რუბროფიტია

რუბროფიტია

რუბროფიტია – ტერფების განსაკუთრებით ხშირი სოკოვანი დაავადება. ზიანდება ძირითადად ტერფები, შესაძლებელია გავრცელდეს მტევნებზე, მსხვილ ნაკეცებში, განსაკუთრებით საზარდულ – ბარძაყის, ასევე კანის საფარველის სხვა უბნებზე; ხშირად პროცესში ჩართულია თმებიც.

რუბროფიტია – ეტიოლოგია, პათოგენეზი. გამომწვევია Tr. rubrum. ზიანდება ეპიდერმისი, დერმა, ზოგჯერ კანქვეშა ცხიმოვანი ქსოვილი. შესაძლებელია გავრცელდეს არა მხოლოდ continuitatem, არამედ ლიმფურ-ჰემატოგენური გზითაც. წყაროა დაავადებული ადამიანი; გადაცემის გზა – იხ. ეპიდერმოფიტია. წინასწარგანმწყობი ფაქტორები ისეთივეა, როგორიც ეპიდეროფიტიის დროს, ასევე სხვადასხვა ზოგადპათოლოგიური პროცესები, ანტიბიოტიკებით, კორტიკოსტეროიდებით და ციტოსტატიკებით ხანგრძლივი მკურნალობა.

რუბროფიტია – კლინიკური სურათი. ავადდებიან ძირითადად მოზრდილები. განსაკუთრებით ხშირი ლოკალიზაციაა – ტერფები და მტევნები. კლასიკური ფორმა ხასიათდება ხელისგულებისა და ფეხისგულების ჰიპერემიითა და სიმშრალით, კანის რქოვანი შრის გამოხატული გასქელებით. სუბიექტური შეგრძნებები არ აღინიშნება. ტერფების რუბრომიკოზი მიმდინარეობს ასევე სქვამოზური, დისჰიდროზული და ინტერტრიგინოზური ეპიდერმოფიტიის ტიპით, მისგან განსხვავებით ტერფის ზურგის დაზიანების შესაძლებლობით, სადაც წარმოიქმნება კვანძებით, ბუშტუკებით, პუსტულებით, ქერქებით და ქერცლებით დაფარული ინფილტრირებული კერები. სუბიექტურად აღინიშნება ქავილი. მსგავსი ფორმები აღინიშნება ასევე მტევნებზე, მხოლოდ ნაკლები ინტენსივობით. ტერფების რუბროფიტია შესაძლებელია მიმდინარეობდეს მძაფრად, მწვავე ეპიდერმოფიტიის ტიპის ზოგადი მოვლენებით. ტერფებისა და მტევნების გარეშე რუბროფიტიის კერები ხასიათდებიან მრგვალი მოხაზულობით, მკაფიო საზღვრებით, უმნიშვნელო ინფილტრაციით, მოლურჯო – ვარდისფერი შეფერილობით და სხვადასხვა ინტენსივობის აქერცვლით. მსხვილი ნაკეცების დაზიანება გამოირჩევა კანის ძლიერი ინფილტრაციით, მრავალრიცხოვანი ექსკორიაციებით, მტანჯველი ქავილით. წვივებზე, ბარძაყებზე და დუნდულოებზე მიმდინარეობს არაიშვიათად ფოლიკულურ – კვანძოვანი ტიპით.

რუბროფიტია – მკურნალობა. შიგნით მისაღებად – ნიზორალი; ადგილობრივად – იხ. ეპიდერმოფიტია ტერფის. გენერალიზებული ფორმები საჭიროებენ სტაციონარულ მკურნალობას.

კანისა და ვენერიული დაავადებები


ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  • გაფრთხილება
  • დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  • დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.

.