საშვილოსნოს ყელის ორსულობა

საშვილოსნოს ყელის ორსულობა

ყელის ორსულობა (graviditas cervical) – ექტოპიური ორსულობის ერთ-ერთი სახეა, რომლის დროსაც სანაყოფო კვერცხის მიმაგრება და განვითარება ხდება საშვილოსნოს ყელის არხში. განასხვავებენ ჭეშმარიტ ყელის ორსულობას, როდესაც პლაცენტა მდებარეობს საშვილოსნოს ყელის არხში და  ყელ-ზეყელის ორსულობას,  რომელიც ხასიათდება პლაცენტის მიმაგრებით ზეყელის მიდამოში.

სანაყოფე კვერცხის  ანომალური მიმაგრების განმაპირობებელ ფაქტორებს მიეკუთვნება ენდომეტრიტი, ენდომეტრიუმის დისტროფიული და ატროფიული ცვლილებები, რაც ხშირი აბორტების,  განმეორებითი დიაგნოსტიკური გამოფხეკის შედეგია.

სანაყოფე კვერცხის საშვილოსნოს ყელში მოხვედრამ შესაძლოა გამოიწვიოს სიმსივნის, ნაწიბუროვანი ცვლილებების განვითარება, ისთმო-ცერვიკალური უკმარისობა. ქორიონის ხაოები ღრმად ინერგება ლორწოვან და კუნთოვან შრეებში, ხშირად საშვილოსნოს გარეთა ქსოვილებშიც. ნაყოფის ზრდასთან ერთად მიმდინარეობს საშვილოსნოს კედლის გათხელება და პლაცენტის აშრევება. საშვილოსნოს ყელის მიდამოში კარგად განვითარებული სისხლძარღვოვანი ქსელის არსებობა განაპირობებს სიცოცხლისათვის საშიში  სისხლდენის განვითარებას. სისხლდენა ვლინდება უკვე ორსულობის პირველ ტრიმესტრში და არცთუ იშვიათად მასიურ სისხლდენა წინ უძღვის მწირი  სისხლიანი გამონადენი.

დიაგნოზის დასმისას მხედველობაში უნდა მივიღოთ ორსულობის ნიშნების არსებობა, მაგალითად მენსტრუაციის არარსებობა და საშოსმხრივი გამოკვლევის შედეგები. საშვილოსნოს ყელის საშოსმხრივი ნაწილი დამოკლებულია, ციანოზური, კასრისმაგვარი ფორმისაა, გარეთა პირი ექსცენტრულად მდებარეობს, მისი კიდეები გათხელებულია. ნაყოფის „სამყოფელი“, რომელშიც გადადის საშვილოსნოს ყელის საშოსმხრივი ნაწილი, რბილი წარმონაქმნია და ზომით შეესაბამება ორსულობის ვადას. მის ზემოთ და ოდნავ გვერდით შესაძლებელია საშვილოსნოს ყელის პალპაცია – მკვრივი, უფრო მცირე ზომის წარმონაქმნი, რომელსაც ხშირად მიიჩნევენ სუბსეროზულ მიომატოზურ კვანძად. დიაგნოზის დასადასტურებლად გამოიყენება ულტრაბგერითი გამოკვლევა.

ყელის ორსულობაზე ეჭვის მიტანისას, აუცილებელია ორსულის დაუყონებლივი ჰოსპიტალიზაცია. მკურნალობის ერთადერთი მეთოდია საშვილოსნოს ექსტირპაცია. ასევე არსებობს მონაცემები სანაყოფე კვერცხის მოცილების თაობაზე, თუმცა პროფუზული სისხლდენის  საფრთხის გამო აუცილებელია მზაობა ლაპარატომიისადმი. პროგნოზი დამოკიდებულია დროულ ოპერაციულ ჩარევაზე. პროფილაქტიკა  მოიცავს გინეკოლოგიური დაავადებების რაციონალურ მკურნალობასა და აბორტების  თავიდან აცილებას.


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

  • გაფრთხილება
  • წყაროები: 1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. 2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა.  ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.

 

.