საქართველოს ენდემურ და აბორიგენულ სასოფლო-სამეურნეო ცხოველთა მოშენების საკითხები (II)

რეცენზირებადი ელექტრონული სამეცნიერო ჟურნალი ,,Plants Science” ISSN E1987-80 UDK 581, N24, აპრილი, 2010 წ

ვასილ ღლიღვაშვილი
სოფლის მეურნეობის მეც. დოქტორი, პროფესორი

დასაწყისი იხ.  >>>

კახური ღორი
ჩამოყალიბებულია უძველესი დროიდან გარეული ღორის მოშინაურებისა და ხალხური სელექციის გზით. ამიტომ იგი გარეგნული ფორმითა და ზოგიერთი თვისებით გარეულ ღორს მიემსგავსა. არის ბუნებრივი საკვებ-სავარგულების კარგი ამთვისებელი, განსაკუთრებით კი ტყის ნაყოფებისა. ახასიათებს საარსებო პირობების მაღალი შეგუების უნარი და მრავლდება ველურ პირობებში. ხასიათდება უხეში კონსტიტუციით, დაფარულია ხშირი უხეში ჯაგარითა და მოკლე ნაზი თივთიკით. ამიტომ მას სიცივე ნაკლებად აშინებს. ახასიათებს თავდაცვის დიდი და დედობისა და ოგურის (ჯგუფად ყოფნის) მაღალი უნარი. კარგად ეგუება მომთაბარე საძოვრული შენახვის პირობებს. მისი ცოცხალი მასა არის: ნეზვის _ 95_100 და კერატის _ 115_120 კგ. ხოლო ნაყოფიერება 6_7 გოჭია, მერძეულობა კი 30_35 კგ-ს არ აღემატება.>>>

კახური ღორი ადრე ფართოდ იყო გავრცელებული დუშეთის, თიანეთის, ყვარელის, ლაგოდეხის, გურჯაანისა და სხვა რაიონებში. ამასთან, მასზედ გარკვეული სანაშენო სამუშაოებიც მიმდინარეობდა, რომელსაც კორდინაციას კახური ღორის ჯიშსაშენი უწევდა. დადგენილია, რომ გაუმჯობესებულ პირობებში კახური ღორის ცოცხალი მასა 18 თვის ასაკში ნეზვების 140 და კერატების 180 კგ-მდე იზრდება. იგი საუკეთესო საწყისი მასალაა აგრეთვე ახალი ჯიშებისა და ტიპების გამოსაყვანად.
ადრე კახური ღორი იყო როგორც სახელმწიფო, ისე კერძო სექტორში, დღეისათვის კი იგი ძირითადად კერძო სექტორში დარჩა. მიუხედავად ამისა, მისი ფართოდ მოშენების საშუალება არსებობს. საშიშროებას წარმოადგენს მისი ხალასად მოშენება და დაცვა. ამიტომ მისი სანაშენო ფერმები უნდა ჩამოყალიბდეს და მოხდეს მათი სათანადი ატესტაცია. წინააღმდეგ შემთხვევაში მოხდება ჯიშის სრული გადაშენება.

თუშური ცხენი
გავრცელებულია აღმოსავლეთ საქართველოს რაიონებში. იგი ჩამოყალიბებუ¬ლია ჯოგური მეცხენეობის პირობებში და მან გარკვეული როლი შეასრულა ჩვენი ქვეყნის არსებობის შენარჩუნებისათვის ბრძოლებში. ამასთან, ხელი შეუწყო ჩვენში ჯოგური მეცხენეობის განვითარების საქმეს, რომელმაც თითქმის მეოცე საუკუნის მეორე ნახევრამდე მოაღწია. თუშურმა ცხენმა ხელი შეუწყო აგრეთვე საქართველოში მომთაბარე მეცხვარეობის განვითარებასა და შორეული ზამთრის საძოვრების (ყიზლარის, შირვანის) გამოყენებას. ამიტომაც იგი ფართოდ იყო გავრცელებული აღმოსავლეთ საქართველოს მეცხვარეობის დარგის მქონე რაიონებში (ახმეტა, თელავი, სიღნაღი, დედოფლისწყარო, გურჯაანი, დუშეთი, თიანეთი და სხვა). გამოიყენებოდა არა მარტო საჯდომად და სასაპანლედ, არამედ შესაბმელად, ტვირთების გადასატანად. ხასიათდება მომცრო ტანით, მაგარი აგებულებითა და ძვლოვანობით, განიერი მკერდით, ოდნავ დაქანებული გავით, მშრალი, სწორმდგომი კიდურებითა და მაგარი ჩლიქებით. კარგად იყენებს მაღალმთიან, კლდიან და ციცაბო საძოვრებს, შეჩვეულია კლდიან ბილიკებზე სიარულს, ახასიათებს სათანადო სიმკვირცხლე, გამბედაობა, სიფრთხილე. მაღალ ორიენტაციასთან შერწყმული გულადობის გამო იგი შეუდარებელ საჯდომ ცხენად ითვლება. მასზე ადრე გარკვეული სანაშენო მუშაობა მიმდინარეობდა, მისი ხალასად მოშენებისა და გაუმჯობესების მიზნით. დღეისათვის მისი ხალასჯიშიანი რაოდენობა ძალზე შემცირებულია, ხოლო მასზედ სანაშენო მუშაობა ვერ ხერხდება. ამიტომ მისი სხვა ჯიშის ცხენებთან აღრევა მიმდინარეობს და მისი უნიკალური თვისებები თანდათან იკარგება.>>>

 cxeni

მეგრული ცხენი
გავრცელებულია დასავლეთ საქართველოში, განსაკუთრებით კი ზუგდიდის, მარტვილის, ფოთის, ხობის, გეგეჭკორის, აბაშისა და სხვა რაიონებში. დასახელებული ჯიშის ცხენიც ისტორიულად ჯოგური მეცხენეობის პირობებშია ჩამოყალიბებული. იგი გამოიყენება საჯდომად, სასაპალნედ და მსუბუქ შესაბმელებში. ხასიათდება მომცრო ტანით, მშრალი აგებულების სხეულით, მსუბუქი მშრალი თავით, დაცქვეტილი პატარა ყურებით, გრძელი, სწორი კისრით, სწორი და მოკლე წელ-ზურგით, ოდნავ დაქანებული გავით, მაგარი სწორმდგომი კიდურებითა და მკვრივი ჩლიქებით. საკმაოდ მაღალი ტემპერამენტითა და სიმკვირცხლით.>>>

დასახელებული ცხენი კარგად არის შეგუებული დასავლეთ საქართველოს მთისა და ბარის არსებულ ბუნებრივ-კლიმატურ პირობებს. კარგად იყენებს არსე-ბულ მაღალმთიან კლდიან და დაბლობის ზონის ჭაობიან საძოვრებს. ხასიათდება ჭაობიანი ადგილების ფრთხილად გამოყენების განსაკუთრებული უნარით.
დღეისათვის მისი ხალასჯიშიანი რაოდენობა ძალზე შემცირებულია და მისი ჯიშობრივი გაუმჯობესების თვალსაზრისით არავითარი სამუშაოები არ მიმდინა-რეობს. აქედან გამომდინარე, მეგრული ცხენის ეს უნიკალური გენოფონდი სრული გადაშენებისა და მოსპობის საშიშროების წინაშე დგას.
ადგილობრივი ფრინველი

ადგილობრივი ქათამი _ სხვადასხვა ზონაში სხვადასხვა ტიპებად არის ჩამოყალიბებული. დასავლეთ საქართველოში მარცვლეულის ბაზა (სიმინდი, ღომი) უკეთესი იყო და უფრო მეხორცულობაზე მიმდინარეობდა გადარჩევა, ამიტომ ჩამოყალიბდა ქათმის მეხორცული და კომბინირებული ტიპი. აღმოსავლეთ საქართველოში, რადგან წამყვანი დარგები მესაქონლეობა, მეცხვარეობა და მეღორეობა იყო და ხორცზე მოთხოვნილება ნაკლები იყო, გადარჩევა მეკვერცხულობის მიმართულებით მიმდინარეობდა. ამიტომ აღმოსავლეთ საქართველოში უფრო წვრილი და მეკვერცხული ქათამი ჩამოყალიბდა.>>>
საერთოდ, ადგილობრივი ქათმის კვერცხმდებლობა მაღალი არაა. დასავლური ტიპის ქათმები 110, ხოლო აღმოსავლური _ 80_120 ცალს არ აღემატება. გაუმჯობესებულ პირობებში ზოგჯერ მათი კვერცხმდებლობა 130_160 ცალსაც აღწევს.
ადგილობრივი ქათმის კვერცხის წონა 40_69 გ-ია, საშუალოდ კი იგი 54 გ-ს უდრის. მათში კრუხობის ინსტინქტი ძალზე მაღალია და იგი ერთწლიანებში 80 და ორწლიანებში 100%-ს უდრის. ნაკლებ მომთხოვნი და საკვების კარგი მაძიებელია. კარგად ეგუება გარემო პირობებს. განსაკუთრებით გამოირჩევა ზესტაფონის, სამტრედიის, ზუგდიდის რაიონებში გავრცელებული ქათმები. აღინიშნება რამდენიმე ჯილაგი (პოპულაცია): ყელტიტველა, მეგრულა, ანუ ჟრუნა და ჩალისფერი.
დღეისათვის დასახელებული პოპულაციების ქათმების რაოდენობა ძალზე შემცირებულია. მათი დაცვა და მოშენება, შEნარჩუნების მიზნით კი უთუოდ საჭიროა. ამისათვის გარკვეულ სამუშაოებს საქართველოს ზოოვეტაკადემიის მეცნიერები აწარმოებვენბ, მაგრამ ეს მათ გადასარჩენად საკმარისი არაა.
ადგილობრივი ინდაური. საქართველოში გავრცელებულია: ჩრდილოეთ-კავკასიური ბრინჯაოს ფერი, მოსკოვის თეთრი, ამერიკული ბრინჯაოსფერი, ჰოლანდიური თეთრი და ადგილობრივი ჯიშები. ადგილობრივი ჯიშები შედარებით უფრო დაბალპროდუქტიულებია. იგი ისტორიულად ჩვენს პირობებშია ჩამოყალიბე¬ბული. ამასთან, მეტად ამტანია და ბევრი სასარგებლო თვისების მქონე. ფერად ძირითადად შავი ან რუხია, ზოგჯერ კი ჭრელი, ჩალისფერი და ნაცრისფერიც. დასავლეთ საქართველოში უმთავრესად ჭრელი და ნაცრისფერი ინდაურებია გავრცელებული. დედალი ინდაურის ცოცხალი მასა 2,8_3,5, ხოლო მამლის _ 5,0_6,5 კგ-ია. იძლევა საშუალოდ 15_20 ცალ კვერცხს და მერე კრუხდება. თუ გადავაკრუხებთ, 40_45 ცალსაც მოგვცემს. კვერცხის წონა 75_80 გრამია. ხასიათდება კარგი ხორცითა და გასუქების მაღალი უნარიანობით. ადრეულია, 7_8 თვის ასაკში ზრდასრულია. საკვების საძიებლად მინდორში საკმაოდ დიდ მანძილზე დადის. მისი რაოდენობა ამჟამად მცირდება.

ადგილობრივი იხვი საქართველოში გავრცელებულ პეკინურ იხვთან შედარებით მცირეპროდუქტიულია. იგი შეიძლება მეკვერცხულ მიმართულებას მიეკუთვნოს. მისი საშუალო ცოცხალი მასა 1,5_1,8 კგ-ია. კვერცხმდებლობა კი 50_60 ცალია. იგი ადვილად გამოსაზრდელია და სწრაფად იზრდება, ზოგჯერ ქათმის წიწილებთან ერთადაც.>>>
ფერად დედლებში ჭარბობს მწყრის ფერი, ხოლო მამლებში კი _ ჭრელი. მისი პეკინურ იხვთან შეჯვარება კარგ შედეგებს იძლევა. ამასთან, მისი შენარჩუნება საჭიროა, რადგან იგი ადგილობრივ პირობებს კარგად არის შეგუებული და მომავალში უცხოური ჯიშების ადგილზე ადაპტირებისათვის საუკეთესო საშუალებას წარმოადგენს.

ადგილობრივი ბატი გავრცელებულია როგორც საქართველოს წყლით მდიდარ, ისე სტეპის მქონე რაიონებში. იგი ჩვენში გავრცელებულ ხოლმოგორულ ბატთან შედარებით მცირეპროდუქტიულია. მასზედ ზოოტექნიკური მუშაობა არ წარმოებდა, არც საკმარისი მოვლა-შენახვის პირობები ჰქონდა, ამიტომ მისი პირობების გაუმჯობესება და ზოოტექნიკური სამუშაოების მიზნობრივი წარმოება მაღალეფექტური იქნება. იგი თეთრი, ნაცრისფერი და ჭრელია. დმანისის რაიონში 50% მეჭეჭიანია, სხვაგან კი მეჭეჭიანი ბატები იშვიათად გვხვდება.>>>
აღმოსავლეთ საქართველოში გავრცელებულ ადგილობრივი დედალი ბატის საშუალო ცოცხალი მასა 3,75, ხოლო მამლის _ 4,03 კგ-ია. დასავლეთ საქარ-თველოში გავრცელებულისა კი, შესაბამისად, 3,34 და 3,69 კგ. ყველაზე მსხვილია დმანისში გავრცელებული ბატი. კვერცხმდებლობას 10_12 თვეში იწყებს და საშუალოდ 15_20 ცალს იძლევა. პირობების გაუმჯობესებისას პროდუქტიულობა მნიშვნელოვნად მატულობს.
უნდა აღინიშნოს, რომ ადრე საქართველოს ზოოვეტინსტიტუტის მეურნეობის ბაზაზე შექმნილი იყო ადგილობრივ ფრინველთა მცირემოცულობიანი ფერმები და მათი ხალასად მოშენება მიმდინარეობდა. ახლა კი ამის საშუალება აღარაა, ალბათ, უნდა განახლდეს ასეთი სამუშაოები.

ქართული (რუხი) ფუტკარი
კავკასიონის ქედის სამხრეთ კალთებზე, საქართველოს მთებში ბინადრობს საუკეთესო თვისებების მქონე ქართული მთის რუხი ფუტკარი. იგი თავისი სამეურნეო-ბიოლოგიური ნიშან-თვისებებით აღემატება მსოფლიოში გავრცელებულ მრავალი ჯიშის ფუტკარს.>>>

 futkari

ქართული ფუტკარი ფართოდ არის გავრცელებული როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში. არსებობს მისი სანაშენე საფუტკრეები და მიმდინა¬რეობს სხვადასხვა მაღალპროდუქტიული ხაზებისა და პოპულაციების გამოყვანა და მათი სრულყოფა. ამჟამად ასახელებენ ქართული ფუტკრის რამდენიმე პოპულაციას ანუ ხაზს, რომელთაგან ზოგიერთი უკვე ოფიციალურად დამტკიცებულია და მათ იცნობენ არა მარტო საქართველოში, არამედ საზღვარგარეთის ბევრ ქვეყანაში. მაგალითად, იმერულ პოპულაციას დიდი მოწონება ხვდა საფრანგეთში ჩაყვანილი ფუტკრის დედების შედეგების შესწავლისას. მაღალპროდუქტიული ხაზი მ_23 სქურს _ საფრანგეთში, ისრაელში, იტალიაში, გურიის პოპულაციას ევროპისა და აზიის ბევრ ქვეყანაში და სხვა.
საერთოდ, უნდა აღინიშნოს, რომ ქართული ფუტკარი თავისი საუკეთEსო თისებების წყალობით მსოფლიო მეფუტკრეთა ყურადღების ცენტრშია მოქცეული და იგი დღეს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში შრომობს.
მისი უნიკალური თვისებებია:
1. თვინიერება _ ზედმეტად აბეზარი არაა
2. მაღალი შრიომისუნარიანობა
3. ხორთუმის დიდი (7,2 მმ) სიგრძე
4. კარგი ორიენტაცია და სხვა.
იგი დაჯილდოებულია სამი ოქროს მედლით:
_ 1961 წელს გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის ქ. ერფრუტში მებაღეობის საერთაშორისო გამოფენაზე, ჩხოროწყუს საჯიშე მეურნეობის ფუტკრის ოჯახმა გამოფენის პერიოდში, საკმაოდ არახელსაყრელ პირობებში 97,3 კგ თაფლი შეაგროვა და ოქროს მედალი დაიმსახურა;
_ 1965 წელს ბუქარესტში მეფუტკრეობის საიუბილეო მე-20 საერთაშორისო კონკურსზე, მეფუტკრეობის პირველ საერთაშორისო გამოფენა-ბაზრობაზე ქართული მთის რუხი ფუტკარი მეორე ოქროს მედლით დაჯილდოვდა;
_ 1971 წელს ქ. მოსკოვში მეფუტკრეობის 23-ე საერთაშორისო კონკურსზე ქართულმა ფუტკარმა მესამედ მოიპოვა მსოფლიო აღიარება და მესამე ოქროს მედალი მიიღო.

ქართული ნაგაზი
უძველესი დროიდან ქართველ მეჯოგეთა ერთგული მეგობარი ძაღლი იყო, საუკუნეების განმავლობაში საქართველოში ჩამოყალიბდა ქართული ნაგაზი, რომელიც მეჯოგეების ერთგული დამცველი მეგობარი და მეგზური იყო. ქართული ნაგაზის განსაკუთრებულ თვისებას, სხვა ჯიშის ძაღლებთან შედარებით, წარმოადგენს ის, რომ უმძიმესი კვებისა და კლიმატური პირობების მიუხედავად იგი ერთგულად და მაქიმალური >>>
ყურადღებით ასრულებს მასზე დაკისრებულ მოვალეობას. ქართული ნაგაზის ორი ძირითადი ტიპია: სომხური (მესხეთ-ჯავახური) მოკლებეწვიანი და თუშური (მთის) გრძელბეწვიანი. ზოგადად ქართული ნაგაზი მსხვილი, საშუალოზე მაღალი, უხეში აღნაგობის, ღონიერი, გაბედული, ავი და ამტანია. ხვადის სხეულის სიგრძე 105_110, ძუსი კი _ 102_105 სმ-ია. სიმაღლე მინდაოში, შესაბამისად, არანაკლებ 65 და 60 სმ. კუდმოკაუჭებულია გრძელ ან მოკლე ბეწვიანი. ფერად _ ნაცრისფერი, თეთრი, მურა, შავი, ჩალისფერი, ჭრელი და სხვა.

 nagazi1

როგორც ვხედავთ, საქართველო უძველესი ცხოველთა და ფრინველთა ენდემური ჯიშებისა და მათი მრავალი პოპულაციების მძლავრი კერაა, რაც დიდად სანატრელია არა მარტო ცალკე აღებული ნებისმიერი ქვეყნისათვის, არამედ ერთად აღებული ბევრი ქვეყნებისთვისაც.
რაც შეეხება ენდემური ცხოველთა და ფრინველთა ჯიშების დაცვისა და მოშენების პრობლემებს, იგი საკმაოდ ბევრია. ზოგიერთი მათგანი ქვეყანაში ამ ბოლო დროს შექმნილი მდგომარეობის ფონზეა წარმოშობილი და ყველა სახისა და ჯიშისათვის ზოგადი და ერთნაირია. ზოგიც კიდევ უფრო ადრე საბჭოთა ქვეყნის პერიოდშია ჩამოყალიბებული და კონკრეტულად ამა თუ იმ ჯიშის მდგომარეობას ეხება.
არსებული ზოგადი პრობლემებიდან უნდა გამოვყოთ ზოგიერთი, რომელთა მოუგვარებლობა ერისა და ქვეყნის წინაშე დანაშაულის ტოლფასია:
_ ქართული ეროვნული ცხოველთა და ფრინველთა გენოფონდის ზოგიერთი უნიკალური ჯიშების (იმერული, ქართული და ქართული წმინდამატყლიანი ცხიმკუდიანი ცხვრის ჯიშები, მეგრული თხა, კახური ღორი, თუშური და მეგრული ცხენი, წითელი მეგრული საქონელი, ქართული ნაგაზი, ადგილობრივი ფრინველთა პოპულაციები და სხვა) კატასტროფულად შემცირება და მათი სრული მოსპობის რეალური საშიშროება;
_ ეროვნული ჯიშების (ძროხის, ღორის, ცხვრის, თხის, ცხენის და ა.შ.) წინა წლებში არსებული სანაშენო სულადობის სრული გაბნევა და მოსპობა. არ იქნა შენარჩუნებული არც ერთი სანაშენე რეპროდუქტორი. მაგალითად, მეღორეობაში გაიბნა 34, მეთხეობაში _ 12 და მეცხვარეობაში არსებული 24 სანაშენო ფერმა და ბრიგადა. 1990-იან წლებში საქართველოში თუშური ცხვრის 22 სანაშენო ფერმა და ბრიგადა ფუნქციონირებდა და მათში 0,5 მილიონამდე სული სელექცირებული თუშური ცხვარი იყო. სამწუხაროდ, დღეისათვის არცერთი ეს ფერმა და ბრიგადა აღარ არსებობს.
_ ასევეა თიქმის მეგრულ თხაში, იმერულ ცხვარში და სხვაგან, რაც ყოვლად გაუმართლებელია და იგი ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს;
_ არანაკლები პრობლემა არის ამჯერად ახალი სანაშენო ფერმების ჩამოყა-ლიბება, მათი ხელახალი შესწავლა და ატესტაცია, რადგანაც არ არის ამისათვის საჭირო სამართლებლივი ბაზა.
აქედან გამომდინარე დიდი პრობლემაა ახლად შექმნილ ფერმებში შეგროვილი სულადო¬ბის ყოველმხრივი მეცნიერული შესწავლა და მონაცემების ჯიშების სტანდარტებთან შედარება, რაც აუცილებელი პირობაა ამა თუ იმ ჯიშის ხალასად მოშენებისა და მისი შემდგომი სრულყოფისათვის;
_ გარკვეულ პრობლემას წარმოადგენს აგრეთვე სასელექციო-სანაშენო სამუ¬შაოების მცოდნე გაფანტული კადრების შეგროვება და მათთვის ადგილზე სათანადო პირობების შექმნა, რომლის გარეშე ზემოთ ჩამოთვლილი და სხვა პრობლემები არ გადაწყდება.

 ქართული ნაგაზი

არსებობს აგრეთვე კერძო პრობლემების მთელი რიგი, რომელიც მხოლოდ რომელიმე კონკრეტულ დარგსა და ჯიშს მიესადაგება და ისინი კონკრეტული პირობების შესაბამისად უნდა იქნეს გადაწყვეტილი. ამიტომ, მათი აქ ჩამოთვლა ზედმეტად მივიჩნიეთ, აღვნიშნავთ მხოლოდ იმას, რომ ენდემური და აბორიგენული ჯიშების დაცვისა და მოშენების ირგვლივ შექმნილი მდგომარეობა და წარმოშობილი პრობლემები თუ უმოკლეს პერიოდში არ გადაწყდა, ერთი წლის შემდეგ, იქნებ, ბევრი ჯიშისა და პოპულაციის გადასარჩენად უკვე გვიანი იყოს. ამიტომ საჭიროდ მიგვაჩნია მთელი რიგი ღონისძიებების ახლავე თანმიმდევრულად გატარება, რომელთაგან უნდა გამოვყოთ:
_ უნდა ჩატარდეს არსებული ენდემური ცხოველთა და ფრინველთა ჯიშების დარჩენილი სულადობის ზუსტი ინვენტარიზაცია და შეიქმნას მათზე სათანადო დოკუმენტები;
_ სახელმწიფოსა და საერთშურისო ორგანიზაციების ხელშეწყობით უმოკლეს პერიოდში უნდა ჩამოაყალიბდეს სანაშენო ფერმები (დარგების მიხეფვით). ამასთან, ამ ფერმებში უნდა უზრუნველყოფილ იყოს მაღალკვალიფიცირებული მეცნიერ-მუშაკთა მონაწილეობა;
_ უნდა შედგეს ენდემურ ცხოველა და ფრინველა დაცვისა და მოშენების, აგრეთვე მათი რაციონალურად გამოყენების ეროვნული პროგრამა, რომელშიც მოტანილი იქნება უახლოესი და შორეული პერსპექტივები თითოეული ეროვნული ჯიშისა და პოპულაციის დაცვისა და გამოყენების შესახებ. ეროვნულ პროგრამაში უნდა ჩანდეს აგრეთვე ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციის წარმოებისა და ადგილობრივი რესურსების ათვისების შესაძლებლობანი, დარგების მიხედვით;
_ უნდა დამუშავდეს სათანადო რეკომენდაციები სანაშენე ფერმების ატესტა-ციის, სანაშენო მოზარდის გამოზრდისა და რეალიზაციის, ჯიშსაშენების თანამედროვე პირობებში მუშაობისა და სხვა საკითხებზე;
_ აუცილებელია აგრეთვე, ეროვნული ენდემური ცხოველთა და ფრინველთა ღრმად გაყინული სპერმის ბანკის შექმნა.

________________________________________

Share on Facebook
Facebook
გააზიარე Facebook -ზე ..