გულმკერდის ღრუს ორგანოთა ტრავმები

გულმკერდის ღრუს ორგანოთა ტრავმები chest [intrathoracic] injury

არჩილ შენგელიალალი დათეშიძე

დახურული ტრავმის დროს ფილტვის კონტუზია ვლინდება ალვეოლების შეშუპებითა და სისხლჩაქცევებით. ახასიათებს უსიმპტომო მიმდინარეობა, ზოგჯერ ვლინდება დისპნოე, ზომიერი ჰემოფთიზი. რენტგენოლოგიურად – ფილტვის ქსოვილის ლოკალური ან დიფუზური დაჩრდილვა. ჩვეულებრივ, სპეციალური თერაპია საჭირო არ არის; პოსტკონტუზიური რეაქცია ქრება 3-4 დღეში. მძიმე შემთხვევებში გამოხატული ჰიპოქსიის დროს აუცილებელია ოქსიგენოთერაპია.

პროგნოზი კეთილსაიმედოა.

გულმკერდის კომპრესიის ტიპის დახურულმა ტრავმამ შესაძლებელია გამოიწვიოს ტრაქეის და/ან ბრონქის გაგლეჯა. გაგლეჯის ნიშნებია ციანოზი, ტკვილი, ჰემოპნოე, ხველა, შოკი. რენტგენოლოგიურად ვლინდება პნევმოთორაქსი, ხშირად – მედიასტინური ემფიზემა, რომელთა კომბინირება პათოგნომურია. დიაგნოზი დასტურდება ბრონქოსკოპიით. ნაჩვენებია ადრეული ოპერაციული მკურნალობა.

პროგნოზი ცუდია, შემთხვევათა 30%-ში სიკვდილი დგება პირველი საათის განმავლობაში.

ტრავმული წარმოშობის ჰემატოპნევმოთორაქსი გამოიხატება სისხლის, პლაზმისა და ჰაერის დაგროვებით პლევრის ღრუში. საერთო სიმპტომია – სუნთქვის უკმარისობა. დიაგნოსტიკა ეყრდნობა გულმკერდის რენტგენოლოგიურ გამოკვლევას, რომლის დროსაც ვლინდება ჰაერი და სითხე. დიაგნოსტიკური პუნქციის დროს ახდენენ პლევრის ღრუს დრენირებას ჰაერისა და სითხის ასპირაციით. სიმპტომების ზრდის დროს ნაჩვენებია ოპერაცია.

პროგნოზი დროული მკურნალობის შემთხვევაში კეთილსაიმედოა.

დახურული ტრავმის დროს ფილტვის ქსოვილის გაგლეჯა იწვევს პნევმოთორაქსს, რასაც ახლავს ფილტვის ქსოვილის კოლაფსი. კოლაფსის დროს 50%-ში და მეტად წარმოიქმნება შუასაყარის ორგანოების გადანაცვლება, რომლის ნიშნებია ტაქიკარდია, არტერიული წნევის დაქვეითება, სუნთქვის უკმარისობა. განსაკუთრებით საშიშია დაძაბული ვენტილური პნევმოთრაქსი.

დიაგნოზი ზუსტდება რენტგენოლოგიური გამოკვლევით. პირველი დახმარებაა – პლევრის ღრუს პუნქცია ჰაერის ასპირაციით, საჭიროების მიხედვით – დრენირება.

გულმკერდის ღია ტრავმა ყოველთვის მიმდინარეობს ღია პნევმოთორაქსით, რომელიც ვითარდება ელვისებურად ან პროლონგირებულად (დანით ირიბი ჭრილობების დროს); დიაგნოზი რთული არ არის. პირველი დახმარება ითვალისწინებს ღია პნევმოთორაქსის გადაყვანას დახურულში, ოკლუზიური ნახვევის დადებით, შემდეგში კი იმაში დარწმუნება, რომ პნევმოთორაქსი არ მატულობს, რაც საკმაოდ რეალურია გულმკერდის კედლისა და ფილტვის კომბინირებული დაზიანების დროს. მზარდი პნევმოთრაქსის დროს, გარდა ოკლუზიური ნახვევისა, აუცილებელია პუნქციური თორაკოცენტეზი. საჭიროა ავადმყოფის ტრანსპორტირება აწეულ მდგომარეობაში.

პროგნოზი ადეკვატური მკურნალობის დროს კეთილსაიმედოა.

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები: ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს შეუძლიათ ინფორმაცია მოგვაწოდონ ელფოსტაზე mpifarm@gmail.com

ფიტოთერაპია: იხილეთ კლინიკური და ემპირიული ფიტოთერაპია

ვის მივმართოთ – იხ. მედიკოსთა პერსონალური გვერდები

თემატურად მომიჯნავე სტატიები

საავტორო უფლებები და რეკლამა პოსტ-სტატიაზე: მასალა წარმოადგენს “არჩილ შენგელიას და ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. სტატიის გამოყენებისათვის, აგრეთვე მასზე ბანერის განსათავსებლად მიმართეთ mpifarm@gmail.com

ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  1. გაფრთხილება
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  3. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  4. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988

საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის დაავადებები