მიტროპოლიტი ანტონ სუროჟელი
დარწმუნებული ვარ, ბავშვების აღზრდა ყოველ ადამიანს შეუძლია, რომელსაც ესმის მათი და შეუძლია გადასცეს რწმენა – არა მხოლოდ გონისმიერი ცოდნა რელიგიურ თემების შესახებ, არამედ საკუთარი გულის სიმხურვალე და პირადი ხედვა ღვთისაკენ მიმავალი გზისა. ვფიქრობ, იდეალური შემთხვევაა, როდესაც ამით მშობლები არიან დაკავებულნი ან ის ადამიანები ეკლესიაში, რომელთაც ეს ხელეწიფებათ. არსებობს ოჯახები, რომელთა ბავშვებიც კარგად არიან მართლმადიდებლურად აღზრდილნი, მაგრამ ზოგადად მშობლებისთვის გაცილებით რთულია ბავშვის განსწავლა, ვიდრე მღვდილისთვის, რადგან სასულიერო პირს ყრმა სხვაგვარად უსმენს. სამწუხაროდ, საკმაოდ რთულია სასულიერო პირისთვის ბავშვების აღზრდით დაკავდეს, რადგან მას სხვა მრავალი ვალდებულება აკისრია.
ქრისტიანად ჩამოყალიბებამდე ადამიანი უნდა იყოს უბრალოდ ადამიანი. მათეს სახარების 25-ე თავში, ცხვრებისა და თიკნების შესახებ იგავში საკითხი ნათლად არის დაყენებული: იყავი თუ არა ადამიანური, გაიზარდე თუ არა ნამდვილი ადამიანის დარად? მხოლოდ მაშინ შეძლებ აღმოცენდე უფალთან თანაზიარობაში. ამიტომ ბავშვს უნდა ვასწავლოთ სიმართლე, ერთგულება, სიმამაცე, ის თვისებები, რომლებიც მისგან ჭეშმარიტ ადამიანს გამოძერწავენ და, რა თქმა უნდა, თანაგრძნობა და სიყვარული.
რაც შეეხება რწმენას, ბავშვმა ცოცხლად უნდა აღიქვას ღმერთი – მას უნდა მივაწოდოთ არა ფორმალური ცოდნა, არამედ შევძლოთ, დავანახოთ ის ცეცხლი, რომელიც მაცხოვარმა მიწაზე მოიტანა, რათა მთელი დედამიწა ან, ყოველ მვმთხვევაში, ყოველი მორწმუნე გამხდარიყო შეუწველი მაყვალი, რომელიც იწვის, არის სინათლე, სითბო, შთაგონება სხვა ადამიანებისთვის. ამისთვის კი საჭიროა, ყრმას თავისი ცხოვრებისეული მაგალითით შევაცნობინოთ ცოცხალი ღმერთი. სულიერი მოძღვარი მეუბნებოდა: „არავის ძალუძს განერიდოს ქვეყნიერებას და მიეახლოს მარადისობას, თუ ერთი ადამიანის თვალებში მაინც ვერ დაინახავს მარადიული ცხოვრების ნათებას…“ ამ ყველაფრის მიწოდებაა საჭირო: ცოცხალი ღმერთის, ცოცხალი რწმენის, სხვა დანარჩენი თავისთავად მოვა.
ნამდვილად არ ვარ აღფრთოვანებული, როცა ბავშვებს მეთოდურად ასწავლიან, როგორ მიედინებოდა, მაგალითად იესო ქრისტეს ცხოვრება. ბავშვებს სჭირდებათ არა ცოდნა როგორც ასეთი, არამედ ის, რაც იოლად მივა მათთან. მათთვის საჭიროა ცოცხალი კონტაქტი, რომელიც სულს აათრთოლებს და შთააგონებს. საჭიროა ისტორია არა როგორც ისტორია. დაე ამბები იყოს დაშორიშორებული – თავის დროზე ისინი აუცილებლად დაიმკვიდრებენ თავის ადგილს. დასაფასებელია, რომ ხშირად ბავშვებმა მეტი იციან უფლისა და საღვთო საიდუმლოებების შესახებ, ვიდრე მათმა მშობლებმა, რომლებმაც უნდა გაითავისონ, რომ არ შეუშალონ ხელი ამ ცოდნას, არ გადააქციონ ბუნებითი ცოდნა გონებრივ კატეხიზასად. არანაირად არ მინდა ჩირქი მოვცხო კატეხიზისს, უბრალოდ ხშირად ბავშვმა იცის – მას კი აძალებენ ფორმულირება მოახდინოს. როგორც კი ამ შინაგან ცოდნას უგულებელჰყოფენ და რაიმე ფრაზის დაზუთხვას აიძულებენ, იმ მომენტიდან იწყებს კვდომას ყველაფერი.
ზემოთაც აღვნიშნე, რომ სახარებისეული ფაქტების უბრალოდ ცოდნა სარგებლის მომტანი არ არის. ცხადია, როცა ვინმე გიყვარს, ისიც გაინტერესებს, თავს რა გადახდა, მაგრამ ჯერ უნდა შეიყვარო, მერე კი ფაქტები შეაგროვო. პარიზში, რუსულ გიმნაზიაში ჩატარებული საღვთო სჯულის ლექციები მახსენდება: ბავშვებს უფალი იესო ქრისტეს ცხოვრების შესახებ უამბობდნენ, შემდეგ კი სავალდებულო იყო ტროპარისა ან სახარებიდან რაიმე ამონარიდის დასწავლა. ეს ყველაფერი „უნდა“ გაკეთებულიყო, ამაში იწერებოდა ნიშნები, არითმეტიკისა და ბუნებისმეტყველების მსგავსად. ეს მეთოდი ღუპავდა ცოცხალ აღქმას. აქვს კი რაიმე მნიშვნელობა რომელი თანამიმდევრობით რა მოხდა?
მეორე მხრივ, სახარებისეული ფაქტები თუ ამბები ისეთი ინტერესითა და სილამაზითაა აღსავსე, რომ თუ მიზნად დავისახავთ არა დაზეპირებას, არამედ ბავშვების ამ სასწაულთან ზიარებას, შესაძლოა რაღაც გამოვიდეს.
პირადად მე მორწმუნე ბავშვი არ ვყოფილვარ, თხუთმეტ წლამდე ჩემთვის ღმერთი არ არსებობდა. ამიტომ არ ვიცი, რა ხერხებს მიმართავენ, რომ ბავშვი რწმენით გაიზარდოს. ამიტომაა, რომ პატარა ბავშვების აღზრდას ხელს არ ვკიდებ, ამას ვიწყებ პერიოდიდან, როდესაც მათთან მსჯელობაა უკვე შესაძლებელი. ერთი კი დანამდვილებით ვიცი, ბავშვზე უნდა ვილოცოთ. ორსული ქალი აუცილებლად უნდა ლოცულობდეს, აღსარებას ამბობდეს, ეზიარებოდეს, რადგან ის, რაც მის თავს ხდება, ვრცელდება ნაყოფზეც. როცა ბავშვი უკვე გაჩენილია, მისთვის უნდა ვილოცოთ. ხოლო რაც შეეხება ერთობლივ ლოცვას, მგონია, რომ სათანადო ლოცვის შერჩევაა საჭირო (დასაშვებია შეთხზვაც), რომელიც მიაღწევს არა ყველა, არამედ იმ კონკრეტულ ბავშვის გულამდე. რითი არსებობს, რა გზით შეუძლია ღმერთთან საუბარი – ეს მხოლოდ მშობლებმა იციან, რადგან კარგად უწყიან, როგორ საუბრობს ბავშვი მათთან. ხშირად ვახერხებთ ხოლმე დიდი სიხარულის უსიამოვნო მოვალეობად გადაქცევას. მახსოვს, ერთხელ ეკლესიისკენ მიმავალმა, გზად ლოსკებთან შევიარე (ჩვენ პარიზში ერთ ქუჩაზე ვცხოვრობდით). ემზადებიან, ჩააცვეს სამ ბავშვს, მეოთხე დგას და ელოდება, მაგრამ მას არ აცმევენ. იკითხა: „მე?“ მამამ კი უპასუხა: „შენ ამ კვირაში ისე იქცეოდი, რომ ეკლესიაში არაფერი გესაქმება! ასეთი ქცევა არ შეეფერება ქრისტიანს. ახლა კი იჯექი სახლში…“
ჩვენ კი ხშირად საპირისპიროდ ვიქცევით; ვაძალებთ: „წამოდი, წამოდი, მოინანიე, უთხარი მოძღვარს…“ საბოლოოდ, უფალთან შეყრა გადაიქცევა ხოლმე ვალად, აუცილებლობად და საშინელი სამსჯავროს ძალიან უსიამოვნო კარიკატურად. თავიდან ბავშვს შთააგონებენ, რა საშინელი და საშიში იქნება მისთვის ცოდვების აღიარება, შემდეგ კი იქ იძულებით აგდებენ. ვფიქრობ, ეს ცუდია. ჩვენთან შვიდი წლის ბავშვები ამბობენ აღსარებას, ხან ოდნავ პატარებიც მოდიან, ოდნავ დიდებიც, გამომდინარე იქიდან, მიაღწიეს თუ არა იმ ასაკს, როდესაც საკუთარი ქმედებების შეფასება შეუძლიათ. ხანდახან ბავშვს საკუთარი შეცოდებების გრძელი ჩამონათვალი მოაქვს. არადა ცოდვები დედიკომ ჩამოუწერა, თან ისეთები, თვითონ რომ აღიზიანებს. ბავშვი კი კითხვაზე – „შენ ნამდვილად გრძნობ, რომ ეს ცოდვაა?“ – შემოგხედავს და გიპასუხებს – არას. „და რატომ ამბობ აღსარებაში?“ – „დედამ მითხრა“…
სწორედ ეს, ჩემი აზრით, არ უნდა გავაკეთოთ. ისეთ მომენტს უნდა დაველოდოთ, როცა ბავშვს უკვე გააჩნია რაიმე სახის ზნეობრივი წარმოდგენები. პირველ აღსარებაზე არ ვსვამ კითხვას, რა რაოდენობით, რითი და როგორ შესცოდა. (ჩემი თავი მისაბაძ მაგალითად კი არ მომყავს, უბრალოდ გიამბობთ საკუთარ გამოცდილებას). დაახლოებით ასე მივმართავ: „აი, შენ უკვე დიდი ბიჭი გახდი (ან დიდი გოგო). ქრისტე ყოველთვის შენი ერთგული მეგობარი იყო, უბრალოდ ადრე შენ ამას აღიქვამდი, როგორც ბუნებრივსა და დამსახურებულ ამბავს. ახლა როდესაც გარკვეულ ასაკს მიაღწიე, შეგიძლია, შენი მხრივ, გახდე ერთგული მეგობარი. რა იცი ქრისტეს შესახებ, რა გიზიდავს მასში?… „ბავშვი სხვადასხვა ვარიანტებს ჩამოთვლის ხოლმე, თუ რა მოსწონს ან რა აღელვებს. მე ვპასუხობ: „ესე იგი შენ უგებ მას, გიყვარს და შეგიძლია, ისეთივე ერთგული და ლოალური იყო, როგორც შენი სკოლის მეგობრების ან მშობლების მიმართ. შეგიძლია, მოძებნო ხერხი მის გასახარებლად. რითი შეგიძლია სიხარული მიანიჭო? არსებობს ისეთი ქმედებებიც, რომლებიც მისთვის მტკივნეული იქნება…“ ბავშვები ხშირად თვითონვე ამბობენ რაღაცას, თუმცა შესაძლებელია უკარნახო მაგალითად – „შენ ცრუობ? თამაშებში იტყუები?…“ ამ სტადიაზე არასდროს ვეხები მშობლების დაჯერების თემას, რადგან ამ ხერხს ისინი ხშირად იყენებენ. ბავშვის დასამონებლად ღმერთს იშველიებენ, როგორც უკიდურეს ძალას, რომელიც ამ უკანასკნელზე გავლენას მოახდენს. ვცდილობ, ბავშვებმა მშობელთა მოთხოვნები და პირადი მიმართება ღვთისადმი ერთმანეთში არ აურიონ. შესაძლებელია სხვადასხვაგვარი საკითხების შეთავაზება, გამომდინარე იქიდან, როგორია ეს ბავშვი და დაახლოებით ასეთი მიმართვა: „აი, ყოჩაღ! გაახარე უფალი იმით, რომ ამა თუ იმ ცუდ საქციელს აღარ გაიმეორებ, ან ეცდები, არ გაიმეორო და თუ მაინც შეცდები, მაშინ მოინანიე და თქვი: „უფალო, მომიტევე! ვერ გამოვიჩინე სათანადო მეგობრობა, მოდი შევრიგდეთ!…“ და მიდი აღსარებაზე, რომ მოძღვარმა გითხრას: „რადგან ნანობ, უფლის სახელით შემიძლია მოგმართო, რომ ის გპატიობს. მაგრამ დაფიქრდი, რა დასანანია, რომ ასეთი ლამაზი მეგობრობა გაიბზარა…“
ბავშვის მარხვა გონივრულად უნდა წარვმართოთ, რომელიც უაზრო ტანჯვად კი არ გადაიქცევა, არამედ ექნება აღმზრდელობითი დატვირთვა. უფრო მნიშვნელოვნად მიმაჩნია მარხვის რაიმე ზნეობრივი მიღწევით დაწყება. უნდა შევთავაზოთ არა საკვების, არამედ მისი სისუსტეების შეზღუდვა. ბავშვი მარხვის დროს ამა თუ იმ უარყოფითი მიდრეკილებების დამარცხებით, საკუთარ თავზე დაუფლებით, თავდადებას უნდა ამტკიცებდეს ღვთისადმი. მარხვის გართულება ეტაპობრივად უნდა მოხდეს, ბავშვის შესაძლებლობების მიხედვით. ნათელია, რომ არაა აუცილებელი ხორცის ჭამა. ვეგეტარიანელები არ ეკარებიან ხორცს, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ცხოვრობენ და იზრდებიან. მცდარია აზრი, რომ ბავშვს ხორცის გარეშე არ შეუძლია, მაგრამ აუცილებელია ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებაც.
თარგმნა თამარ ხოსროშვილმა
გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“, № 38, 2008 წ.
__________________________________________________
აღებულია: http://www.orthodoxy.ge/ojakhi/surojeli_agzrda.htm