საშვილოსნოს მილების გაუვალობა

საშვილოსნოს მილების გაუვალობაქალების უნაყოფობის ძირითადი მიზეზია. წყვილების 30-40% არ ყავთ შვილი უშუალოდ საშვილოსნოს მილების გაუვალობის გამო. მსგავსი პათოლოგია ვითარდება მცირე მენჯის ღრუს  ორგანოების  მწვავე და ქრონიკული ანთებითი დაავადებების შედეგად, აგრეთვე მცირე მენჯის და მუცლის ღრუს ორგანოებზე ჩატარებული ოპერაციების გამო. ასხვავებენ საშვილოსნოს მილების სრულ და ნაწილობრივ გაუვალობას. დაავადება მიმდინარეობს უსიმპტომოდ და დიაგნოსტირდება გამოკვლევის შედეგად და ხშირად განაპირობებს საშვილოსნოსგარე ორსულობას.

როგორ განვსაზღვროთ საშვილოსნოს მილების გაუვალობა?

ამ დიაგნოზის დასასმელად აუცილებელია ქალის გამოკვლევა. მილების გამო უნაყოფობა დიაგნოსტირდება სპეციალური პროცედურის – ჰისტერსალპინგოგრაფიის საშუალებით. მას ატარებენ გინეკოლოგიურ სკამზე, მენსტრუალური ციკლის როგორც პირველ, ისევე მეორე ფაზაში; საშვილოსნოს ღრუში სპეციალური კათეტერის საშუალებით შეყავთ კონტრასტული ნივთიერება.

ულტრაბგერითი გამოკვლევის დროს ეს შეიძლება იყოს ფიზიოლოგიური ხსნარი ან გლუკოზის ხსნარი; რენტგენოგრაფიის დროს გამოიყენებენ უროგრაფინს, ვეროგრაფინს. შემდეგ კეთდება ულტრაბგერითი ან რენტგენოლოგიური გამოკვლევა, რის შემდეგაც ექიმს შეუძლია შეაფასოს საშვილოსნოს ღრუს და მილების მდგომარეობა. ეს პროცედურა ტარდება გაუტკივარების გარეშე.

რომელია უკეთესი – რენტგენოლოგიური თუ ულტრაბგერითი ჰისტერსალპინგოგრაფია?

რენტგენოლოგიური გამოკვლევა უკუნაჩვენებია ქალებისთვის, რომელთაც აქვთ ალერგია იოდზე, თუმცა, როცა ქალს ხელთ აქვს რენტგენოლოგიური სურათები, აუცილებლობის შემთხვევაში მას შეუძლია კონსულტაციისთვის მიმართოს სხვა სპეციალისტს. ულტრაბგერით გამოკვლევას უკუჩვენება არ აქვს. როგორც წესი, ამ დროს დიაგნოსტიკას აწარმოებს მხოლოდ ერთი ექიმი, ვინაიდან სურათები გამოკვლევის ამ მეთოდის დროს შეიძლება გაკეთდეს თანამედროვე ტექნიკის არსებობისას.

როგორ ვუმკურნალოთ საშვილოსნოს მილების გაუვალობას?

ჯერ კიდევ ცოტა ხნის წინ, მილების გაუვალობას მკურნალობდნენ ანთების საწინააღმდეგო თერაპიით და ფიზიოთერაპევტული პროცედურებით. ასეთი მკურნალობა ყოველთვის წარმატებულად არ მთავრდებოდა – მილების გამავლობა ხშირად არ აღდგებოდა და ხანდახან ვითარდებოდა სერიოზული გართულებები. გაცილებით ეფექტურ მეთოდად ითვლება ქირურგიული ჩარევა: ექიმის კვალიფიკაციის და მილებში შეხორცებების სირთულის გათვალისწინებით ოპერაცია 20-70% -ში მთავრდება წარმატებით. ბოლო დროს ექიმები უპირატესობას ანიჭებენ ლაპარასკოპიულ მეთოდს (ქირურგიული ჩარევა დაახლოებით 1სმ დიამეტრის ჭრილით).

შესაძლებელია თუ არა საშვილოსნოს მილების სრული გაუვალობის განკურნება?

სრული გაუვალობა არ იკურნება და ქალებს ასეთი დიაგნოზით ყველაზე ხშირად ურჩევენ ექსტრაკორპორალურ განაყოფიერებას.

♦ ქალის ორგანიზმი, გინეკოლოგია, მეანობა

.