Posts Tagged ‘ანგიოლოგია’
ლალი დათეშიძე
ადამიანის ნორმალური ანატომია. კარის ვენა Vena portae; Portal vein
კარის ვენა – v. portae, კრებს სისხლს მუცლის ღრუს კენტი ორგანოებიდან. იგი იქმნება პანკრეასის თავის უკან, სამი ვენის - ჯორჯლის ქვემო ვენის – v. mesenterica inferior, ჯორჯლის ზემო ვენის – v. mesenterica superior, და ელენთის ვენის – v. lienalis შეერთების შედეგად.
კარის ვენა მიემართება ზემოთ და მარჯვნივ, გაივლის თორმეტგოჯა ნაწლავის ზემო ნაწილის უკან, შედის ღვიძლ – თორმეტგოჯას იოგში – Lig. hepatoduodenale და მის ფურცლებს შორის მიემართება ღვიძლის კარისაკენ. აღნიშნული იოგის სისქეში კარის ვენა მოთავსებულია ნაღვლის საერთო სადინართან – Ductus choledochus და ღვიძლის საერთო არტერიასთან – A. hepatica communis ერთად, ისე, რომ სადინარს უკავია უკიდურესი მარჯვენა მდებარეობა, მის მარცხნივ არის ღვიძლის საერთო არტერია, ხოლო მათ შორის და ღრმად – კარის ვენა. ღვიძლის კართან კარის ვენა – v. portae იყოფა ორ ტოტად: მარცხენა ტოტად – ramus sinister და მარჯვენა ტოტად – ramus dexter, ღვიძლის მარცხენა და მარჯვენა წილების შესაბამისად. კარის ვენის მარჯვენა ტოტი მარცხენაზე უფრო ფართოა; იგი შედის ღვიძლის კარიდან ღვიძლის მარჯვენა წილის სისქეში და იყოფა წინა და უკანა ტოტებად – rr. anterior et posterior. მარცხენა ტოტი გრძელია მარჯვენაზე; მიემართება ღვიძლის კარის მარცხენა ნაწილისაკენ და გზაზე იძლევა განივ ტოტს – r. transversus, ასევე ტოტებს კუდიანი წილისაკენ – კუდის ტოტებს – rr. caudati, ლატერალურ და მედიალურ ტოტებს – rr. laterales et mediates ღვიძლის მარცხენა წილის პარენქიმაში.

ჯორჯლის ქვემო ვენას – v. mesenterica inferior, ჯორჯლის ზემო ვენას – v. mesenterica superior, და ელენთის ვენას – v. lienalis, რომლებიც ქმნიან კარის ვენას, უწოდებენ ღვიძლის კარის ფესვებს; კარის ვენას უერთდება კუჭის მარჯვენა და მარცხენა ვენები – vv. gastricae sinistra et dextra, პილორუსისწინა ვენა – v. prepylorica, პანკრეასის ვენები – vv. pancreaticae.
1. ჯორჯლის ქვემო ვენა – v. mesenterica inferior, სისხლს კრებს დასწვრივი კოლინჯის, სიგმოიდური კოლინჯისა და სწორი ნაწლავის ზემო ნაწილის კედლებიდან და თავისი ტოტებით მიყვება ჯორჯლის ქვემო არტერიის ტოტებს. იგი იწყება მცირე მენჯის ღრუში, სწორი ნაწლავის ზემო ვენის – v. rectalis superior, სახელწოდებით, რომელიც სწორი ნაწლავის კედელში თავისი ტოტებით უკავშირდება სწორი ნაწლავის ვენურ წნულს – plexus venosus rectalis. სწორი ნაწლავის ზემო ვენა მიემართება ზემოთ, მარცხენა გავა – თეძოს სახსრის დონეზე წინიდან გადაუვლის თეძოს სისხლძარღვებს – vasa iliaca და ღებულობს სიგმოიდურის კოლინჯის კედლიდან გამომავალ .სიგმოიდურ ვენებს – vv. sigmoideae. ჯორჯლის ქვემო ვენა მდებარეობს რეტროპერიტონეულად, მიემართება ზემოთ, წარმოქმნის მცირე რკალს, რომელიც გამოდრეკილობით მარცხნივაა მიმართული. ჯორჯლის ქვემო ვენა ღებულობს კოლინჯის მარცხენა ვენას – v. colica smistra, გადაიხრება მარჯვნივ, გაივლის პანკრეასის ქვეშ და უერთდება ელენთის ვენას. ზოგჯერ ჯორჯლის ქვემო ვენა უშუალოდ ერთვის კარის ვენას.
2. ჯორჯლის ზემო ვენა – v. mesenterica superior სისხლს კრებს წვრილი ნაწლავიდან და მისი ჯორჯლიდან, ბრმა ნაწლავიდან და ჭიანაწლავიდან, ასწვრივი და განივი კოლინჯიდან და ჯორჯლის ლიმფური კვანძებიდან. ჯორჯლის ზემო ვენის ღერო მდებარეობს თანამოსახელე არტერიის მარჯვნივ და თავისი ტოტებით მიყვება არტერიის მთელ დატოტიანებას. ჯორჯლის ზემო ვენა იწყება თეძო – ბრმა ნაწლავის კუთხის მიდამოში, სადაც მას თეძო - კოლინჯის ვენა – V. ileocolica ეწოდება. თეძო – კოლინჯის ვენა – v. ileocolica, სისხლს კრებს თეძოს ნაწლავის ბოლო ნაწილიდან, ჭიანაწლავიდან და ბრმა ნაწლავიდან. თეძოს – კოლინჯის ვენა მიემართება ზემოთ და მარცხნივ და უშუალოდ გრძელდება ჯორჯლის ზემო ვენაში. ჯორჯლის ზემო ვენა მდებარეობს წვრილი ნაწლავის ჯორჯლის ფესვში; იგი წარმოქმნის რკალს და ღებულობს ვენებს. ესენია: ა) მლივი და თეძოს ნაწლავის ვენები – vv. jejunales et ilei, რომელთა რაოდენობა 16 – 20-მდეა, მიემართებიან წვრილი ნაწლავის ჯორჯლიდან, თავიანთი ტოტებით მიყვებიან წვრილი ნაწლავის არტერიის ტოტებს; ნაწლავის ვენები ერთვიან ჯორჯლის ზემო ვენას; ბ) კოლინჯის მარჯვენა ვენები – vs. colicae dextrae, მიემართებიან რეტროპერიტონეულად, ასწვრივი კოლინჯიდან და ქმნიან ანასტომოზს თეძო – კოლინჯისა და კოლინჯის შუა ვენებთან; გ) კოლინჯის შუა ვენა – v. colica media, მდებარეობს განივი კოლინჯის ჯორჯლის ფურცლებს შორის; იგი კრებს სისხლს ღვიძლის ნაკეციდან და განივი კოლინჯიდან – colon transversum. კოლინჯის შუა ვენა კოლინჯის მარცხენა ნაკეცის – flexura coli sinistra მიდამოში ქმნის ანასტომოზს კოლინჯის მარცხენა ვენასთან – v. colica sinistra; დ) კუჭ – ბადექონის მარჯვენა ვენა – v. gastroepiploica dextra, მიყვება თანამოსახელე არტერიას კუჭის დიდი სიმრუდის – Curvatura ventriculi major გასწვრივ; მასში ჩაედინებს სისხლი კუჭიდან კუჭის ვენებით – vv. gastricae, და დიდი ბადექონიდან - ბადექონის ვენებით – vv. epiploicae; პილორუსის დონეზე იგი ერთვის ჯორჯლის ზემო ვენას. ჩართვამდე კი ღებულობს პანკრეასისა და პანკრეას – თორმეტგოჯას ვენებს – vv. pancreaticoduodenales, რომლებსაც სისხლის მოაქვთ თორმეტოგოჯა ნაწლავიდან და პანკრეასიდან.
3. ელენთის ვენას – v. Uenalis, სისხლი მოაქვს ელენთიდან, კუჭიდან, პანკრეასიდან და დიდი ბადექონიდან. იგი წარმოიქმნება ელენთის კარის მიდამოში, მრავალრიცხოვანი ელენთის ვენებით – vv. lienales. აქ ელენთის ვენა ღებულობს: კუჭ – ბადექონის მარცხენა ვენას – v. gastroepiploica sinistra, რომელიც მიყვება თანამოსახელე არტერიას და კრებს სისხლს კუჭიდან, დიდი ბადექონიდან, და კუჭის მოკლე ვენებს – vv. gastricae breves, – კუჭის ძირის – Fundus ventriculi მიდამოდან. ელენთის კარიდან ელენთის ვენა მიემართება მარჯვნივ, პანკრეასის ზემო კიდის გასწვრივ, თავსდება თანამოსახელე არტერიის ქვემოთ. იგი გადაკვეთს აორტის წინა ზედაპირს, ერთვის ჯორჯლის ზემო ვენას და წარმოქმნის კარის ვენას. ელენთის ვენა ღებულობს: პანკრეასის ვენებს – vv. pancreaticae, და პანკრეასის თავის მიდამოში – თორმეტგოჯა ნაწლავის ვენებს. გარდა აღნიშნული ვენებისა, რომლებიც წარმოქმნიან კარის ვენას, უშუალოდ მის ღეროს უერთდებიან შემდეგი ვენები: ა) პანკრეას – თორმეტგოჯას ვენები – Vv. pancreaticoduodenales; ბ) პანკრეასის ვენები – Vv. pancreaticae; გ) პილორუსისწინა ვენა – v. prepylorica, რომელიც იწყება პილორუსის ნაწილის მიდამოში და ახლავს კუჭის მარჯვენა არტერიას; დ) კუჭის ვენები – v. gastrica sinistra et v. gastrica dextra, რომლებიც მიემართებიან კუჭის მცირე სიმრუდის გასწვრივ, თანამოსახელე არტერიებთან ერთად. პილორუსის მიდამოში მათ უერთდება პილორუსის ვენები, ხოლო კუჭის კარდიის ნაწილში – საყლაპავი მილის ვენები.
უშუალოდ ღვიძლის ნივთიერებაში კარის ვენა ღებულობს ერთ მსხვილ და მრავალ წვრილ ვენას: ნაღვლის ბუშტის ვენას – v. cystica, კარის ვენის კედლებიდან გამომავალ ვენებს, ღვიძლის არტერიებსა და სადინრებს, ასევე შუასაძგიდიდან გამომავალ ვენებს. კარის ვენა უერთდება მუცლის წინა კედლის ვენებს პარაუმბილიკალური [ჭიპისახლო] ვენებით – Vv. paraumbilicales. ჭიპისახლო ვენები დასაბამს ღებულობენ მუცლის წინა კედელში, ჭიპის ირგვლივ, სადაც ქმნიან ანასტომოზს ზედაპირულ და ღრმა ზემო და ქვემო ეპიგასტრული ვენების ტოტებთან. ჭიპისახლო ვენები მიყვებიან ღვიძლის მრგვალ იოგს ღვიძლისაკენ, უერთდებიან ერთმანეთს და წარმოქმნიან ერთ ღეროს, ან რამოდენიმე ტოტით ერთვიან კარის ვენას.
გვერდ–სტატიის მომზადებაზე მუშაობდნენ: ლალი დათეშიძე (1997 წლიდან), არჩილ შენგელია, ლევან შენგელია, (1998 წლიდან), მანანა კიკნაძე (2006 წლიდან), ამირან დათეშიძე (2006 წლიდან), ვასილ შენგელია (2006 წელს), თამარ პაპავა (2008 წლიდან). 2008 წლის რედაქცია მოამზადა მანანა კიკნაძემ.
Viewed 2559 times by 1100 viewers
ლალი დათეშიძე
ადამიანის ნორმალური ანატომია. ხერხემლის ვენები
ხერხემლის ვენები ხერხემლის სვეტის გარეთა და შიგნითა ზედაპირებზე წარმოქმნიან ვენურ წნულებს.
1. ხერხემლის გარეთა ვენური წნულები – plexus venosi vertehrales externi, მდებარეობს ხერხემლის სვეტის წინა და უკან ზედაპირებზე. ამიტომ არჩევენ: ა) ხერხემლის გარეთა წინა წნულებს – plexus venosi vertehrales externi anteriores, რომლებიც კრებენ სისხლს მალების სხეულების წინა ნაწილებიდან, წინა გასწვრივი იოგიდან – Lig. longitudinale anterius და მიმდებარე კუნთებიდან (კისრის ღრმა კუნთები); ბ) ხერხემლის გარეთა უკანა წნულები – plexus venosi vertebrates externi posleriores, მდებარეობს განივი და წვეტიანი მორჩების რკალების უკანა ზედაპირებზე; ეს წნულები კრებენ სისხლს ზურგის ღრმა კუნთებიდან და კანიდან, და მალებიდან.

2. ხერხემლის შიგნითა ვენური წნულები – plexus venosi vertebrates interni, მდებარეობს ხერხემლის არხში – Canalis vertebralis, მისი ძვლოვანი კედლების შიგნითა ზედაპირზე, ტვინის მაგარი გარსის გარეთ; წარმოქმნის: ა) ხერხემლის შიგნითა წინა წნულებს და ხერხემლის შიგნითა უკანა წნულებს. ამასთან, წინა წნულები წარმოქმნილია შედარებით მსხვილი ვენებით, ხოლო უკანა წნულები – შედარებით წვრილით. ისინი განლაგებულნი არიან კეფის ხვრელიდან გავის არხის ბოლო კიდემდე. წინა და უკანა ვენური წნულები დაკავშირებულნი არიან განივი ანასოტომოზებით, რომლებიც თითოეული მალის დონეზე ქმნიან ვენურ რგოლს. გარდა ამისა, ხერხემლის შიგნითა უკანა წნულებს აქვთ კავშირი ხერხემლის გარეთა უკანა ვენურ წნულებთან, ხოლო შიგნითა წინა წნულებს – გარეთა წინა წნულებთან. ეს წნულები აგროვებენ სისხლს მალებიდან და შიგნითა იოგებიდან და კეფის დიდი ხვრელის დონეზე უკავშირდებიან კეფის ვენურ სინუსსა და ძირითად ვენურ წნულს.
3. ხერხემლის ძირითადი ვენები მიემართებიან ღრუბლისებრი ნივთიერების (დიპლოეს) არხებში, მალების სხეულების უკანა ზედაპირების მიმართულებით და ერთვიან ხერხემლის შიგნითა წინა ვენურ წნულებს – plexus venosus vertebralis internus anterior. ხერხემლის შიგნითა ვენური წნულები უკავშირდებიან ხერხემლის გარეთა წინა ვენურ წნულებს მალთაშუა ხვრელების მეშვეობით: ხერხემლის ვენებს – კისრის ნაწილში, ნეკნთაშუა ვენებს – ხერხემლის გულმკერდის ნაწილში და წელის ვენებს – წელის ნაწილში. ხერხემლის წნულები უერთდებიან ზურგის ტვინის ვენებს – vv. spinales, რომლებიც ზურგის ტვინის რბილ გარსში არიან მოთავსებულნი. სისხლი ზურგის ტვინიდან და ხერხემლის წნულებიდან გაედინება: მალთაშუა ტოტებით – vv. intervertebrales, ან უშუალოდ – vv. vertebrales, vv. intercostales, vv. lumbales, vv. sacrales laterales.
გვერდ–სტატიის მომზადებაზე მუშაობდნენ: ლალი დათეშიძე (1997 წლიდან), არჩილ შენგელია, ლევან შენგელია, (1998 წლიდან), მანანა კიკნაძე (2006 წლიდან), ამირან დათეშიძე (2006 წლიდან), ვასილ შენგელია (2006 წელს), თამარ პაპავა (2008 წლიდან). 2008 წლის რედაქცია მოამზადა მანანა კიკნაძემ.
Viewed 2823 times by 1231 viewers
ლალი დათეშიძე
ადამიანის ნორმალური ანატომია. ნეკნთაშუა ვენები Venae intercostales; Intercostal veins
ნეკნთაშუა წინა და უკანა ვენები – vv. intercostales anteriores et posteriores - მარჯვენა და მარცხენა – თავისი ტოტებით მიყვებიან ნეკნთაშუა არტერიების ტოტებს. ნეკნთაშუა წინა ვენები – vv. intercostales anteriores მოთავსებულნი არიან ზემო 9 – 10 ნეკნთაშუა სივრცეში – Spatium intercostale და უერთდებიან გულმკერდის შიგნითა მარჯვენა და მარცხენა ვენას – v. thoracica interna dextra et sinistra.

ნეკნთაშუა უკანა ვენები – vv. intercostales posteriores განლაგებულნი არიან თითოეულ ნეკნთაშუა სივრცეში, ნეკნთაშუა შიგნითა და გარეთა კუნთებს შორის. აქ თითოეული ნეკნთაშუა ვენა ნეკნთაშუა არტერიასთან და ნეკნთაშუა ნერვთან – n. intercostalis, ერთად წარმოქმნის ნეკნთაშუა ნერვულ – სისხლძარღვოვან კონას. XII ნეკნის ქვემო კიდის გასწვრივ მიმავალ ვენურ სისხლძარღვს ნეკნქვეშა ვენა – v. subcostalis ეწოდება. ვენები, რომლებსაც სისხლის გამოაქვთ ზედა ნეკნთაშუა სივრცეებიდან, ერთდებიან და წარმოქმნიან ნეკნთაშუა ზემო მარჯვენა და მარცხენა ვენებს – vv. intercostales superiores dextra et sinistra.
ნეკნთაშუა ზემო მარჯვენა ვენა – v. intercostalis superior dextra, სისხლს კრებს 3 ზემო ნეკნთაშუა სივრციდან (I – III) და ერთვის კენტ ვენას.
ნეკნთაშუა ზემო მარცხენა ვენას – v. intercostalis superior sinistra სისხლი გამოაქვს პირველი ნეკნთაშუა სივრციდან და ერთვის მარცხენა მხარ – თავის ვენას. 9 – 10 ნეკნთაშუა ზემო უკანა ვენები – vv. intercostales posteriores, წინა ნეკნთაშუა მიდამოში უერთდებიან ნეკნთაშუა წინა ვენებს – vv. intercostales anteriores, დანარჩენი ნეკნთაშუა უკანა ვენები და ნეკნქვეშა ვენა არ უერთდება გულმკერდის შიგნითა ვენას. თითოეული ნეკნთაშუა უკანა ვენა უკანა ნეკნთაშუა არეში ღებულობს: დორსალურ ვენებს – vv. dorsales, რომლებსაც სისხლი მოაქვთ ზურგის კუნთებიდან და კანიდან, ხერხემლის ვენური წნულიდან – plexus venosi vertebrales - მალთაშუა ტოტით – v. intervertebralis, და ზურგის ტვინისა და მისი გარსებიდან – ზურგის ტვინის ტოტებით – rr. spinales.
ნეკნთაშუა უკანა მარჯვენა ვენები – vv. intercostales posteriores dextrae, და მარჯვენა ნეკნქვეშა ვენა – v. subcostalis dextra, ერთვიან კენტ ვენას – v. azygos.
ნეკნთაშუა უკანა მარცხენა ვენებს – vv. intercostales posteriores sinistrae, ასევე მარცხენა ნეკნქვეშა ვენას – v. subcostalis sinistra, სისხლი მოაქვთ ნახევრად კენტ ვენაში – v. hemiazygos. დანარჩენი ნეკნთაშუა უკანა ვენები ერთვიან დამატებით ნახევრად კენტ ვენას – v. hemiazygos accessoria. გარდა ამისა, ზედა ნეკნთაშუა სივრცეებიდან სისხლი გაედინება ნეკნთაშუა ზემდებარე მარჯვენა და მარცხენა ვენებში – vv. intercostales supremae dextra et sinistra.
ნეკნთაშუა ზემდებარე მარცხენა ვენა – v. intercostalis suprema sinistra, სისხლს კრებს 3 – 4 ნეკნთაშუა ზემო ვენებიდან და ერთვის კენტ ვენას – v. azygos, ან ნახევრად კენტ ვენას – v. hemiazygos.
ნეკნთაშუა ზემდებარე მარჯვენა ვენა – v. intercostalis suprema dextra, სისხლს კრებს 2 – 3 ნეკნთაშუა ზემო ვენებიდან და ერთვის მარჯვენა მხარ – თავის ვენას – v. brachiocephalica dextra, იშვიათად - კენტ ვენას – v. hemiazygos.
გვერდ–სტატიის მომზადებაზე მუშაობდნენ: ლალი დათეშიძე (1997 წლიდან), არჩილ შენგელია, ლევან შენგელია, (1998 წლიდან), მანანა კიკნაძე (2006 წლიდან), ამირან დათეშიძე (2006 წლიდან), ვასილ შენგელია (2006 წელს), თამარ პაპავა (2008 წლიდან). 2008 წლის რედაქცია მოამზადა მანანა კიკნაძემ.
Viewed 1724 times by 685 viewers


