საშუალებაა. შეიცავს კატაბალახას ფესვების ექსტრაქტსა  და მელატონინს. ახასიათებს საძილე და სედატიური მოქმედება.
შემადგენლობაში შემავალი კომპონენტების კომბინაცია ხელს უწყობს ბუნებრივი ძილის სწრაფ განვითარებას და არეგულირებს ძილის ფაზებს. კომბინაციის შერჩევისას გათვალისწინებულია კომპონენტების  ეფექტურობა და უსაფრთხება როგორც ცალ-ცალკე, ასევე მთლიანობაში.
კატაბალახას ახასიათებს დამამშვიდებელი და გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე გამაუმჯობესებელი მოქმედება. ამცირებს  ცენტრალური ნერვული სისტემის აგზნებადობას. იდეალურად აბალანსებს დათრგუნვისა და აგზნების პროცესებს. კატაბალახა ხელს უწყობს ბუნებრივი ძილის განვითარებას. კატაბალახას ექსტრაქტში შემავალ ნივთიერებებს აგრეთვე ახასიათებთ სუსტი სპაზმოლიზური და ნაღვლმდენი მოქმედება.
მელატონინი – ადამიანის ორგანიზმის ბუნებრივი ნივთიერებაა. იგი წარმოადგენს ეპიფიზის ჰორმონის სინთეზურ ანალოგს. აწესრიგებს ცირკადულ რიტმებს. არეგულირებს ძილისა და სიფხიზლის ციკლს, ლოკომოტორული აქტივობის და სხეულის ტემპერატურის სადღეღამისო ცვლილებებს. ხელს უწყობს ღამის ძილის მოწესრიგებას (აჩქარებს ჩაძინებას, აუმჯობესებს ძილის ხარისხს, ამცირებს ღამის გამოღვიძების რაოდენობას, აუმჯობესებს გუნება-განწყობას გაღვიძების შემდეგ, გამოღვიძებისას არ იწვევს უხალისობას, დაღლილობას, ტეხვის შეგრძნებას. სიზმრები ხდება უფრო ნათელი და ემოციურად გაჯერებული. ამცირებს სტრესულ რეაქციებს, ორგანიზმი ადვილად ადაპტირდება საათობრივი ზონების ცვლილებაზე. ამჟღავნებს იმუნომასტიმულირებელ და გამოხატულ ანტიოქსიდანტურ თვისებებს. აფერხებს გონადოტროპინის სეკრეციას, უფრო მცირე ხარისხით – ადენოჰიპოფიზის სხვა ჰორმონების-კორტიკოტროპინის, თირეოტროპინის და სომატოტროპინის სეკრეციას. არ იწვევს შეჩვევას და დამოკიდებულებას.

ჩვენება
სონერალი ინიშნება როგორც ბიოლოგიურად აქტიური დანამატი შემდეგი მდგომარეობების დროს:
– სხვადასხვა ფორმის ნევროზები;
– აგზნებულობა, დაძაბულობა;
– სხვადასხვა ეტიოლოგიის უძილობა გამოწვეული: გადაღლით, მომატებული აგზნებადობით, ფსიქო-ემოციური მოუსვენრობით, დაღლილობით და დათრგუნვით;
– გულ-სისხლძარღვთა სისტემის ნევროზი;
– კუჭ-ნაწლავის სპაზმი;
– ნორმალური ცირკადული რიტმის დარღვევა (დესინქრონოზი), რაც აღინიშნება სხვადასხვა საათობრივ სარტყელში სწრაფი გადაადგილებისას;
– დაღლილობა, ძილის დარღვევა (მათ შორის ასაკოვნებშიც);
– დეპრესიული სინდრომი.

უკუჩვენება
– ალერგია აქტიური ნივთიერებების მიმართ;
– აუტოიმუნური დაავადებები;
– თირკმლის გამოხატული დისფუნქცია;
– ლეიკოზი;
– ლიმფომა;
– ლიმფოგრანულომატოზი;
– მიელომა;
– ეპილეფსია;
– შაქრიანი დიაბეტი;
– თირკმლის ქრონიკული უკმარისობა;

უსაფრთხოების ზომები
ქალები, რომლებიც გეგმავენ ორსულობას, ინფორმირებულები უნდა იყვნენ სონერალის სუსტად გამოხატული კონტრაცეპტული მოქმედების შესახებ. საჭიროა მკვეთრი სინათლის პირდაპირი ზემოქმედების თავის არიდება.

ავტომობილისა და სხვა მექანიკური საშუალებების მართვაზე გავლენა
მკურნალობის პერიოდში, შესაძლებელია ფსიქომოტორული რეაქციების სიჩქარის შემცირება. რამაც შესაძლოა გავლენა მოახდინოს ავტომობილისა და სხვა მექანიკური საშუალებების მართვის შესაძლებლობაზე.

ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი
სონერალი უკუნაჩვენებია ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში.
ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში სონერალის დანიშვნა დასაშვებია მხოლოდ მაშინ, თუ მისი გამოყენების აუცილებლობა დედისთვის, აჭარბებს ნაყოფზე გავლენის პოტენციურ რისკს.
დოზის გადაჭარბება
სიმპტომები: შებოჭილობა, დათრგუნვა, მოთენთილობა, ძილიანობა, მძიმე შემთხვევაში ბრადიკარდია და არითმია.
მკურნალობა: პრეპარატის მიღების შეწყვეტა, კუჭის ამორეცხვა, სიმპტომური თერაპია.

სხვა საშუალებებთან ურთიერთქმედება
კატაბალახა აძლიერებს სხვა სედატიური და საძილე საშუალებების მოქმედებას. აძლიერებს სანარკოზო, ფსიქოტროპული და სპაზმოლიტური პრეპარატების მოქმედებას.
მელატონინი  აძლიერებს ცნს-ის და ბეტა-ბლოკატორების დამთრგუნველი პრეპარატების ეფექტს. არ არის რეკომენდირებული ჰორმონალურ სამკურნალო საშუალებებთან ერთდროული გამოყენება.
შეუთავსებელია მაო-ს ინჰიბიტორებთან და ციკლოსპორინებთან.

დოზირება და მიღების წესი
სონერალი ინიშნება 1-2 კაფსულა დღეში ერთხელ, ძილის წინ.
მიღების ხანგრძლივობა – ინდივიდუალური.

გვერდითი მოვლენები
საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: გულისრევა, ღებინება, დიარეა. ზოგჯერ შეკრულობა.
ცნს-ის მხრივ: თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, ძილიანობა, მოთენთილობა.
სხვა მხრივ: ალერგიული რეაქციები კომპონენტებზე, შეშუპება მიღების პირველ პერიოდში.

ვარგისობა და შენახვის პირობები
პრეპარატის ვარგისობის ვადა – 3 წელი.
არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე, მშრალ სინათლისაგან დაცულ, ბავშვებისათვის ხელმიუწვდომელ ადგილზე! ფლაკონი შეინახეთ მჭიდროდ თავდახურული!

გამოშვების ფორმა
30 ან 60 კაფსულა პლასტმასის ფლაკონში. მეორადი შეფუთვა – მუყაოს კოლოფში.

გაცემის რეჟიმი:
III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

მწარმოებელი: ჯი-ემ-პი, საქართველო

გაფრთხილება

Share on Facebook
Facebook
გააზიარე Facebook -ზე ..