Thermus aquaticus

Thermus aquaticus (ლათ.) – გრამუარყოფითი, ჩხირისებრი ექსტრემალურად თერმოფილური ბაქტერია. გვარი Thermus. ბინადრობს იელოუსტოუნის (აშშ) ეროვნული პარკის ცხელ წყაროებში და მსგავსი ტიპის რეგიონებში, გეიზერებში, სადაც ტემპერატურა 55°C-ზე მეტია. პირველად აღწერა ტომას ბროკმა (ინგლ.Thomas Brock) და ჰადსონ ფრიზმა (ინგლ. Hudson Freeze) იელოუსტოუნის ეროვნულ პარკში. თერმოსტაბილური ფერმენტები (განსაკუთრებით თერმოსტაბილური Taq-პოლიმერაზა) გამოიყენება, როგორც ინსტრუმენტი მოლეკულურ-გენეტიკურ კვლევებში. ბაქტერია არ წარმოქმნის სპორას და კაფსულას, შტამების ნაწილი მოძრავია და გააჩნიათ შოლტები. მზის შუქზე წარმოქმნიან სხვადასხვა პიგმენტებს. ქემოორგანოჰეტეროტროფია, ობლიგატური აერობი, ვითარდება 55°C-ზე (ოპტიმალური ტემპერატურა არის 70 °C). T. Aquaticus-ის შტამ HB27-ის გენომი, წარმოდგენილია ქრომოსომით, რომლის ზომა 1 894 877 ნუკლეოტიდური წყვილია, ხოლო მეგაპლაზმიდის pTT27 ზომა, 232 605 ნუკლეოტიდური წყვილია. T. Aquaticus-ის გენომს გააჩნია დიდი მსგავსება მეზოფილურ ბაქტერია Deinococcus radiodurans-თან.  T. Aquaticus-ის შტამის  Y51MC23 ქრომოსომა შეიცავს 2570 გენს, აქედან 2520 აკოდირებს ცილებს. გ-ც წყვილი 68%-ია. 1086 წელს კერი მულისმა (ინგლ.Kary Mullis), მისი ფერმენტი Taq-პოლიმერაზა გამოიყენა პოლიმერაზას ჯაჭვურ რეაქციაში. შემდგომში მისი გენი იყო კლონირებული და მოდიფიცირებული მაღალეფექტური კომერციული პროდუქტის მისაღებად. Taq-პოლიმერაზა ჰომოლოგიურია Escherichia coli-ის დნმ-პოლიმერაზა I-ის (pol I).


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

  • გაფრთხილება
  • წყაროები: 1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. 2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა.  ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.