ფორალესი

  • თურმანიძის მალამოები

ფორალესი. ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): ფორმოტეროლი/formoterol

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ბრონქოლიზური საშუალებები,  ბეტა 2 ადრენომიმეტიკები

პრეპარატის ათქ კოდი: R03Aჩ13

შემადგენლობა: კაფსულა შეიცავს

აქტიური ნივთიერება: ფორმოტეროლის ფუმარატი  (ფორმოტეროლის ფუმარატის დიჰიდრატის ფორმით) 12 მკგ.
დამხმარე ნივთიერება: ლაქტოზას მონოჰიდრატი.

კაფსულის შემადგენლობა: ჰიდროქსიპროპილმეთილცელულოზა.

ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკა
ფორმოტეროლი β2-რეცეპტორების სელექციური აგონისტია. მას გააჩნია ბრონქოდილატაციური მოქმედება პაციენტებში სასუნთქი გზების შექცევადი ობსტრუქციით. პრეპარატის მოქმედება იწყება სწრაფად (1-3 წუთში) და ნარჩუნდება 12 საათის განმავლობაში ინჰალაციის შემდეგ. თერაპიული დოზების გამოყენებისას გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე ზემოქმედება მინიმალურია და აღინიშნება მხოლოდ იშვიათ შემთხვევებში.
ფორალესი აფერხებს ჰისტამინის და ლეიკოტრიენების გამოთავისუფლებას ღრუბლოვანი უჯრედებიდან.
პრეპარატი ეფექტურად იცავს შესუნთქული ალერგენებით, ფიზიკური დატვირთვით, ცივი ჰაერით, ჰისტამინით ან მეტაქოლინით გამოწვეული  ბრონქოსპაზმისაგან. ვინაიდან ფორალესის ბრონქოდილატაციური ეფექტი ნარჩუნდება 12 საათის განმავლობაში ინჰალაციის შემდგომ, პრეპარატის დანიშვნა 2-ჯერ დღე-ღამეში ხანგრძლივი შემანარჩუნებელი თერაპიის მიზნით ხშირ შემთხვევაში საშუალებას იძლევა განხორციელდეს ბრონქოსპაზმის სათანადო კონტროლი ფილტვების ქრონიკული დაავადებებისას როგორც დღის, ასევე ღამის განმავლობაში.
ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების სტაბილური მიმდინარეობისას ინჰალაციის გზით გამოყენებული ფორმოტეროლი დოზით 12 მკგ ან 24 მკგ 2-ჯერ დღე-ღამეში იწვევს ბრონქების გამაფართოებელ სწრაფ ეფექტს. ეფექტი გრძელდება მინიმუმ 12 საათის განმავლობაში და მას თან ახლავს ცხოვრების ხარისხის პარამეტრების გაუმჯობესება.

ფარმაკოკინეტიკა
ფორმოტეროლის დოზების თერაპიული დიაპაზონი შეადგენს 12 მკგ-დან 24 მკგ-მდე 2-ჯერ დღე-ღამეში.
ფორმოტეროლის ფუმარატის დოზით 120 მკგ ერთჯერადი ინჰალაციის შემდეგ ჯანმრთელ მოხალისეებში ფორმოტეროლი სწრაფად აბსორბირდებოდა პლაზმაში,  ფორმოტეროლის მაქსიმალური კონცენტრაცია პლაზმაში შეადგენდა 266 პმოლ/ლ და მიიღწეოდა ინჰალაციიდან 5 წუთის განმავლობაში. ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების მქონე პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ფორმოტეროლს დოზით 12 მკგ ან 24 მკგ 2-ჯერ დღე-ღამეში 12 კვირის მანძილზე, ფორმოტეროლის კონცენტრაციები პლაზმაში, განსაზღვრული ინჰალაციიდან 10 წუთის, 2 საათის და 6 საათის  შემდეგ, იყო დიაპაზონებში 11,5-25,7 პმოლ/ლ და 23,3-50,3 პმოლ/ლ შესაბამისად.
ფორმოტეროლის ინჰალაციური გზით მიღების შემდეგ დოზით 12 მკგ ან 24 მკგ 2-ჯერ დღე-ღამეში 12 კვირის განმავლობაში უცვლელი  ფორმოტეროლის ექსკრეცია შარდთან ერთად ბრონქული ასთმის მქონე პაციენტებში გაიზარდა 63-73%-ით, ხოლო ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების მქონე პაციენტებში – 19-38%-ით. ეს მიუთითებს ფორმოტეროლის ერთგვარ კუმულაციაზე პლაზმაში მრავალჯერადი ინჰალაციის შემდგომ.
ინჰალატორის მეშვეობით მიღებული ფორმოტეროლის უმეტესი ნაწილი იყლაპება და შემდეგ შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან.
ფორმოტეროლის შეკავშირება პლაზმის ცილებთან შეადგენს 61-64%, შრატის ალბუმინთან შეკავშირება – 34%.
კონცენტრაციების იმ დიაპაზონში, რომელიც აღინიშნა პრეპარატის თერაპიული დოზების მიღებისას, შეკავშირების ადგილების გაჯერება არ მიიღწევა.
ფორმოტეროლის მეტაბოლიზმის ძირითადი გზაა პირდაპირი კონიუგაცია გლუკურონის მჟავასთან. მეტაბოლიზმის სხვა გზაა – O-დემეთილირება შემდგომი კონიუგაციით გლუკურონის მჟავასთან (გლუკურონიდაცია).

თერაპიულ კონცენტრაციებში ფორმოტეროლი არ ახდენს ციტოქრომ P450 სისტემის იზოფერმენტების ინჰიბირებას.
ბრონქული ასთმის და ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების მქონე პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ფორმოტეროლის ფუმარატს დოზით 12 მკგ ან 24 მკგ 2-ჯერ დღე-ღამეში 12 კვირის მანძილზე, დოზის დაახლოებით 10% ან 7% შესაბამისად გამოვლინდა შარდში უცვლელი ფორმოტეროლის სახით. შარდში უცვლელი ფორმოტეროლის ენანტიომერების (ღ,ღ) და (შ,შ) განსაზღვრული წილები შეადგენს შესაბამისად 40% და 60%, ფორმოტეროლის ერთჯერადი დოზით (12-120 მკგ) მიღების შემდეგ ჯანმრთელ მოხალისეებში, ხოლო ფორმოტეროლის ერთჯერადი და განმეორებითი დოზებით მიღების შემდეგ ბრონქული ასთმის მქონე პაციენტებში. აქტიური ნივთიერება და მისი მეტაბოლიტები სრულად გამოიყოფა ორგანიზმიდან; შიგნით მიღებული დოზის დაახლოებით 2/3 გამოიყოფა შარდთან ერთად, 1/3 – განავალთან ერთად. ფორმოტეროლის თირკმლის კლირენსი შეადგენს 150 მლ/წთ.
პლაზმიდან ფორმოტეროლის ნახევარგამოყოფის საბოლოო პერიოდი ფორმოტეროლის ფუმარატის ერთჯერადი ინჰალაციის შემდეგ დოზით 120 მკგ შეადგენს 10 საათს.
ფორმოტეროლის ფარმაკოკინეტიკა ხანდაზმულ პაციენტებში, ღვიძლის და/ან თირკმლის ფუნქციის დარღვევების მქონე პაციენტებში შესწავლილი არ ყოფილა.

ბრონქული ასთმის მქონე 5-12 წლის ასაკის ბავშვებში, რომლებიც იღებდნენ ფორმოტეროლის ფუმარატს დოზით 12 მკგ ან 24 მკგ 2-ჯერ დღე-ღამეში 12 კვირის მანძილზე, უცვლელი ფორმოტეროლის ექსკრეცია შარდთან ერთად გაიზარდა 18-84%-ით შედარებით პირველი დოზის შემდგომ მიღებულ შესაბამის მაჩვენებელთან. კლინიკურ კვლევებში ბავშვებს შარდში აღენიშნებოდა უცვლელი ფორმოტეროლის დაახლოებით 6%.

ჩვენებები
– ბრონქოსპაზმის მკურნალობა და პროფილაქტიკა ბრონქული ასთმით დაავადებულებში;
– ალერგენების, ცივი ჰაერის შესუნთქვით ან ფიზიკური დატვირთვით გამოწვეული ბრონქოსპაზმის პროფილაქტიკა;
– ბრონქების გამტარობის დარღვევების მკურნალობა და პროფილაქტიკა პაციენტებში ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებით, როგორც შექცევადი, ასევე შეუქცევადი ბრონქული ობსტრუქციისას, აგრეთვე პაციენტებში ქრონიკული ბრონქიტით და ფილტვების ემფიზემით.

მიღების წესი და დოზირება
ფორალესი განკუთვნილია მხოლოდ საინჰალაციო გამოყენებისათვის მოზრდილებსა და ბავშვებში 5 წლის ასაკიდან. დაუშვებელია პრეპარატის შიგნით მიღება. პრეპარატი წარმოადგენს კაფსულებს, რომლებიც შეიცავენ საინჰალაციო ფხვნილს, რომელიც უნდა იქნას გამოყენებული მხოლოდ შეფუთვის კომპლექტში შემავალი სპეციალური მოწყობილობის დახმარებით. კაფსულის რღვევის გამო გარსის მცირე ნაწილები ინჰალაციის შედეგად შეიძლება მოხვდეს პირში ან ყელში. ამ მოვლენის მინიმუმამდე დასაყვანად არ არის რეკომენდებული კაფსულის გახვრეტა 1 ჯერზე მეტად. კაფსულა უნდა იქნას ამოღებული ბლისტერის შეფუთვიდან უშუალოდ გამოყენების წინ.
მოზრდილები
ბრონქული ასთმის დროს პრეპარატის დოზა რეგულარული შემანარჩუნებელი თერაპიისათვის შეადგენს 12 მკგ (1 კაფსულის შიგთავსი) 2-ჯერ დღე-ღამეში. საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია დამატებით 12-24 მკგ დღე-ღამეში გამოყენება სიმპტომების შესამსუბუქებლად. მაქსიმალური სადღეღამისო დოზა – 48 მკგ.
ფორალესი არ გამოიყენება ასთმის შეტევის მწვავე სიმპტომების შესამსუბუქებლად. მწვავე შეტევისას საჭიროა ხანმოკლე მოქმედების β2-აგონისტების გამოყენება.
ფიზიკური დატვირთვით ან ცნობილი ალერგენის, რომელთან კონტაქტიც გარდაუვალია, ზემოქმედებით გამოწვეული ბრონქოსპაზმის პროფილაქტიკის მიზნით ალერგენთან სავარაუდო კონტაქტამდე ან ფიზიკურ დატვირთვამდე 15 წუთით ადრე საჭიროა პრეპარატის მიღება ინჰალაციის გზით დოზით 12 მკგ (ერთი კაფსულის შიგთავსი). ბრონქული ასთმის მძიმე მიმდინარეობისას შესაძლოა საჭირო გახდეს ერთჯერადი დოზის სახით 24 მკგ-ის გამოყენება.
ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებისას პრეპარატის დოზა რეგულარული შემანარჩუნებელი თერაპიისათვის შეადგენს 12 მკგ (1 კაფსულის შიგთავსი) 2-ჯერ დღე-ღამეში.
ბავშვები 5 წლის ასაკიდან
ბრონქული ასთმის დროს პრეპარატის დოზა რეგულარული შემანარჩუნებელი თერაპიისათვის შეადგენს 12 მკგ (1 კაფსულის შიგთავსი) 2-ჯერ დღე-ღამეში. მაქსიმალური სადღეღამისო დოზა – 24 მკგ.
ფიზიკური დატვირთვით ან ცნობილი ალერგენის, რომელთან კონტაქტიც გარდაუვალია, ზემოქმედებით გამოწვეული ბრონქოსპაზმის პროფილაქტიკის მიზნით ალერგენთან სავარაუდო კონტაქტამდე ან ფიზიკურ დატვირთვამდე 15 წუთით ადრე საჭიროა პრეპარატის მიღება ინჰალაციის გზით დოზით 12 მკგ (ერთი კაფსულის შიგთავსი).
5-12 წლის ასაკის ბავშვებისათვის, როდესაც საჭიროა მკურნალობა ინჰალაციური კორტიკოსტეროიდებით და ხანგრძლივად მოქმედი β2-აგონისტებით, რეკომენდებულია კომბინირებული პრეპარატის გამოყენება, გარდა შემთხვევებისა. როდესაც ინჰალაციური კორტიკოსტეროიდებისა და ხანგრძლივად მოქმედი ინჰალაციური β2-აგონისტების დამოიკიდებლად მიღება უფრო მიზამშეწონილია.

საინჰალაციო მოწყობილობის გამოყენების ინსტრუქცია
1. მოხსენით თავსახური საინჰალაციო მოწყობილობას.
2. მაგრად დაიჭირეთ საინჰალაციო მოწყობილობა ფუძით და მოატრიალეთ მუნდშტუკი ისრის მიმართულებით.
3. მოათავსეთ კაფსულა ბუდეში, რომელიც მდებარეობს საინჰალაციო მოწყობილობის ფუძეში (მას აქვს კაფსულის ფორმა). გახსოვდეთ, რომ კაფსულის ამოღება ბლისტერიდან ხდება უშუალოდ ინჰალაციის დაწყებამდე.
4. მოატრიალეთ მუნდშტუკი და დახურეთ საინჰალაციო მოწყობილობა.
5. დაიკავეთ მოწყობილობა ვერტიკალურ მდგომარეობაში, ერთხელ დააჭირეთ ბოლომდე გვერდით წითელ ღილაკებს. შემდეგ გაუშვით მათ ხელი. მოცემულ ეტაპზე კაფსულის გახვრეტისას იგი შესაძლოა დაიშალოს, რის შედეგადაც გარსის პატარა ნაწილაკები შესაძლოა მოხვდეს პირის ღრუში ან ყელში. იმისათვის, რომ კაფსულა ბოლომდე არ დაიშალოს, საჭიროა შესრულდეს შემდეგი მოთხოვნები: არ გახვრიტოთ კაფსულა ერთ ჯერზე მეტად; დაიცავით შენახვის პირობები; ამოიღეთ კაფსულა ბლისტერიდან უშუალოდ ინჰალაციის ჩატარების წინ.
6. ღრმად ამოისუნთქეთ.
7. ჩაიდეთ მუნდშტუკი პირში და ოდნავ გადაწიეთ თავი უკან. მჭიდროდ დაიკავეთ მუნდშტუკი ტუჩებით და სწრაფად, თანაბრად, მაქსიმალურად ღრმად ჩაისუნთქეთ. ამასთან პაციენტმა უნდა გაიგოს კაფსულის ტრიალის და ფხვნილის გაფრქვევის დამახასიათებელი ხმა. თუ არ გაისმის დამახასიათებელი ხმა, საჭიროა გაიხსნას საინჰალაციო მოწყობილობა და დათვალიერდეს კაფსულა, შესაძლოა იგი გაიჭედა ბუდეში. ამ შემთხვევაში საჭიროა ფრთხილად ამოიღოთ კაფსულა. არავითარ შემთხვევაში არ ეცადოთ გაათავისუფლოთ კაფსულა გვერდით ღილაკებზე განმეორებითი ხელის დაჭერით.
8. თუ ჩასუნთქვისას ისმის დამახასიათებელი ხმა, საჭიროა შეიკავოთ სუნთქვა რაც შეიძლება დიდხანს, ამავე დროს ამოიღეთ პირიდან მუნდშტუკი, შემდეგ ამოისუნთქეთ. გახსენით მოწყობილობა და ნახეთ ხომ არ დარჩა ფხვნილი კაფსულაში. თუ კაფსულაში დარჩა ფხვნილი, გაიმეორეთ მე-6-8 პუნქტებში აღწერილი მოქმედებები.
9. საინჰალაციო პროცედურის დამთავრებისას გახსენით მოწყობილობა, ამოიღეთ ცარიელი კაფსულა, დახურეთ მუნდშტუკი და დაახურეთ მოწყობილობას სახურავი. ფხვნილის ნარჩენების მოსაცილებლად გაწმინდეთ კორპუსი და ბუდე მშრალი ნაჭრით. შესაძლებელია რბილი ფუნჯის გამოყენება.

უკუჩვენებები
_ მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის ნებისმიერი კომპონენტის მიმართ;
_ ლაქტაცია.

გვერდითი მოქმედება
გვერდითი ეფექტების სიხშირის ქვემოთ მოყვანილი პარამეტრები შემდეგნაირად არის განსაზღვრული: ხშირად (≥ 1/100-დან < 1/10-მდე), ზოგჯერ (≥ 1/1000-დან < 1/100-მდე), იშვიათად (≥ 1/10000-დან < 1/1000-მდე), ძალიან იშვიათად (< 1/10000).
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: ძალიან იშვიათად – გულისრევა.
ნერვული სისტემის და ფსიქიკის მხრივ: ხშირად – თავის ტკივილი, ტრემორი; ზოგჯერ – აჟიტაცია, შფოთვა, ნერვული აგზნებულობა, უძილობა, თავბრუსხვევა.
გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: ხშირად: გულისცემის შეგრძნება; ზოგჯერ- ტაქიკარდია, პერიფერიული შეშუპებები.
სასუნთქი სისტემის მხრივ: ზოგჯერ – ბრონქოსპაზმი.
ჩონჩხ-კუნთოვანი სისტემის მხრივ: ზოგჯერ – კუნთების სპაზმი, მიალგიები.
იმუნური სისტემის მხრივ: ძალიან იშვიათად – მომატებული მგრძნობელობის რეაქციები, როგორიცაა, არტერიული ჰიპოტენზია, ჭინჭრის ციება, ანგიონევროზული შეშუპება, ქავილი, ეკზანტემა.
ადგილობრივი რეაქციები: ზოგჯერ – ხორხის და ხახის ლორწოვანი გარსის გაღიზიანება.
სხვა: გემოს შეგრძნების დაქვეითება.

განსაკუთრებული მითითებები
დადგენილია, რომ ფორალესის მიღების ფონზე უმჯობესდება ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების მქონე პაციენტების ცხოვრების ხარისხი. განსაკუთრებული ყურადღებაა საჭირო პაციენტებთან, რომელთაც აქვთ გულის იშემიური დაავადება, გულის რიტმის დარღვევები, განსაკუთრებით მესამე ხარისხის ატრიოვენტრიკულური ბლოკადა, გულის მწვავე უკმარისობა, იდიოპათიური სუბაორტული სტენოზი, მძიმე ჰიპერტენზია, ანევრიზმა, ფეოქრომოციტომა, ჰიპერტროფული ობსტრუქციული კარდიომიოპათია, თირეოტოქსიკოზი ან გულ-სისხლძარღვთა სხვა მძიმე დაავადებები, როგორიცაა ტაქიარითმიები ან გულის მწვავე უკმარისობა.
ანთების საწინააღმდეგო თერაპია
ჩვეულებრივ, პაციენტებმა რომელთაც აქვთ ბრონქული ასთმა და ესაჭიროებათ რეგულარული თერაპია β2-ადრენოსტიმულატორებით, ასევე რეგულარულად უნდა მიიღონ ანთების საწინააღმდეგო საშუალებების შესაბამისი დოზები (მაგ., საინჰალაციო ან პერორალური გლუკოკორტიკოსტეროიდები, და/ან ბავშვებში – ნატრიუმის კრომოგლიკატი). ფორალესის ყოველი დანიშვნის დროს აუცილებელია პაციენტის მდგომარეობის შეფასება იმ ანთების საწინააღმდეგო თერაპიის ადეკვატურობასთან მიმართებაში, რომელსაც ისინი იღებენ.  ფორალესით მკურნალობის დაწყების შემდეგ პაციენტებისთვის რეკომენდებულია ანთების საწინააღმდეგო თერაპიის უცვლელად გაგრძელება, იმ შემთხვევაშიც კი, თუ აღინიშნება მდგომარეობის გაუმჯობესება. აუცილებელია, რომ ექიმმა გადახედოს ბრონქული ასთმის საბაზისო თერაპიას, თუკი პრეპარატის მიღების ფონზე შენარჩუნებულია ასთმის სიმპტომები ან თუ ფორალესის დოზათა რაოდენობა, რომელიც საჭიროა დაავადების სიმპტომების საკონტროლოდ, იზრდება, რადგან ეს ჩვეულებრივ მიუთითებს ძირითადი დაავადების მიმდინარეობის გაუარესებაზე.
ჰიპოკალიემია
β2-ადრენომიმეტიკებით მკურნალობის შედეგად შესაძლოა პოტენციურად სახიფათო ჰიპოკალიემია განვითარდეს. იქიდან გამომდინარე, რომ პრეპარატის აღნიშნული მოქმედება შესაძლოა გააძლიეროს ჰიპოქსიამ და თანხმლებმა მკურნალობამ, განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო პაციენტებში, რომელთაც აქვთ მძიმე ფორმის ბრონქული ასთმა.  ასეთ შემთხვევებში რეკომენდებულია სისხლის შრატში კალიუმის კონცენტრაციის რეგულარული კონტროლი.
პარადოქსული ბრონქოსპაზმი
ისევე როგორც სხვა ინჰალაციური თერაპიის ჩატარების დროს, აუცილებელია პარადოქსული ბრონქოსპაზმის განვითარების შესაძლებლობის გათვალისწინება. მისი გამოვლენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს პრეპარატის გამოყენება და დაინიშნოს ალტერნატიული მკურნალობა.

ზემოქმედება ავტოტრანსპორტის ტარებისა და მექანიზმების მართვის უნარზე
პაციენტებმა, რომელთაც პრეპარატ ფორალესის მიღების ფონზე უვითარდებათ თავბრუსხვევა ან სხვა დარღვევები ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ, თავი უნდა შეიკავონ ავტომანქანის ან სხვა მექანიზმების მართვისაგან პრეპარატის მიღების პერიოდის მანძილზე.

გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის დროს
პრეპარატის მიღება ორსულობის დროს დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თერაპიის მოსალოდნელი სარგებელი დედისთვის აღემატება პოტენციურ რისკს ნაყოფისათვის.
უცნობია, აღწევს თუ არა ფორმოტეროლი დედის რძეში. ამის გამო დედებმა, რომლებიც იღებენ ფორალესს, უნდა შეწყვიტონ ძუძუთი კვება.

გამოყენება პედიატრიაში
ფორალესის გამოყენება არ არის რეკომენდებული 5 წლამდე ასაკის ბავშვებში.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
ფორალესის, ისევე როგორც სხვა β2-ადრენოსტიმულატორების, დანიშვნა საჭიროა სიფრთხილის ზომების დაცვით იმ პაციენტებში, რომლებიც იღებენ ქინიდინს, დიზოპირამიდს, პროკაინამიდს, ფენოთიაზინებს, ანტიჰისტამინურ პრეპარატებს, მონოამინოოქსიდაზას ინჰიბიტორებს, ტრიციკლურ ანტიდეპრესანტებს, ასევე სხვა პრეპარატებს, რომლებიც ცნობილია, რომ იწვევენ QT ინტერვალის გახანგრძლივებას, რადგან ასეთ შემთხვევებში შესაძლოა გაძლიერდეს ადრენოსტიმულატორების მოქმედება გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე. იმ პრეპარატების მიღების დროს, რომლებიც ახანგრძლივებენ QT ინტერვალს, იზრდება პარკუჭოვანი არითმიების განვითარების რისკი. სიმპატომიმეტური საშუალებების ერთდროულმა გამოყენებამ შესაძლოა გამოიწვიოს პრეპარატის გვერდითი მოვლენების გაძლიერება.

ქსანტინის წარმოებულების, გლუკოკორტიკოსტეროიდებისა ან დიურეტიკების ერთდროულმა გამოყენებამ შესაძლოა გააძლიეროს β2-ადრენომიმეტიკების პოტენციური ჰიპოკალიემური მოქმედება. ჰიპოკალიემიამ შესაძლოა გაზარდოს გულის არითმიების განვითარების რისკი პაციენტებში, რომლებიც იღებენ სათითურას პრეპარატებს.
β-ადრენობლოკატორებმა შესაძლოა შეასუსტოს ფორალესის მოქმედება, აქედან გამომდინარე სასურველია, რომ პრეპარატის მიღება არ მოხდეს β-ადრენობლოკატორებთან ერთად (მათ შორის, თვალის წვეთებთან ერთად), გარდა იმ შემთხვევებისა, თუ პრეპარატების ასეთი კომბინაციის გამოყენება არ არის განპირობებული განსაკუთრებული აუცილებლობით.

ჭარბი დოზირება
სიმპტომები: ფორალესის დოზის გადაჭარბებამ შესაძლოა გამოიწვიოს β2-ადრენომიმეტიკების მიღებისთვის დამახასიათებელი მოვლენები: გულისრევა, ღებინება, თავის ტკივილი, ტრემორი, ძილიანობა, გულისცემის შეგრძნება, ტაქიკარდია, პარკუჭოვანი არითმიები, მეტაბოლური აციდოზი, ჰიპოკალიემია, ჰიპერგლიკემია.
მკურნალობა: ნაჩვენებია დამხმარე და სიმპტომური თერაპიის ჩატარება. მძიმე შემთხვევებში აუცილებელია ჰოსპიტალიზაცია.
შესაძლოა განხილულ იქნას კარდიოსელექციური β-ადრენობლოკატორების გამოყენება, მხოლოდ შესაბამისი სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ იმ პირობით, თუ გათვალისწინებული იქნება სიფრთხილის განსაკუთრებული ზომები, რადგან ამგვარი საშუალებების გამოყენებამ შესაძლოა გამოიწვიოს ბრონქოსპაზმი.

შენახვის პირობები
ინახება მშრალ ადგილას არაუმეტეს 25ºС ტემპერატურაზე.
ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას!

ვარგისიანობის ვადა
2 წელი წარმოების თარიღიდან.
არ გამოიყენოთ ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ.

გამოშვების ფორმა: 12მკგ საინჰალაციო ფხვნილი კაფსულა N60 საინჰალაციო მოწყობილობასთან ერთად შეფუთვაში

გაცემის რეჟიმი: II ჯგუფი (გაიცემა ფორმა N3 რეცეპტით)

მწარმოებელი: World Medicine ilac san ve tic as, თურქეთი

გაფრთხილება

Share this...Share on Facebook
Facebook