ჰერპესული ინფექცია

ჰერპესული ინფექცია

ჰერპესული ინფექცია დაავადება, რომელიც განპირობებულია მარტივი ვირუსით; ხასიათდება კანისა და ლორწოვანი გარსების დაზიანებით, ზოგჯერ შესაძლოა გამოიწვიოს თვალის, ნერვული სისტემისა და შინაგანი ორგანოების დაზიანებაც.

ჰერპესული ინფექცია – ეტიოლოგია, პათოგენეზი. გამომწვევი მიეკუთვნება ჰერპესის ჯგუფს, რომლებიც იყოფიან 6 ანტიგენურ ტაპად. განსაკუთრებით გავრცელებულია 1 ტიპი; მეორე ტიპის ვირუსს უკავშირებენ გენიტალური ჰერპესისა და ახალშობილთა გენერალიზებული ინფექციის წარმოშობას. ინფექციის კარია კანი და ლორწოვანი გარსები. ჰერპესის ვირუსები ორგანიზმში შეღწევის შემდეგ რჩება მთელი სიცოცხლის განმავლობაში ლატენტური ინფექციის სახით და ორგანიზმის დასუსტებისას შესაძლებელია გადავიდეს კლინიკურად გამოხატულ ფორმებში.

ჰერპესული ინფექცია – სიმპტომები, მიმდინარეობა. ინკუბაციური პერიოდი გრძელდება 2-12 დღე (ხშირად 4 დღე). გამოყოფენ შემდეგ კლინიკურ ფორმებს: 1. კანის ჰერპესული დაზიანება (ლოკალიზებული და გავრცელებული); 2. პირის ღრუს ჰერპესული დაზიანება; 3. მწვავე რესპირატორული დაავადება; 4. გენიტალური ჰერპესი; 5. თვალის ჰერპესული დაზიანება (ზედაპირული და ღრმა); 6. ენცეფალიტები და მენინგოენცეფალიტები; 7. ვისცერული ფორმები (ჰეპატიტი, პნევმონია); 8. ახალშობილთა გენერალიზებული ჰერპესი.

განსაკუთრებით ხშირია კანის ლოკალური ჰერპესული დაზიანებები, მათ ჩვეულებრივ თან ახლავთ რომელიმე სხვა დაავადება (მწვავე რესპირატორული დაავადება, მენინგოკოკური ინფექცია და სხვ.). ზოგადი სიმპტომები არ არსებობს ან შენიღბულია ძირითადი დაავადების გამოვლინებებით. ბუშტუკები ლოკალიზებულია პირის ირგვლივ, ტუჩებზე, ცხვირის ფრთებზე. ზოგ შემთხვევებში შესაძლებელია გავრცელებული ჰერპესული გამონაყარი. პირის ღრუს ლორწოვანის დაზიანება ჩვეულებრივ მიმდინარეობს აფთოზური ჰერპესული სტომატიტის სახით. გენიტალური ჰერპესი, რომელიც გადაეცემა სქესობრივი გზით, ხშირად მიმდინარეობს ნეკროზული ცერვიციტის, საშოსა და გარეთა სასქესო ორგანოების ჰერპესული დაზიანების სახით.

ეს ფორმა ხელს უწყობს საშვილოსნოს ყელის კიბოს, ორსულებში კი  წარმოადგენს გარკვეულ საშიშროებას ნაყოფისათვის. თვალების ჰერპესული დაზიანება ხშირად მიმდინარეობს რქოვანას ზედაპირული და ღრმა დაზიანებების სახით. დაავადება მიდრეკილია ხანგრძლივი მორეციდივე მიმდინარეობისადმი. შესაძლებელია გამოიწვიოს რქოვანას შემღვრევა. საკმაოდ მძიმედ მიმდინარეობს ჰერპესული ენცეფალიტები,  ხშირად მთავრდება ლეტალურად. ჰერპესის ვისცერული ფორმები ჩვეულებრივ წარმოიქმნება სხვადასხვა იმუნოდეპრესანტებით მასიური მკურნალობის ფონზე, ასევე შიდსით დაავადებულებში, ხშირად ვლინდება ჰეპატიტის, პნევმონიის, ენცეფალიტების სახით. ახალშობილთა გენერალიზებული ჰერპესი მიმდინარეობს ენცეფალიტის თანხლებით, კანისა და შინაგანი ორგანოების დაზიანებით და ანტივირუსული პრეპარატებით მკურნალობის გარეშე ხშირად მთავრდება ლეტალურად. ჰერპესული ინფექციის დიაგნოსტიკა იოლდება კანისა და ლორწოვანი გარსების დამახასიათებელი დაზიანების ნიშნებით. დიაგნოზის დაზუსტების მიზნით გამოიყენება ვირუსის გამოყოფა სხვადასხვა მასალიდან.

ჰერპესული ინფექცია – პროგნოზი საეჭვოა გენერალიზებული ჰერპესის დროს, ჰერპესული ენცეფალიტების დროს. თვალის დაზიანების დროს შესაძლებელია ხანგრძლივი, მორეციდივე მიმდინარეობა, რაც იწვევს შრომისუნარიანობის დარღვევას.

ინფექციური დაავადებები 

ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  • გაფრთხილება
  • დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  • დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.

.