რამიპრილი-H – ჰუმანითი / RAMIPRIL-H – HUMANITY

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): რამიპრილი, ჰიდროქლოროთიაზიდი/  ramipril, hydrochlorothiazide

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: რენინ-ანგიოტენზინის სისტემაზე მოქმედი საშუალებები, აგფ ინჰიბიტორები და დიურეზული საშუალებები
ათქ კოდი:
C09BA05

შემადგენლობა:
ყოველი შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს რამიპრილს და ჰიდროქლორთიაზიდს შემდეგი კონცენტრაციებით:
– რამიპრილს 5 მგ, ჰიდროქლოროთიაზიდს 12,5მგ
– რამიპრილს 5 მგ, ჰიდროქლოროთიაზიდს 25მგ
– რამიპრილს 105 მგ, ჰიდროქლოროთიაზიდს 25მგ

ფარმაკოლოგიური თვისებები:
ფარმაკოკინეტიკა:
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია ასახავს რამიპრილ-H-ჰუმანითის შემადგენლობაში შემავალი თითოეული აქტიური ნივთიერების თვისებებს.
შეწოვა:
რამიპრილი
რამიპრილი მიიღება პერორალურად და 50-60% შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან ღვიძლის ესთერაზების მოქმედების შედეგად რამიპრილი განიცდის მეტაბოლიზმს მისი მეტაბოლიტის რამიპრილატის წარმოქმნით და შესამჩნევი გულსისხლძარღვა ეფექტები იწყება პრეპარატის მიღებიდან 1-2 საათში. მაქსიმალური ეფექტები მიიღწევა შეფერხებთ რამიპრილის რამიპრილატად მეტაბოლური გარდაქმნის გამო და როგორც წესი ვლინდება დოზირებიდან 3-6 საათში. რამიპრილი ძლიერ აქტიურია, დაახლოებით 50% პიკურ ანტიჰიპერტენზულ ეფექტს ადგილის აქვს მიღებიდან 24 საათში, რის გამოც მიიღება დღეში ერთხელ. რამიპრილი 73%-ით უკავშირდება პლაზმურ ცილებს, მაშინ როდესაც მისი მეტაბოლიტი, რამიპრილატი დაახლოებით 58%-ით უკავშირდება პლაზმურ ცილებს.  პლაზმაში რამიპრილის წონასწორული მდგომარეობა მიიღწევა პრეპარატის ჩვეულებრივი დოზის მიღებიდან 4 დღის განმავლობაში.
ჰიდროქლოროთიაზიდი
ჰიდროქლოროთიაზიდი პერორალური მიღების შემდეგ სწრაფად შეიწოვება (ტმახ  დაახლოებით 2-4სთ). პერორალური მიღების შემდეგ მისი აბსოლუტური ბიოშეღწევადობა შეადგენს 60-80%-ს. უზმოზე მიღებისაგან განსხვავებით, საკვებთან ერთად მიღების შემთხვევაში აღწერილია ჰიდროქლოროთიაზიდის სისტემური ბიოშეღწევადობის მომატებაც და შემცირებაც. აღნიშნული ეფექტების მასშტაბი პატარაა და გააჩნია მცირე კლინიკური მნიშვნელობა. საშუალო AUჩ-ს ზრდა თერაპიულ ფარგლებში სწორხაზოვანია და დოზადამოკიდებული. ჰიდროქლოროთიაზიდის განმეორებითი მიღების შემთხვევაში ადგილი არა აქვს კინეტიკის ცვლილებას და დღეში ერთხელ მიღებისას მისი აკუმულაცია მინიმალურია.
განაწილება:
რამიპრილი
რამიპრილის შრატის ცილებთან კავშირი შეადგენს დაახლოებით 73%-ს, ხოლო რამიპრილატისთვის – 58%-ს.
ჰიდროქლოროთიაზიდი
განაწილება და გამოყოფის კინეტიკა ზოგადად აღწერილია ბი-ექსპონენციური დაშლის ფუნქციით.
პირდაპირი განაწილების მოცულობა შეადგენს 4-8ლ/კგ-ს. ცირკულაციაში არსებული ჰიდროქლოროთიაზიდი დაკავშირებულია პლაზმის ცილებთან (40-70%), ძირითადად შრატის ალბუმინებთან. ასევე ჰიდროქლოროთიაზიდი აკუმულირდება ერითროციტებში დაახლოებით 1.8-ჯერ მეტად, ვიდრე პლაზმაში.
მეტაბოლიზმი:
რამიპრილი
რამიპრილი თითქმის სრულად მეტაბოლიზდება რამიპრილატად, დიკეტოპიპერაზინის ეთერად, დიკეტოპიპერაზინის მჟავად, რამიპრილის და რამიპრილატის გლუკურონიდებად.
გამოყოფა:
რამიპრილი
მეტაბოლიტების გამოყოფა ხდება შარდით და ფეკალურ მასებთან ერთად.
რამიპრილატის კონცენტრაცია პლაზმაში მცირდება მრავალფაზოვანი წესით. მისი აგფ-თან ძლიერი, გაჯერებადი დაკავშირების და ფერმენტისგან ნელი გამოთავისუფლების გამო, რამიპრილატი ყველაზე დაბალი კონცენტრაციების შემთხვევაშიც ავლენს ხანგრძლივ ტერმინალური გამოყოფის ფაზას.
რამიპრილის დღეში ერთხელ, მრავლჯერადი მიღების შემდეგ, რამიპრილატის ეფექტური ნახევარდაშლის პერიოდი შეადგენდა 13-17 სთ-ს 5-10მგ დოზების მიღებისას, და უფრო მეტ პერიოდს 1.25-2.5მგ დოზის მიღების შემთხვევაში. აღნიშნული სხვაობა დაკავშირებულია ფერმენტის გაჯერების უნართან დაუკავშირდეს რამიპრილატს.  რამიპრილის ერთჯერადი პერორალური დოზის მიღების შემდეგ, რამიპრილი და მისი მეტაბოლიტი გამოიყოფა განუსაზღვრელი დონით ქალის რძეში. თუმცა მრავლობითი დოზის ეფექტი უცნობია.
ჰიდროქლოროთიაზიდი
ჰიდროქლოროთიაზიდისთვის შეწოვილი დოზის 95% გამოიყოფა შეუცვლელი სახით შარდში. თირკმლის კლირენსი შედგება თირკმლის მილაკებში პასიური ფილტრაციისა და აქტიური სეკრეციისგან. საბოლოო ნახევარდაშლის პერიოდი შეადგენს 6-15სთ-ს.

ფარმაკოდინამიკა
პრეპარატი შეიცავს ორი აქტიური ნივთიერების კომბინაციას, რომლებიც ამცირებენ არტერიულ წნევას.
რამიპრილი ხანგრძლივად მოქმედი აგფ (ანგიოტენზინ-გარდამქმნელი ფერმენტის) ინჰიბიტორია, რომელიც ამცირებს არტერიულ წნევას და გულის დატვირთვას. იგი გამოიყენება არტერიული ჰიპერტენზიის, გულისა და თირკმელების ზოგიერთი დაავადების სამკურნალოდ, ასევე მათი იმ გართულებათა პროფილაქტიკისათვის, როგორებიცაა მიოკარდიუმის ინფარქტი და ინსულტი.
ჰიდროქლორთიაზიდი დიურეზული საშუალებაა. იგი ასტიმულირებს თირკმელებით მარილებისა და წყლის გამოყოფას და ასევე ამცირებს არტერიულ წნევას. ჰიპოტენზური ეფექტი უფრო გამოხატული ხდება მისი ყოველდღიურად გამოყენების მე-3-4 დღიდან.
რამიპრილისა და ჰიდროქლორთიაზიდის კომბინაცია უფრო გამოხატულ ანტიჰიპერტენზულ მოქმედებას ახდენს, ვიდრე ორივე კომპონენტი ცალ-ცალკე, ამ დროს მცირდება გვერდითი ეფექტების განვითარების რისკი

გამოყენების ჩვენებები
ეს ფიქსირებული კომბინაცია ნაჩვენებია ცალკე რამიპრილით ან ჰიდროქლოროთიაზიდით არასათანადოდ კონტროლირებადი არტერიული ჰიპერტენზიით დაავადებულ პაციენტებში. არტერიული წნევის დაქვეითება ხელს უწყობს ინსულტის, გულის შეტევის და თირკმლის პრობლემების პრევენციას.

დოზირება
დოზის შერჩევა ხდება ინდივიდუალურად, პაციენტის მდგომარეობის და არტერიული წნევის კონტროლის ხარისხის გათვალისწინებით. რამიპრილის და
ჰიდროქლოროთიაზიდის ფიქსირებული დოზის გამოყენება ჩვეულებრივ რეკომენდებულია თითოეული კომპონენტის დოზის ტიტრაციის შემდეგ. ფიქსირებული კომბინაციის მიღება უნდა დაიწყოს ყველაზე დაბალი ხელმისაწვდომი დოზებით. საჭიროების შემთხვევაში, დოზის გაზრდა შესაძლებელია პროგრესულად, სასურველი არტერიული წნევის მიღწევამდე. მაქსიმალური დღიური დასაშვები დოზა რამიპრილისთვის წარმოადგენს 10მგ-ს და  ჰიდროქლოროთიაზიდისთვის – 25მგ-ს. პრეპარატი მიიღეთ პერორალლურად საკვებთან ერთად ან მის გარეშე, როგორც წესი, დღეში ერთხელ ან ექიმის დანიშნულების მიხედვით. ნუ დაღეჭავთ და დააქუცმაცებთ ტაბლეტს. თუ ამ პრეპარატს ღებულობთ დაწოლამდე რამოდენიმე ხნით ადრე, თქვენ შესაძლებელია დაგჭირდეთ გაღვიძება მოსაშარდად. შესაბამისად, პრეპარატის მიღების საუკეთესო დრო არის დილით, გაღვიძებისთანავე. დოზირების სქემასთან დაკავშირებით ნებისმიერი კითხვის არსებობის შემთხვევაში გაიარეთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან. თუ თქვენ იღებთ ქოლესტეროლის დონის დამწევ პრეპარატებს (ნაღვლის მჟავას შემაკავშირებელი რეზინები, მაგ. ქოლესტირამინი ან ქოლესტიპოლი), მიიღეთ ეს პრეპარატი მათ მიღებამდე 4 სთ-ით ადრე, ან 4-6 სთ-ის შემდეგ.

გვერდითი მოვლენები:
ნებისმიერი ქვემოთ ჩამოთვლილი გვერდითი მოვლენის განვითარების, მათი გაძლიერების ან აუტანლობის შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს.
თქვენმა ფარმაცევტმა შესაძლოა გირჩიოთ გვერდითი მოვლენების მართვის შესახებ.
• ტკივილი ზურგის არეში
• ბრონქიტი
• ხველა (მშრალი, მუდმივი)
• ძილის პრობლემები
• თავბრუსხვევა
• ძილიანობა
• დაღლილობა
• გაწითლება
• თავის ტკივილი
• წყლულები პირის ღრუში, ენის ტკივილი
• კუნთების შებოჭილობა
• ცხვირის გაგუდვა
• ნევროზულობა
• სინათლის მიმართ მგრძნობელობა
• სქესობრივი პრობლემები (მამაკაცებში)
• უჩვეულო დაღლილობა და სისუსტე.
ნებისმიერი ქვემოთ ჩამოთვლილი გვერდითი მოვლენის განვითარების შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს:
• თავბრუსხვევა, გონების დაკარგვა მწოლიარე ან მჯდომარე მდგომარეობიდან წამოდგომის შემთხვევაში
• პულსის აჩქარება, არითმია, პალპიტაცია
• სახსრების ტკივილი
• არტერიული წნევის დაქვეითება (თავბრუსხვევა, გონების დაკარგვა)
• ხელების, ფეხების ან ტუჩების გაბუჟება ან ჩხვლეტის შეგრძნება
• ანემიის ნიშნები (სისხლის წითელი უჯრედების შემცირება, მაგ თავბრუსხვევა, კანის გაფერმკრთალება, უჩვეულო დაღლილობა ან სისუსტე, სუნთქვის უკმარისობა)
• სისხლდენის ნიშნები (უჩვეულო სისხლდენა ცხვირიდან, სისხლჩაქცევა, სისხლიანი შარდი, სისხლიანი ხველა, სისხლდენა ღრძილებიდან, ჭრილობიდან სისხლდენის შეჩერების გართულება)
• კალიუმის დონის ცვლილებასთან დაკავშირებული ნიშნები (მაგ. არითმია, კუნთების სისუსტე, შეუძლოდ ყოფნა)
ინფექციის ნიშნები (სიმპტომები მოიცავს ცხელებას ან შემცივნებას, ძლიერ ფაღარათს, სუნთქვის გაძნელებას, ხანგრძლივ თავბრუსხვევას, კისერმრუდობას, წონის დაკლებას ან დაღლილობას)
• თირკმლის დაზიანების ნიშნები (მაგ. შემცირებული შარდვა, გულისრევა, ღებინება, ხელების და ფეხების შეშუპება, დაღლილობა)
• ღვიძლის დაზიანების ნიშნები (მაგ. ტკივილი მუცლის არეში, გულისრევა, ღებინება, მადის დაქვეითება, კანის ან თვალების სიყვითლე)
• დაბალი არტერიული წნევის ნიშნები, მაგ. თავბრუსხვევა, გონების დაკარგვა, ან სისუსტე
• პანკრეატიტის ნიშნები (მაგ. ტკივილი მუცლის მარცხენა ზედა კვადრანტში, ზურგის ტკივილი, გულისრევა, ღებინება, შემცივნება, ტაქიკარდია, მუცლის შეშუპება)
• გამონაყარი კანზე (ქავილით ან მის გარეშე), ცხელება, სახსრების ტკივილი
• ხელების, ტერფების ან ფეხების შეშუპება
• სისხლში გლუკოზის დონის მომატების ნიშნები (მაგ. ხშირი შარდვა, გაძლიერებული წყურვილი, საკვების ჭარბად მიღება, აუხსნელი წონის შემცირება, ჭრილობის შეხორცების გაძნელება, ინფექციები, ხილის სუნი ამოსუნთქულ ჰაერში)
• თვალშიდა წნევის მომატების სიმპტომები (მხედველობის დაქვეითება ან ბუნდოვანი მხედველობა, თვალის ტკივილი, თვალის გაწითლება, თვალის შეშუპება)
• ყელის ტკივილი და ცხელება
• ხელების, ფეხების და ტერფების შეშუპება
ქვემოთ ჩამოთვლილი მოვლენების განვითარების შემთხვევაში შეწყვიტეთ პრეპარატის მიღება და მიმართეთ სასწრაფო სამედიცინო დახმარებას:
• ტკივილი გულმკერდში (გულისრევასთან და ღებინებასთან ერთად ან მათ გარეშე)
• ალერგიული რეაქციები, მათ შორის შეშუპების ნიშნები (სუნთქვის უკმარისობა ან გაძნელება, ჭინჭრის ციება, თვალების, პირის, ტუჩების ან ხორხის შეშუპება)
• გულის შეტევის ნიშნები (მაგ. ტკივილი ან მოჭერის შეგრძნება გულმკერდის არეში, ტკივილი რომელიც გადადის ბეჭის ან მკლავის მიდამოში, გულისრევა, ღებინება, ოფლიანობა)
• კანის ძლიერი რეაქციების ნიშნები, მაგ. ბუშტუკების და ქერცლების წარმოქმნა, სხეულის დიდი ფართობის სიწითლე, სიწითლე რომელიც სწრაფად ვრცელდება, ან სიწითლე, რომელსაც თან ახლავს ცხელება და დისკომფორტი
• ინსულტის ნიშნები (მაგ. მოულოდნელი და ძლიერი თავის ტკივილი, კოორდინაციის მოულოდნელი დაკარგვა, მხედველობის ცვლილება, მეტყველების მოულოდნელი არევა, აუხსნელი სისუსტე, გაბუჟება, ხელის ან ფეხის ტკივილი)

უკუჩვენებები
• აქტიური ნივთიერების, ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების ან სხვა რომელიმე აგფ (ანგიოტენზინ-გარდამქმნელი ფერმენტი) ინჰიბიტორის მიმართ მომატებული მგრძნობელობა
• ანამნეზში შეშუპება (თანდაყოლილი, იდიოპათიური, წარსულში აგფ-ინჰიბიტორებით ან AIIRA (ანგიოტენზინ II რეცეპტორების ანტაგონისტები) პრეპარატებით გამოწვეული შეშუპება)
• ექსტრაკორპორალური მკურნალობა, რომელიც იწვევს სისხლის კონტაქტს უარყოფიტად დამუხტულ ზედაპირებთან
• მნიშვნელოვანი, ორმხრივი, თირკმლის არტერიის სტენოზი ან ერთადერთი ფუნქციონირებადი თირკმლის არტერიის სტენოზი
ორსულობის II და III ტრიმესტრი
• ლაქტაცია
• თირკმლის ფუნქციის ძლიერი დარღვევა არადიალიზებად პაციენტებში <30მლ/წთ კრეატინინის კლირენსით
• ელექტროლიტების ცვლის დარღვევა, რომელიც შესაძლოა გართულდეს რამიპრილ-H-ჰუმანითით მკურნალობის შედეგად
• ღვიძლის ფუნქციის ძლიერი დარღვევა, ღვიძლისმიერი ენცეფალოპათია.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
• არ დაიწყოთ, შეწყვიტეთ ან შეცვალეთ ნებისმიერი პრეპარატის დოზა, მისი ურთიერთქმედების გარკვევამდე.
• არ შეიძლება ამ პრეპარატის გამოყენება დოფეტილიდთან, რადგანაც შეიძლება განვითარდეს ძალიან სერიოზული ურთიერთქმედება.
• ამ პრეპარატის მიღებამდე, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს ნებისმიერი ურეცეპტო/მცენარეული და რეცეპტით გასაცემი პრეპარატის მიღებამდე, განსაკუთრებით: ალისკირენი, ალფა ბლოკატორები (მაგ. პრაზოზინი, ტერაზოზინი), აზათიოპრინი, ცისაპრიდი, დიაზოქსიდი, პრეპარატები, რომელთაც შეუძლიათ სისხლში კალიუმის დონის მომატება (მაგ. ანგიოტენზინის რეცეპტორების ბლოკატორები, მათ შორის ლოზარტანი/ ვალსარტანი, დროსპირენონის შემცველი ჩასახვის საწინააღმდეგო პრეპარატები), ზოგიერთი პრეპარატი, რომელიც ასუსტებს იმუნურ სისტემას, ზრდის ინფექციის განვითარების რისკს (მაგ. ევეროლიმუსი, სიროლიმუსი) ლითიუმი, პრობენეციდი, ტელმისარტანი, ოქროს ინექციები.
• შეამოწმეთ თქვენი ყველა პრეპარატის წარწერა (მაგ. ხველების და გაციების საწინააღმდეგო პრეპარატების, გასახდომი პრეპარატების, ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატების და სიცხის დამწევი პრეპარატების), რადგან ეს პრეპარატები შესაძლოა შეიცავდნენ კომპონენტებს, რომელთაც შეუძლიათ არტერიული წნევის მომატება (მაგ. ფსევდოეფედრინი, ფენილეფრინი) ან პრეპარატის ეფექტურობის შემცირება (მაგ. იბუპროფენი, ნაპროქსენი).
• კრაზანას ან ფუტკრის შხამზე ალერგიის მკურნალობის დროს (დესენსიბილიზაცია) რამიპრილის და ჰიდროქლოროთიაზიდის კომბინაციის გამოყენებამ შესაძლოა გამოიწვიოს  სერიოზული რეაქცია.
• ამ პრეპარატმა შესაძლოა გამოიწვიოს ზოგიერთი ლაბორატორიული ანალიზის შედეგის ცვლილება (მაგ. პარათიროიდული ჰორმონის, ცილასთან დაკავშირებული იოდიდის, თირამინის და ფეტოლამინის ანალიზები).

განსაკუთრებული გაფრთხილებები
ამ პრეპარატის გამოყენებამდე, აცნობეთ თქვენს ექიმს თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობის ან ალერგიის შესახებ, რომელიც შეიძლება გაწუხებდეთ, ასევე იმ პრეპარატების შესახებ, რომელთაც ღებულობთ, ხართ ორსულად და ბავშვს კვებავთ ძუძუთი, და ნებისმიერი მნიშვნელოვანი ფაქტი თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. ეს ფაქტორები შესაძლოა გათვალისწინებული იქნას პრეპარატის მიღების დროს.
ალერგიული რეაქციები: სულფონამიდების ჯგუფის პრეპარატების მიმართ ალერგიულ პირებს აქვთ ალერგიული რეაქციები ჰიდროქლოროთიაზიდის მიმართაც. ამ პრეპარატის მიღებამდე, აცნობეთ თქვენს ექიმს წარსულში ნებისმიერი პრეპარატის მიმართ არსებული გვერდითი მოვლენების შესახებ, განსაკუთრებით სულფონამიდების ჯგუფის ანტიბიოტიკების მიმართ ან დიაბეტის სამკურნალო საშუალებების მიმართ. ნებისმიერი ალერგიული რეაქციის, გამონაყარის, ქავილის, სუნთქვის გაძნელების, სახისა და ხორხის შეშუპების შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს.
შეშუპება: ამ პრეპარატს შეუძლია გამოიწვიოს სერიოზული ალერგიული რეაქცია, რომელსაც ეწოდება შეშუპება და რომელიც დაუყოვნებელი ჩარევის გარეშე შესაძლოა გახდეს ფატალური. დაუშვებელია სხვა აგფ ინჰიბიტორების მიღება  მომავალში. წარსულში სხვა ნივთიერებების მიმართ განვითარებული შეშუპების შემთხვევაში არსებობს მოცემული პრეპარატის მიმართ შეშუპების განვითარების მომატებული რისკი.
სისხლის დაავადებები: იშვიათ შემთხვევებში, პირებში რომლებიც ღებულობენ მოცემულ პრეპარატს, მოცემული პრეპარატის მიღების შედეგად აღწერილია სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის შემცირება. დროგამოშვებით თქვენი ექიმი ჩაგიტარებთ სისხლის ანალიზს თეთრი უჯრედების მონიტორინგისთვის. თეთრი უჯრედების დონემ შესაძლოა გაზარდოს ინფექციის განვითარების რისკი. თუ თქვენ შეამჩნევთ ინფექციის ნებისმიერ ნიშანს (მაგ. ცხელება, ყელის ტკივილი), დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს.
ქოლესტეროლი: ჰიდროქლოროთიაზიდის გამოყენებამ შესაძლოა გამოიწვიოს ქოლესტეროლის და ტრიგლიცერიდების დონის მომატება. თქვენი ექიმი გააკონტროლებს ამას სისხლის ანალიზის პარალელურად.
ხველება: პირები, რომლებიც ღებულობდნენ რამიპრილს, უვითარდებოდათ მშრალი, მუდმივი ხველა, რომელიც გაივლის რამიპრილის მიღების შეწყვეტისთანავე. აცნობეთ თქვენს ექიმს ნებისმიერი ხველის შესახებ, რომელიც სავარაუდოდ არ უკავშირდება ჩვეულებრივ მიზეზს.
დიაბეტი: ამ პრეპარატის მიღება დიაბეტით დაავადებულ პაციენტებში შეიძლება დაკავშირებული იყოს შაქრის კონტროლის გაძნელებასთან. თუ თქვენ გაქვთ ნებისმიერი ტიპის დიაბეტი, განიხილეთ თქვენს ექიმთან ამ პრეპარატის მიღების შესაძლებლობა, დოზირება და ეფექტურობა თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, ასევე ნებისმიერი კონკრეტული მონიტორინგის საჭიროება. თქვენ შესაძლოა დაგჭირდეთ დიაბეტის სამკურნალო პრეპარატების დოზის კორექცია.
ძილიანობა/სიფხიზლის დარღვევა: ამ პრეპარატს შეუძლია დააქვეითოს სიფხიზლე, განსაკუთრებით მკურნალობის დასაწყისში. საჭიროა სიფრთხილე სატრანსპორტო საშუალებების მართვის და ისეთი სამუშაოს შესრულების დროს, რომელიც მოითხოვს სიფხიზლეს.
ელექტროლიტები: ჰიდროქლოროთიაზიდის გამოყენებამ შესაძლოა გამოიწვიოს ელექტროლიტების დონის დაქვეითება, მაგ. კალიუმის, ნატრიუმის, მაგნიუმის, და ქლორის, ასევე კალციუმის დონის მომატება. თქვენი ექიმი პერიოდულად შეგიმოწმებთ ელექტროლიტების ბალანსს, რეკომენდებულია კალიუმის დანამატის მიღება.
სითხისა და ელექტროლიტების დისბალანსის გამაფრთხილებელი სიმპტომებია:
• ცნობიერების დაქვეითება
• ძილიანობა
• პირის სიმშრალე
• დაღლილობა
• არტერიული წნევის დაქვეითება
• კუნთების ტკივილი და სპაზმები
• კუნთების დაღლა
• გულისრევა და ღებინება
• პულსის აჩქარება
• მოუსვენრობა
• გულყრა
• წყურვილი
• სისუსტე
პოდაგრა: ჰიდროქლოროთიაზიდს შეუძლია ორგანიზმში შარდმჟავას დონის გაზრდა. თუ თქვენ წარსულში გაწუხებდათ პოდაგრა, განიხილეთ თქვენს ექიმთან ამ პრეპარატის მიღების შესაძლებლობა, დოზირება და ეფექტურობა თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, ასევე ნებისმიერი კონკრეტული მონიტორინგის საჭიროება. სახსრების ტკივილის, გახურების, შეშუპების განვითარების შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს.
გლაუკომა: იშვიათად ჰიდროქლოროთიაზიდმა შეიძლება გამოიწვიოს თვალშიდა წნევის მომატება (გლაუკომა). პრეპარატის მიღებიდან მოკლე პერიოდში მხედველობის სიმახვილის დარღვევის, თვალის ტკივილის შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს. აღნიშნული უფრო მეტად შეიძლება განუვითარდეთ პაციენტებს, რომელთაც წარსულში აღენიშნებოდათ სულფონამიდების ან პენიცილინის მიმართ ალერგიული რეაქციები.
თირკმლის ფუნქცია: ამ პრეპარატმა ზოგ პაციენტში შესაძლოა შეცვალოს თირკმლის ფუნქცია. აცნობეთ თქვენს ექიმს, შარდვის შემცირების, ქვედა კიდურების შეშუპების შესახებ, რომელიც სავარაუდოდ გამოწვეულია შარდვის შემცირების შედეგად განვითარებული სითხის დაგროვებით.
ღვიძლის ფუნქცია: ამ პრეპარატმა შესაძლოა გამოიწვიოს ღვიძლის დაავადება ან ღვიძლის ფუნქციის დაქვეითება, რის შედეგადაც შესაძლოა დაგროვდეს ორგანიზმში და გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები.  ამ პრეპარატს ასევე შეუძლია ღვიძლის ფუნქციის გაუარესება. თუ თქვენ გაწუხებთ ღვიძლის პრობლემები, განიხილეთ თქვენს ექიმთან ამ პრეპარატის მიღების შესაძლებლობა, დოზირება და ეფექტურობა თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, ასევე ნებისმიერი კონკრეტული მონიტორინგის საჭიროება. პრეპარატის მიღებისას თქვენმა ექიმმა შეიძლება რეგულარულად ჩაგიტაროთ ღვიძლის ფუნქციის გამოკვლევა სისხლის ანალიზის პარალელურად. თუ თქვენ აგეღნიშნებათ ღვიძლის ფუნქციის დარღვევის  ნებისმიერი ნიშანი, მაგ. კანის და სკლერების გაყვითლება, ცხელება, შეუძლოდ ყოფნა, ტკივილი მუცლის არეში, გულისრევა, ღებინება, მადის დაქვეითება, ქავილი, კუნთების ტკივილი, გამონაყარი, ჯირკვლების შესიება, დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს. პირებს, რომელთაც აქვთ წინასწარ არსებული ღვიძლის პრობლემები, პრეპარატის მიღებისას საჭიროებენ ექიმის მიერ ინტენსიურ მეთვალყურეობას.
არტერიული წნევის დაქვეითება: ზოგჯერ, ამ პრეპარატის გამოყენების დროს, არტერიული წნევა ეცემა ძალიან დაბლა. ეს როგორც წესი, ხდება პრეპარატის პირველი ან მეორე დოზების მიღების შემდეგ ან დოზის მომატების შედეგად. აღნიშნული უფრო მეტად უვითარდებათ მათ, ვინც ღებულობს შარდმდენებს, საკვებთან ერთად ნაკლებ მარილს, იმყოფება დიალიზზე, ან აწუხებს დიარეა ან ღებინება. მკურნალობის პირველი კვირების განმავლობაში, ან დოზის მომატების შემდეგ, საჭიროა ამ პირებში ექიმის ინტენსიური მეთვალყურეობა. თავბრუსხვევის რისკის შემცირების მიზნით რეკომენდებულია მწოლიარე ან მჯდომარე პოზიციიდან ნელი ადგომა. თუ დაბალი წნევა იწვევს სისუსტეს და თავბრუსხვევას, მიმართეთ თქვენს ექიმს.  ჭარბი ოფლიანობა და სითხის ნაკლებობა, სისხლძარღვებში სითხის შემცირების გზით, იწვევს არტერიული წნევის გადაჭარბებულ დაქვეითებას. გულისრევამ ან ღებინებამ ასევე შესაძლებელია გამოიწვიოს არტერიული წნევის დაქვეითება. თუ გრძნობთ არტერიული წნევის დაქვეითებას, მიმართეთ თქვენს ექიმს.
სისტემური წითელი მგლურა: ჰიდროქლოროთიაზიდმა შეიძლება გამოიწვიოს სისტემური წითელი მგლურას სიმპტომების გაუარესება. თუ თქვენ გაწუხებთ სისტემური წითელი მგლურა, განიხილეთ თქვენს ექიმთან ამ პრეპარატის მიღების შესაძლებლობა, დოზირება და ეფექტურობა თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, ასევე ნებისმიერი კონკრეტული მონიტორინგის საჭიროება. ამ პრეპარატის მიღების დროს შესაძლებელია თქვენმა ექიმმა რეგულარულად ჩაგიტაროთ ღვიძლის ფუნქციური სინჯები.
ქირურგიული ოპერაციები: ნებისმიერი ოპერაციის წინ, რომელიც ტარდება ზოგადი გაუტკივარებით, მნიშვნელოვანია თქვენს ქირურგს და ანესთეზიოლოგს ეცნობოს იმის შესახებ, რომ თქვენ ღებულობთ ამ პრეპარატს.
ორსულობა: ორსულობის პერიოდში გამოყენების დროს, აგფ ინჰიბიტორებს, მაგ. რამიპრილს გააჩნია უნარი, გამოიწვიოს განვითარებადი ჩანასახის დაზიანება ან სიკვდილი. ეს პრეპარატი არ უნდა იქნას გამოყენებული ორსულობის დროს. თუ მკურნალობის დროს დაორსულდით, შეწვიტეთ პრეპარატის მიღება და მიმართეთ თქვენს ექიმს.
ლაქტაცია: უცნობია გადადის თუ არა რამიპრილი დედის რძეში. ჰიდროქლოროთიაზიდი გადადის ლაქტატში. ძუძუთი კვების დროს ამ პრეპარატის მიღებამ შეიძლება ზიანი მიაყენოს ბავშვს.
ძუძუთი კვების გაგრძელების შესახებ მიმართეთ თქვენს ექიმს.
ბავშვები: ამ პრეპარატის გამოყენების ეფექტურობა და უსაფრთხოება ბავშვებში არ არის დადგენილი. მისი გამოყენება ამ ასაკობრივ ჯგუფში არ არის რეკომენდებული.
ხანდაზმულები: ხანდზმული პაციენტები შესაძლოა უფრო მეტად მგრძნობიარენი იყვნენ პრეპარატის ეფექტების მიმართ.

ჭარბი დოზირება:
დოზის გადაჭარბებასთან დაკავშირებით ეჭვის არსებობის შემთხვევაში, მიმართეთ მოწამვლის კონტროლის ცენტრს ან გადაუდებელი სამედიცინო დახმარების კაბინეტს. დოზის გადაჭარბების სიმპტომებია: ძლიერი თავბრუსხვევა, სისუსტე, არითმია, გულყრა.

შეფუთვის ფორმა:
10 ტაბლეტი ბლისტერზე. 3 ბლისტერი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.
შენახვის პირობები:
შეინახეთ ორიგინალ შეფუთვაში არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე, სინათლისაგან დაცულ და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე.
ვარგისობის ვადა: 24 თვე.
გაცემის რეჟიმი: II ჯგუფი (გაიცემა ფორმა N3 რეცეპტით)
მწარმოებელი: Unimax Laboratories, ინდოეთი

გაფრთხილება