იპიგრიქსი / Ipigrix

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): იპიდაკრინი/ipidacrine

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ნერვკუნთოვანი გადაცემის დარღვევების დროს გამოსაყენებელი პრეპარატები, ქოლინესთერაზას ინჰიბიტორები
შემადგენლობა
საინექციო ხსნარი.
ხსნარის 1 მლ შეიცავს:
აქტიური ნივთიერება: იპიდაკრინის ჰიდროქლორიდი (უწყლო ნივთიერებაზე გადათვლით) 5 მგ ან 15 მგ.
დამხმარე ნივთიერებები: 1 მ ქლორწყალბადმჟავას ხსნარი pH 2,8 -4,0 –მდე, საინექციო წყალი 1 მლ-მდე.
აღწერა: გამჭვირვალე უფერული სითხე.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ქოლინესთერაზა შექცევადი ინჰიბიტორია, რომელიც ხელს უშლის აცეტილქოლინის ფერმენტულ ჰიდროლიზს და ახანგრძლივებს მის მოქმედებას. ბლოკავს მემბრანებში კალიუმის არხებს და ხელს უწყობს მათ დეპოლარიზაციას. ახდენს სინაფსური გადაცემის სტიმულირებას ნერვ-კუნთოვან დაბოლოებებში, იმპულსის გატარებას ნერვულ ბოჭკოებში, აძლიერებს აცეტილქოლინის და სხვა მედიატორების (ეპინეფრინის, სეროტონინის, ჰისტამინის, ოქსიტოცინის) მოქმედებას გლუვ კუნთებზე, აღადგენს ნერვ-კუნთოვან გადაცემას და იმპულსის გატარებას პერიფერიულ ნერვულ სისტემაში (რომელიც დარღვეულია სხვადასხვა ფაქტორის ზემოქმედების შედეგად: ტრავმა, ანთება, ადგილობრივი საანესთეზიო საშუალებების, ანტიობიოტიკების, ტოქსინების, კალიუმის ქლორიდის მოქმედების გამო).
აძლიერებს შინაგანი ორგანოების, მათ შორის კუჭ-ნაწლავის ტრაქტის და ბრონქების (ბრონქოსპაზმის განვითარების რისკი) გლუვი მუსკულატურის ტონუსს და კუმშვადობას, ამცირებს გულის შეკუმშვათა სიხშირეს, აძლიერებს სანერწყვე ჯირკვლის სეკრეციას, მიომეტრიუმის კუმშვით აქტიურობას, ჩონჩხის კუნთების ტონუსს. ზომიერად ასტიმულირებს ცენტრალურ ნერვულ სისტემას სედატიური მოქმედების ცალკეულ გამოვლინებებთან ერთად; აუმჯობესებს მეხსიერებასა და ათვისების უნარს.
ფარმაკოკინეტიკა
იპიდაკრინი სწრაფად შეიწოვება კანქვეშა, ინტრამუსკულარულ და პერორალური შეყვანის (ტაბლეტები) შემდეგ.
სისხლში პრეპარატის მაქსიმალური კონცენტრაცია შეინიშნება პერორალური მიღებიდან ერთი საათის შემდეგ, ნახევრადგამოყოფის პერიოდი შეადგენს 0,7 საათს. იპიდაკრინი აღწევს ჰემატო-ენცეფალურ ბარიერში. დაახლოებით 40-55% უკავშირდება სისხლის პლაზმის ცილებს. შეიწოვება უპირატესად თორმეტგოჯა ნაწლავიდან და ნაკლები ხარისხით კუჭიდან და წვრილი ნაწლავიდან.
სისხლიდან იპიდაკრინი სწრაფად ხვდება ქსოვილებში და სისხლის შრატში სტაბილიზაციის სტადიაში პრეპარატის მხოლოდ 2% აღინიშნება. იპიდაკრინის მეტაბოლიზმი ხორციელდება ღვიძლში, გამოიყოფა ძირითადად თირკმლის საშუალებით და ნაწილობრივ ღვიძლით ბიოტრანსფორმაციის და ნაღვლის სეკრეციის გზით. ნახევრადელიმინაციის პერიოდი შეადგენს 40 წუთს. იპიდაკრინის მხოლოდ 3,7% გამოიყოფა უცვლელი სახით, რაც ორგანიზმში იპიდაკრინის სწრაფ მეტაბოლიზმზე მიუთითებს.
პარენტერული შეყვანის შემდეგ იპიდაკრინის 34,8% გამოიყოფა შარდთან ერთად უცვლელი სახით.
ჩვენებები
იპიდაკრინი გამოიყენება საინექციო ხსნარის სახით, ასევე ტაბლეტების სახით.
პერიფერიული ნერვული სისტემის დაზიანებები: ნეიროპათია, ნევრიტი, პოლინევრიტი,
მიელოპოლირადიკულონევრიტი, მიასთენია და მიასთენიური სინდრომი; გაფანტული სკლეროზი და ნერვული სისტემის მადემიელიზირებელი დაავადებების სხვა ფორმები (კომპლექსური თერაპია); ბულბარული დამბლა და პარეზი ცნს-ს ორგანული დაზიანებებისას, რომლებსაც თან ახლავს მოძრაობითი დარღვევები (აღდგენითი პერიოდი).
ცნს-ს ფუნქციური დარღვევები (მეხსიერების, ყურადღების კონცენტრაციის უნარის, მოტივაციის, ინიციატივის დაქვეითება, დეზორიენტაცია, ემოციური ლაბილურობა და სხვ.) სენილური დემენციის, ალცჰაიმერის დაავადების, ენცეფალოპათიის (ტრავმული, სისხლძარღვოვანი და სხვა გენეზის), ტვინში სისხლის მიმოქცევის დარღვევის, ქალა-ტვინის ტრავმის, ბავშვებში ათვისების უნარის დარღვევები ცერებრული დისფუნქციის დროს.
სამშობიარო მოქმედების სისუსტე; ნაწლავის ატონია.
ანტიქოლინერგიული სამკურნალო საშუალებებით ინტოქსიკაცია.
მიღების წესები და დოზები
დოზები და მკურნალობის ხანგრძლივობა განისაზღვრება ინდივიდუალურად დაავადების სიმძიმის ხარისხის მიხედვით. იპიდაკრინის საინექციო ხსნარი, რომლებიც შეიცავს 5 მგ/მლ და 15 მგ/მლ, გამოიყენება კუნთში და კანქვეშ. მიასთენიური სინდრომით მიმდინარე პერიფერიული ნერვული სისტემის დაავადებები: იყენებენ ხსნარების 1 მლ, რომლებიც შეიცავს 5 მგ ან 15 მგ იპიდაკრინს 1 მლ-ში, 1-2-ჯერ დღეღამეში. მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა შეადგენს 1-2 თვეს. საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია რამოდენიმეჯერ მკურნალობის კურსის განმეორება კურსებს შორის 1-2 თვიანი შესვენებებით.
მიასთენიური კრიზის კუპირება ნერვულ-კუნთოვანი გადაცემის მძიმე დარღვევების დროს: შეჰყავთ 1-2 მლ ხსნარი, რომელიც შეიცავს 15 მგ იპიდაკრინს 1 მლ-ში (15-30 მგ), შემდეგ მკურნალობას აგრძელებენ იპიდაკრინის ტაბლეტირებული ფორმით.
მწვავე მონონევრიტი: ინიშნება 1 მლ ხსნარი (5 მგ/მლ) 1-2 ჯერ დღეღამეში ანთებისსაწინააღმდეგო და შეშუპებისსაწინააღმდეგო საშუალებებთან ერთად. მკურნალობის კურსი 10-15 დღე.
ქრონიკული ნევრიტი: ჩატარებული თერაპიის არასაკმარისი თერაპიული ეფექტურობის შემთხვევაში ინიშნება 2 მლ ხსნარი (5 მგ/მლ) 1-2 ჯერ დღეღამეში. მკურნალობის კურსი შეადგენს 20-30 დღეს. საჭიროების შემთხვევაში მკურნალობის კურსი შეიძლება განმეორდეს 2-3 ჯერ 2-4 კვირის ინტერვალით მაქსიმალური ეფექტის მიღწევამდე. ქალა-ტვინის ტრავმა: მწვავე პერიოდში (ტრავმირების მომენტიდან 3-5 დღეში) ინიშნება 1-2 მლ ხსნარი (5 მგ/მლ) 1-2 ჯერ დღეღამეში, 5-6 დღის შემდეგ შეიძლება დოზის მომატება 30-45 მგ-მდე (ხსნარი 15 მგ/მლ) 1-3 ჯერ დღეღამეში.
ცალკეულ შემთხვევებში მძიმე დარღვევებისას შესაძლებელია ინტრავენური შეყვანა გლუკოზის 5% ხსნართან ან ნატრიუმის ქლორიდის 0,9% ხსნართან ერთად. კურსის ხანგრძლივობა განისაზღვრება ინდივიდუალურად და ვარირებს 30-40 დღის ფარგლებში. ტრავმის შორეულ პერიოდში მეხსიერების, მოძრაობების, ყურადღების, მეტყველების აღდგენის მიზნით, მოძრაობითი დარღვევების შესამცირებლად, საერთო შრომისუნარიანობის ასამაღლებლად ინიშნება იპიდაკრინის ტაბლეტირებული ფორმა.
ტვინში სისხლის მიმოქცევის დარღვევის მწვავე სტადია: ინიშნება 1-2 მლ ხსნარი, რომელიც შეიცავს 5 მგ იპიდაკრინს 1 მლ-ში, 2-3 ჯერ დღეღამეში სხვა პრეპარატებთან კომბინაციაში ხანრძლივი კომატოზური მდგომარეობისას, ბულბარული დარღვევებისას, აფაზიური, აპრაქსიული და ამნესტიური გამოვლინებების სწრაფი რეგრესისათვის. ქვემწვავე პერიოდში ინიშნება 5 მგ/მლ ხსნარის ინექციების კურსი- 1-2 მლ 2 ჯერ დღეღამეში 30-40 დღის განმავლობაში. ტრავმის შემდგომ პერიოდში ინიშნება იპიდაკრინის ტაბლეტირებული ფორმა.
სამშობიარო მოქმედების პირველადი და მეორადი სისუსტე: იყენებენ 2 მლ ხსნარს 5 მგ/მლ 1-3 ჯერ 1 საათის ინტერვალით.
მიელოპოლირადიკულონევრიტი, გაფანტული სკლეროზი, ალცჰაიმერის დაავადება და ჭკუასუსტობის სხვა ფორმები, სამშობიარო მოქმედების სტიმულაციისათვის, ნაწლავის ატონიის მკურნალობისას და პროფილაქტიკისათვის გამოიყენება იპიდაკრინის ტაბლეტირებული ფორმა.
გვერდითი მოვლენები
იპიდაკრინს გააჩნია კარგი ამტანობის პროფილი, გვერდითი ეფექტები ჩნდება იშვიათად (6,5% შემთხვევებში), სუსტადაა გამოხატული და, როგორც წესი, არ საჭიროებენ პრეპარატის მოხსნას (ორგანიზმიდან სწრაფი გამოყოფა ხელს უშლის კუმულაციას და გვერდითი ეფექტების გაჩენას).
საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრიდან: მადის დაქვეითება, ჰიპერსალივაცია, გულისრევა, ღებინება, პერისტალტიკის გაძლიერება, დიარეა, სიყვითლე.
ნერვული სისტემის მხრიდან: თავბრუსხვევა (ხელმეორედ შეყვანის შემდეგ), ატაქსია.
ალერგიული რეაქციები: კანის ქავილი, გამონაყარი.
სხვა: მ-ქოლინომასტიმულირებელი მოქმედების გამოვლინება (ბრონქოსპაზმი, ბრადიკარდია).
უკუჩვენება
ეპილეფსია, ექსტრაპირამიდული დარღვევები ჰიპერკინეზებით, სტენოკარდია, ბრადიკარდია, ბრონქული ასთმა, მიდრეკილება ვესტიბულური აშლილობებისაკენ, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება გამწვავების ფაზაში, ნაწლავის ან შარდგამომყოფი გზების გაუვალობა, ორსულობა, ლაქტაციის პერიოდი, პრეპარატის კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა.
იპიდაკრინის გამოყენება ბავშვებში უკუნაჩვენებია ამ ასაკობრივ ჯგუფში უსაფრთხოების კლინიკური კვლევების არარსებობის გამო.
ორსულობა და ლაქტაცია
პრეპარატი აძლიერებს საშვილოსნოს ტონუსს და შეიძლება გამოიწვიოს ნაადრევი მშობიარობა, ამიტომ ორსულობის დროს არ გამოიყენება.
ძუძუთი კვების დროს გამოყენება უკუნაჩვენებია.
განსაკუთრებული მითითებები
სიფრთხილით უნდა გამოიყენონ კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადებისას, თირეოტოქსიკოზისას, გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებებისას, სასუნთქი გზების მწვავე დაავადებებისას, ასევე პაციენტებში ანამნეზში სასუნთქი სისტემის დაავადებებით.

სატრანსპორტო საშუალებების მართვის და მექანიზმების მომსახურების უნარზე ზემოქმედება
იპიდაკრინს შეუძლია ჰქონდეს სედატიური ზემოქმედება, ამიტომ პაციენტებმა, რომლებიც ექვემდებარებიან ასეთ ზემოქმედებას, უნდა დაიცვან განსაკუთრებული სიფრთხილე.
ჭარბი დოზირება
სიმპტომები: მძიმე ჭარბი დოზირებისას შესაძლოა ქოლინერგული კრიზის (ბრონქოსპაზმი, ცრემლდენა, გაძლიერებული ოფლდენა, გუგების შევიწროება, ნისტაგმი, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის პერისტალტიკის გაძლიერება, სპონტანური დეფეკაცია და შარდვა, ღებინება, სიყვითლე, ბრადიკარდია, გულის გამტარობის დარღვევა, არითმიები, არტერიული ჰიპოტენზია, შფოთვა, განგაში, აღგზნება, შიშის შეგრძნება, ატაქსია, კრუნჩხვები, კომა, მეტყველების დარღვევა, ძილიანობა, საერთო სისუსტის განვითარება.
მკურნალობა: ტარდება სიმპტომატური თერაპია, იყენებენ მ-ქოლინობლოკატორებს (მათ შორის ატროპინს, ციკლოდოლს, მეტაცინს).
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
იპიდაკრინი ასუსტებს ადგილობრივი საანესთეზიოების, ამინოგლიკოზიდების და კალიუმის ქლორიდის დამთრგუნველ მოქმედებას ნერვულ-კუნთოვან გადაცემაზე და აგზნების გატარებაზე პერიფერიულ ნერვებში.
იპიდაკრინი აძლიერებს ცნს-ის დამათრგუნებელი სამკურნალო საშუალებების (მათ შორის ეთანოლის) სედაციურ ეფექტს, ასევე ქოლინესტერაზას და მ-ქოლინომიმეტურების მოქმედებას.
სხვა ქოლინერგიული სამკურნალო საშუალებების ფონზე იპიდაკრინი ზრდის ქოლინერგიული კრიზის რისკს მიასთენიით დაავადებულებში.
ბეტა-ადრენობლოკატორები აძლიერებენ იპიდაკრინის მიერ გამოწვეული ბრადიკარდიის ხარისხს.
ცერებროლიზინი აუმჯობესებს იპიდაკრინის მენტალურ აქტიურობას.
შენახვის პირობები და ვადები
შენახვის ვადა – 2 წელი
არ გამოიყენოთ შეფუთვაში მითითებული ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ.
შენახვის პირობები
შეინახეთ არა უმეტეს 25°C ტემპერატურაზე. არ გაყინოთ!
შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას!
გამოშვების ფორმა: 15მგ/მლ 1მლ ი.მ და კანქვეშ შესაყვანი საინექციო ხსნარი ამპულა №10
გაცემის რეჟიმი: II ჯგუფი (გაიცემა ფორმა N3 რეცეპტით)
მწარმოებელი: HBM PHARMA, სლოვაკეთი

გაფრთხილება