ფლუტინაზი-ჰუმანითი

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): fluticasone furoate

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ნაზალური პრეპარატები, კორტიკოსტეროიდები.

ათქ კოდი: R01AD12

შემადგენლობა
მომქმედი ნივთიერება და რაოდენობა დოზის ერთეულში
თითოეული გაფრქვევა შეიცავს:
ფლუტიკაზონის ფუროატი ……………………….27.5 მკგ
კონსერვანტი: ბენზალკონიუმის ქლორიდი

აღწერილობა
თეთრი ფერის სუსპენზია

ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკური თვისებები
მოქმედების მექანიზმი:
ფლუტიკაზონის ფუროატი წარმოადგენს სინთეზურ ტრიფტორირებულ კორტიკოსტეროიდს, რომელსაც გააჩნია ძლიერი აფინობა გლუკოკორტიკოიდულ რეცეპტორთან და ხასიათდება ანთების საწინააღმდეგო მოქმედებით.

კლინიკური ეფექტურობა და უსაფრთხოება:
სეზონური ალერგიული რინიტი მოზრდილებში და მოზარდებში
პლაცებოსთან შედარებით, ფლუტიკაზონის ფუროატის ნაზალური სპრეის 110 მიკროგრამი დღეში ერთხელ, მნიშვნელოვნად აუმჯობესებდა ნაზალურ (რინორეა, სურდო, ცემინება და ცხვირის ქავილი) და თვალის სიმპტომებს (თვალების ქავილი/წვა. ცრემლდენა და სიწითლე) ოთხივე კვლევაში. დღეში ერთხელ შესხურების შემდეგ, ეფექტურობა შენარჩუნებული იყო სრული 24 საათის განმავლობაში.
თერაპიული ეფექტურობის დასაწყისი აღინიშნა პირველი მიღებიდან 8 საათის შემდეგ, ხოლო შემდგომი გაუმჯობესება – რამდენიმე დღის განმავლობაში.
ფლუტიკაზონის ფუროატის ნაზალური სპრეი მნიშვნელოვნად აუმჯობესებდა პაციენტის პასუხს მკურნალობაზე და ავადმყოფობასთან დაკავშირებული ცხოვრების ხარისხს (რინოკონიუნქტივიტი, კითხვარი ცხოვრების ხარისხის შესახებ – RQLQ) ოთხივე კვლევაში.
წლიური ალერგიული რინიტი მოზრდილებში და მოზარდებში:
სამ კვლევაში, პლაცებოსთან შედარებით, ფლუტიკაზონის ფუროატის ნაზალური სპრეი 110 მკგ დღეში ერთხელ მნიშვნელოვნად აუმჯობესებდა ნაზალურ სიმპტომებს, ასევე, პაციენტის პასუხს მკურნალობაზე.
ერთ კვლევაში, პლაცებოსთან შედარებით, ფლუტიკაზონის ფუროატის ნაზალური სპრეი 110 მკგ დღეში ერთხელ მნიშვნელოვნად აუმჯობესებდა თვალის მხრივ სიმპტომებს, ასევე, პაციენტის ავადმყოფობით განპირობებული ცხოვრების ხარიხს (RQLQ).

ფარმაკოკინეტიკა
აბსორბცია
ფლუტიკაზონის ფუროატი ექვემდებარება არასრულ აბსორბციას და ექსტენსიურ პირველად მეტაბოლიზმს ღვიძლში და ნაწლავებში, რაც განაპირობებს უმნიშვნელო სისტემურ ზემოქმედებას. დღეში ერთხელ 110 მკგ ინტრანაზალური დოზა, ჩვეულებრივ, არ იწვევს პლაზმური კონცენტრაციის მნიშვნელოვან მაჩვენებლებს (<10 პგ/მლ). ინტრანაზალური ფლუტიკაზონის ფუროატის აბსოლუტური ბიოშეღწევადობა შეადგენს 0.50%, ამგვარად, 110 მიკროგრამი დოზით მიღების შემდეგ, ფლუტიკაზონის ფუროატის სისტემური ათვისება იქნება 1 მიკროგრამზე ნაკლები.
განაწილება
ფლუტიკაზონის ფუროატის პლაზმის ცილებთან კავშირი შეადგენს 99%-ზე მეტს. ფლუტიკაზონის ფუროატი ფართოდ ვრცელდება, განაწილების სტაბილური საშუალო მოცულობით, 608ლ.
ბიოტრანსფორმაცია
ფლუტიკაზონის ფუროატი სწრაფად გამოიყოფა (ტოტალური პლაზმური კლირენსი: 58.7 ლ/სთ) სისტემური ცირკულაციიდან, ძირითადად ღვიძლში მეტაბოლიზმის შედეგად, გარდაიქმნება რა არააქტიურ 17β-კარბოქსილის მეტაბოლიტად (GW694301X), P450 ციტოქრომის CYP3A4 ფერმენტის მეშვეობით. მეტაბოლიზმის ძირითად გზას წარმოადგენდა S-ფტორომეთილ კარბოთიოატის ფუნქციის ჰიდროლიზი, რის შედეგადაც იქმნებოდა 17β-კარბოქსილის მჟავის მეტაბოლიტი. In vivo კვლევებში არ გამოვლენილა იმის მტკიცებულება რომ ფუროატის კომპონენტის დანაწევრების შედეგად წარმოიქმნებოდა  ფლუტიკაზონი.
გამოყოფა
პერორალური და ინტრავენური მიღების შემდეგ, გამოყოფა ძირითადად ხდებოდა ფეკალური გზით, რაც ცხადყოფდა ფლუტიკაზონის ფუროატის და მისი მეტაბოლიტების ექსკრეციას ნაღველის მეშვეობით. ინტრავენური მიღების შემდეგ ნახევარგამოყოფის პერიოდი საშუალოდ შეადგენდა 15.1 საათს. პერორალური და ინტრავენური მიღებისას, შარდში ექსკრეცია შეადგენდა დაახლოებით 1% და 2% შესაბამისად.

ჩვენებები
ფლუტიკაზონის ფუროატის ნაზალური სპრეი ინიშნება მოზრდილებში, მოზარდებში და ბავშვები (6 წლიდან).
ფლუტიკაზონის ფუროატის ნაზალური სპრეი ინიშნება ალერგიული რინიტის სიმპტომების სამკურნალოდ.

დოზირება და მიღების წესი
დოზირება
მოზრდილები და მოზარდები (12 წლიდან)
რეკომენდებული საწყისი დოზა – ორი შესხურება (თითოული შესხურება – ფლუტიკაზონის ფუროატის 27.5 მიკროგრამი) თითოეულ ნესტოში დღეში ერთხელ (ჯამური დღიური დოზა – 110 მიკროგრამი).
სიმპტომების ადექვატური კონტროლის მიღწევის შემდეგ ეფექტურობა შეიძლება შენარჩუნებული იქნას შემცირებული დოზით – ერთი შესხურება თითოეულ ნესტოში (ჯამური დღიური დოზა – 55 მიკროგრამი).
სასურველია აღნიშნული დოზის ტიტრაცია იმ მინიმალურ დოზამდე, რომელზეც შენარჩუნებულია სიმტპომების ეფექტური კონტროლი.
ბავშვები (6–დან 12 წლამდე)
რეკომენდებული საწყისი დოზა – ერთი შესხურება (თითოული შესხურება – ფლუტიკაზონის ფუროატის 27.5 მიკროგრამი) თითოეულ ნესტოში დღეში ერთხელ (ჯამური დღიური დოზა – 55 მიკროგრამი).
პაციენტებში, რომლებიც ადექვატურად არ პასუხობენ დღეში ერთ შესხურებას თითოეულ ნესტოში (ჯამური დღიური დოზა – 55 მიკროგრამი), შესაძლებელია დღეში ორი შესხურება თითოეულ  ნესტოში (ჯამური დღიური დოზა – 110 მიკროგრამი).
სიმპტომების ადექვატური კონტროლის მიღწევის შემდეგ ეფექტურობა შეიძლება შენარჩუნებული იქნას შემცირებული დოზით – ერთი შესხურება თითოეულ ნესტოში (ჯამური დღიური დოზა – 55 მიკროგრამი).
სრული თერაპიული ეფექტურობისთვის სასურველია რეგულარული, დაგეგმილი გამოყენება. გაუმჯობესების დასაწყისი აღინიშნება პირველი მიღებიდან 8 საათში. თუმცა, მაქსიმალური ეფექტურობის მისაღწევად შეიძლება საჭირო გახდეს რამდენიმე დღიანი მკურნალობა და პაციენტს უნდა აუხსნან, რომ მათი სიმპტომები გაუმჯობესდება უწყვეტი რეგულარული გამოყენების შედეგად. მკურნალობის ხანგრძლივობა შემოიფარგლება ალერგენთან შეხების პერიოდით.
6 წლამდე ასაკის ბავშვები
ფლუტიკაზონის ფუროატის ნაზალური სპრეის უსაფრთხოება და ეფექტურობა 6 წლამდე ასაკის ბავშვებში დადგენილი არ არის.
ხანდაზმული პაციენტები
ხანდაზმულ პაციენტებში დოზის კორექცია საჭირო არ არის.
თირკმლის უკმარისობა
დოზის კორექცია საჭირო არ არის.
ღვიძლის უკმარისობა
დოზის კორექცია საჭირო არ არის. სიფრთხილით ინიშნება ღვიძლის მძიმე უკმარისობის შემთხვევაში, რადგან ასეთი პაციენტებისათვის კორტიკოსტეროიდებთან ასოცირებული  სისტემური გვერდითი რეაქციების რისკი,  უფრო მაღალია.

მიღების წესი
ფლუტიკაზონის ფუროატის ნაზალური სპრეი მიიღება მხოლოდ ინტრანაზალურად.
გამოყენებამდე ინტრანაზალური მოწყობილობა უნდა შეანჯღრიოთ. მოწყობილობის მუშა მდგომარობაში მოსაწყანად ვერტიკალურ მდგომარეობაში ყოფნისას დააჭირეთ აეროზოლის გამფრქვევ ღილაკზე მინიმუმ ექვსჯერ, (სანამ არ მოხდება გაფრქვევა). მოწყობილობის მუშა მდგომარობაში თავიდან მოყვანა (დაახლოებით ექვსი გაფრქვევა) საჭიროა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოწყობილობა თავსახურის გარეშე იმყოფება 5 დღის განმავლობაში, ან თუ სპრეი არ გამოგიყენებიათ 30 დღის განმავლობაში ან უფრო ხანგრძლივად.
ყოველი გამოყენების შემდეგ გაწმინდეთ მოწყობილობა  და  დაახურეთ თავსახური.

გვერდითი მოვლენები
უსაფრთხოების პროფილის შეჯამება
ფლუტიკაზონის ფუროატით მკურნალობის დროს ყველაზე ხშირად აღნიშნული არასასურველი რეაქციებია ცხვირიდან სისხლდენა, ნაზალური წყლულების გაჩენა და თავის ტკივილი. ყველაზე მძიმე არასასურველი რეაქციები, რომლებიც აღინიშნება იშვიათად, მოიცავს ჰიპერგრძნობელობის რეაქციებს, მათ შორის ანაფილაქსიას (1000 პაციენტიდან 1-ზე ნაკლებში).
გვერდითი მოვლენების ჩამონათვალი
უსაფრთხოებისა და ეფექტურობის კვლევებში 2700 პაციენტზე მეტს ჩაუტარდა სეზონური და წლიური ალერგიული რინიტის მკურნალობა ფლუტიკაზონის ფუროატით. ფლუტიკაზონის ფუროატის პედიატრიული უსაფრთხოებისა და ეფექტურობის კვლევებში სეზონური და წლიური ალერგიული რინიტის მკურნალობა ჩაუტარდა 12 – < 18 წლის,  243 პაციენტს, 6 – < 12 წლის, 790  პაციენტს და 2 – < 6 წლის, 241  პაციენტს.
კლინიკური კვლევებიდან მიღებული მონაცემები გამოყენებული იქნა გვერდითი რეაქციების  სიხშირის დასადგენად.                       სიხშირეების კლასიფიკაციისთვის გამოყენებულია შემდეგი პირობითი აღნიშნვები: ძალიან ხშირი  ≥1/10; ხშირი ≥1/100 – <1/10; არახშირი ≥1/1000 – <1/100; იშვიათი ≥1/10,000 – <1/1000; ძალიან იშვიათი <1/10,000.

დარღვევები იმუნური სისტემის მხრივ
იშვიათი ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები, მათ შორის ანაფილაქსია, ანგიოედემა, გამონაყარი და ურტიკარია.
დარღვევები ნევრული სისტემის მხრივ
ხშირი თავის ტკივილი.
დარღვევები თვალების მხრივ
არ არის ცნობილი დროებითი ოკულარული ცვლილებები (იხ. კლინიკური გამოცდილება).
რესპირატორული, თორაკალური და მედიასტინალური დარღვევები                     
ძალიან ხშირი ცხვირიდან სისხლდენა
ხშირი ნაზალური წყლული
არახშირი რინალგია, ნაზალური დისკომფორტი (მათ შორის ცხვირის წვა, გაღიზიანება და ტკივილის), ცხვირის სიმშრალე.
ძალიან იშვიათი ცხვირის ძგიდის პერფორმაცია
დარღვევები ძვალკუნთოვანი და შემაერთებელი ქსოვილების მხრივ (ბავშვები)                     
არ არის ცნობილი ზრდის შეფერხება (იხ. კლინიკური გამოცდილება).

უკუჩვენებები
ჰიპერმგრძნობელობა რომელიმე შემადგენლის მიმართ.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
ურთიერთქმედება CYP3A4 ინჰიბიტორებთან
ფლუტიკაზონის ფუროატი სწრაფად გამოიყოფა ექსტენსიური პირველადი მეტაბოლიზმის შედეგად, რომელსაც განაპირობებს P450 3A4 ციტოქრომი.
სხვა გლუკოკორტიკოიდულ საშუალებასთან (ფლუტიკაზონის პროპიონატი) ურთიერთქმედების მონაცემების საფუძვლად, რომლის მეტაბოლიზმს განაპირობებს CYP3A4, მასთან ერთად რიტონავირის მიღება არასასურველია ფლუტიკაზონის ფუროატის გაზრდილი სისტემური ზემოქმედების რისკის გამო.
ფლუტიკაზონის ფუროატი ფრთხილად უნდა დაინიშნოს CYP3A4-ის ძლიერ ინჰიბიტორებთან ერთად, რადგან არ გამოირიცხება სისტემური ზემოქმედების ზრდა. ინტრანაზალური ფლუტიკაზონის ფუროატის სხვა წამლებთან (CYP3A4-ის ძლიერი ინჰიბიტორი კეტოკონაზოლი) ურთიერთქმედების ერთ-ერთ კვლევაში, კეტოკონაზოლის ჯგუფში უფრო მეტ პაციენტს აღენიშნა ფლუტიკაზონის ფუროატის კონცენტრაციების მატება (20 სუბიექტიდან 6) პლაცებოს ჯგუფთან შედარებით (20 სუბიექტიდან 1). ასეთ მცირე ზრდას არ გამოუწვევია სტატისტიკურად მნიშვნელოვანი განსხვავება  სისხლის შრატში კორტიზოლის კონცენტრაციებში 24 სთ განმავლობაში, ამ ორ ჯგუფს შორის.
ფერმენტული ინდუქციის და ინჰიბირების მონაცემები აჩვენებს, რომ არ არსებობს ფლუტიკაზონის ფუროატს და ციტოქრომით P450-ით მეტაბოლიზებადი სხვა ნაერთების მეტაბოლურ ურთიერთქმედებების საფუძველი, კლინიკურად  შესაბამის ინტრანაზალურ დოზების გამოყენებისას. შესაბამისად, სხვა წამლებზე ფლუტიკაზონის ფუროატის ზემოქმედების შესასწავლად კლინიკური კვლევები არ ჩატარებულა.

სპეციალური მითითებები
კორტიკოსტეროიდის სისტემური ეფექტები
შეიძლება წარმოიქმნას ნაზალური კორტიკოსტეროიდის სისტემური ეფექტები, განსაკუთრებით, მაღალი დოზების ხანგრძლივად დანიშვნის შემთხვევაში. ასეთი ზემოქმედების წარმოქმნის ალბათობა გაცილებით ნაკლებია, ვიდრე კორტიკოსტეროიდების პერორალური მიღებისას და განსხვავებულია ცალკეული პაციენტების და სხვადასხვა კორტიკოსტეროიდული პრეპარატების მიხედვით. პოტენციური სისტემური ეფექტები შეიძლება მოიცავდეს კუშინგის სინდრომს, კუშინგოიდურ სიმპტომებს, ადრენალურ სუპრესიას, ზრდის შეფერხებას ბავშვებში და მოზარდებში, კატარაქტას, გლაუკომას და, უფრო იშვიათად, ფსიქოლოგიურ ან ქცევით ეფექტებს, მათ შორის ფსიქომოტორულ ჰიპერაქტიურობას, ძილის დარღვევას, აგზნებადობას, დეპრესიას ან აგრესიას (განსაკუთრებით ბავშვებში). ნაზალური კორტიკოსტეროიდების რეკომენდებულზე მაღალი დოზით მკურნალობამ შეიძლება გამოიწვიოს თირკმელზედა ჯირკვლების კლინიკურად მნიშვნელოვანი უკმარისობა. რეკომენდებულზე მაღალი დოზის გამოყენების ნიშნების შემთხვევაში სისტემური კორტიკოსტეროიდების დამატებით მიღება უნდა განიხილოს სტრესის და შერჩევითი ქირურგიული ოპერაციის პერიოდებში.  ფლუტიკაზონის ფუროატის 110 მკგ დღეში ერთხელ არ ყოფილა დაკავშირებული ჰიპოთალამურ-პიტუიტარულ-ადრენალური (HPA) ღერძის სუპრესიასთან მოზრდილ, მოზარდ თუ პედიატრიულ პაციენტებში. თუმცა, ინტრანაზალური ფლუტიკაზონის ფუროატის დოზა იმ მინიმალურ დოზამდე უნდა შემცირდეს, რომელზეც შესაძლებელია რინიტის სიმპტომების ეფექტური კონტროლის შენარჩუნება. ისევე, როგორც ყველა ინტრანაზალური კორტიკოსტეროიდის შემთხვევაში, მათი საერთო სისტემური დატვირთვა უნდა იქნას გათვალისწინებული, თუ ერთდროულად კორტიკოსტეროიდების სხვა ფორმებით მკურნალობა ინიშნება.
თუ რაიმე მიზეზის გამო არსებობს თირკმელზედა ჯირკვლების უკმარისობის ეჭვი, პაციენტის გადაყვანისას სისტემური სტეროიდებით მკურნალობიდან ფლუტიკაზონის ფუროატით მკურნალობაზე, აუცილებელია რეგულარული კონტროლი.
დარღვევები თვალების მხრივ
ნაზალურმა და საინჰალაციო კორტიკოსტეროიდებმა შეიძლება გამოიწვიოს გლაუკომის ან/და კატარაქტას განვითარება. ამიტომ, აუცილებელია რეგულარული კონტროლი, თუ პაციენტს აღენიშნება  ცვლილებები მხედველობაში ან თუ ანამნეზში აღენიშნება მაღალი თვალშიდა წნევა, გლაუკომა ან კატარაქტა.
ზრდის შეფერხება
ზრდის შეფერხება აღინიშნა ბავშვებში, რომლებიც ნაზალურ კორტიკოსტეროიდებს იღებდნენ დანიშნული დოზებით. შეფერხება ზრდის სიჩქარეში აღინიშნა იმ ბავშვებში, რომლებსაც მკურნალობდნენ ფლუტიკაზონის ფუროატის 110 მკგ დოზით დღეში ერთხელ, ერთი წლის განმავლობაში. ამიტომ, ბავშვებში გამოყენებული უნდა იქნას ის მინიმალური ეფექტური დოზა, რომელიც სიმპტომების ადექვატურ კონტროლს უზრუნველყოფს. სასურველია იმ ბავშვების ზრდის რეგულარული მონიტორინგი, რომლებიც ნაზალურ კორტიკოსტეროიდებს იღებენ. თუ ზრდა შენელებულია, მკურნალობა უნდა გადაიხედოს ნაზალური კორტიკოსტეროიდის იმ მინიმალურ დოზამდე შემცირების მიზნით, თუ ეს შესაძლებელია, რომელზეც შენარჩუნებული იქნება სიმპტომების ეფექტური კნტროლი. გარდა ამისა, სასურველია, პაციენტმა პედიატრს მიმართოს.

ორსულობა და ლაქტაცია
ორსულობა
ადექვატური მონაცემები ორსულ ქალებში ფლუტიკაზონის ფუროატის გამოყენების შედეგების შესახებ არ არსებობს. ცხოველებზე ჩატარებულ კვლევებში, გლუკოკორტიკოიდების გამოყენებამ გამოიწვია სხვადასხვა დარღვევები, მათ შორის მგლის ხახა და საშვილოსნოსშიდა ზრდის შეფერხება. სავარაუდოდ, ეს არ ვრცელდება ადამიანებზე, თუ ისინი იღებენ რეკომენდებულ ნაზალურ დოზებს, რომლებიც ახდენენ მინიმალურ სისტემურ ზემოქმედებას. ფლუტიკაზონის ფუროატი ორსულობის დროს მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა იქნას გამოყენებული, თუ  მოსალოდნელი დადებითი ზემოქმედება დედაზე აღემატება პოტენციურ რისკებს ნაყოფისთვის თუ ბავშვისთვის.
ლაქტაცია
უცნობია, გამოიყოფა თუ არა ნაზალური ფლუტიკაზონის ფუროატი ლაქტატში.
ლაქტაციის პერიოდში ფლუტიკაზონის ფუროატი მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა  დაინიშნოს, თუ  მოსალოდნელი დადებითი ზემოქმედება დედაზე აღემატება პოტენციურ რისკს ბავშვისთვის.
ფერტილობა
ადამიანებში ფერტილობის მონაცემები არ არსებობს.

ჭარბი დოზირება
ბიოშეღწევადობის ერთ-ერთ კვლევაში, ინტრანაზალური დღეში 2640 მიკროგრამამდე  დოზები, სამი დღეზე ხანგრძლივად ეძლეოდა პაციენტებს და არ აღნიშნულა არცერთი არასასურველი სისტემური რეაქცია.
ნაკლებსავარაუდოა, რომ მწვავე წარბი დოზირება დაკვირვების გარდა მოითხოვდეს რაიმე სახის მკურნალობას.

გამოშვების ფორმა და შეფუთვა
120 დოზა ნაზალური სპრეი (სუსპენზიის სახით) მოთავსებულია 15მლ ტევადობის მაღალი სიმკვრივის პოლიეთილენის ფლაკონში დოზატორი-გამფრქვევით, რომელიც გამოყენების ინსრექციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

შენახვის პირობები
შეინახეთ არაუმეტეს  25°C ტემპერატურაზე, სინათლისგან დაცულ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე.

ვარგისიანობის ვადა: 24 თვე

გამოშვების ფორმა: 27.5მკგ/დოზა 120 დოზა ნაზალური სპრეი (სუსპენზიის სახით) მაღალი სიმკვრივის პოლიეთილენის ფლაკონი №1 დოზატორ-გამფრქვევით

გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

მწარმოებელი: Biodeal Pharmaceuticals, ინდოეთი

გაფრთხილება