თაბაშირის სახვევი

თაბაშირის სახვევირა არის თაბაშირი?

  • თაბაშირი არის თეთრი ან ნაცრისფერი შეფერილობის კალციუმის სულფატის ფხვნილი
  • მის კალცინირებას ახდენენ 110-140°C ტემპერატურაზე
  • ინახავენ მშრალ ადგილას, ვინაიდან ჰაერის ტენიანობის შთანთქმის შედეგად ის კარგავს თავის თვისებებს
  • წყალთან შერევის შემდეგ თაბაშირი გადაიქცევა სქელ, მყარ მასად

თაბაშირის სახვევის მომზადების ტექნიკა

თაბაშირის ხარისხის შესამოწმებლად, ერთმანეთში ურევენ თანაბარი რაოდენობის თბილ წყალს და ფხვნილისმაგვარ თაბშირს. თუკი მიღებული მასა მაგრდება 5-7 წთ-ის განმავლობაში, ხარისხი კარგია. დანესტიანებული თაბაშირის კალცინირება ხდება 120 °C ტემპერატურაზე. თაბაშირი უნდა იყოს წვრილად დაფშვნილი და ქონდეს თეთრი ფერი. ფხვნილში არ უნდა იყოს ჭუჭყი, თუ გვხვდება ნატეხები, ის უნდა გაიცრას წვრილ საცერში.

თაბაშირის ბინტის ან ლონგეტის დასამზადებლად გამოიყენება 3მ სიგრძის, ფართო, საშუალო ზომის და ვიწრო ბინტები და მზადდება მაგიდაზე; ბინტს შლიან 40სმ-ზე, აყრიან თაბაშირს და ხელით შეაზელენ, მზა ნაწილს გადმოატრიალებენ და იმეორებენ პროცედურას ბინტის დანარჩენ ნაწილებზე.

თაბაშირის ლონგეტის დასამზადებლად გამოიყენება სხვადასხვა სიგანის ბინტები, სიგრძე კი დამოკიდებულია იმაზე თუ რამდენს მოითხოვს დაზიანებული ადგილი (50 სმ, 75 სმ, 100 სმ), ასევე სისქეც (ბინტის ფენების რაოდენობა) დამოკიდებულია გამოყენების ადგილზე.

თაბაშირის სახვევის დადების ტექნიკა

ღია და დახურული მოტეხილობების დროს იყენებენ უსაყრდენო სახვევებს, რომლებიც იდება უშუალოდ კანზე.

ლონგეტო-წრიული ან წრიული სახვევი

ბინტს ან ლონგეტს ასველებენ თბილ წყალში (40°C). თუ აუცილებელია სახვევის გამაგრების დაჩქარება საჭიროა უფრო ცხელი წყალი, ხოლო შენელებისათვის უფრო ცივი. თაბაშირის გამაგრებას ანელებს გლიცერინის 3%-იანი ხსნარი, ხოლო აჩქარებს სუფრის მარილის ან ალუმინის 1%-იანი ხსნარი.

წყალი მთლიანად უნდა ფარავდეს თასში მოთავსებულ ბინტს, საკმარისადაა თუ არა გაჟღენთილი დგინდება ჰაერში ბუშტუკების გამოშვების შეწყვეტით; შემდეგ ბინტი ფრთხილად ამოაქვთ წყლიდან, ოდნავ გაწურავენ, გადააქვთ მაგიდაზე და კარგად გაშლიან. ლონგეტს ადებენ დაზიანებულ ნაწილზე.

როგორც წესი, ლონგეტი ზედა კიდურებზე იდება გამშლელ ზედაპირზე, ქვედა კიდურებზე კი მომხრელზე.

ლონგეტს ამყარებენ მსუბუქი ბინტით, მთლიანი სახვევის დადების დროს კი – წრიულად თაბაშირის ბინტით. ოდნავ დაპრესილ თაბაშირის ბინტს ადებენ ზეწოლის გარეშე, ყოველი მომდევნო მონაკვეთი უნდა ფარავდეს წინას ნახევარს, თითოეულ ფენას და ნაკეცს კარგად ასწორებენ. ხელისა და ფეხის თითებს ტოვებენ ღიად. სახსრებზე სახვევს ამაგრებენ დამატებითი ბინტებით. თაბაშირის სახვევის დადების დროს დამხმარეს უჭირავს დაზიანებული კიდური, რითაც ახდენს პერიფერიული ნაწილის ფიქსაციას საჭირო მდგომარეობაში.

ჩვეულებრივ სახვევი მაგრდება 20 წთ-ში, მაგრამ მთლიანად შრება გვიან (დამოკიდებულია ჰაერის ტენიანობასა და თაბაშირის ხარისხზე). სახვევის დადების შემდეგ აუცილებელია რენტგენოლოგიური კონტროლი. სურათზე განსაზღვრავენ ფრაგმენტების მდგომარეობას, და თუ ისინი გადანაცვლებულია, სახვევს ჭრიან, ახდენენ რეპოზიციას და ხელახლა ადებენ ლონგეტო-წრიულ სახვევს, მას აფიქსირებენ მსუბუქი ბინტით და აკონტროლებენ ფრაგმენტების მდგომარეობას რენტგენის სურათებით. სახვევზე სქემატურად გამოსახავენ მოტეხილობას, ტრავმის მიღების, სახვევის დადების და მისი მოხსნის სავარაუდო თარიღს.

მოხსნადი-ფიქსირებული სახვევი

აუცილებელია ჭრილობის ან სამკურნალო მანიპულაციების გასაკონტროლებლად. ადებენ წრიულ თაბაშირის სახვევს, რომელსაც შემდეგ კვეთენ ორი ჭრილით საწინააღმგედო მხარეებიდან. სახვევს აფიქსირებენ მსუბუქი ბინტით. სამკურნალო მანიპულაციებისთვის სახვევს დროებით ხსნიან შემდეგ კი თავიდან ადებენ.

ფანჯრიანი სახვევი

ეს არის ჩვეულებრივი ლონგეტო-წრიული სახვევი, რომელშიც ამოჭრილია ფანჯარა ჭრილობის გასაკონტროლებლად.

სახვევი საყრდენით

გამოიყენება ქვედა კიდურების ტრავმის დროს, როდესაც ავადმყოფს ნებას რთავენ იაროს. მეტალის საყრდენს ამაგრებენ სახვევის ქვედა ნაწილთან და ავადმყოფი ეყრდნობა მას სიარულის დროს.

ნებისმიერი სახის თაბაშირის სახვევის დადების შემდეგ დაზარალებული უნდა იმყოფებოდეს სამედიცინო პერსონალის მეთვალყურეობის ქვეშ. პირველი დღის განმავლობაში შესაძლებელია მოხდეს ზეწოლა ქსოვილებზე მზარდი შეშუპების გამო და შესაბამისად სისხლის მიმოქცევის დარღვევა კიდურებში. ამ დროს იწყება ძლიერი ტკივილები, ხელისა და ფეხის თითები გალურჯებული და შეშუპებულია, დარღვეულია ტაქტილური შეგრძნება. აუცილებელია სახვევის გაჭრა მთელ სიგრძეზე, კიდეების განცალკევება და ბინტის დადება მსუბუქად. თუ ამის შემდეგ ტკივილი არ მოიხსნა, სახვევს ხსნიან და ცვლიან თაბაშირის ლონგეტით.

თაბაშირის სახვევის მოხსნა

სველი სახვევის გაჭრა და მოხსნა გაცილებით უფრო ადვილია ვიდრე მყარის. ამისთვის გამოიყენება სპეციალური ინსტრუმენტები, რომელიც მოიცავს მაკრატელს, ხერხს, თაბაშირის დანებს და სპეციალურ ბრტყელტუჩებს სახვევის კიდეების დასაშორებლად.

თურმანიძის მალამო