ლალი დათეშიძე
გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები
მიოკარდიტი – მიოკარდიუმის უპირატესად ანთებითი დაზიანება. მიმდინარეობის მიხედვით მიოკარდიტი შეიძლება იყოს მწვავე, ქვემწვავე ან ქრონიკული. მწვავე მიოკარდიტი ხშირად ვითარდება ინფექციური დაავადებებისას, მაგალითად ვირუსული (გრიპი) და ბაქტერიული (დიფთერია) ეტიოლოგიის, აგრეთვე მწვავე ალერგიული რეაქციების (წამლისმიერი აუტანლობა) დროს.
სიმპტომები. ძირითადი დაავადების ნიშნებთან ერთად აღინიშნება ტაქიკარდია, გულის რიტმის და გამტარებლობის სხვა დარღვევები, ქოშინი. აუსკულტაციით მოისმინება გულის ტონების, განსაკუთრებით I ტონის, შესუსტება, მწვერვალზე არამკაფიო სისტოლური შუილი. რენტგენოლოგიური გამოკვლევით შეიძლება ინახოს გულის გარდამავალი გაფართოება. შეგუბებითი გულის უკმარისობის ნიშნები ჩვეულებრივ ზომიერად არის გამოხატული. ზოგიერთ ავადმყოფთან გულის დაზიანება ვლინდება გადატანილი ინფექციის, მათ შორის ზომიერად გამოხატული კატარული მოვლენების შემდეგ. ამასთან ერთად, აღინიშნება მკვეთრი ტკივილები გულის არეში, უმნიშვნელო ცვლილებები ეკგ – ზე (ძირითადად S – T სეგმენტის და T კბილის). ასეთ შემთხვევებში მიოკარდიტის დიფერენცირება მიოკარდიუმის დისტროფიისგან, რომელიც ხშირად ხანგრძლივად მიმდინარეობს, საკმაოდ რთულია. მიოკარდიტის საპირისპიროდ მეტყველებს გულის უკმარისობის, მისი გადიდების, ეკგ – ზე სწრაფი დინამიკის არარსებობა. ქრონიკული მიოკარდიტი უპირველეს ყოვლისა აღინიშნება რევმატიზმის დროს, აგრეთვე კოლაგენოზური დაავადებების დროს. ფიდლერის არასპეციფიკური (იდიოპათიკური) მიოკარდიტი – შედარებით იშვიათი დაავადებაა, რომელიც მიმდინარეობს გულის პროგრესირებადი უკმარისობით, გულის ყველა საკნის გაფართოებით, რიტმისა და გულშიდა გამტარობის დარღვევით, თრომბოემბოლიებით. დაავადება იწყება უცაბედად, ცხელებით, ნეიტროფილური ლეიკოციტოზით, ედს – ის მომატებით. ჩვეულებრივ ადგილი აქვს გამოხატულ ცვლილებებს ეკგ – ზე, რომლებიც გამოხატავენ გულის საკნების ჰიპერტროფიას, ნაწიბუროვან ცვლილებებს. ფიდლერის მოიკარდიტის მიმდინარეობა შეიძლება იყოს მრავალფეროვანი – მწვავე მიმდინარეობით დაწყებული, რომელიც სწრაფად პროგრესირებს და მთავრდება ლეტალურად დაავადების დაწყებიდან 1 – 3 თვეში, ქრონიკულით დამთავრებული, რომელიც შედარებით კეთილთვისებიანია და ნელა პროგრესირებს. ამასთან ერთად გულის უკმარისობის სიმპტომები ზომიერადაა გამოხატული და ვლინდება დაავადების მოგვიანებით სტადიაზე.
ფარმაკოთერაპია და პრეპარატები
ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს ვთხოვთ მოგვაწოდონ ინფორმაცია საქართველოში ოფიციალურად რეკომენდებული პრეპარატების შესახებ mpifarm@gmail.com. თქვენს მიერ მოწოდებულ მასალების მიხედვით აღიწერება თქვენი პრეპარატის გამოყენების სპეციფიკა ამ დაავადების მკურნალობის დროს და პრეპარატის მოკლე დახასიათება,რომელიც გავა პრეპარატის აღწერის სპეციალურ გვერდზე.
ფიტოთერაპია
იხილეთ “ემპირიული და კლინიკური ფიტოთერაპია”
ვის მივმართოთ
იხილეთ ექიმთა კატალოგი
თემატურად მომიჯნავე სტატიები
საავტორო უფლებები
მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. საიტებს უფლება ეძლევათ ეს სტატია, არაკომერციული მიზნით, გადააკოპირონ თავიანთ ინტერნეტ-გვერდებზე და ფორუმებში. სტატიის თავში აუცილებლად უნდა დაეწეროს: აღებულია “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიიდან www.medgeo.net “
სტატიის განვითარება და სრული ვერსიები
MedGeoNet-ზე წარმოდგენილი მასალების სრული და ახალი ვერსიები პერიოდულად გამოდის დისკების ფორმით. იხ. >>>
გაფრთხილებები
ლიტერატურა
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
- Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988
Viewed 6227 times by 3034 viewers



