კლინიზოლი / KLINIZOL

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): კლინდამიცინი, კლოტრიმაზოლი, მეტრონიდაზოლი /  clindamycin, clotrimazole,  metronidazole

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურფარმაკოლოგიური ჯგუფი: პროტოზოას, მიკრობების და სოკოს საწინააღმდეგო საშუალებები ადგილობრივი გამოყენებისათვის
შემადგენლობა
კლინიზოლის ვაგინალური კაფსულა შეიცავს აქტიურ ნივთიერებებს – კლინდამიცინის ფოსფატი, რაც შეესაბამება კლინდამიცინის 100 მგ-ს, კლოტრიმაზოლი – 100 მგ, მეტრონიდაზოლი – 100 მგ.
დამხმარე ნივთიერებები: ცვილი, მინერალური ზეთი, ჟელატინი, სორბიტოლი, გლიცერინი, მეთილჰიდროქსიპარაბენი, პროპილჰიდროქსიპარაბენი, ტიტანის ოქსიდი, ტარტრაზინი.
მოქმედების მექანიზმი
კლოტრიმაზოლი არის იმიდაზოლის წარმოებული ფართო მოქმედების სოკოს საწინააღმდეგო საშუალება. მისი თერაპიული ეფექტი დამყარებულია უჯრედის მემბრანაში ერგოსტეროლის სინთეზის ინჰიბირებააზე, რაც ცვლის მგრძნობიარე სოკოების უჯრედული მემბრანის შეღწევადობას და იწვევს ციტოპლაზმური მემბრანის სტრუქტურულ და თვისობრივ და შესაბამისად, ფუნქციურ დაზიანებას. ფუნგიციდური მოქმედება გააჩნია Candida albicans და Candida-ს მონათესავე სახეობების მიმართ, აგრეთვე Trichomonas vaginalis მიმართ.
კლინდამიცინი არის ანტიბაქტერიული მოქმედების ლინკოზამიდი, რომელიც უპირატესად მოქმედებს რიგი გრამდადებითი ბაქტერიებისა და ანაერობული ბაქტერიების წინააღმდეგ. მოქმედების მექანიზმითა და ანტიმიკრობული სპექტრით ახლოსაა ლინკომიცინთან. კლინდამიცინის მოქმედება დამყარებულია ბაქტერიული ცილების სინთეზის ინჰიბირებაზე. ის უპირატესად უკავშირდება 50შ რიბოსომულ სუბერთეულს და გავლენას ახდენს ცილების სინთეზის პროცესზე. კლინდამიცინი ანტიმიკრობული თვისებებს ავლენს; Bacteroides spp., Gardnerella vaginalis., Mobiluncus spp., Mycoplasma hominis, Peptostreptococcus spp., Haemophilus spp. da Corynebacterium-ის მიმართ.
მეტრონიდაზოლი არის სინთეზური ნიტროიმიდაზოლის წარმოებული, ახასიათებს ანტიბაქტერიული და ანტოპროტოზოული მოქმედება. მოქმედების ზუსტი მექანიზმი სრულად ახსნილი არ არის. მისი ციტოტოქსიკური და ანტიმიკრობული ეფექტები მოიცავს დნმ-ის დაშლას და ნუკლეინის მჟავას სინთეზის ინჰიბირებას. მეტრონიდაზოლი აქტიურია ანაერობული ბაქტერიების წინააღმდეგ, როგორიცაა Bacteroides spp., Gardnerella vaginalis-ის უმეტესი შტამის და პროტოზოას, როგორიცაა Trichomonas vaginali-ის მიმართ.
ფარმაკოკინეტიკა
კლინდამიცინის ადგილობრივად მრავალჯერადი გამოყენების შემთხვევაში, შრატში  მისი ძალიან დაბალი კონცენტრაცია (<5%) აღინიშნება. მისი სისტემური აკუმულაცია არ აღინიშნება.
კლოტრიმაზოლის ინტრავაგინალური შეყვანისას ადამიანებში სისტემური აბსორბცია არის უმნიშვნელო (3-10%).
მეტრონიდაზოლის შრატისმიერი დონე, ინტრავაგინალური შეყვანის შემდეგ, არის 20%. ამგვარად, კლინიზოლის გამოყენებისას მოსალოდნელია უმნიშვნელო სისტემური ეფექტები.
ჩვენება
კლინიზოლი ნაჩვენებია შემდეგი ინფექციების დროს:
– ტრიქომონიაზი
– კანდიდოზური ვულვიტი
– ვაგინალური მიკოზები
– ვაგინალური კანდიდოზი
– ბაქტერიული ვაგინიტები
– ინფექციური ლეიკორეა
– შერეული ვაგინალური ინფექციები და
– არასპეციფიკური ვაგინიტი.
უკუჩვენება
კლინიზოლი უკუნაჩვენებია ანამნეზში კლოტრიმაზოლის (ან აზოლის ჯგუფის), კლინდამიცინის (ან ლინკომიცინის ჯგუფის) და მეტრონიდაზოლის (ან ნიტროიმიდაზოლის ჯგუფის) მიმართ მომატებული მგრძნობელობის მქონე ქალებში.
კლინიზოლი ასევე უკუნაჩვენებია ანამნეზში რეგიონალური ენტერიტის (კრონის დაავადება), წყლულოვანი კოლიტის ან ანტიბიოტიკებთან ასოცირებული კოლიტის (ფსევდომემბრანული კოლიტის) მქონე ქალებში.
უსაფრთხოების ზომები
კლინიზოლი ინიშნება მხოლოდ ინტრავაგინალურად და არ შეიძლება მათი პერორალურად მიღება.
კლინდამიცინით მკურნალობის დროს, პაციენტ ქალებს  უნდა მიეცეთ რჩევა, რომ მკურნალობის პერიოდში მოერიდონ სქესობრივ კავშირს, არ გამოიყენონ სხვა ვაგინალური გამოყენების საშუალებები, როგორიცაა ტამპონები ან ვაგინალური გამორეცხვები.
კლინიზოლისადმი არაეფექტურობის შემთხვევაში, თერაპიის სხვა კურსის დაწყებამდე, საჭიროა ჩატარდეს შესაბამისი მიკრობიოლოგიური კვლევები, რათა დადასტურდეს დიაგნოზი და გამოირიცხოს სხვა პათოგენების არსებობა.
კლინიზოლის კაფსულა დამხმარე ნივთიერების სახით შეიცავს მღებავ ნივთიერებას ტარტრაზინი (E102), რამაც შესაძლოა განაპირობოს ალერგიული რეაქციის განვითარება.
ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი
ექსპერიმენტული და კლინიკური კვლევებით, კლოტრიმაზოლის ორსულობის პერიოდში გამოყენებისას, დედაზე ან ბავშვზე მავნე ეფექტები არ გამოვლენილა.
მიუხედავად ამისა, ადეკვატური და კარგად კონტროლირებადი კვლევები კლინდამიცინის ორსულ ქალებში გამოყენების შესახებ არ არსებობს. ამიტომ, კლინიზოლი ორსულ ქალებში გამოიყენება მხოლოდ აუცილებლობისას (მხოლოდ ექიმის რეკომენდაციით).
კლინიზოლი სიფრთხილით გამოიყენება მეძუძურ დედებში, მხოლოდ ექიმის რეკომენდაციით.
სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედება
კლინიზოლის სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედების შემთხვევები აღწერილი არ არის. მკურნალობის დროს არ გამოიყენება სხვა ვაგინალური გამოყენების საშუალებები, ტამპონები ან ვაგინალური გამორეცხვები.
დოზირება და მიღების წესი
კლინიზოლის ვაგინალური კაფსულა უნდა მოთავსდეს საშოში 6-7 ღამე, უპირატესად  დაძინებამდე.
მკურნალობის დრო უნდა შეირჩეს ისე, რომ არ დაემთხვეს მენსტრუალურ ციკლს.
გამოყენების წესი
1. კლინიზოლის ვაგინალური კაფსულის გამოყენებამდე კარგად დაიბანეთ ხელები
2. კაფსულა ვაგინაში უნდა მოთავსდეს რაც შეიძლება ღრმად. ამისათვის უმჯობესია ზურგზე დაწოლა და ფეხების სხეულის გასწვრივ მოთავსება
3. ვაგინალური კაფსულის მოთავსების შემდეგ არ შეიძლება ფიზიკური აქტივობა, როგორიცაა დგომა, სიარული და სირბილი. ამიტომ კლინიზოლის გამოყენება უნდა მოხდეს დაძინებამდე.
4. საუკეთესო შედეგების მისაღებად, გააგრძელეთ თერაპია 6-7 ღამე ან ექიმის რეკომენდაციის შესაბამისად
5. არ შეწყვიტოთ მკურნალობა ვადამდე, აუცილებელია მკურნალობის ბოლომდე ჩატარება
6. შეწყვიტეთ მკურნალობა მხოლოდ სერიოზული გაღიზიანების განვითარების შემთხვევაში, ექიმთან კონსულტაციის შემდეგ
7. კონკრეტული დოზის გამოტოვებისას, სუპოზიტორია გამოიყენეთ, როგორც კი გაგახსენდებათ.
გვერდითი მოვლენები
კლინიზოლის ვაგინალური კაფსულები ლოკალურად (ინტრავაგინალურად) კარგად გადაიტანება. ცალკეულ შემთხვევებში აღინიშნა ვაგინალური გაღიზიანება, ქავილი, წვა, ტკივილი სქესობრივი კონტაქტის დროს და იშვიათად, შარდვის ოდნავ გახშირება და სქესობრივ პარტნიორში ზომიერი წვა ან გაღიზიანება. ძალიან იშვიათად, პაციენტებისათვის ამგვარი გაღიზიანება შეიძლება რთულად ასატანი აღმოჩნდეს. ასეთ შემთხვევაში, მკურნალობა უნდა შეწყდეს.
მგრძნობიარე პაციენტებში შეიძლება განვითარდეს მომატებული მგრძნობელობის რეაქციები.
ვარგისობა და შენახვის პირობები
პრეპარატის ვარგისობის ვადა – 2 წელი.
ინახება მშრალ, სინათლისაგან დაცულ ადგილას, არა უმეტეს 25°C ტემპერატურაზე.
ინახება ბავშვებისათვის ხელმიუწვდომელ ადგილზე!
გამოშვების ფორმა: 100/100/100მგ ვაგინალური კაფსულა №7
გაცემის რეჟიმი: II ჯგუფი (გაიცემა ფორმა N3 რეცეპტით)
მწარმოებელი: ჯი-ემ-პი, საქართველო

გაფრთხილება