ფილტვების ემფიზემა

ფილტვების ემფიზემა emphysema

არჩილ შენგელიალალი დათეშიძე

ფილტვების ემფიზემა წარმოადგენს ფილტვების ქრონიკული არასპეციფიკური დაავადებების ერთ – ერთ ყველაზე ხშირ ფორმას. ხასიათდება დისტალური ტერმინალური ბრონქიოლების ჰაეროვანი სივრცეების პათოლოგიური გაფართოებითა და ალვეოლური კედლების დესტრუქციული ცვლილებებით. განასხვავებენ პირველად (იდიოპათიკურ) ფილტვების ემფიზემას, რომელიც ვითარდება წინმსწრები ფილტვ – ბრონქის დაავადების გარეშე, და მეორადს (ობსტრუქციულს), რომელიც ხშირად წარმოადგენს ქრონიკული ობსტრუქციული ბრონქიტის გართულებას. გავრცელების მიხევით ემფიზემა შეიძლება იყოს დიფუზური ან კეროვანი.

ფილტვების ემფიზემა ეტიოლოგია, პათოგენეზი. გამოყოფენ მიზეზთა ორ ჯგუფს, რომლებიც იწვევენ ფილტვების ემფიზემის განვითარებას. პირველ ჯგუფს შეადგენენ ფაქტორები, რომლებიც არღვევენ ფილტვის სტრუქტურული ელემენტების ელასტიკურობასა და გამჭირვალობას: პათოლოგიური მიკროცირკულაცია, სურფაქტანტის ცვლილებები და სხვ. ამ ცვლილებებმა შესაძლოა გამოიწვიონ პირველადი დიფუზური ემფიზემა. მის პათოგენეზს საფუძვლად უდევს ფილტვის მთლიანი რესპირატორული ნაწილის პათოლოგიური გადაკეთება; ფილტვის ელასტიკური თვისებების შესუსტება იწვევს იმას, რომ ამოსუნთქვის დროს და, შესაბამისად გულმკერდშიგა წნევის მომატებისას წვრილი ბრონქები, რომლებსაც არა აქვთ საკუთარი ხრტილოვანი კარკასი და მოკლებულია ფილტვის ელასტიურ სინოტივეს, პასიურად ვარდებიან, ზრდიან რა ასეთ დროს ბრონქიალურ წინააღმდეგობას ამოსუნთქვისას და ალვეოლებში წნევის მომატებას. ბრონქული გამტარობა ამოსუნთქვისას პირველადი ემფიზემის დროს არ ირღვევა. მეორე ჯგუფის ფაქტორები ხელს უწყობენ წნევის მატებას ფილტვების რესპირატორულ ნაწილში და აძლიერებენ ალვეოლების გაჭიმვას.

მათ შორის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს სასუნთქი გზების ობსტრუქციას, რომელიც ვითარდება ქრონიკული ობსტრუქციული ბრონქიტის დროს. ეს დაავადება ხდება ფილტვების ობსტრუქციული ემფიზემის განვითარების მიზეზი, ვინაიდან სწორედ მის დროს იქმნება პირობები ალვეოლების გაჭიმვის სარქვლოვანი მექანიზმის ფორმირებისათვის. მაგალითად, გულმკერდშიგა წნევის დაქვეითება ჩასუთქვის დროს, იწვევს რა ბრონქული სანათურის პასიურ გადაჭიმვას, ამცირებს არსებული ბრონქული ობსტრუქციის ხარისხს; ამოსუნთქვის დროს დადებითი გულმკერდშიგა წნევა იწვევს დამატებით კომპრესიას ბრონქული ტოტებისა და აღრმავებს რა უკვე არსებულ ბრონქულ ობსტუქციას, ხელს უწყობს ინსპირირებული ჰაერის შეჩერებას ალვეოლებში და მათ გაწელვას. განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ანთებითი პროცესის გავრცელებას ბრონქიოლებიდან მიმდებარე ალვეოლებზე ალვეოლიტის განვითარებით და ალვეოლათაშუა ძგიდეების დესტრუქციით. კეროვანი ემფიზემის მიზეზები შესაძლოა იყოს ბრონქის არასრული სარქვლოვანი ობტურაცია, ანთებითი ან სიმსივნური გენეზის; ფილტვის უბნის ატელექტაზი ან ციროზი; თანდაყოლილი პათოლოგია. მეორადი ემფიზემა ხასიათდება რესპირატორული ბრონქიოლების გაბერვითა და იმ ალვეოლების ფორმის ცვლილებებით, რომლებიც მდებარეობენ მათთან ახლოს. პათოლოგიურ პროცესში შესაძლოა ჩაერთოს აცინუსი (წილი). ალვეოლები გასქელებული, გაფართოებულია, გლუვკუნთოვანი კონები ჰიპერტროფულია, შემდეგ დისტროფიულია. ელასტიკური ბოჭკოები გასწორებულია. რესპირატორული ბრონქიოლების კედლები გათხელებულია, კაპილარებისა და უჯრედული ელემენტების რაოდენობა მათში შემცირებულია. ემფიზემის გვიან სტადიებზე აღინიშნება ფილტვების რესპირატორული ნაწილის სტრუქტურული ელემენტების დარღვევა და სრული გაქრობა. პირველადი ემფიზემის დროს ადგილი აქვს ყველა ალვეოლის თანაბარ დაზიანებას. ანთებითი ცვლილებები ბრონქებში, ბრონქიოლებში გამოხატული არ არის და მათი ობსტრუქცია, რომელიც დაკავშირებულია ანთებით შეშუპებასთან, არ ვითარდება.

ფილტვების ემფიზემა სიმპტომები, მიმდინარეობა. დამახასიათებელია ქოშინი, კასრისებრი გულმკერდი, მისი სასუთქი ექსკურსიის შემცირება, ნეკნთაშუა არეების გაფართოება, ლავიწზედა მიდამოების გამობერვა, კოლოფისებური პერკუტორული ხმა, შესუსტებული სუნთქვა, გულის შედარებითი მოყრუების საზღვრების შემცირება, დიაფრაგმის დაბლა დგომა და მისი მოძრაობის შემცირება, ფილტვის ველების გამჭირვალობის მატება რენტგენოგრამაზე. პირველადი ემფიზემისთვის კიდევ უფრო მეტადაა დამახასიათებელი მძიმე ქოშინი, რითაც იწყება დაავადება; ავადმყოფებში უკვე მოსვენებულ მდგომარეობაშიც კი ვენტილაციის მოცულობა უკიდურესად დიდია, ამიტომ მათი ტოლერანტობა ფიზიკური დატვირთვის მიმართ ძალზე დაბალია. პირველადი ემფიზემის დროს ნაკლებად, ვიდრე მეორადისა, დარღვეულია სისხლის აეროვანი შემადგენლობა, ნაკლებადაა გამოხატული ციანოზი; გაძლიერებული ვენტილაცია ინარჩუნებს სისხლის დამაკმაყოფილებელ ოქსიგენიზაციას, ამიტომ ავადმყოფებში ადგილი არა აქვს კომპენსატორულ პოლიგლობულიას, რაც დამახასიათებელია მეორადი ემფიზემისათვის. პირველადი ემფიზემის დროს, განსხვავებით მეორადისაგან არ ვითარდება ჩვეულებრივ ფილტვისმიერი გული. რენტგენოლოგიურად პირველადი ემფიზემისათვის დამახასიათებელია ფილტვის ველების გამჭირვალობის ერთგვაროვანი მომატება და ფილტვის სურათის გაღარიბება, განსაკუთრებით ფილტვების ქვედა ნაწილებში, დიაფრაგმის დაბლა დგომა. მეორადი ემფიზემის დროს ფილტვების ქვედა ნაწილების გაჭირვალობა შემცირებულია პერიბრონქული ცვლილებების ხარჯზე, დიაფრაგმამ შესაძლებელია არ გადაინაცვლოს, ვინაიდან ფილტვების საერთო მოცულობა უმნიშვნელოდ იცვლება. ამ ორი ფორმის დიფერენციაციის დროს იყენებენ სუნთქვის ფუნქციონალური კვლევის მეთოდებს.

პირველადი ემფიზემის მკურნალობა სიმპტომატურია: სუნთქვითი ვარჯიში, მიმართული დიაფრაგმის მაქსიმალურ ჩართვაზე სუნთქვის აქტში; ჟანგბადთერაპიის კურსები, თამბაქოსა და სხვა მავნე ჩვეულებების გამორიცხვა, მათ შორის პროფესიონალურის; ფიზიკური დატვირთვების შეზღუდვა. ფილტვ – ბრონქის ინფექციის თანდართვისას საჭირო ხდება ანტიბიოტიკების დანიშვნა. მეორადი ემფიზემის დროს ატარებენ ძირითადი დაავადების მკურნალობას, სუნთქვისა და გულის უკმარისობის კუპირებისაკენ მიმართულ თერაპიას. არსებობს გარკვეული ცდები კეროვანი ემფიზემის ქირურგიული კუნალობისა – ფილტვის დაზიანებული უბნების რეზექცია. მეორადი ემფიზემის პროფილაქტიკა დაიყვანება ქრონიკული ობსტრუქციულიბრონქიტის პროფილაქტიკამდე.

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები: ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს შეუძლიათ ინფორმაცია მოგვაწოდონ ელფოსტაზე mpifarm@gmail.com

ფიტოთერაპია: იხილეთ კლინიკური და ემპირიული ფიტოთერაპია

ვის მივმართოთ – იხ. მედიკოსთა პერსონალური გვერდები

თემატურად მომიჯნავე სტატიები

საავტორო უფლებები და რეკლამა პოსტ-სტატიაზე: მასალა წარმოადგენს “არჩილ შენგელიას და ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. სტატიის გამოყენებისათვის, აგრეთვე მასზე ბანერის განსათავსებლად მიმართეთ mpifarm@gmail.com

ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  1. გაფრთხილება
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  3. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  4. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988

სასუნთქი სისტემის დაავადებები


Share on Facebook
Facebook
გააზიარე facebook -ზე ..