მარბურგის ცხელება

 მარბურგის ცხელება

არჩილ შენგელიალალი დათეშიძე

მარბურგის ცხელება მწვავე ვირუსული დაავადება, რომელიც ხასიათდება მძიმე მიმდინარეობით, მაღალი ლეტალობით, ჰემორაგიული სინდრომით, ღვიძლის, კუჭ-ნაწლავისა და ცენტრალური ნერვული სისტემის დაზიანებით.

მარბურგის ცხელება – ეტიოლოგია, პათოგენეზი. ინფექციის წყაროა აფრიკული მწვანე მაიმუნები; ადამიანების დაინფიცირება ხდება ჰაერ-წვეთოვანი და კონტაქტური გზით. მედიცინის მუშაკთათვის გასკუთრებულ საშიშროებას წარმოადგენს კონტაქტი ავადმყოფთა სისხლთან. მისი მოხვედრა დაზიანებულ კანზე იწვევს დასნებოვნებას. ინფექციის შეჭრა შესაძლებელია აგრეთვე ლორწოვანი გარსებიდანაც. დამახასიათებელია ვირუსის ჰემატოგენური დისემინაცია. მისი გამრავლება შესაძლებელია სხვადასხვა ორგანოებსა და ქსოვილებში. ვირუსები ხანგრძლივად იმყოფება სისხლში, სპერმაში (12 კვირამდე). მორფოლოგიური ცვლილებები აღინიშნება ღვიძლში, თირკმელებში, ელენთაში, მიოკარდში, ფილტვებში.

მარბურგის ცხელება – სიმპტომები, მიმდინარეობა. ინკუბაციური პერიოდი გრძელდება 2-16 დღემდე. პროდრომული პერიოდი არ აღინიშნება. დაავადება იწყება მწვავედ, სხეულის ტემპერატურის მომატებით 39-40 გრადუსამდე, გამოხატული ზოგადი ინტოქსიკაციით (თავის ტკივილი, დამტვრეულობა, კუნთებისა და სახსრების ტკივილი); რამდენიმე დღის შემდეგ აღნიშნულ სიმპტომებს უერთდება ჰემორაგიული სინდრომი და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაზიანება; ვითარდება გაუწყლოვნება, ცნობიერების მოშლა. საწყის პერიოდში ავადმყოფები უჩივიან თავის ტკივილს, მჩხვლეტავ ტკივილს მკერდში, ხველას, სიმშრალეს ყელში. აღინიშნება ხახის ლორწოვანი გარსის ჰიპერემია, ენის წვერი და კიდეები წითელია; რბილ და მაგარ სასაზე, ენაზე წარმოიქმნება ვეზიკულები, რომლის გახსნისას ჩანს ზედაპირული ეროზიები; განსხვავებით ლასის ცხელებისაგან გამოხატული ნეკროზი არ აღინიშნება. მომატებულია კუნთების ტონუსი, განსაკუთრებით ზურგის, კისრისა და საღეჭი კუნთების; მე-3-4 დღიდან უერთდება შეტევითი ხასიათის ტკივილი მუცელში. განავალი თხიერია, ავადმყოფთა ნახევართან ვლინდება სისხლი განავალში ან სისხლდენის ნიშნები (მელენა). ფაღარათი აღენიშნება ყველა ავადმყოფს და გრძელდება დაახლოებით კვირის განმავლობაში, ღებინება შედარებით იშვიათია და გრძელდება 4-5 დღის განმავლობაში. დაავადების მე-4-5 დღეზე ჩნდება გამონაყარი, ხშირად წითელასებრი, რომელიც გავრცელებულია მთელს სხეულსა და კიდურებზე, შესაძლებელია კანის ქავილი. პირველი კვირის ბოლოსა და ზოგჯერ მე-2 კვირაზე ტოქსიკოზის ნიშნები აღწევენ მაქსიმალურ გამოხატულებას. ვლინდება დეჰიდრატაციის, ინფექციურ-ტოქსიკური შოკის სიმპტომები. ამ პერიოდში შესაძლებელია ლეტალური გამოსავალი. დიაგნოზი ეფუძნება ეპიდემიოლოგიურ მონეცემებსა და დამახასიათებელ კლინიკურ სიმპტომატიკას. ლაბორატორიული გამოკვლევების სპეციფიკური მეთოდები საშუალებას იძლევა გამოვავლინოთ ვირუსები ან ანტისხეულები.

მარბურგის ცხელება – მკურნალობა. ეტიოტროპული თერაპია შემუშავებული არ არის. ძირითადია პათოგენეტიკური თერაპია; ტარდება გაუწყლოვნების, ინფექციურ-ტოქსიკური შოკის და ჰემორაგიული სინდრომის საწინააღმდეგო ღონისძიებების კომპლექსი. მეორადი ბაქტერიული ინფექციის თანდართვისას ინიშნება ანტიბიოტიკები. პროგნოზი ყოველთვის სერიოზულია, ლეტალობა შეადგენს 30-90%-ს.

მარბურგის ცხელება – პროფილაქტიკა. საჭიროა ავადმყოფთა ჰოსპიტალიზაცია და მისი მკაცრი იზოლაცია ცალკე ბოქსში. ავადმყოფის მკურნალობისა და ლაბორატორიული გამოკვლევების ჩატარებისას იცავენ უსაფრთხოების ზომებს, რომელიც რეკომენდებულია განსკუთრებით საშიშ ინფექციებთან მუშაობისას. სპეციფიკური პროფილაქტიკა შემუშავებული არ არის.


  1. გაფრთხილება
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  3. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  4. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988

ინფექციური დაავადებები