ლალი დათეშიძე
კბილებისა და პირის ღრუს დაავადებები
პაროდონტიტი – პაროდონტის ქსოვილების ანთებითი დაავადება, რომელიც მიმდინარეობს პაროდონტისა და ალვეოლური მორჩის ძვლოვანი ქსოვილის დესტრუქციით. ხასიათდება ღრძილების რეაქტიული ანთებით (გინგივიტი), პათოლოგიური ჯიბეების წარმოქმნით, ჩირქდენით, კბილების მორყევით, ალვეოლური მორჩის ატროფიით. აქვს ქრონიკული, გახანგრძლივებული მიმდინარეობა. გამოყოფენ გენერალიზებულ და ლოკალიზებულ პაროდონტიტებს.
გენერალიზებული პაროდონტიტი
ეტიოლოგია. კბილის რბილი ნადები, ოკლუზიური ტრავმა, კბილის ქვა და მოუვლელი პირის ღრუ. ხშირად ვითარდება როგორც გინგივიტის ქრონიკული ფორმის გართულება.
პათოგენეზი. წარმოიქმნება როგორც რეაქცია კბილის რბილ ნადებზე და სხვა გამაღიზიანებელ ფაქტორებზე, რომლის დროსაც ანთებითი პროცესი ვრცელდება ღრძილებიდან ქვემდებარე ქსოვილებზე; ამას ხელს უწყობს იმუნიტეტის დასუსტება. პროცესს ართულებს უჯრედული იმუნიტეტის გამოხატული დარღვევებით მიმდინარე თანდაყოლილი და მეორადი დაავადებები, მაგალითად ჰემობლასტოზები, შიდსი და სხვ.
სიმპტომები, მიმდინარეობა. ვლინდება ღრძილების ჰიპერემია და შეშუპება; ზიანდება კბილ-ღრძილის ღარი, წარმოიქმნება პათოლოგიური ჯიბეები. ანთებითი პროცესის გამოხატულების მიხედვით აღინიშნება ღეჭვის ფუნქციის დარღვევები, კბილების გადანაცვლება, მათი პათოლოგიური მოძრაობა, ტრავმული არტიკულაცია. რეტგენოლოგიურად ვლინდება კბილთაშუა ძგიდეების დესტრუქცია ალვეოლარული მორჩის ფუძისა და ყბის სხეულის დაზიანების გარეშე. პერიოდული გამწვავებები მიმდინარეობენ პაროდონტული აბსცესების წარმოქმნითა და ზოგადი დარღვევებით (სხეულის ტემპერატურის მომატება, სისუსტე, ლეიკოციტოზი, ედსის მომატება).
მკურნალობა კომპლექსურია, აუცილებელია კიურეტაჟი; საჭიროა ქირურგიული, იშვიათად კბილ-ღრძილის ჯიბეების არაოპერაციული ლიკვიდაცია. მწვავე მიმდინარეობისა და გამწვავებების დროს ინიშნება ფართო სპექტრის ანტიბიოტიკები; ქრონიკული მიმდინარეობის დროს – მეტრონიდაზოლი.
პროგნოზი. რაციონალური მკურნალობითა და პირის ღრუს სისტემატული მოვლის შედეგად შესაძლებელია რემისია. მკურნალობის ჩაუტარებლობის დროს ხდება ძვლოვანი პაროდონტის სრული დესტრუქცია და კბილების დაკარგვა.
ლოკალიზებული პაროდონტიტი
ეტიოლოგია: კონტაქტური პუნქტის დარღვევა აპროქსიმალური კარიესის დროს, კბილის პროთეზითა და ბჟენის წამოწეული ნაპირით გამოწვეული ტრავმა.
პათოგენეზი უკავშირდება კბილ-ღრძილის შეერთების დაზიანებასა და კბილ-ღრძილის ჯიბეების წარმოქმნას.
სიმპტომები, მიმდინარეობა. პროცესის მწვავე მიმდინარეობის, ასევე გამწვავებების დროს აღინიშნება ტკივილი, რომელიც ძლიერდება ჭამის დროს; ღრძილი შეშუპებული და ჰიპერემიულია; ხშირია აბსცენდირება, კბილის (კბილების) პათოლოგიური რყევა. ქრონიკული მიმდინარეობის დროს ძირითადი ჩივილია საკვების გაჭედვა; ღრძილი გასქელებულია, ზოგჯერ გათხელებულია. კბილზე ან მომიჯნავე კბილებზე აღინიშნება აპროქსიმალური დეფექტები, არასრულფასოვანი ბჟენები ან ხელოვნური გვირგვინები. რენტგენოგრაფიულად ვლინდება კბილთაშუა და ფესვშუა ძგიდეების რეზორბცია.
მკურნალობა. კბილ-ღრძილის ჯიბეების ლიკვიდაცია. აბსცესის დროს ტარდება გახსნა, ბუდის მნიშვნელოვანი დესტრუქციის დროს – კბილის ექსტრაქცია. აუცილებელია კბილთაშუა კონტაქტური პუნქტების აღდგენა დაბჟენით და სხვ.
პროგნოზი. პაროდონტული ჯიბეებისა და იმ ფაქტორების ლიკვიდაცია, რომლებიც იწვევენ ღრძილის დაზიანებას.
ფარმაკოთერაპია და პრეპარატები
ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს ვთხოვთ მოგვაწოდონ ინფორმაცია საქართველოში ოფიციალურად რეკომენდებული პრეპარატების შესახებ mpifarm@gmail.com. თქვენს მიერ მოწოდებულ მასალების მიხედვით აღიწერება თქვენი პრეპარატის გამოყენების სპეციფიკა ამ დაავადების მკურნალობის დროს და პრეპარატის მოკლე დახასიათება,რომელიც გავა პრეპარატის აღწერის სპეციალურ გვერდზე.
ფიტოთერაპია
იხილეთ “ემპირიული და კლინიკური ფიტოთერაპია”
საავტორო უფლებები
მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. საიტებს უფლება ეძლევათ ეს სტატია, არაკომერციული მიზნით, გადააკოპირონ თავიანთ ინტერნეტ-გვერდებზე და ფორუმებში. სტატიის თავში აუცილებლად უნდა დაეწეროს: აღებულია “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიიდან www.medgeo.net “
გაფრთხილება!
ლიტერატურა
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
- Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988
__________________________________
გადასვლა გვერდზე: ,,სტომატოლოგია”
…
Viewed 1101 times by 688 viewers



