ეუთიროქსი – EUTHYROX

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (მოქმედი ნივთიერება): ლევოთიროქსინი/ LEVOTHYROXINE SODIUM

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონის პრეპარატი.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
ტაბლეტები: შეფუთვაში 50 და 100 ც.
1 ტაბ.
ნატრიუმის ლევოთიროქსინი ………………..     50 მკგ
1 ტაბ.
ნატრიუმის ლევოთიროქსინი………………..     75 მკგ
1 ტაბ.
ნატრიუმის ლევოთიროქსინი  …………………   100 მკგ
1 ტაბ.
ნატრიუმის ლევოთიროქსინი………………….      125 მკგ
1 ტაბ.
ნატრიუმის ლევოთიროქსინი ……………………    150 მკგ
ფარმაკოლოგიური თვისებები:
თიროქსინის სინთეზური მარცხნივმბრუნავი იზომერი. ტრიიოდთირონინად ნაწილობრივი გარდაქმნისა (ღვიძლსა და თირკმელებში) და ორგანიზმის უჯრედებში გადასვლის შემდეგ მოქმედებს ქსოვილების ზრდა-განვითარებაზე, ნივთიერებათა ცვლაზე. მცირე დოზებით ახასიათებს ანაბოლური მოქმედება ცილოვან და ცხიმოვან ცვლაზე. საშუალო დოზებით ასტიმულირებს ზრდასა და განვითარებას, ზრდის ქსოვილების მიერ ჟანგბადზე მოთხოვნილებას, ასტიმულირებს ცილების, ცხიმებისა და ნახშირწყლების მეტაბოლიზმს, ზრდის გულ-სისხლძარღვთა და ნერვული სისტემის ფუნქციურ აქტივობას. დიდი დოზებით თრგუნავს ჰიპოთალამუსის თირეოტროპინ-რილიზინგ ჰორმონისა და ჰიპოფიზის თირეოტროპული ჰორმონის გამომუშავებას.
თერაპიული ეფექტი  აღინიშნება 7-12 დღეში, ამავე დროს  ნარჩუნდება პრეპარატის მოქმედება მისი მოხსნის შემდეგ. ჰიპოთირეოზის დროს კლინიკური ეფექტი ვლინდება 3-5 დღეში. დიფუზური ჩიყვი მცირდება ან ქრება 3-6 თვის განმავლობაში.
ფარმაკოკინეტიკა:
პერორალური მიღებისას ლევოთიროქსინი შეიწოვება წვრილი ნაწლავის ზედა ნაწილში მიღებული დოზის 80%-მდე. საკვების მიღება აქვეითებს ლევოთიროქსინის შეწოვის უნარს. სისხლის შრატში მაქსიმალურ კონცენტრაციას აღწევს პერორალური მიღებიდან 5-6 საათის შემდეგ. შეწოვის შემდეგ პრეპარატის 99% უკავშირდება შრატის ცილებს (თიროქსინშემაკავშირებელ გლობულინს, თიროქსინშემაკავშირებელ პრეალბუმინს და ალბუმინს). სხვადასხვა ქსოვილებში ხდება ლევოთიქსინის დაახლოებით 80%-ის მონოდეიოდირება ტრიოდთიროინინის (T3) და არააქტიური პროდუქტების წარმოქმნით.
თირეოიდული ჰორმონები მეტაბოლიზირებას განიცდიან ძირითადად ღვიძლში, თირკმელებში, თავის ტვინსა და კუნთებში. პრეპარატის მცირე რაოდენობა განიცდის დეზამინირებასა და დეკარბოქსილირებას, აგრეთვე კონიუგირებას გოგირდმჟავასთან და გლუკურონის მჟავასთან (ღვიძლში). მეტაბოლიტები გამოიყოფა შარდით და ნაღველით.
პრეპარტის ნახევარგამოყოფის პერიოდი 6-7 დღეა. თირეოტოქსიკოზის დროს ნახევარგამოყოფის დრო მცირდება 3-4 დღემდე, ხოლო ჰიპოთირეოზისას ხანგრძლივდება 9-10 დღემდე.
ჩვენებები:
ეუთირეოიდული ჩიყვი;
ჰიპოთირეოზი;
ფარისებრი ჯირკვლის ან მისი ნაწილის ოპერაციული ამოკვეთის შემდგომი რეციდივების პროფილაქტიკა და ჩანაცვლებითი თერაპია;
ფარისებრი ჯირკვლის სიმსივნე (ოპერაციული მკურნალობის შემდეგ);
დიფუზური ტოქსიკური ჩიყვი; თირეოსტატიკებით თირეოტოქსიკოზის კომპენსაციის შემდეგ (მონოთერაპია ან კომბინირებული მკურნალობის შემადგენლობაში);
თირეოიდული სუპრესიის ტესტი (სადიაგნოზო საშუალების სახით).
მიღების წესი და დოზირება:
პრეპარატის სადღეღამისო დოზის შერჩევა ხდება ინდივიდუალურად ჩვენების მიხედვით. მთელი სადღეღამისო დოზა მიიღება დილით უზმოზე, სულ მცირე 30 წუთით ადრე საკვების მიღებამდე, მცირე რაოდენობით სითხესთან ერთად (დაახლოებით ნახევარი ჩაის ჭიქა წყალი). არ შეიძლება ტაბლეტის დაღეჭვა.
ჰიპოთირეოზის ჩანაცვლებითი თერაპიის ჩატარებისას 55 წლის ასაკამდე პირებში, გულ-სისხლძარღვთა პათოლოგიის არარსებობისას, ეუთიროქსი ინიშნება სადღეღამისო დოზით 1.6-1.8 მკგ/კგ სხეულის მასაზე; 55 წლის ასაკის ზევით ან გულ-სისხლძარღვთა დაავადებების არსებობისას – 0.9 მკგ/კგ სხეულის მასაზე; სიმსუქნის დროს (თუ ჭარბი წონა საკმაოდ დიდია) დოზირების გამოთვლა ხდება “იდეალურ წონაზე”.
ჩანაცვლებითი თერაპიის საწყისი ეტაპი ჰიპოთირეოზის დროს
ავადმყოფები გულ-სისხლძარღვთა პათოლოგიის გარეშე ან 55 წლის ასაკამდე: საწყისი დოზა ქალებისათვის 75-100 მკგ/დღეში, ხოლო მამაკაცებისათვის – 100-150 მკგ/დღეში.
ავადმყოფები გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მქონე ან 55 წლის ასაკის ზევით:
– საწყისი დოზა 25 მკგ/დღეში;
– დოზის გაზრდა 25 მკგ-ით 2 თვის მანძილზე სისხლში თტჰ-ის დონის ნორმალიზებამდე;
– კარდიალური სიმპტომების აღმოცენების ან გაუარესების შემთხვევაში კარდიალური თერაპიის კორეგირება.
თიროქსინის რეკომენდებული დოზები თანდაყოლილი ჰიპოთირეოზის დროს.

ასაკი თიროქსინის
სადღეღამისო დოზა (მკგ)
თიროქსინის დოზა სხეულის მასაზე
გადაანგარიშებით (მკგ/კგ)
0-6 თვე 25-50 10-15
6-12 თვე 50-75 6-8
1-5 წელი 75-100 5-6
6-12 წელი 100-150 4-5
>12 წელი 100-200 2-3

ჩვილ ბავშვებს ეუთიროქსის სადღეღამისო დოზას აძლევენ ერთჯერადად პირველ კვებამდე 30 წუთით ადრე. პრეპარატს ხსნიან მცირე რაოდენობით წყალში ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. მედიკამენტის ასეთი სახით მომზადება ჩვილი ბავშვებისთვის უნდა მოხდეს უშუალოდ მიღების წინ და შემდეგ მედიკამენტს უნდა დააყოლონ მცირე რაოდენობით წყალი.
ხანგრძლივად მიმდინარე მძიმე ფორმის ჰიპოთირეოზის მქონე პაციენტებში მკურნალობის დაწყება უნდა მოხდეს სიფრთხილით, მცირე დოზით – 12.5 მკგ/დღეში, დოზის გაზრდა შემანარჩუნებელ დოზამდე ხდება ხანგრძლივი ინტერვალებით – 12.5 მკგ/დღეში ყოველ 2 კვირაში ერთხელ ან უფრო ხშირად სისხლში თტჰ-ის დონის კონტროლით.
ეუთიროქსის მიღება ჰიპოთირეოზის დროს, როგორც წესი, მთელი ცხოვრების განმავლობაში ხდება. თირეოტოქსიკოზის დროს ეუთიროქსი გამოიყენება კომპლექსურ თერაპიაში თირეოსტატიკებთან ერთად ეუთირეოიდული მდგომარეობის მიღწევის შემდეგ. ყველა შემთხვევაში მკურნალობის ხანგრძლივობას განსაზღვრავს ექიმი.
გვერდითი მოვლენები:
ეუთიროქსის სწორი მიღებისას, ექიმის კონტროლის ქვეშ გვერდითი მოვლენები არ აღინიშნება.
პრეპარატისადმი ჰიპერმგრძნობელობის შემთხვევაში შეიძლება განვითარდეს ალერგიული რეაქციები.
უკუჩვენებები:
*მომატებული ინდივიდუალური მგრძნობელობა პრეპარატის მიმართ;
*არანამკურნალები თირეოტოქსიკოზი;
*მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი, მწვავე მიოკარდიტი;
*არანამკურნალები თირკმელზედა ჯირკვლის უკმარისობა.
ორსულობა და ლაქტაცია:
ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში ჰიპოთირეოზის სამკურნალოდ დანიშნული პრეპარატის მიღება უნდა გაგრძელდეს. ორსულობის დროს საჭიროა პრეპარატის დოზის გაზრდა თიროქსინშემაკავშირებელი გლობულინის რაოდენობის მომატების გამო. თირეოიდული ჰორმონის რაოდენობა, რომელიც დედის რძეში გამოიყოფა ლაქტაციის პერიოდში (პრეპარატის მაღალი დოზებით მკურნალობის დროსაც კი) არ არის საკმარისი იმისთვის, რომ რაიმე დაზიანება გამოიწვიოს ბავშვში.
ორსულობის დროს ლევოთიროქსინის მიღება თირეოსტატიკურ საშუალებთან კომბინაციაში უკუნაჩვენებია, რადგანაც ამ დროს შესაძლოა საჭირო გახდეს თირეოსტატიკების დოზის გაზრდა. თირეოსტატიკები კი აღწევს რა პლაცენტაში, შეიძლება ნაყოფში ჰიპოთირეოზის განვითარება გამოიწვიოს. ლაქტაციის პერიოდში საჭიროა პრეპარატის სიფრთხილით გამოყენება, მკაცრად რეკომენდებულ დოზებში, ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ.
განსაკუთრებული მითითებები:
*პრეპარატის დანიშვნა სიფრთხილითაა საჭირო გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისას: გიდ (სტენოკარდია, ანამნეზში მიოკარდიუმის ინფარქტის არსებობა), ათეროსკლეროზი, არტერიული ჰიპერტენზია, არითმიები, შაქრიანი დიაბეტი, მძიმე ფორმის ხანგრძლივი ჰიპოთირეოზი, მალაბსორბციის სინდრომი (შესაძლოა საჭირო გახდეს დოზის კორექცია).
*ჰიპოფიზის დაზიანებით გამოწვეული ჰიპოთირეოზისას აუცილებელია იმის დადგენა, არის თუ არა თირკმელზედა ჯირკვლების ქერქის ერთდროული დაზიანება. ამ შემთხვევაში გლუკოკორტიკოიდებით ჩანაცვლებითი თერაპიის დაწყება უნდა მოხდეს ჰიპოთირეოზის თირეოიდული ჰორმონებით მკურნალობის დაწყებამდე, რათა თავიდან იქნას აცილებული თირკმელზედა ჯირკვლის უკმარისობის განვითარება.
გავლენა ავტოსატრანსპორტო საშუალებებისა და მექანიზმების მართვაზე:
სწორად შერჩეული თერაპიული დოზის შემთხვევაში არავითარ გავლენას არ ახდენს.
ჭარბი დოზირება:
პრეპარატის დოზის გადაჭარბებისას ვითარდება თირეოტოქსიკოზისთვის დამახასიათებელი სიმპტომები: გულისცემის შეგრძნება, გულის რითმის დარღვევა, ტკივილი გულის არეში, მოუსვენრობა, ტრემორი, ძილის დარღვევა, მომატებული ოფლიანობა, მადის დაქვეითება სხეულის მასის დაქვეითება, დიარეა. სიმპტომების გამოხატვის მიხედვით ექიმის მიერ შეიძლება რეკომენდებულ იქნას პრეპარატის სადღეღამისო დოზის შემცირება, მკურნალობის შეწყვეტა რამდენიმე დღით, ბეტა-ადრენობლოკატორების დანიშვნა. გვერდითი მოვლენების გაქრობის შემდეგ მკურნალობა უნდა განახლდეს სიფრთხილით გაცილებით მცირე დოზებით.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
ლევოთიროქსინი აძლიერებს არაპირდაპირი ანტიკოაგულანტების მოქმედებას, რის გამოც შესაძლებელია საჭირო გახდეს მათი დოზის შემცირება.
ლევოთიროქსინისა და ტრიციკლური ანტიდეპრესანტების ერთდორულმა მიღებამ შესაძლოა ანტიდეპრესანტების მოქმედების გაძლიერება გამოიწვიოს.
თირეოიდულმა ჰორმონებმა შესაძლებელია გაზარდონ მოთხოვნა ინსულინსა და პერორალურ ჰიპოგლიკემიურ პრეპარატებზე. სისხლში გლუკოზის დონის კონტროლი უფრო ხშირადაა რეკომენდული ლევოთიროქსინით მკურნალობის დაწყებისას და ასევე მისი დოზის შეცვლისას.
ლევოთიროქსინი აქვეითებს საგულე გლიკოზიდების მოქმედებას.
ქოლესტირამინი, ქოლესტიპოლი და ალუმინის ჰიდროჟანგი აფერხებს ლევოთიროქსინის შეწოვას ნაწლავში, რის შედეგადაც მცირდება ლევოთიროქსინის კონცენტრაცია პლაზმაში.
ანაბოლური სტეროიდების, ასპარაგინაზის, ტამოქსიფენის ერთდროული მიღებისას შესაძლოა ფარმაკოკინეტიკური ურთიერთქმედება ცილებთან შეკავშირების დონეზე.
ფენიტოინის, სალიცილატების, კლოფიბრატის, ფუროსემიდის დიდი დოზებით ერთდროული გამოყენებისას იზრდება თავისუფალი ლევოთიროქსინის დონე სისხლის პლაზმაში.
ესტროგენშემცველი პრეპარატების მიღება ზრდის თიროქსინშემაკავშირებელი გლობულინის რაოდენობას, რამაც შეიძლება ზოგიერთ პაციენტში ლევოთიროქსინზე მოთხოვნილება გაზარდოს.
ლევოთიროქსინთან ერთდროული მიღებისას სომატოტროპინმა შესაძლოა დააჩქაროს ეპიფიზარული ზრდის ზონების დახურვა.
ფენობარბიტალის, კარბამაზეპინის და რიფამპიცინის მიღებამ შეიძლება გაზარდოს ლევოთიროქსინის კლირენსი და საჭირო გახდეს ლევოთიროქსინის დოზის გაზრდა.
შენახვის პირობები:
პრეპარატი ინახება არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.
მწარმოებელი: MERCK KGaA for NYCOMED, გერმანია

გაფრთხილება

Share this...Share on Facebook
Facebook