კო-ენალაპრილ H / CO-ENALAPRIL H

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): ენალაპრილის მალეატი, ჰიდროქლორთიაზიდი/ enalapril maleate, hydrochlorothiazide

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანგიოტენზინ-გარდაქმნელი ფერმენტების ინჰიბიტორის და დიურეზული საშუალებების შემცველი საშუალებები
შემადგენლობა
კო-ენალაპრილ H-ის გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს აქტიური ნივთიერებების – ენალაპრილის მალეატის 20 მგ-სა და ჰიდროქლორთიაზიდის 12.5 მგ-ს.
დამხმარე ნივთიერებები: მიკროკრისტალური ცელულოზა, ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი, ჟელატინიზირებული სახამებელი, ლაქტოზა, ნატრიუმის ჰიდროკარბონატი, მაგნიუმის სტეარატი.
ფარმაკოლოგიური თვისებები
კომბინირებული ჰიპოტენზიური საშუალება, ანგიოტენზინ-მაკონვერტირებელი ფერმენტის ინჰიბიტორისა (ენალაპრილი) და თიაზიდური დიურეტიკის (ჰიდროქლორთიაზიდი) კომბინაცია.
ორგანიზმში პერორალურად მოხვედრილი ენალაპრილი განიცდის ჰიდროლიზს ენალაპრილატამდე, რომელიც ხანგრძლივი დროის განმავლობაში ახდენს ანგიოტენზინ-მაკონვერტირებელი ფერმენტის ინჰიბირებას. ამის შედეგად, მცირდება ანგიოტენზინ II-ის კონცენტრაცია პლაზმაში და ფერხდება ალდოსტერონის გამომუშავება. რენინ-ანგიოტენზინ-ალდოსტერონულ სისტემაზე მაინჰიბირებელი ზემოქმედების შედეგად მცირდება არტერიული წნევა.
ჰიდროქლორთიაზიდს ახასიათებს დიურეზული და ჰიპოტენზიური ეფექტი, აძლიერებს რენინის გამომუშავებას. ასევე, ზრდის გულის წუთ-მოცულობას და დატვირთვისადმი ტოლერანტობას. ჰიდროქლორთიაზიდი ამცირებს ნატრიუმის, ქლორისა და სითხის რეაბსორბციას თირკმლის ნეფრონების დისტალურ მილაკებში. აძლიერებს კალიუმის, მაგნიუმისა და ბიკარბონატის გამოდევნას ორგანიზმიდან; ორგანიზმში იწვევს კალციუმის იონების შეკავებას.
ენალაპრილისა და ჰიდროქლორთიაზიდის კომბინაციას უფრო ძლიერი ჰიპოტენზიური ეფექტი აქვს, ვიდრე თითოეულს ცალ-ცალკე, შედეგად თერაპიული ეფექტი შენარჩუნებულია 24 საათის განმავლობაში.
ფარმაკოკინეტიკა
პერორალურად მიღებული პრეპარატი სწრაფად შეიწოვება.
ენალაპრილის ბიოშეღწევადობა 60%-ია, Cmax მიღებიდან 1 საათში მიიღწევა. შეწოვის შემდეგ ენალაპრილი სწრაფად მეტაბოლიზდება აქტიურ მეტაბოლიტ ენალაპრილატად, რომლის Cmaxხ ენალაპრილის მიღებიდან 3-4 საათში მიიღწევა. გამოიყოფა ძირითადად თირკმლების საშუალებით. T1/2 11 საათს შეადგენს.
ჰიდროქლორთიაზიდი არ განიცდის მეტაბოლიზმს, T1/2 5.6-14.8 საათს შეადგენს; გამოიყოფა შეუცვლელი სახით თირკმელების საშუალებით 24 სთ-ის განმავლობაში.
ჩვენებები
– არტერიული ჰიპერტონიის მკურნალობა პაციენტებში, რომლებიც კომბინირებულ თერაპიას საჭიროებენ.
მიღების წესები და დოზები
მოზრდილებში: კო-ენალაპრილ H ინიშნება კვების რეჟიმისგან დამოუკიდებლად, 1 ტაბლეტი ერთხელ დღეში. არასაკმარისი ეფექტის შემთხვევაში შესაძლოა დოზა გაიზარდოს 2 ტაბლეტამდე ერთხელ დღეში. სწრაფი ჰიპოტენზიის თავიდან ასაცილებლად, კო-ენალაპრილ H-ის დანიშვნამდე 2-3 დღით ადრე, საჭიროა დიურეზული საშუალებების მოხსნა.
გვერდითი მოვლენები
კო-ენალაპრილ H-ის მიერ გამოწვეული არასასურველი ეფექტები მსუბუქი და გარდამავალი ხასიათისაა. გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: არტერიული ჰიპოტონია; იშვიათად: ტაქიკარდია, ტკივილი გულ-მკერდის არეში, სინკოპე.
ცნს-ისა და პერიფერიული ნერვული სისტემის მხრივ: ხშირად: თავბრუსხვევა, სისუსტე, ასთენია, თავის ტკივილი;
იშვიათად: უძილობა, ძილიანობა, თავბრუსხვევა, პარესთეზია, მომატებული გაღიზიანებადობა.
სასუნთქი სისტემის მხრივ: ხველა, სუნთქვის უკმარისობა.
საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: გულისრევა; იშვიათად: პანკრეატიტი, დიარეა, ღებინება, დისპეფსია, მეტეორიზმი, კუჭის ტკივილი, შეკრულობა, პირის სიმშრალე.
ძვალ-სახსართა სისტემის მხრივ: კუნთების სპაზმი, ართრალგია.
ალერგიული რეაქციები: სახის, კიდურების, ტუჩების, ენის, სასუნთქი გზების ანგიონევროზული შეშუპება.
ასევე, შესაძლოა განვითარდეს კანის სიწითლე, ქავილი; თირკმლის ფუნქციის დარღვევა, თირკმლის უკმარისობა;
იმპოტენცია; დაქვეითებული ლიბიდო; ჰიპერკალიემია; ბილირუბინის, შარდოვანასა და კრეატინინის მატება სისხლში; ღვიძლის ფერმენტების მომატებული აქტივობა; ჰემოგლობინისა და ჰემატოკრიტის დაქვეითება. იშვიათად: ხმაური ყურებში, ნიკრისის ქარი (პოდაგრა), ფოტოსენსიბილიზაცია.
უკუჩვენება
– პრეპარატის კომპონენტებისადმი ან სხვა სულფონამიდების წარმოებულებისადმი მომატებული მგრძნობელობა;
– ანურია;
– ანამნეზში ამფ ინჰიბიტორებისადმი მომატებული მგრძნობელობა, ანგიონევროზული შეშუპება.
პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება აორტული სტენოზის, ცერებროვასკულური დაავადებების, გულის იშემიური დაავადების, გულის ქრონიკული უკმარისობის, შემაერთებელი ქსოვილის მძიმე აუტოიმუნური დაავადებების (სისტემური წითელი მგლურა, სკლეროდერმია), თავის ტვინის სისხლმომარაგების მოშლის, შაქრიანი დიაბეტის, ჰიპერკალიემიის, თირკმლის არტერიის ცალმხრივი ან ორმხრივი სტენოზის, თირკმლის ან ღვიძლის უკმარისობისა და მოცირკულირე სისხლის მოცულობის დეფიციტის (დიარეა, ღებინება) დროს. ასევე – ასაკოვან პაციენტებში და ბავშვთა ასაკში.
ორსულობა და ლაქტაცია
ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის მიღება რეკომენდებული არ არის. დაორსულების შემთხვევაში უნდა შეწყდეს პრეპარატის მიღება. ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის მიღების საჭიროების შემთხვევაში უნდა შეწყდეს ძუძუთი კვება.
განსაკუთრებული მითითებები
უსაფრთხოების ზომები
კო-ენალაპრილ H-ით მკურნალობის დროს შესაძლოა განვითარდეს სიმპტომური ჰიპოტენზია და წყალ-ელექტროლიტური ბალანსის დარღვევა, რომელიც საჭიროებს შესაბამის კორექციას.
გარდამავალი არტერიული ჰიპოტონია არ წარმოადგენს უკუჩვენებას კო-ენალაპრილ H-ით მკურნალობისათვის. არტერიული წნევის ნორმალიზების შემდეგ შესაძლებელია მკურნალობის გაგრძელება პრეპარატის დაბალი დოზით ან თითოეული კომპონენტის ცალ-ცალკე დანიშვნით.
კო-ენალაპრილ H სიფრთხილით ინიშნება პაციენტებში გულის იშემიური დაავადებების ან ცერებრო-ვასკულური სისხლის მიმოქცევის დარღვევების დროს.
პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება ღვიძლის უკმარისობის დროს.
პრეპარატის მიღება არ არის რეკომენდებული პაციენტებში თირკმლის უკმარისობით (კკ < 80-30 მლ/წთ), სანამ არ მოხდება შემადგენელი კომპონენტების ზუსტი დოზის შერჩევა. კო-ენალაპრილ H არაეფექტურია პაციენტებში თირკმლის მძიმე და საშუალო ხარისხის უკმარისობით (კკ < 30 მლ/წთ). მძიმე ხარისხის უკმარისობის დროს რეკომენდებულია მხოლოდ ენალაპრილის მიღება. პაციენტებში, რომლებსაც მკურნალობის პროცესში აღენიშნებათ კრეატინინისა და შარდოვანას დონის ცვლილება, პრეპარატი არ ინიშნება. მკურნალობის პროცესში, პაციენტებში თირკმლის არტერიის ორმხრივი ან ცალმხრივი სტენოზით, შესაძლოა განვითარდეს შარდოვანას ან კრეატინინის დონის სისხლში მატება. ასეთ შემთხვევაში რეკომენდებულია პრეპარატის მოხსნა.
თიაზიდები იშვიათად იწვევენ ჰიპერურიკემიას ან/და ნიკრისის ქარს (პოდაგრა).
მკურნალობის პროცესში იშვიათად შესაძლოა განვითარდეს სახის, კიდურების, თვალების, ენის, სასუნთქი სისტემის ანგიონევროზული შეშუპება. შესაბამისად, მსგავსი სიმპტომების განვითარებისთანავე საჭიროა პრეპარატის მოხსნა და შესაბამისი მკურნალობის ჩატარება.
თიაზიდური დიურეზული საშუალებები იწვევენ გლუკოზისადმი ტოლერანტობის დარღვევას, შესაბამისად საჭიროა ჰიპოგლიკემიური საშუალებებისა და ინსულინის დოზის კორექცია.
კო-ენალაპრილ H-ის ეფექტურობა და უსაფრთხოება ბავშვებში დადგენილი არ არის.
ავტომობილისა და სხვა მექანიკური საშუალებების მართვაზე გავლენა
პრეპარატის დანიშვნისას პაციენტებმა სიფრთხილე უნდა დაიცვან ავტომობილისა და სხვა მექანიკური საშუალებების მართვისას, რომლებიც ყურადღების კონცენტრირებასა და ფსიქომოტორული რეაქციების სისწრაფეს საჭიროებენ.
ჭარბი დოზირება
სიმპტომები: გამოხატული არტერიული ჰიპოტონია, სტუპორი. ასევე, ჭარბი დიურეზის ფონზე შესაძლებელია გამოვლინდეს ჰიპოკალიემია, ჰიპონატრიემია, ჰიპოქლორემია და დეჰიდრატაცია.
მკურნალობა: ტარდება სიმპტომური და შემანარჩუნებელი თერაპია წყალ-ელექტროლიტური ბალანსის აღდგენისა და არტერიული ჰიპოტონიის კორექციისათვის.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
პრეპარატისა და სხვა ჰიპოტენზიური საშუალებების ერთდროულმა მიღებამ შესაძლოა გამოიწვიოს ჰიპოტენზიური ეფექტის სუმაცია.
კო-ენალაპრილ H-ის კალიუმის შემცველ დანამატებთან, კალიუმის დამზოგველ დიურეზულებთან ან კალიუმის შემცველ მარილებთან ერთდროულმა მიღებამ, შესაძლოა კალიუმის დონის მატება გამოიწვიოს.
პრეპარატი ამცირებს ლითიუმის გამოდევნას ორგანიზმიდან.
ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებები, მათ შორის ცოგ-2-ის ინჰიბიტორები, ამცირებენ კო-ენალაპრილ H-ის ჰიპოტენზიურ ეფექტს.
პაციენტებში თირკმლის ფუნქციის დარღვევით, რომლებიც მკურნალობენ ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებებით (მათ შორის ცოგ-2-ის ინჰიბიტორებით), ამფ-ის ინჰიბიტორების მიღებისას, მოსალოდნელია თირკმლის ფუნქციის გაუარესება.
თიაზიდური დიურეზული საშუალებები აძლიერებენ ტუბოკურარინის ეფექტს, ხოლო ესტროგენი და ეთანოლი ამცირებენ პრეპარატის ჰიპოტონიურ ეფექტს.
კო-ენალაპრილ H-ისა და იმუნოდეპრესანტების, ალოპურინოლისა და ციტოსტატიურების ერთდროული მიღება ზრდის ჰემატოტოქსიკურობის რისკს.
შენახვის პირობები და ვადები
პრეპარატის ვარგისობის ვადა – 3 წელი.
ინახება 10-25°C ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისაგან დაცულ, ბავშვებისათვის ხელმიუწვდომელ ადგილზე!
გამოშვების ფორმა: 20მგ/12.5მგ ტაბლეტი №20
გაცემის რეჟიმი: II ჯგუფი (გაიცემა ფორმა N3 რეცეპტით)
მწარმოებელი: ჯი-ემ-პი, საქართველო

გაფრთხილება

Share this...Share on Facebook
Facebook