ფლოგენზიმი

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება: ტრიპსინი /TRYPSIN

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები

კლინიკურფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ანთების საწინააღმდეგო ფერმენტული პრეპარატი.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
შემოგარსული ტაბლეტები: ბლისტერზე 20 ც.
1 ტაბ.
მცენარეული და ცხოველური წარმოშობის
პროტეოლიზური ენზიმები…….   138 მგ
ბრომელაინი…………………….       90 მგ
ტრიფსინი………………………        48 მგ
რუტოზიდი………………………    100 მგ

ფარმაკოლოგიური თვისებები:
ენზიმები (ფერმენტები) წარმოადგენენ ორგანიზმის ცხოველქმედების საფუძველს. ისინი მონაწილეობენ პრაქტიკულად ყველა ბიოლოგიური პროცესის განხორციელებაში. ენზიმების აქტივობის დაქვეითება ხშირად იწვევს მწვავე და ქრონიკულ დაავადებებს.
ფლოგენზიმი ორი ურთიერთშემავსებელი ფერმენტის მიზანმიმართული კომბინაციაა რუტინთან ერთად. ორგანიზმში მოხვედრის შემდეგ, ენზიმების შეწოვა ხორციელდება ინტაქტური მოლეკულების სახით, წვრილ ნაწლავში რეზორბციის გზით. სატრანსპორტო ცილებთან შეკავშირებულ მდგომარეობაში, ისინი ხვდებიან სისტემურ სისხლმიმოქცევაში და კონცენტრირდებიან პათოლოგიური პროცესის კერაში.
ბრომელაინი და ტრიფსინი ხელს უწყობენ ანთების მეტაბოლური პროდუქტების სწრაფ დაშლას, ხოლო რუტინი აღადგენს სისხლძარღვების კედლების ნორმალურ განვლადობას, რაც განაპირობებს შეშუპებისა და ჰემატომების სწრაფ შემცირებას. პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი ენზიმები თავისი აქტივობის რეალიზებას ახდენენ ანთების საწინააღმდეგო, ფიბრინოლიზური, თრომბოლიზური, ანტიაგრეგანტული და შეშუპების საწინააღმდეგო ეფექტით, პათოლოგიურ პროცესზე კომპლექსური ზემოქმედების შედეგად.
ფლოგენზიმი ამცირებს სისხლის სიბლანტეს, ხელს უშლის ინტრავასკულური თრომბების წარმოქმნას და ხელს უწყობს უკვე წარმოქმნილი თრომბების ლიზისს. იგი აუმჯობესებს მიკროცირკულაციას, რის შედეგადაც, უფრო სწრაფად მცირდება შეშუპება და გაიწოვება ჰემატომები, უმჯობესდება ქსოვილების ტროფიკა, ქვეითდება ტკივილის სინდრომის გამოხატულება.
ფლოგენზიმი ამცირებს ინტერსტიციუმის ინფილტრაციას პლაზმური უჯრედებით, ზრდის ანთებითი დეტრიტის ელიმინაციას, აჩქარებს ნივთიერებათა ცვლის ტოქსიკური პროდუქტების ლიზისს, ანთებისა და ნეკროზული ქსოვილების უბანში. იგი ასევე აუმჯობესებს ჰემატომებისა და შეშუპების გაწოვას, ხელს უწყობს სისხლძარღვთა კედლების განვლადობის ნორმალიზაციას.
ფლოგენზიმი ამცირებს თრომბოქსანის კონცენტრაციას და თრომბოციტების აგრეგაციას, არეგულირებს სისხლის უჯრედების ადჰეზიას, ზრდის ერითროციტების დეფორმირებულობის უნარს და მათ ელასტიურობას. იგი აგრეთვე იწვევს ნორმალური დისკოციტების რაოდენობის აღდგენას და ამცირებს თრომბოციტების აქტიურ ფორმებს, უზრუნველყოფს სისხლის სიბლანტის ნორმალიზაციას, ამცირებს მიკროაგრეგანტების საერთო რაოდენობას, რაც ხელს უწყობს მიკროცირკულაციისა და სისხლის რეოლოგიური თვისებების გაუმჯობესებას.

ჩვენებები:
კომპლექსურ თერაპიაში
ქირურგია: პოსტოპერაციული მდგომარეობის მკურნალობა (ანთება, თრომბოზები, შეშუპება) შეხორცებითი დაავადების პროფილაქტიკა, პოსტოპერაციული ლიმფური შეშუპების პროფილაქტიკა და მკურნალობა.
ტრავმატოლოგია: მოტეხილობები, ამოვარდნილობები, დაჟეჟილობები, მყესების გაგლეჯა და დაჭიმვა, დამწვრობა.
ანგიოლოგია: ზედაპირული ვენების მწვავე თრომბოზები და თრომბოფლებიტები, პოსტტრომბოფლებიტური დაავადებების ქვემო კიდურების მაობლიტირებელი ენდარტერიტის და ათეროსკლეროზის მკურნალობა. მორეციდივე ფლებიტების პროფილაქტიკა და მკურნალობა.
უროლოგია: შარდსასქესო სისტემის მწვავე და ქრონიკული დაავადების გამწვავებების მკურნალობა. ცისტიტი, ურეთრიტი, ცისტოპიელიტი, პროსტატიტი.
გინეკოლოგია: მწვავე და ქრონიკული დაავადებების გამწვავებების მკურნალობა (ადნექსიტი, სალპინგოოოფორიტი), მასტოპათია, კლიმაქტერიული პერიოდის გართულებები, აგრეთვე ჩანაცვლებითი ჰორმონოთერაპიის გართულების გამოხატულებისა და სიხშირის შემცირების მიზნით.
კარდიოლოგიური: მიოკარდიუმის ინფარქტის შემდგომი მდგომარეობა (სისხლის რეოლოგიური თვისებების გასაუმჯობესებლად), გულის იშემიური დაავადება.
გასტროენტეროლოგია: მწვავე ჰეპატიტი, ქრონიკული ჰეპატიტის გამწვავება.
რევმატოლოგია: რევმატოიდული ართრიტის გამწვავება, ბეხტერევის დაავადება, რეაქტიული ართრიტი, ოსტეოართოზის გამწვავება, რბილი ქსოვილების რევმატიზმი.
ნევროლოგია: გაფანტული სკლეროზი.

მიღების წესი და დოზირება:
დაავადების აქტიურობისა და სიმძიმის მიხედვით ფლოგენზიმს იღებენ 2-4 ტაბლეტის ოდენობით, 3-ჯერ დღეში.
– დაავადების მაღალი აქტივობის დროს ფლოგენზიმი ინიშნება 3-4 ტაბლეტი 3-ჯერ დღეში,  2-3 კვირის განმავლობაში.
– დაავადების საშუალო აქტივობისას – 3 ტაბლეტი 3-ჯერ დღეში 2-3 კვირის მანძილზე.
– დაავადების დაბალი აქტივობის შემთხვევაში – 2 ტაბლეტი 3-ჯერ დღეში, ხანგრძლივი კურსებით, 3-დან 6 თვეზე და მეტ ხანს.
– ანტიბიოტიკების მოქმედების ეფექტის  გასაზრდელად, ფლოგენზიმი უნდა დაინიშნოს ანტიბიოტიკოთერაპიის მთელი კურსის მანძილზე, დოზით – 3 ტაბლეტი 3-ჯერ დღეში. ტაბლეტები ინიშნება ჭამამდე არანაკლებ 30 წთ-ით ადრე, დაუღეჭავად, 150-200 მლ წყლის მიყოლებით.

გვერდითი მოვლენები:
ფლოგენზიმს პაციენტები კარგად იტანენ. მისი გვერდითი მოქმედება არ იქნა გამოვლენილი მაღალი დოზებით და ხანგრძლივი მკურნალობის დროსაც კი. ერთეულ შემთხვევებში აღინიშნება დიარეა, განავლის კონსისტენციისა და სუნის ცვლილება, რისი კუპირებაც ხდება დოზის დროებით შემცირებით. იშვიათ შემთხვევებში ვლინდება ალერგიული რეაქციები – კანზე გამონაყარი, რომელიც შექცევადია პრეპარატის მიღების შეწყვეტის შემთხვევაში. ფლოგენზიმის მაღალმა დოზებმა შეიძლება გამოიწვიოს კუჭის გადავსების დროებითი შეგრძნება. ამის თავიდან აცილება შესაძლებელია, თუ დღიურ დოზას გავანაწილებთ უფრო ხშირ მიღებაზე.

უკუჩვენებები:
* ინდივიდუალური აუტანლობა;
* სისხლის შედედების მძიმე თანდაყოლილი ან შეძენილი პათოლოგიები (მაგალითად ჰემოფილია);
* ჰემოდიალიზის დროს ფლოგენზიმის მიღებამდე სასურველია ექიმთან კონსულტაცია.

განსაკუთრებული მითითებები:
◄ ინფექციური პროცესის შემთხვევაში ფლოგენზიმი არ ცვლის ანტიბიოტიკებს, მაგრამ ზრდის მათ ეფექტურობას.
◄ ორსულობა და ლაქტაცია არ წარმოადგენს უკუჩვენებას პრეპარატის მიღებისათვის, მაგრამ ორსულმა ქალებმა ფლოგენზიმი უნდა მიიღონ მკაცრი კონტროლის ქვეშ.
◄ ზოგიერთი დაავადების დროს, მკურნალობის დასაწყისში დაავადების სიმპტომები შეიძლება გამწვავდეს, რაც განიხილება, როგორც ორგანიზმის რეაქცია მკურნალობაზე. ასეთ შემთხვევებში, ფლოგენზიმის მიღება არ უნდა შევწყვიტოთ, რეკომენდებულია დოზის დროებით შემცირება.
◄ ფლოგენზიმში არ არის აღმოჩენილი დოპინგის სიაში შემავალი ნაერთები.
◄ პრეპარატი არ ახდენს ნეგატიურ გავლენას ავტომობილის მართვასა და სხვა ისეთი სახის სამუშაოს შესრულებაზე, რომელიც მოითხოვს ფსიქიკური და ფიზიკური რეაქციის მაღალ სიჩქარეს.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
ფლოგენზიმის ერთდროული მიღებისას სხვა პრეპარატებთან, მათთან შეუთავსებლობის შემთხვევები არ იქნა გამოვლენილი.

შენახვის პირობები:
პრეპარატი ინახება ოთახის ტემპერატურაზე, ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.

მწარმოებელი: MUCOS PHARMA, გერმანია

გაფრთხილება