კონკორი – CONCOR

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (მოქმედი ნივთიერება): ბისოპროლოლი/BISOPROLOL
აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები
კლინიკურფარმაკოლოგიური ჯგუფი: სელექტიური ბეტა1-ადრენობლოკატორი.
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
შემოგარსული ტაბლეტები: შეფუთვაში 30 და 50 ც.
1 ტაბ.
ბისოპროლოლის ფუმარატი………           5 მგ
1 ტაბ.
ბისოპროლოლის ფუმარატი………         10 მგ
დამხმარე ნივთიერებები: სილიციუმის კოლოიდური დიოქსიდი, მაგნიუმის სტეარატი, კროსპოვიდონი, მიკროკრისტალური ცელულოზა, სიმინდის სახამებელი, კალციუმის ჰიდროფოსფატი, დიმეტიკონი 100, მაკროგოლი 400, რკინის ოქსიდი, ტიტანის ოქსიდი, მეთილჰიდროქსიპროპილცელულოზა.
ფარმაკოლოგიური თვისებები:
სელექტიური ბეტა1-ადრენობლოკატორია, რომელიც თანაბრადაა აღჭურვილი ლიპოფილურ-ჰიდროფილური თვისებებით. თერაპიული დოზით გამოყენებისას არ ახასიათებს შინაგანი სიმპატომიმეტური აქტივობა და კლინიკურად მნიშვნელოვანი მემბრანომასტაბილიზირებელი თვისებები.
კონკორს გააჩნია ანტიანგინალური მოქმედება. გულის შეკუმშვათა სიხშირისა და ძალის შემცირების, არტერიული წნევის დაქვეითების შედეგად მცირდება მიოკარდიუმის მოთხოვნა ჟანგბადზე. მიოკარდიუმის ჟანგბადით მომარაგება უმჯობესდება საბოლოოდ სისტოლური წნევის შემცირებისა და დიასტოლის გახანგრძლივების ხარჯზე.
გულის შეკუმშვათა ძალის შემცირების, თირკმლების მიერ რენინის სეკრეციის დათრგუნვის, აორტის რკალისა და კაროტიდული სინუსის ბარორეცეპტორებზე ზემოქმედების შედეგად კონკორს ახასიათებს ჰიპოტენზიური მოქმედება. პრეპარატის ხანგრძლივი დროის მანძილზე მიღებისას მცირდება თავდაპირველად მომატებული საერთო პერიფერიული სისხლძარღვოვანი წინაღობა.
გულის ქრონიკული უკმარისობის დროს კონკორი თრგუნავს დაავადების პროგრესირების გამომწვევ სიმპატო-ადრენალური და რენინგ-ანგიოტენზინ-ალდოსტერონის სისტემის აქტივობას. კონკორის ერთჯერადი მიღებისას მისი მოქმედების ხანგრძლივობა 24 საათია.
ფარმაკოკინეტიკა:
შეწოვა და განაწილება: პერორალური მიღებისას პრეპარატი კარგად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, ბიოშეღწევადობა შეადგენს დაახლოებით 90%-ს და არ არის დამოკიდებული საკვების მიღებაზე. სისხლში მაქსიმალურ კონცენტრაციას აღწევს მიღებიდან 1-3 საათში. პლაზმის ცილებთან შეკავშირების ხარისხი შეადგენს 30%-ს.
მეტაბოლიზმი და გამოყოფა: ღვიძლში „პირველი გასვლის“ ეფექტი უმნიშვნელოდაა გამოხატული (10%-ზე ნაკლები). მიღებული დოზის დაახლოებით 50% ღვიძლში განიცდის ბიოტრანსფორმაციას არააქტიური მეტაბოლიტების წარმოქმნით. დაახლოებით 98% გამოიყოფა ორგანიზმიდან თირკმელების საშუალებით, 50% – შეუცვლელი სახით, დანარჩენი – მეტაბოლიტების სახით; დაახლოებით 2% – ნაწლავების საშუალებით. ნახევარგამოყოფის პერიოდი 10-12 საათს შეადგენს.
ფარმაკოკინეტიკა განსაკუთრებულ კლინიკურ შემთხვევებში:
ბისოპროლოლის ფარმაკოკინეტიკა სწორხაზოვანია. მისი მაჩვენებლები არაა დამოკიდებული ასაკზე.
ღვიძლისა და თირკმელების მსუბუქი ან საშუალო სიმძიმის დარღვევების მქონე პაციენტებს პრეპარატის დოზის კორექცია არ სჭირდებათ.
ჩვენებები:
არტერიული ჰიპერტენზია;
გულის იშემიური დაავადება (სტენოკარდია);
გულის ქრონიკული უკმარისობა.
მიღების წესი და დოზირება:
თუ არ არის სხვა მითითება, არტერიული ჰიპერტენზიის და გულის იშემიური დაავადების მქონე პაციენტებს კონკორის 1 ტაბლეტი ენიშნებათ დღეში ერთხელ. მკურნალობის დასაწყისში შეიძლება დაინიშნოს 1/2 ტაბლეტი კონკორი (2.5 მგ ბისოპროლოლის ფუმარატი). აუცილებლობის შემთხვევაში შეიძლება დაინიშნოს დღეღამეში ორი ტაბლეტი (10 მგ ბისოპროლოლის ფუმარატი) ერთჯერადად. დოზის შემდგომი გაზრდა გამართლებულია მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში; ნებისმიერ შემთხვევაში დოზის შერჩევა ხდება ინდივიდუალურად პულსის სიხშირისა და მკურნალობის წარმატების გათვალისწინებით.
ღვიძლისა და თირკმელების ფუნქციის მსუბუქი ან საშუალო ხარისხის დარღვევის მქონე პაციენტებისთვის, ასევე ასაკოვანი პაციენტებისათვის, კონკორი ჩვეულებრივი დოზირებით გამოიყენება. თირკმელების ფუნქციის მკვეთრი დაქვეითების (კრეატინინის კლირენსი 20 მლ/წთ-ზე ნაკლები) და ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევის მქონე ავადმყოფებში ბისოპროლოლის ფუმარატის სადღეღამისო დოზა 10 მგ-ს არ უნდა აჭარბებდეს.
კონკორი ენიშნებათ ზომიერად გამოხატული და გულის მძიმე ქრონიკული უკმარისობის მქონე პაციენტებს დაქვეითებული სისტოლური ფუნქციით (ექოკარდიოგრაფიით განდევნის ფრაქცია 35%), რომელთა მდგომარეობა სტაბილურია და ბოლო ექვსი კვირის განმავლობაში არ აღენიშნებოდათ გამწვავება.
არ არის რეკომენდებული ადრე დანიშნული სამკურნალო პრეპარატების შეცვლა კონკორის მიღებამდე სულ მცირე ორი კვრით ადრე. გულის ქრონიკული უკმარისობის მქონე პაციენტებს კონკორი ენიშნებათ აგფ ინჰიბიტორებთან (ან სხვა ვაზოდილატატორებთან, აგფ ინჰიბიტორების აუტანლობის შემთხვევაში), დიურეტიკებთან და აუცილებლობის შემთხვევაში, საგულე გლიკოზიდებთან ერთად.
გულის ქრონიკული უკმარისობის მკურნალობისას რეკომენდებულია დოზირების შემდეგი რეჟიმი:
პირველი კვირის განმავლობაში,
პირველი კვირის განმავლობაში კონკორის საწყისი დოზაა 1.25 მგ დღეში ერთხელ;
მეორე კვირის განმავლობაში ინიშნება 2.5 მგ დღეში (5 მგ ბისოპროლოლის ფუმარატის შემცველი კონკორის 1/2 ტაბლეტი).
მესამე კვირას –  დოზირება შეადგენს 3.75 მგ-ს დღეში.
მეოთხე კვირიდან მერვე კვირამდე ინიშნება 5 მგ (5 მგ ბისოპროლოლის ფუმარატის შემცველი კონკორის 1 ტაბლეტი, ან 10 მგ ბისოპროლოლის ფუმარატის შემცველი კონკორის 1/2 ტაბლეტი).
შემდგომ ხდება დოზის გაზრდა 7.5 მგ-მდე (მერვე კვირიდან მეთორმეტე კვირამდე).
მეთორმეტე კვირიდან ინიშნება კონკორის მაქსიმალური დოზა 10 მგ (5 მგ ბისოპროლოლის ფუმარატის შემცველი კონკორის 2 ტაბლეტი, ან 10 მგ ბისოპროლოლის ფუმარატის შემცველი კონკორის 1 ტაბლეტი).
ექიმს შეუძლია დოზირების კორექცია პრეპარატის ინდივიდუალური ამტანობის გათვალისწინებით.
– გულის ქრონიკული უკმარისობის მქონე პაციენტები კონკორით მკურნალობის დაწყებიდან (1.25 მგ დოზით) პირველი 4 საათის განმავლობაში უნდა იყოს გამოკვლეული (არტერიული წნევა, გულის შეკუმშვათა სიხშირე, გამტარებლობის დარღვევა, გულის უკმარისობის სიმპტომების გაუარესება). გვერდითი მოვლენების აღმოცენებამ შესაძლოა პაციენტისთვის მაქსიმალურად რეკომენდებული დოზის დანიშვნას შეუშალოს ხელი.
– აუცილებლობის შემთხვევაში მიღწეული დოზირება შესაძლოა თანდათანობით შემცირდეს. თუ აუცილებელია, მკურნალობა შესაძლოა შეწყდეს და შემდეგ განახლდეს იგივე სქემით. პრეპარატის აუტანლობისას ან დოზის მომატების პროცესში გულის უკმარისობის სიმპტომების გაუარესებისას, რეკომენდებულია, პირველ რიგში, კონკორის დოზის შემცირება ან პრეპარატის მიღების დაუყოვნებლივი შეწყვეტა (გამოხატული ჰიპოტონიისას, გულის უკმარისობის სიმპტომების გაუარესებისას, რომელსაც თან ახლავს ფილტვების მწვავე შეშუპება, კარდიოგენული შოკი, ბრადიკარდია ან ატრიოვენტრიკულური ბლოკადა).
მიღების წესი და ხანგრძლივობა:
ტაბლეტების მიღება ხდება დაუღეჭავად მცირე რაოდენობა სითხესთნ ერთად. კონკორის მიღება რეკომენდებულია დილით უზმოზე ან საუზმის დროს.
პრეპარატის მკურნალობა საჭიროებს ექიმის რეგულარულ მეთვალყურეობას. როგორც წესი, კონკორით მკურნალობის კურსი ხანგრძლივია. არ შეიძლება ექიმის მითითების გარეშე დოზირების შეცვლა ან მკურნალობის შეწყვეტა. კონკორით მკურნალობის შეწყვეტა არ შეიძლება ერთბაშად, იგი უნდა მოხდეს დოზის თანდათანობითი შემცირებით. ეს განსაკუთრებით გასათვალისწინებელია კორონარული სისხლძარღვების დაავადებების და აგრეთვე გულის ქრონიკული უკმარისობის მქონე პაციენტების მკურნალობის დროს (ასეთ ავადმყოფებში დოზის შემცირება უნდა ხდებოდეს 2-ჯერ ყოველკვირეულად). ყველა შემთხვევაში მკურნალობის ხანგრძლივობას განსაზღვრავს ექიმი.
გვერდითი მოვლენები:
ნერვული სისტემის მხრივ:   განსაკუთრებით მკურნალობის კურსის დაწყებისას შესაძლოა განვითარდეს დარღვევები (ცნს-ის მხრივ, მაგალითად დაღლილობის შეგრძნება, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, ძილის დარღვევა, აგრეთვე ფსიქიური დარღვევები (დეპრესია, იშვიათად ჰალუცინაციები). ამ მოვლენებს ჩვეულებრივ, მსუბუქი ხასიათი აქვს და როგორც წესი, ისინი ქრებიან მკურნალობის დაწყებიდან 1-2 კვირის შემდეგ.
მხედველობის ორგანოების მხრივ: იშვიათად აღინიშნება: მხედველობის დარღვევა, ცრემლწარმოქმნის შემცირება (გასათვალისწინებელია იმ პირთათვის, ვინც კონტაქტურ ლინზებს ატარებს), კონიუნქტივიტი.
გულსისხლძარღვთა სისტემის მხრივ: ცალკეულ შემთხვევბში აღინიშნება ორთოსტატული ჰიპოტონია, ბრადიკარდია, ატრიოვენტრიკულური გამტარებლობის დარღვევა, გულის უკმარისობის დეკომპენსაცია პერიფერიული შეშუპების განვითარებით, პარესთეზიები, რეინოს სინდრომითა და ხანგამოშვებითი კოჭლობით დაავადებულ პაციენტებში. თერაპიის დასაწყისში, აღწერილია სიმპტომატიკის გაძლიერების შემთხვევები.
სასუნთქი სისტემის მხრივ: ავადმყოფებში, რომლებიც მიდრეკილნი არიან ბრონქოსპაზმებისკენ, მაგალითად, ასთმური ბრონქიტი, იშვიათად აღინიშნება ქოშინი.
საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მხრივ: ერთეულ შემთხვევებში აღინიშნება დიარეა, ყაბზობა გულისრევა, ტკივილი მუცლის არეში, ჰეპატიტი.
საყრდენმამოძრავებელი აპარატის მხრივ: ცალკეულ შემთხვევებში აღინიშნება კუნთების სისუსტე, კრუნჩხვები, სახსრების დაავადებები (ათროპათია) ერთი ან რამდენიმე სახსრის დაზიანებით (მონო- ან პოლიართრიტი).
დერმატოლოგიური რეაქციები: ხანდახან: ქავილი; იშვიათად: კანის შეწითლება, ოფლიანობა, გამონაყარი.
შარდსასქესო ორგანოების მხრივ: ძალიან იშვიათად – პოტენციის დარღვევა.
ლაბორატორიული მაჩვენებლები:
სისხლში ღვიძლის ფერმენტების დონის მომატება (ატს, ალტ), თანხმლები (ლატენტური) შაქრიანი დიაბეტის დროს შესაძლებელია გულკოზისადმი ტოლერანტობის დაქვეითება და ჰიპოგლიკემიის ნიშნების (მაგალითად, გახშირებული პულსი) შენიღბვა.
ცალკეულ შემთხვევებში აღინიშნება სისხლში ტრიგლიცერიდების დონის მომატება.
განსაკუთრებული მითითებანი:
– ცალკეულ შემთხვევაში ბეტა-ადრენობლოკატორებმა (მაგალითად, კონკორმა) შესაძლოა გამოიწვიოს ფსორიაზის განვითარება, გააუარესოს ამ დაავადების სიმპტომები ან მოგვცეს ფსორიაზისმაგვარი გამონაყარი კანზე. იმ პაციენტებს, რომლებიც ღებულობენ ბეტა-ადრენობლოკატორებს, შეიძლება განუვითარდეთ ჰიპერმგრძნობელობითი რეაქციების გაცილებით მძიმე ფორმები.
– ბეტა-ადრენობლოკატორებით მკურნალობისას ცალკეულ შემთხვევებში შეიძლება აღინიშნოს: თმის ცვენა, სმენის დარღვევა ან ყურებში ხმაური, სხეულის მასის მომატება, გუნება-განწყობის შეცვლა, მეხსიერების ხანმოკლე დაკარგვა, ალერგიული რინიტი. კონკორით არტერიული ჰიპერტონიის მკურნალობა ექიმის რეგულარულ კონტროლს მოითხოვს.
– ინდივიდუალური ხასიათის სხვადასხვა რეაქციის შედეგად შეიძლება დაქვეითდეს სატრანსპორტო საშუალებებისა ან ხელსაწყოების მართვის უნარი. ეს მეტად ეხება მკურნალობის საწყის ეტაპსა და პრეპარატის შეცვლის პერიოდს, ასევე ალკოჰოლის მიღებას.
უკუჩვენებები:
* არ არის რეკომენდებული კონკორის გამოყენება შოკის, II და III ხარისხის ატრიოვენტრიკული ბლოკადის, სინუსური კვანძის სისუსტის სინდრომის, გამოხატული სინოატრიალური ბლოკადის, ბრადიკარდიის (გულის შეკუმშვათა სიხშირე წუთში 50-ზე ნაკლები) გამოხატული ჰიპოტენზიის (სისტოლური არტერიული წნევა 90 მმ ვწყ. სვ.-ზე ნაკლები), ბრონქოსპაზმებისადმი მიდრეკილების (ბრონქული ასთმა, სასუნთქი გზების ობსტრუქციული დაავადებები), პერიფერიული სისხლის მიმოქცევის დარღვევის გვიანი სტადიების, მაო ინჰიბიტორების ერთდროული მიღების (გამონაკლისია: მაო-B-ს ინჰიბიტორი) დროს.
* ფსორიაზის არსებობისას პაციენტის ან მისი ნათესავების ანამნეზში ბეტა-ბლოკატორების (მაგალითად, კონკორის) დანიშვნა უნდა ხდებოდეს მოსალოდნელი რისკისა და სარგებელის ზედმიწევნითი შეფასების შემდეგ.
* კონკორის დანიშვნა ავადმყოფებისათვის, რომელთაც აღენიშნებათ ფეოქრომოციტომა, შეიძლება მხოლოდ ალფა-ადრენობლოკატორების მიღების შემდეგ. გულის ქრონიკული უკმარისობის მქონე ავადმყოფებისთვის გულის უკმარისობის გამწვავებისას ან გულის უკმარისობის დეკომპენსაციის ეპიზოდების დროს, რომლის დროსაც აუცილებლია ინოტროპული პრეპარატების ინტრავენური შეყვანა, კონკორის გამოყენება არ არის რეკომენდებული, გარდა ამისა, კონკორის გამოყენება უკუნაჩვენებია გულის უკმარისობის მქონე ისეთი ავადმყოფებისთვის, რომელსაც აღენიშნებათ ბრადიკარდია (თუ პულსი 60 დარტყმაზე ნაკლებია წუთში) და ჰიპოტენზია (თუ სისტოლური არტერიული წნევა 100 მმ. ვწყ.სვ.-ზე ნაკლებია).
ორსულობა და ლაქტაცია:
* არ არის რეკომენდებული კონკორის გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში, აგრეთვე,
* არ შეიძლება პრეპარატის დანიშვნა ბავშვებისათვის, ვინაიდან არ არსებობს სარწმუნო კვლევები და გამოცდილება. თუ, გამონაკლის შემთხვევაში, კონკორი გამოიყენება ორსულობის დროს, მისი მიღება უნდა შეწყდეს მშობიარობის სავარაუდო ვადამდე 72 საათით ადრე, რათა თავიდან იქნას აცილებული ახალშობილში პულსის გაიშვიათების, სისხლში შაქრის დონის შემცირებისა და სუნთქვის დათრგუნვის განვითარება. თუ ეს შეუძლებელია, მაშინ ახალშობილი უნდა იმყოფებოდეს ექიმის განსაკუთრებული მეთვალყურეობის ქვეშ. ჰიპოგლიკემიის სიმპტომების განვითარება, ჩვეულებრივ, პირველი 3 დღის განმავლობაშია მოსალოდნელი.
განსაკუთრებული მითითებები:
საჭიროა სიფრთხილის გამოჩენა შემდეგ შემთხვევებში:
* შაქრიაინ დიაბეტის მქონე პაციენტების მკურნალობისას, რომელთა სისხლშიც გლუკოზის დონე მნიშვნელოვნად მერყეობს, – შესაძლებლია ჰიპოგლიკემიის სიმპტომბის შენიღბვა;
* მკაცრი დიეტის დაცვისას;
* მეტაბოლური აციდოზის მქონე ავადმყოფთა მკურნალობისას;
* ისეთი ავადმყოფების მკურნალობისას, რომელთაც ანამნეზში ჰიპერმგრძნობელობის მძიმე რეაქციები აღენიშნებათ;
* მადესენსიბილიზირებელი თერაპიის ჩატარებისას;
* I ხარისხის ატრიოვენტრიკულური ბლოკადისას;
* ვაზოსპასტიური სტენოკარდიის დროს (პრინციმეტალის სტენოკარდია).
ჭარბი დოზირება:
კონკორის დოზის გადაჭარბებისას, რომელიც გამოიხატება ბრადიკარდიით, არტერიული ჰიპოტონიით, გულის უკმარისობით, ბრონქოსპაზმით ან გულის შეკუმშვათა სიხშირის სახიფათო შენელებით, კონკორით მკურნალობა უნდა შეწყდეს.
ამ შემთხვევაში საჭირო კუჭის ამორეცხვა, გააქტივებული ნახშირის მიღება და დაუყოვნებელი კონსულტაცია ექიმთან.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
კონკორის ერთდროული დანიშვნისას სხვა ჰიპოტენზიურ პრეპარატებთან ერთად შეიძლება ამ უკანასკნელთა ეფექტი გაძლიერედს.
– რეზერპინით, ალფა-მეთილდოფათი, კლონიდინით, სათითურას პრეპარატებით ან გუანფაცინით ერთდროული მკურნალობისას შესაძლოა გაცილებით მკვეთრად დაქვეითდეს გულისცემის სიხშირე. გარდა ამისა,
– კლონიდინმა, სათითურას პრეპარატებმა და გუანფაცინმა შეიძლება გამოიწვიონ აგზნების გატარების შეფერხება.
– კონკორთან ერთად სიმპატომიმეტური საშუალებების (მაგალითად, ხველების საწინააღმდეგო საშუალებები, ცხვირისა და თვალის წვეთებში შემავალი) ერთდროული გამოყენებისას კონკორის მოქმედება სუსტდება.
– ნიფედიპინის ან დიჰიდროპირიდინის ტიპის კალციუმის ანტაგონისტების ერთდროული მიღებისას შესაძლოა გაძლიერდეს კონკორის ჰიპოტენზიური მოქმედება.
– ვერაპამილის ან დილთიაზემის ჯგუფის კალციუმის ანტაგონისტებთან ან სხვა ანტიარითმიულ პრეპარატებთან ერთდროული დანიშვნისას აუცილებელია პაციენტი იმყოფებოდეს ექიმის განსაკუთრებული მეთვალყურეობის ქვეშ, რადგანაც შესაძლებელი არტერიული წნევის მკვეთრი დაქვეითება გულის შეკუმშვათა სიხშირის მკვეთრი შემცირება, გულის რითმის სხვა დარღვევები და/ან გულის უკმარისობის განვითარება. ამიტომ კონკორით მკურნალობის დროს არაა რეკომენდებული კალციუმის ანტაგონისტებისა და ანტიარითმიული პრეპარატების ინტრავენური შეყვანა.
– კლონიდინით ერთდროული მკურნალობისას წამლის მოხსნა შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ რამდენიმე დღით ადრე პაციენტმა შეწყვიტა კონკორის მიღება. სხვა შემთხვევაში შესაძლებელია არტერიული წნევის მკვეთრი გაზრდა.
– ერგოტამინის წარმოებულებისა (მაგალითად, შაკიკის საწინააღმდეგო ერგოტამინის შემცველი საშუალებები) და კონკორის ერთდროულმა მიღებამ შეიძლება გააძლიეროს პერიფერიული სისხლის მიმოქცევის დარღვევა.
– კონკორისა და რიფამპიცინის ერთდროული მიღებისას შესაძლოა უმნიშვნელოდ შემცირდეს ბისოპროლოლის ნახევარგამოყოფის პერიოდი. დოზის გაზრდა, ჩვეულებრივ, საჭირო არაა.
– კონკორის ინსულინთან ან სხვა პერორალურ ანტიდიაბეტურ პრეპარატებთან ერთდროული გამოყენებისას შეიძლება გაძლიერდეს ამ უკანასკნელთა მოქმედება. ჰიპოგლიკემიის სიმპტომები (კერძოდ გახშირებული პულსი) შეიძლება შეინიღბოს ან შემსუბუქდეს. ამიტომ შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტები საჭიროებენ სისხლში შაქრის დონის მუდმივ კონტრლს.
– რადგანაც ნარკოზის გამო შესაძლებელია გულის ფუნქციური მდგომარეობის გაუარესება, ამიტომ ქირურგიული ჩარევის წინ ექიმი-ანესთეზიოლოგი ინფორმირებული უნდა იქნას პაციენტის კონკორით მკურნალობის შესახებ.
შენახვის პირობები:
პრეპარატი ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა: 5 წელი.
მწარმოებელი: MERCK KGaA for NYCOMED, გერმანია

გაფრთხილება

Share this...Share on Facebook
Facebook