მკურნალობა უცხოეთში

Posts Tagged ‘ორსულობა კვირეებით’

როგორ იცვლება ბავშვი

ორსულობის მე-15 (მეთხუთმეტე) კვირაზე შენი პაწაწას ზომა 9,3–დან 10,4 სანტიმეტრამდე მერყეობს (დაახლოებით, საშუალო ზომის ვაშლს წააგავს). იგი უქმად როდი ზის: ისრუტავს სანაყოფე წყლებს (ანუ – ამნიონის სითხეს) ფილტვებში და ისევ უკან გამოდევნის. იცი, ამით რას აკეთებს? სუნთქვაში ვარჯიშობს. დღე–ღამის განმავლობაში 8–10–ჯერ ხდება სანაყოფე წყლის განახლება. ეს პროცესი საშუალებას იძლევა, შენარჩუნებულ იქნას მისი სტერილურობა და საჭირო ქიმიური შემადგენლობა (იგულისხმება წყლის, მინერალებისა და ორგანული ნივთიერებების ურთიერთშეფარდება).

ორსულობის მე-15 (მეთხუთმეტე) კვირას ფეხები ხელებზე გრძელია და ნაყოფი მათ კარგად ამოძრავებს – ხრის პრაქტიკულად ყველა სახსარში. იმის მიუხედავად, რომ თვალები ჯერ კიდევ დახუჭული აქვს, შუქს მაინც გრძნობს. თუ მუცელზე, მაგალითად, ფანარს დავანათებთ, ის სინათლეს ზურგს შეაქცევს. მართალია, დასაგემოვნებელი არაფერი აქვს, მაგრამ ენაზე საგემოვნო დვრილები უვითარდება.

ძალიან სწრაფად ვითარდება ნაყოფის ჩონჩხი და საჭმლის მომნელებელი სისტემა. მეცნიერებმა დაითვალეს, რომ სწორედ ორსულობის მე-15 (მეთხუთმეტე) კვირას ბავშვის პაწაწინა გული დღე–ღამეში 23 ლიტრ სისხლს გადატუმბავს.

ორსულობის მე-15 (მეთხუთმეტე) კვირაში საშვილოსნოს შეიგრძნობ ჭიპიდან 7–10 სანტიმეტრით დაბლა. ვიმედოვნებთ, გსიამოვნებს ესოდენ ნანატრი ორსულობის პროცესი და გზადაგზა ახალ–ახალ სიმპტომებსაც აღმოაჩენ. თუ, მაგალითად, სისტემატურად დახშული გაქვს ცხვირი და სუნთქვა გიჭირს, ეს შესაძლებელია იმას მიაწერო, რომ ამ დროს შენს ორგანიზმში მთელი რიგი ჰორმონული ცვლილებები და ლორწოვან გარსში დიდი რაოდენობით სისხლის ბრუნვა ხდება. მართალია, ეს არცთუ სასიამოვნო მოვლენაა, მაგრამ იგი მაინც ორსულობისთვის ნორმალურ პროცესად ითვლება და მას ორსულთა რინიტს უწოდებენ. ზოგი მომავალი დედა, ამავე მიზეზით, ცხვირიდან სისხლდენასაც უჩივის. თუ შესაძლო გენეტიკური და ქრომოსომული პრობლემების გამოსაკვლევად ამნიოცენტეზის პროცედურის გავლა მოგიწევს, ამაზე არ ინერვიულო: ბევრჯერ, ამა თუ იმ საფრთხის გამო წარმოქმნილი შიში სულ ამაო აღმოჩნდება ხოლმე; სამაგიეროდ, ქვეყანას ევლინება შესანიშნავი და საყვარელი არსება, რომლის გამოც ნამდვილად ღირს ყველაფრის მოთმენა.

ნურც იმაზე იღელვებ, თუ მომავალი მამისთვის ჩვეულებრივი რეჟიმიდან ამოვარდნილი ხარ. ორსულობის დროს ხომ ყველა წყვილი მხოლოდ და მხოლოდ მემკვიდრის ჯანმრთელობაზე და იმაზეც ზრუნავს, როგორ ჩააბარებს გამოცდას, რასაც ბავშვის დაბადება ჰქვია. პერიოდულად წარმოქმნილი ფსიქოლოგიური დისკომფორტის მიუხედავად, მეორე ტრიმესტრი მართლაც ძალიან კარგი პერიოდია ორსულთა უმეტესობისთვის.

ბავშვის მოძრაობა

მუცელში პირველი ბიძგების შეგრძნება, ორსულობის დროს გადატანილი განცდებიდან, ერთ–ერთი ყველაზე გამორჩეული მოვლენაა. კიდევ რამდენ ხანს უნდა ელოდო, სანამ პაწაწინა ცოტა ხანს მომაგრდება და აშკარად გაგრძნობინებს თავის არსებობას?

საერთოდ, ორსულები ნაყოფის პირველ მოძრაობებს მე–16 და 22–ე კვირებს შორის პერიოდში გრძნობენ. ის ქალბატონები, რომელთაც უკვე ჰყავთ შვილები, მომავალ დედებზე ადრე გრძნობენ და სცნობენ ნაყოფის პირველ მოძრაობებს. ზუსტად იგივე ითქმის გამხდარ ქალებზე, რომლებიც ერთი ნაბიჯით უსწრებენ სრულ და მსუქან ქალბატონებს.

იცი, ეს შეგრძნება რას ჰგავს? ეს ისეთივე მსუბუქია, როგორც – თევზის წყალში მოძრაობა, პეპლის ფრენა და საჰაერო ბურთის ლივლივი. თუ პირველად ხარ ფეხმძიმედ, თავდაპირველად ამ ბიძგებს ნაწლავებში მიმდინარე პროცესებს მიაწერ. როდესაც ისინი გამეორდება და დარწმუნდები, რომ ეს შენი პატარას მოძრაობებია, მიხვდები – ეს ადრეც გიგრძვნია, მაგრამ ვერ აცნობიერებდი, კონკრეტულად რა იყო. თუმცა, ორსულობის მე-15 (მეთხუთმეტე) კვირას  ჯერ კიდევ ვერ გრძნობ, თუ შენი პაწაწა `მოცეკვავე~ როგორ დისკოთეკებს აწყობს თავის მყუდრო სამყოფელში. როდესაც რეგულარულად და გამოკვეთილად დაიწყებს მოძრაობას, აუცილებლად ყურადღებით უნდა იყო: თუ ამ პერიოდში ნაყოფი დიდხანს ჩუმადაა ან ძალზე აქტიურად მოძრაობს და მოუსვენრობა ემჩნევა, დაუყოვნებლივ მიმართე შენს გინეკოლოგს. ზოგიერთი გინეკოლოგი, ნაყოფის მდგომარეობის კონტროლისთვის, ფეხმძიმეებს ურჩევს, ყოველდღიურად დაითვალონ ბავშვის გამოძრავების რაოდენობა.

მომზადებულია  http://www.pregnancycalendar.ru/kalendar/-ის მიხედვით

___________________________________

1. ორსულობის კვირეები:  1-2 10 11 12 13 14 15  16  17 18  19  20 ,21 22,
23 24 25 26 27 28 29 30 31 32 33 34 35 36 37 38 39 40 41
2. ორსულობა და მშობიარობა
..

 


vaka