ღვიძლის ციროზი

ღვიძლის ციროზი
არჩილ შენგელია, ლალი დათეშიძე

ღვიძლის ციროზი – ქრონიკული პროგრესირებადი დაავადება, რომელიც ხასიათდება როგორც პარენქიმის, ასევე ორგანოს სტრომის დაზიანებით, ღვიძლის უჯრედების დისტროფიით, შემაერთებელი ქსოვილის განვითარებით, ღვიძლის წილოვანი სტრუქტურისა და სისხლძარღვოვანი სისტემის დიფუზური  გარდაქმნით, ღვიძლისა და ელენთის რეტიკულოენდოთელური ელემენტების ჰიპერპლაზიითა და კლინიკური სიმპტომებით, რომლებიც ასახავენ ღვიძლშიგა პორტულ ტრაქტებში სისხლის მიმოქცევის, ნაღვლგამოყოფის, ნაღვლდენის დარღვევებს, ღვიძლის ფუნქციონალურ დარღვევებს, ჰიპერსპლენიზმის ნიშნებს; აღინიშნება უპირატესად მამაკაცებში, საშუალო და ხანდაზმულ ასაკში.

ეტიოლოგია

ციროზი შესაძლოა განვითარდეს ვირუსული ჰეპატიტის შემდეგ, კვების უკმარისობის შედეგად (განსაკუთრებით ცილების, ვიტამინების დეფიციტით), ნივთიერებათა ცვლის მოშლისას (შაქრიანი დიაბეტი, თირეოტოქსიოზი), ქრონიკული ალკოჰოლიზმის დროს; ასევე ქოლესტაზის ნიადაგზე სანაღვლე სადინრების ხანგრძლი ზეწოლის დროს ან მათი  დაცობისას;
ტოქსიკური ან ტოქსიკურ – ალერგიული ჰეპატიტების შედეგად; კონსტიტუციურ – ოჯახური წინასწარგანწყობით; ღვიძლის ქრონიკული ინტოქსიკაცით, შემდგომი ანთებითი რეაქციით (ჰემოქრომატოზი, ჰეპატოცერებრალური დისტროფია); ქრონიკული ინფექციის, ზოგჯერ პარაზიტული ინვაზიის ფონზე. გამოყოფენ ღვიძლის პირველად ციროზებს, ასევე ციროზებს, რომლის დროსაც ღვიძლის დაზიანება წარმოადგენს მხოლოდ ერთ – ერთ გამოვლინებას დაავადების ზოგად კლინიკაში: ტუბერკულოზის, ბრუცელოზის, სიფილისის, ენდოკრინული დაავადებების, ასევე ზოგიერთი ინტოქსიკაციების, კოლაგენოზების დროს.

პათოგენეზი

ღვიძლის ქსოვილის უშუალო დაზიანება ინფექციური ან ტოქსიკური ფაქტორებით..  ციროზის ნებისმიერი სახის დროს ვითარდება ჰეპატოციტების დისტროფია და ნეკრობიოზი, აღინიშნება გამოხატული მეზენქიმური რეაქცია, შემაერთებელი ქსოვილის ზრდა, რის შედეგადაც ირღვევა ღვიძლის წილოვანი სტრუქტურა, ღვიძლშიგა სისხლმიმოქცევა, ლიმფის მიმოქცევა, ნაღვლის გამოდენა. ღვიძლშიგა სისხლმიმოქცევის მოშლა იწვევს ჰიპოქსიას და აძლიერებს დისტროფიულ ცვლილებებს ღვიძლის პარენქიმაში.
დამახასიათებელია აგრეთვე ჰეპატოციტების კვანძოვანი რეგენერაცია. მორფოლოგიური და კლინიკური ნიშნების მიხედვით გამოყოფენ პორტალურ, პოსტნეკროზულ, ბილიარულ, შერეულ ციროზებს; პროცესის აქტიურობის მიხედვით – აქტიურ, პროგრესირებად და არააქტიურს; ფუნქციური დარღვევების ხარისხის მიხედვით – კომპენსირებულსა და დეკომპენსირებულს. განასხვავებენ აგრეთვე წვრილ – და მსხვილკვანძოვან ციროზებს და მის შერეულ ვარიანტს.

სიმპტომები, მიმდინარეობა

ღვიძლის ზომების გადიდება ან შემცირება, მისი გამკვრივება, თანმხლები სპლენომეგალია, პორტული ჰიპერტენზიის სიმპტომები, სიყვითლე. ხშირია ყრუ ხასიათის ტკივილი ღვიძლის არეში, რომელიც ძლიერდება დიეტის დარღვევისას და ფიზიკური მუშაობის შემდეგ; დისპეფსიური მოვლენები, კანის ქავილი, რაც განპირობებულია ქსოვილებში ნაღვლის მჟავების დაგროვებით. ავადმყოფის დათვალიერებით ვლინდება ციროზისათვის დამახასიათებელი, ღვიძლისმიერი სისხლძარღვოვანი ტელეანგიექტაზიები (,,ვარსკვლავები”) სხეულის ზედა ნახევარში, ხელისგულების ერითემა, ,,გალაქული ჟოლოსფერი ენა”.
ხშირია აგრეთვე ქსანთომები, დოლის ჩხირისებრი თითები, მამაკაცებში გინეკომასტია, წვერის ზრდის შეჩერება ნიკაპზე და იღლიის ქვეშა ფოსოებში. ხშირად ვლინდება ანემია, ლეიკო – და თრომბოციტოპენია, ედს – ის მომატება, ჰიპერბილირუბინემია, განსკუთრებით ბილიარული ციროზის დროს. სიყვითლის დროს შარდში ვლინდება ურობილინი, ბილირუბინი, განავალში სტერკობილინის შემცველობა შემცირებულია. აღინიშნება ჰიპერგლობულინემია, დალექვის მაჩვენებლების ცვლილებები.

პოსტნეკროზული ციროზი

პოსტნეკოზული ციროზი ვითარდება ჰეპატოციტების ვრცელი ნეკროზის შედეგად. ღვიძლი ზომიერად გადიდებული ან შემცირებულია, დამახასიათებელია ღვიძლის უკმარისობის ნიშნები, სისუსტე, შრომისუნარიანობის დაქვეითება; სისხლში ვლინდება ჰიპოპროტეინემია, ჰიპოფიბრინოგენემია, ჰიპოპროთრომბინემია, ხშირია დიათეზი/”>ჰემორაგიული დიათეზის ნიშნები.

პორტული ციროზი

პორტული ციროზი წარმოიქმნება ვირუსული ჰეპატიტის შემდეგ, ალკოჰოლიზმის შედეგად, კვების უკმარისობის, იშვიათად სხვა მიზეზების გამო; მისი თავისებურებაა ღვიძლში შემაერთებელქსოვილოვანი ძგიდეების მასიური ზრდა, სისხლმიმოქცევის შეფერხება კარის ვენის ღვიძლშიგა განტოტებებში. სიმპტომებს განსაზღვრავს პორტული ჰიპერტენზია; ვითარდება ასციტი, ჰემოროიდალური წნულის ვენების ვარიკოზული გაფართოება, საყლაპავის ვენების და კუჭის კარდიალური ნაწილის, ასევე კანქვეშა ჭიპის ირგვლივი ვენებისა, რომლებიც გადიან ჭიპის რგოლიდან სხვადასხვა მიმართლებით (,,მედუზას თავი”). სიყვითლე და ლაბორატორიულ – ბიოქიმიური ცვლილებები წარმოიქმნება შედარებით გვიან პერიოდში. განსაკუთრებით ხშირი გართულებაა პროფუზული სისხლდენა საყლაპავ – კუჭიდან და განმეორებითი ჰემოროიდული სისხლდენები.

ბილიარული ციროზი

ბილიარული ციროზი წარმოიქმნება ხანგრძლივი ქოლესტაზის შედეგად და ვლინდება ადრე განვითარებული სიყვითლით, ჰიპერბილირუბინემიით, კანის ქავილით, ტემპერატურის მომატებით, შემცივნებით. სისხლის შრატში მატულობს ტუტე ფოსფატაზა და ქოლესტერინი, ასევე ალფა – და ბეტაგლობულინები. შერეული ციროზი გვხვდება განსაკუთრებით ხშირად, ახასიათებს ციროზის ყველა სამი ზემოთ აღწერილი ფორმებისათვის დამახასიათებელი კლინიკურ – ლაბორატორიული გამოვლინებები.

კომპენსირებული ციროზი

კომპენსირებული ციროზი ხასიათდება ავადმყოფთა დამაკმაყოფილებელი ზოგადი მდგომარეობით და ციროზისათვის დამახასიათებელი კლინიკურ – ლაბირატორიულ – მორფოლოგიური ცვლილებების დროს – ღვიძლის ძირითადი ფუნქციების შენარჩუნებით. ღვიძლის დეკომპენსირებული ციროზი ვლინდება საერთო სისუსტით, სიყვითლით, პორტული ჰიპერტენზიით, ჰემორაგიული მოვლენებით, ლაბორატორიული ცვლილებებით, რომლებიც მოწმობენ ღვიძლის ფუნქციონალური უნარის დაქვეითებას.

არააქტიური ციროზი

არააქტიური ციროზის დროს დაავადების მიმდინარეობა ნელა პროგრესირებადია (მრავალი წლები); ხშირია ხანგრძლივი რემისიის პერიოდები ავადმყოფთა დამაკმაყოფილებელი საერთო მდგომარეობის შენარჩუნებით, ნორმასთან ახლოს მდგომი ღვიძლის სინჯებით. აქტიური ციროზის დროს დაავადება სწრაფად პროგრესირებს (რამდენიმე წელი), მნიშვნელოვნადაა გამოხატული პროცესის აქტიურობის ლაბორატორიული გამოვლინებები (ცხელება, ჰიპერგლობულინემია, ედს – ის მომატება, ცილოვანი დალექვის რეაქციების გადახრები).
ცხოვრების არარეგლამენტირებული წესი, დიეტის სისტემატული დარღვევა, ალკოჰოლური სასმელების ჭარბი გამოყენება ხელს უწყობს პროცესის აქტივაციას. დაავადების ტერმინალური პერიოდი ხასიათდება ღვიძლის ფუნქციური უკმარისობის ნიშნების პროგრესირებით, ღვიძლის კომის განვითარებამდე.

პროგნოზი

პროგნოზი აქტიური ციროზის დროს არაკეთილსაიმედოა, რამდენადმე უკეთესია არააქტიურის, კომპენსირებულის დროს. მეორადი ბილიარული ციროზის დროს პროგნოზი დამოკიდებულია იმ მიზეზებზე, რომლებიც იწვევენ ნაღვლის სადინრის დაცობას; ავადმყოფთა პროგნოზი უარესდება სისხლდენისა – ს საყლაპავის ვარიკოზულად გაფართოებული ვენებიდან და კუჭიდან;
ასეთი ავადმყოფები ცოცხლობენ არა უმეტეს 1 – 1,5 წელი და ხშირად იღუპებიან განმეორებითი სისხლდენისას. აქტიური დეკომპენსირებული ციროზის დროს მკურნალობა სტაციონარულია. 

მკურნალობა

საყლაპავის ვარიკოზულად გაფართოებული ვენებიდან სისხლდენისას ნაჩვენებია სასწრაფო ჰოსპიტალიზაცია ქირურგიულ სტაციონარში; არააქტიური ციროზის დროს აუცილებელია ექიმის მეთვალყურეობა, დიეტა, რეგულარული კვება, ფიზიკური დატვირთვების შეზღუდვა. იკრძალება ალკოჰოლური სასმელები. სასარგებლოა წელიწადში 2 – ჯერ ვიტამინოთერაპიის კურსები, მკურნალობა სირეპარით, ესენციალე. პორტული ციროზის დროს  პორტული სისტემის განტვირთვის მიზნით  ახორციელებენ ქირურგიული გზით პორტოკავალურ ან სპლენორენალურ ანასტომოზს.

დიაგნოსტიკა

დადგენა ხდება კლინიკური სურათის საფუძველზე, ლაბორატორიული გამოკვლევებით.

დიფერენციალური დიაგნოზი

ტარდება სხვა ქრონიკულ ჰეპატოპათიებთან (ქრონიკული ჰეპატიტი, ჰემოქრომატოზი და სხვ.), დაავადების კლინიკურ – მორფოლოგიური ფორმის დაზუსტება ხდება ბიოფსიით, ექოგრფიითა და სკანირებით.
რენტგენოლოგიური გამოკვლევა ბარიუმის სულფატით ავლენს საყლაპავის ვენების ვარიკოზულ გაფართოებას, რაც განსაკუთრებით დამახასიათებელია პორტული და შერეული ციროზისათვის. საეჭვო შემთხვევებში იყენებენ ლაპარასკოპიას, სპლენოპორტოგრაფიას, კომპიუტერულ ტომოგრაფიას.

პროფილაქტიკა

ვირუსული ჰეპატიტის პროფილაქტიკა, რაციონალური კვება, ბრძოლა ალოჰოლიზმთან. ქრონიკული ჰეპატიტებისა და ქოლესტაზით მიმდინარე დაავადებების დროული მკურნალობა.

ღვიძლის ციროზილალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას პოსტის FB-პრეზენტაცია გვანცა მჭედლიძისგან

🩺 ღვიძლის ციროზი – ქრონიკული პროგრესირებადი დაავადება, რომელიც ხასიათდება:
➡️ როგორც პარენქიმის, ასევე ორგანოს სტრომის დაზიანებით;
➡️ ღვიძლის უჯრედების დისტროფიით;
➡️ ღვიძლის წილოვანი სტრუქტურისა და სისხლძარღვოვანი სისტემის დიფუზური გარდაქმნით;
➡️ ღვიძლისა და ელენთის რეტიკულოენდოთელური ელემენტების ჰიპერპლაზიით
🔎 ციროზი შესაძლოა განვითარდეს:
✔️ ვირუსული ჰეპატიტის შემდეგ;
✔️ კვების უკმარისობის შედეგად (განსაკუთრებით ცილების, ვიტამინების დეფიციტით);
✔️ ნივთიერებათა ცვლის მოშლისას (შაქრიანი დიაბეტი, თირეოტოქსიოზი);
✔️ ქრონიკული ალკოჰოლიზმის დროს;
✔️ ქოლესტაზის ნიადაგზე სანაღვლე სადინრების ხანგრძლი ზეწოლის დროს ან მათი დაცობისას;
👉 გაიგეთ მეტი ღვიძლის ციროზზე სტატიიდან –
#ციროზი #ღვიძლისციროზი #ციროზისგანვითარება #ციროზისმიზეზები #ციროზისნიშნები #ციროზისსიმპტომები #ციროზისდიაგნოსტიკა #ციროზისპროგნოზი #ციროზისშედეგები #ციროზისმკურნალობა #ციროზისტიპები #პოსტნეკროზულიციროზი #პორტულიციროზი #ბილიარულიციროზი #კომპენსირებულიციროზი #არააქტიურიციროზი #ციროზისპროფილაქტიკა #ლალიდათეშიძე #არჩილშენგელია #გვანცამჭედლიძე

გამოგვყევით სოციალურ ქსელებში : 1 , 2 ,  3 , 4 , 5 , 6 , 7 , 8 , 9 , 10

საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებები


ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

.