სულფანილამიდი– SULFANILAMIDE

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

ფარმაკოლოგიური თვისებები
სულფანილამიდი (სტრეპტოციდი) წარმოადგენს სულფანილამიდების ჯგუფის ერთ-ერთ პირველ ქიმიოთერაპიულ საშუალებას. იგი ავლენს ფართო სპექტრის ანტიმიკრობულ მოქმედებას. პრეპარატი აქტიურია განსაკუთრებით პათოგენური კოკების, ნაწლავის ჩხირის, შიგელას, ქოლერის ვიბრიონის, კლოსტრიდიების, ციმბირი წყლულის, დიფტერიის კატარალური პნევმონიის, ინფლუენციის, შავი ჭირის, ქლამიდიების, აქტინომიცეტებისა და ტოქსოპლაზმოზის გამომწვევების მიმართ. იგი მოქმედებს ბაქტერიოსტატულად და ახასიათებს ხანმოკლე ეფექტი. პრეპარატის მოქმედების მექანიზმი განპირობებულია პარა-ამინობენზოის მჟავასთან კონკურენტული ანტაგონიზმითა და ფერმენტ დიჰიდროპტეროატსინთეტაზის კონკურენტული დათრგუნვით, რაც იწვევს დიჰიდროფოლის, ხოლო შემდგომში ტეტრაჰიდროფოლის მჟავას სინთეზის დარღვევას და ამის შედეგად ნუკლეინის მჟავების სინთეზის მოშლას. მას ახასიათებს ბაქტერიოსტატული მოქმედება.

ფარმაკოკინეტიკა
პრეპარატი პერორალურად მიღების შემდეგ სწრაფად შეიწოვება. სტრეპტოციდის მაქსიმალური კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში აღინიშნება 1-2 სთ-ის შემდეგ (4 სთ ფარგლებში იგი მანიფესტირდება ზურგის ტვინის ლიქვორში). სისხლში მაქსიმალური კონცენტრაციის დაქვეითება 50%-ით აღინიშნება 8 სთ-ის განმავლობაში. პრეპარატის დაახლოებით 95% ორგანიზმიდან გამოიყოფა თირკმელებით.

ჩვენებები
ინფექციურ-ანთებითი დაავადებები, რომლებიც გამოწვეულია პრეპარატის მიმართ მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით.
სტრეპტოციდი პროფილაქტიკის და მკურნალობის მიზნით ინიშნება ჭრილობით გამოწვეული ინფექციების (ჭრილობები, წყლულები, ნაწოლები), დამწვრობების, წითელი ქარის, ენტეროკოლიტების, პიელიტების, ცისტიტების, ანგინისა და სხვა ინფექციური დაავადებების სამკურნალოდ.

დოზირების რეჟიმი
სტრეპტოციდი მიიღება პერორალურად:
მოზრდილებში იგი ინიშნება 0.5-1.0 გ-ის ოდენობით 5-6-ჯერ დღეში (სადღეღამისო დოზა – 3-6 გ);
– 3-დან 5 წლამდე ასაკის ბავშვებში – 0.3 გ;
– 6-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვებში – 0.3-0.5 გ.
– მოზრდილებში მაქსიმალური დოზა შეადგენს – ერთჯერადად – 2 გ; სადღეღამისო – 7 გ.
სტრეპტოციდის უწვრილეს სტერილიზებულ ფხვნილს ჩააყრიან ღრმა ჭრილობების დროს ჭრილობის სიღრმეში (5-15 გ), ერთდროულად პაციენტს უნიშნავენ სულფანილამიდს ან სხვა ანტიბაქტერიულ საშუალებას როგორც პერორალურად, ასევე პარენტერალურად.

გვერდითი მოვლენები
ხანდახან შესაძლებელია აღინიშნოს ღებინება, ფაღარათი, კანის მხრივ ალერგიული რეაქციები. პრეპარატის მაღალი დოზით ან ხანგრძლივად მიღებისას შესაძლებელია განვითარდეს ეოზინოფილია, ლეიკოპენია, თრომბოციტოპენია, აგრანულოციტოზი, ჰემოლიზური ანემია, ტაქიკარდია, პარესთეზიები, დერმატიტები, ფაღარათი, ქოლესტაზი, კვანძოვანი პერიარტერიტი.
შარდ-გამომყოფი სისტემის მხრივ გვერდითი მოვლენები იშვიათად აღინიშნება (კრისტალურია, ჰემატურია, თირკმლისმიერი შოკი ანურიით). ცალკეულ შემთხვევებში ადგილი აქვს მხედველობის დაქვეითებას, თავის ტკივილს, თავბრუსხვევას, პერიფერიულ ნევრიტებს, ჰიპოთირეოდიზმს, ატაქსიას.

უკუჩვენებები
* სისხლმბადი სისტემის დაავადებები, ნეფრიტი, ბაზედოვის დაავადება, მწვავე ჰეპატიტი, ორსულობის I და II ტრიმესტრი, ლაქტაცია, სულფანილამიდების მიმართ მომატებული მგრძნობელობა.

განსაკუთრებული მითითებები
♦ პრეპარატის ხანგრძლივად მიღებისას აუცილებელია პერიოდულად სისხლის ანალიზის, თირკმელებისა და ღვიძლის ფუნქციების კონტროლი.
♦  სტრეპტოციდის არასაკმარისი დოზით დანიშვნა ან მისი მიღების რეკომენდებულ ვადაზე ადრე შეწყვეტისას მოსალოდნელია მიკროორგანიზმების მდგრადობის მომატება სულფანილამიდების მიმართ.
♦  თირკმელების ფუნქციის დარღვევის შემთხვევაში პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება.
♦  მკურნალობის პერიოდში აუცილებელია დიდი რაოდენობით სითხის მიღება.
♦  მომატებული მგრძნობელობის რეაქციების ნიშნების გამოვლენისთანავე პრეპარატის მიღება უნდა შეწყდეს.

ჭარბი დოზირება
შესაძლებელია ზემოაღწერილი გვერდითი მოვლენების გაძლიერება.
მკურნალობა: კუჭის ამორეცხვა 2% ნატრიუმის ჰიდროკარბონატის ხსნარით და გააქტივებული ნახშირის სუსპენზიით, ასევე სხვა ენტეროსორბენტებით. სასურველია ნატრიუმის ჰიდროკარბონატის ხსნარის დიდი რაოდენობით მიღება, აგრეთვე ფორსირებული დიურეზი და ჰემოდიალიზი.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
– სტრეპტოციდის პარა-ამინოსალიცილის მჟავასა და ბარბიტურატებთან ერთდროული გამოყენებისას ძლიერდება სულფანილამიდების მოქმედება;
– სალიცილატებთან – ტოქსიურობა და აქტივობა;
– მეტოტრექსატსა და დიფენინთან – ტოქსიურობა;
– ლევომიცეტინთან – იზრდება აგრანულოციტოზის განვითარების რისკი;
– არაპირდაპირი მოქმედების ანტიკოაგულანტებთან – ძლიერდება ანტიკოაგულანტების ეფექტი;
– სტრეპტოციდისა და პარა-ამინობენზოის მჟავას ეთერების შემცველი პრეპარატების (ნოვოკაინი, ანესთეზინი, დიკაინი), ერთდროული გამოყენებისას ინაქტივირდება სულფანილამიდის ანტიბაქტერიული ეფექტი.

გაფრთხილება

Share this...Share on Facebook
Facebook