ამნეზიური (კორსაკოვსკის) სინდრომი Korsakoff’s disease
ფსიქოპათოლოგიური სიმპტომთკომპლექსი, რომელშიც წამყვანი ადგილი უკავია მეხსიერების მოშლას მიმდინარე მოვლენებზე. აღინიშნება ტვინის ორგანული დაზიანების დროს, რომელიც გამოწვეულია ინტოქსიკაციებით, ტრავმებით, ინფექციებით, ალკოჰოლური პოლინევრული ფსიქოზით (კორსაკოვსკის ფსიქოზი), სიმსივნეებით, ინსულტებით.
ავადმყოფები ვერ იმახსოვრებენ გარემოებებს, გარშემომყოფ პირებს, ვერ ორიენტირდებიან დროსა და სივრცეში, არ ახსოვთ ვის ელაპარაკებოდნენ სულ მცირე ხნის წინ, რას აკეთებდნენ, მაგრამ შეუძლიათ მოყვნენ მოვლენების შესახებ, რომლებიც თითქოსდა მოხდა და რომლებიც სინამდვილეში არ ყოფილა (კონფაბულაციები). გარეგნულად ავადმყოფები მოწესრიგებულნი არიან. თუმცა აღენიშნებათ ადინამია და არიან უინიციატივონი; გუნებ-განწყობა ხშირად განურჩეველია, ზოგჯერ დათრგუნულია, აღინიშნება სისუსტე, გადაღლილობა, გაღიზიანებადობა; რიგ შემთხვევებში – ამაღლებული განწყობა (ეიფორია).
აზროვნება განპირობებულია მხოლოდ გარეგნული შთაბეჭდილებებით. მიუხედავად ამისა, ავადმყოფებს უნარი აქვთ მსჯელობის, დასკვნებს გაკეთების, თუკი საჭირო არ არის მიმდინარე მოვლენების გახსენება.
ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება
- გაფრთხილება
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი
კორსაკოვსკის სინდრომი – ფსიქოპათოლოგიური სიმოტომთკომპლექსი, რომელიც ხასიათდება მიმდინარე მოვლენების დამახსოვრების დაქვეითებით, ადრინდელი მოვლენებისა და შეძენილი ჩვევების შესახებ შედარებითი მახსოვრობისას. შედეგად ავადმყოფი დეზორიენტირებულია სივრცესა და დროში. მიზეზები: ალკოჰოლური ენცეფალოპათია, თიამინის დეფიციტი, ტვინის ჰიპოქსიური დაზიანება, ქალა – ტვინის მძიმე ტრავმა, ინფექციები, ინტოქსიკაციები, ტვინის სიმსივნე და სხვ. ასევე დაავადებები, რომლებიც იწვევენ შუამდებარე ტვინისა და ლიმბურ სტრუქტურებთან მისი კავშირების დაზიანებას. დაავადების ალკოჰოლური ეტიოლოგიის დროს თიამინის დიდი დოზების გამოყენებამ შესაძლებელია გააუმჯობესოს მდგომარეობა, მაგრამ სრული აღდგენა არ ხდება.