ახალშობილთა სეფსისი

ახალშობილთა სეფსისი

ახალშობილთა სეფსისი განსაკუთრებით ხშირია დღენაკლულ ბავშვებში.

ეტიოლოგია, პათოგენეზი

გამომწვევია სხვადასხვა პათოგენური და პირობით-პათოგენური მიკროორგანიზმები.
ნაყოფისა და ახალშობილის დაინფიცირება შესაძლებელია მოხდეს ანტე-, ინტრა – და პოსტნატალურ პერიოდებში.
სეფსისის განვითარებაში დიდ როლს ასრულებს დედებში მწვავე და ქრონიკული ინფექციური დაავადებები, სხვადასხვა სამეანო ჩარევები, ხანგრძლივი უწყლო პერიოდი, ენდომეტრიტი, ჩირქოვან-ანთებითი კერები და სხვ.


საქონელი ბავშვებისათვის გამოწერით

  1. სათამაშოები და საჩუქრები ბავშვებისათვის
  2. ტანსაცმელი და ფეხსაცმელები ბავშვებისათვის
  3. ბავშვის მოვლის საშუალებები
  4. საიტები ბავშვების შესახებ 

წინასწარგანმწყობი ფაქტორებია მუცელშიგა ჰიპოქსია, ქალაშიდა სამშობიარო ტრავმა, ახალშობილის უმწიფარობა, ახალშობილის კანის დაზიანება სამეანო ოპერაციების დროს, ასევე ისეთი მანიპულაციები, როგორიცაა ინტუბაცია, ლავიწქვეშა და ჭიპის ვენების კათეტერიზაცია და სხვ.
პროცესის გენერალიზაციაში დიდ როლს ასრულებს ვირუსული ინფექცია.შეჭრის კარია კანის, ლორწოვანი გარსების ჭრილობითი დაზიანება, ჭიპის ჭრილობა და ჭიპის სისხლძარღვები, ასევე დაუზიანებელი კანი და ზედა სასუნთქი გზების, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ლორწოვანი გარსები.
მუცელშიგა სეფსისის დროს ინფექციის კერა ლოკალიზებულია პლაცენტაში ან ორსულის რომელიმე ორგანოში. არაიშვიათად პირველადი სეპტიკური კერისა და შეჭრის კარის დადგენა ვერ ხერხდება.
პროცესი შესაძლებელია მიმდინარეობდეს სეპტიცემიის ტიპით ან სეპტიკოპიემიით.
სეპტიცემია ხასიათდება ორგანიზმის ინტოქსიკაციით ლოკალური ჩირქოვან-ანთებითი კერების გარეშე, მაშინ როდესაც სეპტიკოპიემიის დროს ვლინდება პიემიური კერები (აბსცესები, ფლეგმონები, ოსტეომიელიტი, დესტრუქციული ტიპის პნევმონია პლევრალური გართულებებით, ჩირქოვანი მენინგიტი, ოტიტი და სხვ.).

კლინიკური სურათი

როგორც წესი, სეფსისი ახალშობილებში მიმდინარეობს მძიმედ. განასხვავებენ მწვავე (3-4 კვირის განმავლობაში), ქვემწვავე (1,5-3 თვის), გახანგრძლივებულ (3 თვეზე მეტხანს) და ელვისებურ მიმდინარეობას. შეჭრის კარის მიხედვით განასხვავებენ ჭიპისმიერ, კანის, ფილტვის, ნაწლავისმიერ, ოტოგენურ სეფსისს.
თუკი პათოლოგიური პროცესი ანტენატალურ პერიოდში წარმოიქმნება და ბავშვი უკვე დაიბადა ავადმყოფი, მისი მდგომარეობა მძიმეა: აღინიშნება წამოქაფება, ღებინება, ტემპერატურის მომატება, კანის მორუხო შეფერვა, არაიშვიათად პემფიგუსის ტიპის დერმატიტი, ჰემორაგიული გამონაყარი, სიყვითლე, შეშუპება, ექსკიკოზი, ღვიძლისა და ელეთის გადიდება, წონაში დაკლება, სანაყოფე წყლების მომწვანო შეფერვა; ან ბავშვი იბადება მკვდარი.
სეფსისი, რომელიც განვითარდა ინტრა – და პოსტნატალურ პერიოდში, ხშირად ხასიათდება დაავადების თანდათანობითი დაწყებით – საერთო მდგომარეობის გაუარესებით ბავშვის სიცოცხლის პირველ ან მეორე კვირაზე; აღინიშნება კანის სიფერმკრთალე, წამოქაფება, სუბფებრილური ტემპერატურა ან ჰიპოთერმია, სხეულის მასის მნიშვნელოვანი შემცირება, სიყვითლის გახანგრძლივება და გაძლიერება, ლორწოვან გარსებზე პიოდერმია.
აღინიშნება ჭიპის მუმიფიკაციის შეჩერება და გამონადენი, ომფალიტი, ხანგრძლივი სისხლდენა ჭიპის ჭრილობიდან, გვიანი ეპითელიზაციით, ინტერსტიციალური პნევმონია და სხვ.
კლინიკური სიმპტომების გაძლიერება ხშირად მიმდინარეობს ჭიპის სისხლძარღვების ირგვლივ მზარდი ცვლილებებით – მუცლის კედლის შეშუპება ან პასტოზურობა, კანის ჰიპერემია, კანქვეშა ვენური სისხლძარღვების ქსელის გაძლიერება, ჭიპის ვენის ან არტერიის გასქელება, სისხლდენა ჭიპის ჭრილობიდან.
თუკი სეპტიცემიის დროს სჭარბობს სიმპტომები ცენტრალური ნერვული სისტემის, სასუნთქი, გულ-სისხლძარღვთა სისტემების მხრივ, ასევე აღინიშნება გადახრები ჰომეოსტაზში, მაშინ სეპტიკოპიემია ხასიათდება სხვადასხვა პიემიური კერების არსებობით.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბავშვის სისხლიდან გამომწვევის გამოყოფა, მაგრამ არააუცილებელი სადიაგნოსტიკო კრიტერიუმია. პერიფერიულ სისხლში ხშირად აღინიშნება ანემია, ნეიტროფილური ლეიკოციტოზი, არაიშვიათად ლეიკოციტური ფორმულის მარცხნივ გადახრა; შარდში – გარდამავალი ალბუმინურია, ბაქტერიო – და ლეიკოციტურია.
დიაგნოზი ეყდნობა ინფიცირების ნიშნებს ანტე – და ინტრანატალურ პერიოდებში, ინფექციის რამდენიმე კერის არსებობას, ზოგადი სიმპტომების გამოხატულებას, ჰემოკულტურის ამოთესვას, დისგამაგლობულინემიას.

მკურნალობა

საჭიროა ავადმყოფთა სასწრაფო ჰოსპიტალიზაცია. სასურველია დედის რძით კვება. მძიმე შემთხვევებში ხსნარები შეჰყავთ პარენტერალურად.
განმეორებითი ასფიქსიის დროს ბავშვებში, რომელთაც აღენიშნებათ ღებინება, ნაწლავის პარეზი, რძის შეყვანამდე ან სითხის შეყვანამდე აწარმოებენ ლორწოს ამოქაჩვას ზედა სასუნთქი გზებდან, კუჭის ამორეცხვას.
განსაკუთრებული თერაპიული ეფექტი გააჩნია ფართო სპექტრის ანტიბიოტიკებს; მკურნალობა გრძელდება მყარი თერაპიული ეფექტის მიღწევამდე. საჭიროების მიხედვით ტარდება ადრეული ქირურგიული მკურნალობა. პროგნოზი სერიოზულია, ლეტალობა აღწევს 10-20%-ს.

პროფილაქტიკა

ორსულობის მიმდინარეობის კონტროლი, სათანადო რეჟიმის დაცვით, დაავადებების დროულად გამოვლენა; ინტრა – და პოსტნატალური ინფიცირების პროფილაქტიკა. პედიატრიული დაავადებები


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.