საშვილოსნოს დისფუნქციური სისხლდენები

საშვილოსნოს დისფუნქციური სისხლდენებიამ ტერმინის ქვეშ იგულისხმება სისხლდენები, რომლებიც წარმოიქმნება საკვერცხეების მიერ სასქესო ჰორმონების რიტმული პროდუქციის დარღვევის შედეგად. განასხვავებენ სისხლდენას იუვენილურ ასაკში, შვილოსნობისა და კლიმაქტერულ პერიოდში.

გოგონებში სისხლდენა დაკავშირებულია ჰიპოთალამუს-ჰიპოფიზ-საკვერცხეების სისტემის ფუნქციის დარღვევებთან. შვილოსნობის პერიოდში დისფუნქციური სისხლდენები ხშირად განპირობებულია სასქესო ორგანოების ანთებითი პროცესებით, ხოლო კლიმაქტერულ პერიოდში – მენსტრუალური ფუნქციის დარღვევებით.

პათოგენეზი

საფუძვლად უდევს ოვულაციის პროცესის დარღვევები, როგორც ფოლიკულების პერსისტეციის ან ატრეზიის შედეგი. ამის შედეგად, ყვითელი სხეული არ წარმოიქმნება, არ ხდება ენდომეტრიუმის სეკრეტორული ტრანსფორმაცია.ესტროგენების ხანგრძლივი ზემოქმედება (ფოლიკულების ატრეზიის დროს) ან მათი მომატებული პროდუქცია (ფოლიკულის პერსისტეციის დროს) იწვევს ენდომეტრიუმის პროლიფერაციას. ეს ვლინდება პოლიპოზის განვითარებით ან ჯირკვლოვან-ცისტური ჰიპერპლაზიით. ორგანიზმში ესტროგენების კონცენტრაციის შემდგომი დაცემის გამო, ხდება ჰიპერპლაზიური ენდომეტრიუმის ჩამოშლა, რასაც თან ახლავს აციკლური სისხლდენები. სისხლდენა გრძელდება მანამ, სანამ მთელი ენდომეტრიუმი არ ჩამოიფრცქვნება (ზოგჯერ მრავალი დღისა და კვირის განმავლობაში).


♥  ქალის ჯანმრთელობის ,,ამაზონის” განყოფილება >>
ოჯახის დაგეგმვის ტესტები
ქალის მოვლის საშუალებები
მენოპაუზის დროს გამოსაყენებელი საშუალებები
მენსტრუალური ტკივილის შესამსუბუქებელი საშუალებები
ვიტამინები პრენატალური (მშობიარობის წინა) პეიოდისათვის
საფუარის სოკოთი გამოწვეული ინფექციების დროს გამოსაყენებელი საშუალებები

♦ როგორ გამოვიწეროთ ,,ამაზონიდან” >>
♦ Medgeo.net-ის ინტერნეტ-მარკეტი >>


სიმპტომები, მიმდინარეობა

დაავადება ხასიათდება მენსტრუაციის შეჩერებისა და სისხლდენების მონაცვლეობით. სისხლდენა სხვადასხვა ძალისა და ხანგრძლივობისაა. ხანგრძლივი და ძლიერი სისხლდენის დროს ვითარდება პოსტჰემორაგიული ანემია. გინეკოლოგიური გამოკვლევისას სისხლდენის გარეშე საშვილოსნო ჩვეულებრივი ზომის ან რამდენადმე უფრო დიდია; არაიშვიათად ვლინდება ერთი საკვერცხის ცისტური ცვლილებები. სისხლდენის გარეშე პერიოდში (დროებითი ამენორეის ფაზა) დიაგნოსტიკური მნიშვნელობა აქვს ფუნქციური დიაგნოსტიკის ტესტებს. ანოვულატორული ციკლისათვის დამახასიათებელია ესტროგენების მომატებული სეკრეციის ნიშნები; აღინიშნება მონოფაზური ბაზალური ტემპერატურა.

დიფერენციალური დიაგნოზი

ტარდება დაწყებით ან არასრულ აბორტთან, საშვილოსნოსგარე ორსულობასთან, საშვილოსნოს დანამატების ანთებასთან, საშვილოსნოს მიომასთან, საშვილოსნოს ენდომეტრიოზთან, სიმსივნურ დაავადებებთან (საშვილოსნოს ყელის, სხეულის) საკვერცხის ჰორმონურ-აქტიურ სიმსივნეებთან, სისხლის დაავადებებთან.

მკურნალობა

ითვალისწინებს ორ ძირითად ამოცანას: სისხლდენის შეჩერება და განმეორებითი სისხლდენების პროფილაქტიკა. სისხლდენის შეჩერება შესაძლებელია საშვილოსნოს გამოფხეკით და ჰორმონული პრეპარატების შეყვანით (ესტროგენები, პროგესტერონი, კომბინირებული ესტროგენულ-გესტაგენური პრეპარატები, ანდროგენები).

კლიმაქსის დროს, თუკი საშვილოსნოს გამოფხეკა ადრე არ ჩატარებულა, საჭიროა დავიწყოთ სწორედ ამ ოპერაციით, რათა გამოირიცხოს პირველ რიგში საშვილოსნოს კიბო. გოგონებში საშვილოსნოს გამოფხეკა ტარდება მხოლოდ უკიდურეს შემთხვევებში, ძირითადად სასიცოცხლო ჩვენებისას. შვილოსნობის პერიოდში გამოფხეკა ტარდება კონკრეტული სიტუაციის გათვალისწინებით (დაავადების ხანგრძლივობა, სისხლდენის ძალა, ჰორმონული ჰემოსტაზის ეფექტურობა). გადასვლა >> გინეკოლოგიური დაავადებები


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

  • გაფრთხილება
  • წყაროები: 1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. 2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა.  ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.