Posts Tagged ‘ყური’
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი
ყურის მექანიკური ტრავმა – ყურის დაზიანების განსაკუთრებით ხშირი სახე. დაზიანების ხასიათი დამოკიდებულია ტრავმის ინტენსივობაზე. შესაძლებელია დაზიანდეს არა მხოლოდ გარეთა ყური, არამედ შუა და შიგნითა ყურიც (ქალას ფუძის მოტეხილობა). სიმპტომები, მიმდინარეობა. ყურის ნიჟარის გაჭყლეტა არაიშვიათად რთულდება ოტჰემატომით. შედარებით ძლიერი ტრავმების დროს ხდება ყურის ნიჟარის მოწყვეტა და გასრესა. ძლიერი ტრავმის დროს აღინიშნება პირამიდის სიგრძივი და განივი მოტეხილობა. პირამიდის სიგრძივ მოტეხილობას გარდა ზოგადი სიმპტომებისა ახლავს დაფის აპკის, გარეთა სასმენი მილის ზედა კედლის კანის გაგლეჯა, სისხლდენა ყურიდან და ლიქვორეა; სახის ნერვი, როგორც წესი, არ ზიანდება, ვესტიბულური აპარატის ფუნქცია შენახულია, სმენა დაქვეითებულია. საფეთქლის ძვლის პირამიდის განივი მოტეხილობა მიმდინარეობს ლაბირინთის დაზიანებით და, როგორც წესი, სახის ნერვის. ამასთან სმენის და ვესტიბულური ფუნქცია თითქმის ყოველთვის გამოთიშულია. დაფის აპკის მთლიანობა არ ირღვევა, გარეთა სასმენი მილიდან სისხლდენა არ აღინიშნება. ძვლოვანი დაზიანებების ხასიათს ადგენენ ქალას რენტგენოლოგიური გამოკვლევით. მკურნალობა. ყურის ნიჟარის მცირედი სისხლჩაქცევების და ნაკაწრების დროს – 5% – იანი იოდის ხსნარის წასმა და ასეპტიკური ნახვევი. ოტჰემატომის მკურნალობა: ყურის ნიჟარების გასრესისა და მოწყვეტის დროს – პირველადი ქირურგიული დამუშავება, ნაკერების ჭრილობის კიდეებზე ნახვევი. შეჰყავთ ტეტანუსის საწინააღმდეგო შრატი და ანატოქსინი, ჩვენების მიხედვით ინიშნება ანტიბიოტიკები, სულფანილამიდები, ფიზიოთერაპიული მკურნალობა. ქირურგიულ ჩარევას მიმართავენ შესაბამისი ჩვენებით.
ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა
Viewed 1832 times by 229 viewers


