მაანკილოზებელი სპონდილიტი (ბეხტერევის დაავადება)

მაანკილოზებელი სპონდილიტი (ბეხტერევის დაავადება)

არჩილ შენგელიალალი დათეშიძე

სპონდილიტიმაანკილოზებელი სპონდილიტი (ბეხტერევის დაავადება) – Bechterew’s disease – ხერხემლისა და სახსრების ქრონიკული ანთებითი დაავადება.  ძირითადად ზიანდება გავა-თეძოს, მალთაშუა, ნეკნ-მალისა და მალების მორჩების სახსრები. დაავადება ხასიათდება ქრონიკული პროგრესირებადი მიმდინარეობითა და ანკილოზების განვითარებით;  ხშირად ზიანდება ასევე კიდურების სახსრები, ზოგიერთ ავადმყოფთან კი ვლინდება შინაგანი ორგანოების დაზიანების სიმპტომებიც.

მაანკილოზებელი სპონდილიტი (ბეხტერევის დაავადება) – ეტიოლოგია, პათოგენეზი ცნობილი არ არის. დიდი მნიშვნელობა ენიჭება იმუნური სისტემის გენეტიკურ თავისებურებებს. უფრო ხშირად ავადდებიან მამაკაცები. დაავადება იწყება სიცოცხლის მეორე ათწლეულის ბოლოსა და მესამე ათწლეულის დასაწყისში.

მაანკილოზებელი სპონდილიტი (ბეხტერევის დაავადება) – სიმპტომები, მიმდინარეობა. ხერხემლის დაზიანება წარმოადგენს მაანკილოზებელი სპონდილიტის აუცილებელ სიმპტომს. დაავადება იწყება ხერხემლის ტკივილით, ხშირად წელისა და გავის არეში, რომელიც ძლიერდება ღამით; დამახასიათებელია დილის შებოჭილობა. მოგვიანებით აღნიშნულ სიმპტომებს უერთდება ხერხემლის მოძრაობის შეზღუდვა: ავადმყოფს არ შეუძლის იატაკიდან რაიმეს აღება მუხლებში მოუხრელად, ქვეითდება გულმკერდის სუნთქვითი ექსკურსია. დროთა განმავლობაში  სწორდება ხერხემლის ფიზიოლოგიური ნადრეკები და ფორმირდება გულმკერდის კიფოზი, ავადმყოფი ღებულობს დამახასიათებელ ,,მათხოვრის პოზას“. დაავადების ეს ფორმა მიმდინარეობს ნელა, მრავალი წლის განმავლობაში, პერიოდული გამწვავებებითა და რემისიებით. ბეხტერევის დაავადების დროს ხშირია კიდურის სახსრების ართრიტი, რომელსაც აქვს ზოგიერთი თავისებურება. ხშირად ზიანება ქვედა კიდურების მსხვილი სახსრები (მენჯ-ბარძაყის, მუხლის, წვივ-ტერფის), ასევე მხრისა და მკერდ-ლავიწის. ტიპიურია ოლიგოართრიტი და სახსრების არასიმეტრიული დაზიანება. ზოგჯერ წარმოიქმნება მტევნისა და ტერფის წვრილი სახსრების ართრიტი. კიდურების სახსრების ართრიტი მაანკილოზებელი სპონდილიტის დროს ხშირად ხანგრძლივი არ არის (1-2 თვე), მაგრამ ზოგიერთ ავადმყოფთან შესაძლოა გაგრძელდეს უფრო ხანგრძლივადაც. ამ შემთხვევებშიც კი, განსხვავებით რევმატიული ართრიტისაგან, როგორც წესი, სახსრების დესტრუქცია, მათი დეფორმაციები არ წარმოიქმნება (მენჯ-ბარძაყის სახსრის გამოკლებით შორს წასულ შემთხვევებში). დამახასიათებელია მიალგიები (განსაკუთრებით ზურგის კუნთების), ენტეზოპათიების განვითარება, უპირატესად ქუსლის არეში.

მაანკილოზებელი სპონდილიტი (ბეხტერევის დაავადება) – დიაგნოსტიკაში ძირითადი მნიშვნელობა აქვს ხერხემლის რენტგენოგრაფიას. ადრეული რენტგენოლოგიური სიმპტომია საკროილეიტი, რომელიც შესაძლოა განვითარდეს დაავადების დაწყებიდან 4-6 თვეში. ხერხემლის სხვა ნაწილების დაზიანების რენტგენოლოგიური ნიშნები ვლინდება მოგვიანებით. დამახასიათებელია მალათაშუა ფიბროზული დისკების გარეთა ნაწილების გაძვალება, განსაკუთრებით გულმკერდის ნაწილში – ე. წ. სინდესმოფიტების გაჩენა.

მაანკილოზებელი სპონდილიტი (ბეხტერევის დაავადება) – მკურნალობა. ძირითადად ინიშნება არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები; განსაკუთრებული როლი ენიჭება სამკურნალო ფიზკულტურას, რომელიც მიმართულია ხერხემლის კუნთების მოძრაობის შენარჩუნებისაკენ და მათი გამაგრებისაკენ, ასევე ზურგის კუნთების მასაჟს. დამატებითი მნიშვნელობა გააჩნია აპარატულ ფიზიოთერაპიას, ასევე ბალნეო – და ტალახით მკურნალობას.

____________________________

  • ფარმაკოთერაპია და პრეპარატები: ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს შეუძლიათ ინფორმაცია მოგვაწოდონ ელფოსტაზე mpifarm@gmail.com
  • ფიტოთერაპია: იხილეთ კლინიკური და ემპირიული ფიტოთერაპია
  • ვის მივმართოთ – იხ. მედიკოსთა პერსონალური გვერდები
  • თემატურად მომიჯნავე სტატიები
  • საავტორო უფლებები და რეკლამა პოსტ-სტატიაზე: მასალა წარმოადგენს “არჩილ შენგელიას და ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. სტატიის გამოყენებისათვის, აგრეთვე მასზე ბანერის განსათავსებლად მიმართეთ mpifarm@gmail.com
  • ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება
  1. გაფრთხილება
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  3. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  4. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988

რევმატული დაავადებები