ანაფილაქსიური შოკი

ანაფილაქსიური შოკი
არჩილ შენგელია, ლალი დათეშიძე

 1. ინფორმაცია ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონიდან:

ანაფილაქსიური შოკი – ალერგიული ხასიათის მწვავედ მიმდინარე მდგომარეობა, რომელიც უვითარდება წინასწარ სენსიბილიზებულ პირებს სხვადასხვა მედიკამენტების, შრატის, სადიაგნოსტიკო პროცედურებისათვის საჭირო პრეპარატების განმეორებით შეყვანის შემთხვევაში.
ორგანიზმის რეაქციას საფუძვლად უდევს მასში დიდი რაოდენობით ნივთიერებების გამოთავისუფლება, რომლებიც იწვევენ სისხლძარღვების სწრაფ გაფართოებას, კაპილარების კედლების განვლადობის გაზრდას, რაც თავის მხრივ იწვევს სისხლძარღვის სანათურიდან სითხის გადასვლას ქსოვილებში, პლაზმის რაოდენობის შემცირებას.
კლინიკურად, ალერგენის ორგანიზმში მოხვედრიდან 1 – 2 წუთში ზოგადი მდგომარეობა სწრაფად მძიმდება, ვითარდება სისუსტე, ზოგჯერ აგზნებადობა. შეიძლება გამოვლინდეს კანის შეწითლება, ამასთან ერთად აღინიშნება გულისცემის შეგრძნება ტაქიკარდიით, ხველა, სუნთქვის გაძნელება.
სწრაფად ვითარდება კოლაფსი არტერიული წნევის მნიშვნელოვანი დაცემით, გონების დაკარგვით, რაც არც თუ იშვიათად მთავრდება სიკვდილით.

2. ინფორმაცია ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიიდან:

ანაფილაქსიური შოკის ეტიოლოგია

ანაფილაქსიური შოკი მწვავე ალერგიული ბუნების მდგომარეობაა, რომელიც ვითარდება ანტიგენის განმეორებითი შეყვანისას.
ანტიგენი  შეიძლება იყოს ცილოვანი ბუნების (საკვები პროდუქტები – თხილი, კვერცხი, რძე), მედიკამენტები, შრატი, ვაქცინა.
შოკი შესაძლოა განვითარდეს ასევე მწერების ნაკბენზე, კანის სინჯებზე, თუმცა ყველაზე ხშირი მიზეზი მაინც მედიკამენტებია. მედიკამენტოზური ანაფილაქსიური შოკი შემთხვევათა უმეტეს ნაწილში ვითარდება ანტიბიოტიკების შეყვანისას (ძირითადად პენიცილინის ჯგუფის), ასევე ადგილობრივი საანესთეზიო საშუალებების (ნოვოკაინი), B ჯგუფის ვიტამინების, სალიცილატების შეყვანისას.
ანაფილაქსიური რეაქციის განვითარებისათვის მნიშვნელობა არ აქვს შეყვანის ხერხს და მედიკამენტის დოზას. ანაფილაქსიური რეაქცია ხშირია ისეთ პირებში, რომელთაც ანამნეზში აღენიშნებათ ალერგიული რეაქციები. ანაფილაქსიური შოკის სიმპტომები ვითარდება ჩვეულებრივ გამომწვევი ფაქტორის ზემოქმედებიდან რამდენიმე წუთის შემდეგ და პიკს აღწევს ერთი საათის განმავლობაში. ლეტალობა   10-20%-ია.

სიმპტომები, მიმდინარეობა

ანაფილაქსიური შოკის ძირითადი კლინიკური  ნიშნებია:

ანაფილაქსიური შოკის გამოხატვის სიძლიერე დამოკიდებულია სისხლძარღვოვანი და თავის ტვინის ფუნქციის დარღვევების განვითარების სისწრაფეზე.
ანაფილაქსიური შოკის მსუბუქი ხარისხის დროს აღინიშნება კანის ჰიპერემია, ქავილი, ცემინება, ყელის მიდამოში და ცხვირის ღრუში ფხაჭნის შეგრძნება, რინორეა, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, არტერიული ჰიპოტენზია, ტაქიკარდია, სიცხის შეგრძნება, მზარდი სისუსტე.

საშუალო სიმძიმის ანაფილაქსიური შოკის  დროს ვლინდება გაშლილი კლინიკური სურათი: ტოქსიკოდერმია, კვინკეს შეშუპება, გამოხატული ტაქიკარდია, არითმია, არტერიული წნევის დაქვეითება. გამოხატული თავბრუსხვევა, სიკვდილის შიშის გრძნობა, კანკალი, შემცივნება, წებოვანი ცივი ოფლი, სმენის დაქვეითება. არცთუ იშვიათად შეინიშნება ბრონქოობსტრუქციური სინდრომის განვითარება, გულსირევისა და ღებინების შეგრძნება, მუცლის შებერვა, ტკივილი მუცლის ქვედა ნაწილში, ფაღარათი  სისხლის მინარევით, ასევე თირკმლის სინდრომი – ხშირი მოშარდვის სურვილი,  პოლიურია.

ანაფილაქსიური შოკის მძიმე მიმდინარეობისას ელვისებურად ვითარდება კოლაფსი  არტერიული წნევის მკვეთრი დაქვეითებით, ძაფისებრი პულსით, კანის საფარველის მკვეთრი სიფერმკრთალით, სწრაფად ვითარდება კომატოზური მდგომარეობა გონების დაკარგვით, უნებლიე დეფეკაციითა  და მოშარდვით.  გუგები გაფართოებულია, სინათლეზე რეაქცია არ აღინიშნება.
შესაძლებლია ანაფილაქსიური შოკის სხვადასხვა ვარიანტები: კანის უპირატესი დაზიანებით (გავრცელებული ურტიკარიული გამონაყარი, კვინკეს შეშუპება); სასუნთქი გზების უპირატესი დაზიანებით (დომინირებს გამოხატული ბრონქოობსტრუქცია); გულის უპირატესი დაზიანებით (მიოკარდის ინფარქტის და მწვავე მიოკარდიტი), ცერებრული  ვარიანტი (გულისრევა, ღებინება, ცნობიერების დაბინდვა, ეპილეფსიის ტიპის კრუნჩხვები, უნებლიე დეფეკაცია   და შარდვა).

მკურნალობა

ანაფილაქსიური შოკის პირველივე ნიშნების გამოვლენისას ავადმყოფი უნდა მოთავსდეს ჰორიზონტალურ მდგომარეობაში, ქვემო კიდურები მაღლა, შეძლებისდაგვარად უნდა მოხდეს გამომწვევი მიზეზის მოცილება, როგორიცაა მაგალითად მწერის ნესტარის მოცილება, გაწოვისათვის ხელის შეშლა – ინექციის ზევით ელასტიური ბინტის შემოხვევით. უნდა მოხდეს სხეულის ტემპერატურის შენარჩუნება (სათბურის დადება კიდურებზე), ჟანგბადის მიწოდება და სასუნთქი გზების გამავლობის უზრუნველყოფა.

მედიკამენტოზური მკურნალობა

რაც შეეხება ანაფილაქსიური შოკის მედიკამენტოზურ მკურნალობას, გამოიყენება ადრენალინი ინტრავენურად, ასევე მიმართავენ ადრენალინის  კანქვეშა ინექციას ალერგენის მოხვედრისა და მწერის ნაკბენის ადგილას. ანაფილაქსიური შოკის მკურნალობაში ერთერთი ძირითადია კორტიკოსტეროიდები.
გარდა ზემოთ აღნიშნულისა ინფუზურად შეყავთ პლაზმის შემცვლელები, მდგრადი ბრონქოსპაზმის დროს კი ინტრავენურად ეუფილინი. თუ შოკი განპირობებულია პენიცილინით, ეფექტურია პენიცილინაზა, რომელიც გახსნილია ნატრიუმის ქლორიდის იზოტონურ ხსნარში. აუცილებლობის შემთხვევაში ტარდება რეანიმაციული ღონისძიებები – ფილტვების ხელოვნური ვენტილაცია, გულის მასაჟი.

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები: ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს შეუძლიათ ინფორმაცია მოგვაწოდონ ელფოსტაზე mpifarm@gmail.com
ფიტოთერაპია: იხილეთ კლინიკური და ემპირიული ფიტოთერაპია

ანაფილაქსიური შოკი  – ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას პოსტის FB-პრეზენტაცია გვანცა მჭედლიძისგან

🧠 ანაფილაქსიური შოკი – ალერგიული ხასიათის მწვავედ მიმდინარე მდგომარეობა, რომელიც უვითარდება წინასწარ სენსიბილიზებულ პირებს სხვადასხვა მედიკამენტების, შრატის, სადიაგნოსტიკო პროცედურებისათვის საჭირო პრეპარატების განმეორებით შეყვანის შემთხვევაში
💊 მედიკამენტოზური ანაფილაქსიური შოკი შემთხვევათა უმეტეს ნაწილში ვითარდება:
➡️ ანტიბიოტიკების შეყვანისას (ძირითადად პენიცილინის ჯგუფის);
➡️ ადგილობრივი საანესთეზიო საშუალებების (ნოვოკაინი);
➡️ B ჯგუფის ვიტამინების;
➡️ სალიცილატების შეყვანისას
🕖 ანაფილაქსიური შოკის სიმპტომები ვითარდება ჩვეულებრივ გამომწვევი ფაქტორის ზემოქმედებიდან რამდენიმე წუთის შემდეგ და პიკს აღწევს ერთი საათის განმავლობაში
❗️ ანაფილაქსიური შოკის პირველივე ნიშნების გამოვლენისას ავადმყოფი უნდა მოთავსდეს ჰორიზონტალურ მდგომარეობაში, ქვემო კიდურები მაღლა, შეძლებისდაგვარად უნდა მოხდეს გამომწვევი მიზეზის მოცილება, როგორიცაა მაგალითად:
✅ მწერის ნესტარის მოცილება;
✅ გაწოვისათვის ხელის შეშლა;
✅ ინექციის ზევით ელასტიური ბინტის შემოხვევა
🌡 უნდა მოხდეს სხეულის ტემპერატურის შენარჩუნება (სათბურის დადება კიდურებზე);
🫁 ჟანგბადის მიწოდება და სასუნთქი გზების გამავლობის უზრუნველყოფა
👉 შეიტყვეთ მეტი ანაფილაქსიური შოკის შესახებ ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სტატიიდან – https://bit.ly/3ROrpEi
#შოკი #ანაფილაქსიურიშოკი #ანაფილაქსია #ანაფილაქსიურიშოკისნიშნები #ანაფილაქსიურიშოკისსიმპტომები #ანაფილაქსიურიშოკისმკურნალობა #ანაფილაქსიურიშოკისმართვა #როგორმოვიქცეთანაფილაქსიურიშოკისდროს #ანაფილაქსიურიშოკისპრევენცია #რაარისანაფილაქსია #ანაფილაქსიურირეაქციები #ხველა #შებოჭილობა #სისუსტე #თავბრუსხვევა #ჭინჭრისციება #ლალიდათეშიძე #არჩილშენგელია #გვანცამჭედლიძე

გამოგვყევით სოციალურ ქსელებში :1 , 2 ,  3 , 4 , 5 , 6 , 7 , 8 , 9 , 10

საავტორო უფლებები და რეკლამა პოსტ-სტატიაზე: მასალა წარმოადგენს “არჩილ შენგელიას და ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. სტატიის გამოყენებისათვის, აგრეთვე მასზე ბანერის განსათავსებლად მიმართეთ mpifarm@gmail.com

ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  1. გაფრთხილება
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  3. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  4. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988

ალერგოლოგია და იმუნოლოგია