Streptococcus viridans

Streptococcus viridans (ლათ.) – კომენსალური, ნაკლებად პათოგენური სტრეპტოკოკების არატაქსონომიური ჯგუფი. ჯგუფის ზოგიერთი წარმომადგენელი ჰემოლიზის დროს, იძლევა მწვანე შეფერილობას. აქედან მოდის სახელწოდება ლათ. Viridis, მწვანე. მათი დიდი ნაწილი წარმოადგენს (მთლიანი მიკროფლორის 30-50%) ხახის, პირის ღრუს და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის არაპათოგენურ მიკროფლორას. აღნიშნული სტრეპტოკოკები ბუნებაში ძალზე გავრცელებულები არიან და ჩვეულებრივ ადამიანისათვის საფრთხეს არ წარმოადგენენ, თუმცა სხვადასხვა იმუნოდეფიციტებისას S. viridans – მა შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული დაავადებები: ენდოკარდიტი, პნევმონია, ფარინგიტი, ნეფრიტი, მშობიარობის შემდგომი სეფსისი, რევმატიზმი, კანის საფარველის და რბილი ქსოვილების მრავალრიცხოვანი დაავადებები. ამ ჯგუფის ერთ-ერთი წარმომადგენელი Streptococcus mutans-ი პირის ღრუში გამოყოფს ცილას, რომელიც ნერწყვის გლიკოპროტეინის შებოჭვას ახდენს და შლის კბილის ემალს, რაც კარიესის მიზეზი ხდება. ინფექციური ენდოკარდიტის ძირითადი გამომწვევი არის S. viridans (სტაფილოკოკებთან და ენტეროკოკებთან ერთად). მიკროორგანიზმები სისხლის ნაკადით აღწევს გულს, შემდგომში ემაგრებიან მის შიდა გარსს (განსაკუთრების გულის დაზიანებულ სარქვლებს) და ახდენენ ანთებითი პროცესების პროვოცირებას. სტრეპტოკოკური ინფექციების დიაგნოსტიკაში, წარმატებით იყენებენ პოლიმერაზას ჯაჭვურ რეაქციას. პროფილაქტიკის მიზნით ქირურგიული ოპერაციების, სტომატოლოგიური მანიპულაციების წინ, გამოიყენება ანტიბაქტერიული პრეპარატები და მკაცრად იცავენ ასეპტიკის წესებს. იყენებენ ერთჯერად შპრიცებს და ერთჯერადი გამოყენების ინფუზიურ სისტემებს.


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

  • გაფრთხილება
  • წყაროები: 1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. 2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა.  ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.