ნობელის პრემიები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ნობელის პრემიები – საერთაშორისო პრემიები, რომელიც დაწესებულია შვედი ინჟინერ – ქიმიკოსის და გამომგონებლის ალფრედ ნობელის მიერ (A. Nobel, 1833 – 1896) და გაიცემა ყოველწლიურად ფიზიკის, ქიმიის, ფიზიოლოგიის ან მედიცინის, ლიტერატურის სფეროებში უდიდესი მიღწევებისათვის და ხალხთა შორის მშვიდობის განმტკიცებაში. 1968 წელს შვეციის სახელმწიფო ბანკმა დააწესა დამატებითი ნობელის პრემიები ეკონომიკის დარგში შესრულებული სამუშაოებისათვის. თანახმად ა. ნობელის ანდერძისა, მისი სიკვდილის შემდეგ დარჩენილმა კაპიტალმა შეადგინა ნობელის ფონდი (თავდაპირველად 31 მლნ. შვედური კრონის ზემოთ); ეს სახსრები ჩადებული იყო აქციებში, ობლიგაციებში, სესხებში, რომელთა შემოსავალი ყოველწლიურად იყოფა 5 ტოლ ნაწილად და გაიცემა ნობელის პრემიის სახით. ნობელის ანდერძის შესაბამისად ნობელის პრემიებს ანიჭებს შვედეთის სამეფო მეცნიერებათა აკადემია (ფიზიკისა და ქიმიის დარგში), კაროლინის სამეფო სამედიცინო – ქირურგიული ინსტიტუტი (ფიზიოლოგიის ან მედიცინის დარგში), შვედეთის აკადემია (ლიტერატურის დარგში), ნორვეგიის ნობელის კომიტეტი, რომელიც ინიშნება პარლამენტის მიერ (ხალხთა შორის მშვიდობის განმტკიცებაში). ნობელის ფონდის წესდების შესაბამისად ნობელის პრემიები ენიჭებათ სწავლულებს, მწერლებსა და საზოგადო მოღვაწეებს დამოუკიდებლად რასისა, ეროვნებისა, სქესისა და აღმსარებლობისა, როგორც წესი ერთხელ. სიკვდილის შემდეგ ნობელის პრემია არ გაიცემა. პრემია შესაძლოა მიენიჭოს ერთ ან რამდენიმე პირს; ნობელის პრემიის ლაურეატს ენიჭება ოქროს მედალი ნობელის გამოსახულებით, შესაბამისი წარწერით, დიპლომი და ფულადი ჯილდო.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა